“არავინ არის განსაკუთრებული. ჩვენ, ყველა ერთი საზოგადოების ნაწილი ვართ.“ – ამბობს ვინს სტეპელსი 2016 წელს The Fader-თან ინტერვიუში. ერთი წლის შემდეგ კი აქვეყნებს ახალ ალბომს „Big Fish Theory”, რომელიც თავისი სახელიდან გამომდინარე, გამორჩეული, ყველასგან განსხვავებული, ძლიერი პერსონაჟის ნარატივს უნდა აჟღერებდეს. სიტყვა „თეორია“ კი თავის მხრივ ისეთ მოლოდინს ქმნის, რომ ალბომის ბოლოს მსმენელს ავტორისგან მისი მწყობრი აზრთა ერთობლიობა და მკვეთრად გამოხატული პოზიცია უნდა დარჩეს.
ამოსახსნელია ამოცანა – რა არის დიდი თევზის თეორია და რას გვაძლევს მისი ცოდნა.
ალბომმა კრიტიკოსებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია: ზოგმა Big fish theory „საშუალოდ” შეაფასა, ზოგმა კი მისი რისკიანი პროგრესი თანამედროვე ჰიპ-ჰოპის დიდი შესაძლებლობების გამოხატულებად მიიჩნია. ჰიპ-ჰოპ ალბომი, რომელიც დეტროიტ ტექნოთია ინსპირირებული და რომელიც საკმაოდ უჩვეულო (მითუმეტეს 2017 წლისთვის) და მკვეთრ ელექტრონულ საუნდებს შეიცავს, აერთიანებს ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Kilo Kish, Kendrick Lamar, Sophie, Christian Rich… ფაქტი ერთია, „Big fish theory” იმ დროისთვის თამამი, დღევანდელი პერსპექტივიდან კი საკმაოდ წინდახედული განაცხადი გამოდგა.
თუ ვინსის ბიოგრაფიას გადავავლებთ თვალს ალბომის მთავარი მეტაფორული სიმბოლოები („Crabs in a Bucket”, “Big Fish”), შეიძლება მისი ბავშვობის საცხოვრებელს და ზღვასთან სიახლოვეს დავუკავშიროთ. წლები, რომელიც ვინსმა კალიფორნიაში, ლონგ ბიჩზე გაატარა არათუ მარტივი, არამედ საკმაოდ რთული იყო თავისი ოჯახური პრობლემებით და აფროამერიკული საზოგადოების მწვავე დილემებით, რაც მუსიკოსის ცხოვრებაზე მისი ადრეული წლებიდანვე აისახა.
პირველი ტრეკის – Crabs in a bucket – დაწყებისთანავე მოსმენილი ტექსტის ვიზუალიზაცია თითქმის გარდაუვალია. ვოკალი იმთავითვე წარმოგვადგენინებს პლასტმასის სათლში ჩაყრილ კრაბებს, რომლებიც მათთვის გაურკვეველ, არაბუნებრივ გარემოში აღმოჩნდნენ და დაბნეულები ცდილობენ თავის გადარჩენას. თუმცა, აქ სიმრავლე გადარჩენის შემაფერხებელი ფაქტორია, რადგან ზემოთ მიმავლები ერთმანეთზე ჩამოკიდებით სათლის ფსკერზე ვარდებიან. კოლექტიური ცნობიერების ამ ფორმას („თუ მე ვერ ვაღწევ რამეს, მაშინ შენც ჩემთან ერთად რჩები“) ვინსი ჩვეული სარკაზმით აკრიტიკებს: Wanna see you at the bottom, don’t you love it?
თითქოს იდივიდი კრაბისთვის ზემოთ ამოსვლა გრავიტაციის კანონს ეწინააღმდეგება, რადგან აქ ქვემოდან ზემოთ გავლილი ნებისმიერი მანძილი ბოლოს მაინც ჩამოვარდნით მთავრდება.
უიმედო ჯგუფური ცხოვრების შემდეგ მეორე ტრეკი – Big fish – უკვე ცალკეული ინდივიდის მეტაფორულ სახეს ქმნის, რომელიც წარმატებულ ცხოვრებაზე საუბრობს. დიდი თევზი ხედავს და აკონტროლებს თავის მატერიალურ კეთილდღეობას, თუმცა ახსოვს საკუთარი წარსული და საუბრობს ერთი მხრივ მილიარდების თვლაში გატარებულ ღამეებზე, მეორე მხრივ კი საკვების გარეშე დარჩენილი ადამიანის ცხოვრებაზე. მთავარი არის ის, რომ ეს ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება ერთი ადამიანისაა.
745 ჩემთვის ალბომის პირველი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი გარდატეხაა, რომელშიც ავტორი ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად, თითქოს პოულობს უსამართლობის ახსნას, რადგან ყველაფერი ის, რაც მის ირგვლივ ხდება ცხოვრების კანონზომიერება და ადამიანის ბუნებაა. ამ ყველაფრის, როგორც მოცემულობის მიღება კი მას თითქოს სიმშვიდეს ანიჭებს, რაც მუსიკალურადაც ძალიან საინტერესო, მოულოდნელი და ხანმოკლე ცვლილებაში აისახება.
„And we all just God’s property
So feel free to fulfill the prophecy
——-
Adam, Eve
Apple trees
Watch out for the snakes baby“
ამ სიტყვებით ვინსი ცდილობს გაუგოს ქალს, რომელიც მას ატყუებს, თუმცა ის ღმერთმა შექმნა ასეთად, რაც მის ქმედებებს ლეგიტიმაციას აძლევს.
Ramona Park Is Yankee Stadium ყველაზე მოკლე ნამუშევარია, რომელიც ნიუ-იორკის სევდიან სიყვარულს და თან მის მიუწვდომლობას გამოხატავს. წვიმის ხმოვანი ბექრაუნდი და ვოკალი ბიტების გარეშე განსაკუთრებულად რომანტიკულ განწობას ქმნის.
აი, ეს ტრეკი კი ნამდვილად მუსიკალური გარდატეხის სამზადისია, რომლის შემდეგ უკვე Sophie-ს ძალიან მკვეთრი, ხისტი და დისონანსური დარტყმები ამაგრებს ალბომის მომდევნო ნაწილს.
მუსიკალური ეპიცენტრი Yeah Right ალბომის ყველაზე გამორჩეული კომპოზიციაა თავისი მოულოდნელობით, „აგრესიით“, ძლიერი ხასიათით და ვოკალის განმეორებადობით, რაც თავის მხრივ აზრის სიმტკიცეს გამოხატავს. ტრეკში, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „წარმატების“ კრიტერიუმებს, პოლიტიკური და სოციოკულტურული პრობლემები დგას წინა პლანზე. აქ ვინსთან ერთად კენდრიკ ლამარიც ჩვეული ოსტატობით ერგება სოფის არასტანდარტულ ბითებს.
SAMO იმავე ხასიათით აგრძელებს კონტრასტის ნარატივს ვინსის განგსტერულ და ახლანდელ ცხოვრებას შორის. აქ ჩანს ავტორის დამოკიდებულება მატერიალური კეთილდღეობის მიმართ. მუსიკოსი ფულს აღიქვამს, როგორც საშუალებას და არა თვითმიზანს, რომელიც შეიძლება ბევრს გონებას აკარგვინებს და მართავს. მიუხედავად აღმასვლისა სინამდვილეში ბევრი არაფერი იცვლება.
Party People ემოციურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტრეკია, რომელიც კარგად ასახავს შინაგან ბრძოლას ჰედონისტურ სიამოვნებას, ამქვეყნიურობით ტკბობასა (Good vibration is all I need) და მწარე რეალობის გააზრებას (How I’m supposed to have a good time when death and destruction’s all I see?) შორის. ტრეკის ბოლო სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ჯერჯერობით მთავარი პერსონაჟი ამქვეყნიურობით მოხიბლული ისევ სიამოვნების რეჟიმში რჩება.
მას შემდეგ, რაც ალბომის განმავლობაში არაერთხელ ახსენა თეთრი ქალების სიყვარული BagBak-ში ავტორი თავის ნამდვილ მომავალ პარტნიორად აფროამერიკელ ქალს მოიაზრებს, რომელიც ყველაფერში მისი თანამოაზრეა, რომელიც გამბედაობაში, წინააღმდეგობაში, საწოლში, ყველგან მის გვერდითაა და აძლიერებს ვინსს, რომელიც განსაკუთრებულად ზრუნავს თავის მომავალ ფერადკანიან პარტნიორზე. ტრეკში ცხადდება, რომ ვინსს სურს დარჩეს თავის კულტურულ მოცემულობაში, თავისი ნამდვილი ღირებულებებით.
Rain Come Down მზის ჩასვლით იწყება. ტონალობა ისეთია, თითქოს ეს დღის რთული ნაწილის დასასრული და თავისუფალი, მშვიდი საღამოს დასაწყისია. ტრეკში ამინდის არაერთი ფორმაა ერთდროულად: მზის ჩასვლა, შუაღამე წვიმა…ვინსი თავის იდენტობას ბოლომდე ინარჩუნებს და არის ის ვინც სინამდვილეში არის. რა დრო, ამინდი, გარემოებაც არ უნდა იყოს, მას აქვს მახასიათებლები, რომლებიც არ მუდმივია.
და მაინც, რას ამბობს დიდი თევზის თეორია?
ვინ არის დიდი თევზი? ის მხოლოდ კრაბებისგან განსხვავებული არსებაა, რომელმაც სათლს თავი დააღწია და ახლა მხოლოდ ტკბება საკუთარი წარმატებით?
პასუხი მუსიკოსის იმავე, სიტყვებშია, რომლებიც დასაწყისში ვახსენეთ: „არავინაა განსაკუთრებული“ – არც კრაბი და არც დიდი თევზი, რომელიც თითქოს ერთადერთია, მაგრამ აქვს ახალი პრობლემები, რადგან პატარა აკვარიუმში მარტო დიდხანს ვერ იცხოვრებს. ოკეანეში კი მას აუცილებლად შეხვდებიან სხვა “დიდი თევზები” – უბრალოდ, სათლისგან განსხვავებით, იქ სხვა სირთულე, სხვა თამაშის წესებია. “დიდი თევზი” ალბომში თავად ავტორის პროტოტიპია, რომელიც ახლა კოლექტიური ჭაობის (კრაბებით სავსე სათლის) ნაწილი აღარაა, მაგრამ დილემა ყოველთვის იარსებებს.
შეიძლება დილემის შინაარსებმა ფერი იცვალონ, მაგრამ მისი არსი არასად გაქრება.
P. S.
The Fader-თან ინტერვიუში ვინს სტეპელსი ამბობს:
„მე მომწონს დონალდ ტრამპი და მაიკ ჯორდანი. ჩემთვის ფავორიტები არიან, ორივე ძალიან ძუნწები, საშინელი გემოვნებით. მაგრამ ყველამ იცის, რომ მაიკ ჯორდანი ძუნწია, ეს არის საუკეთესო რამ მის შესახებ. ის არ იტყუება, არ გვაჩვენებს თავს, თითქოს კარგი ვინმეა.“
ავტორი: ქეთი რაზმაძე