ანონის მუსიკის აღწერას მრავალი კუთხიდან მივუდექი და საბოლოოდ, დავეთხოვე მისი გმირის, კაზუო ონოს სიტყვებს –
„საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ვინმემ მითხრას, ისაა რომ ჩემი შესრულების დროს დაიწყეს ტირილი. არაა საჭირო ზუსტად გაიგო რას ვაკეთებ; იქნებ სჯობს კიდეც რომ ვერ გაიგონ, მაგრამ ჰქონდეთ სწორი რეაგირება ჩემს ცეკვაზე“ – Kazuo Ohno
ანონის მუსიკის მიზანია გააჩინოს ჩვენში შეგრძება ზრუნვის, ფეხებზე არ დაკიდების. ანონი მხრებში გვკიდებს ხელს, გვიყურებს თვალებში და გვაიძულებს მოვუსმინოთ სამყაროს ხმას; თავი გვაგრძნობინოს არაკომფორტულად და ვედრებით გვთხოვოს დავეხმაროთ დედამიწას.
„Who will remember her
If not her children?”
„ვინ გაიხსენებს/მიხედავს მას,
თუ არა მისი შვილები“
სიმღერიდან – She doesn’t mourn her loss; ალბომი – Paradise, 2017 წელი
თუ მუსიკაში ხედავთ რეალობიდან გაქცევის საშუალებას, მაშინ ანონის მუსიკა თქვენთვის არაა, თუ რა თქმა უნდა თქვენს ყურს არ აქვს უნიკალური ნიჭი გაფილტროს ტექსტი.
2016 წლის ალბუმი HOPELESSNESS-ის პირველი ტრეკი Drone Bomb Me ჰორორ ჟანრის და სასიყვარულო სიმღერის უცნაური შერწყმაა, ეს არის 9 წლის ავღანელი გოგოს პერსპექტივით ნამღერი სიმღერა, რომლის ოჯახი დრონით დაბომბვამ შეიწირა, იყურება ცაში და ნატრობს, რომ ისიც დრონმა მოკლას. მიახლოებით იგივე თემატიკას ვხვდებით ალბუმის მე-9 ტრეკშიც, სადაც ანონი ბოდიშს იხდის იმ ყველაფრისთვის, რაც თავზე დაატყა ბევრ უდანაშაულო ადამიანს.
არანაკლები ჰორორია მორიგ სიმღერაში “4 Degrees” სადაც ანონი ხაზს უსმევს საზოგადოების უდარდელობას და უვიცობას კლიმატის ცვლილებაზე, ტექსტში კარგად გამოიხატება დამოკიდებულება – „მინდა ვნახო როგორ დუღს სამყარო/ როგორ ტირიან ძაღლები წყლისთვის/ როგორ იხოცებიან თევზები/ ლემურები და პატარა არსებები, მინდა ვნახო როგორ იწვიან/ სულ რაღაც 4 გრადუსი“
აქვე აუცილებლად აღსანიშნავია 2015 წლის ფილმი Racing Extinction, რომლის მიზანია ხალხს დაანახოს, რომ სანამ გადაშენებული დინოზავრების ძვლებს დავსდევთ, მანამდე ათობით და ასობით არსება ნელნელა გადაშენების პირასაა ან უკვე გადაშენდა კლიმატის ცვლილებისა, თუ უშუალოდ ადამიანის დამსახურებით. ამავე ფილმის მუსიკისთვის ანონი ნომინირებული იყო ოსკარზე, მუსიკის ბმული მითითებული იქნება მიმოხილვის ბოლოში.
ჩემი პირადი ფავორიტი სიმღერა კი არის “Watch Me”, მაშინ როცა დისტოპიური სამყარო რომელსაც წიგნებსა თუ ფილმებში გვხვდება გვგონია რომ ძალიან შორეული მომავალია და ჩვენს რეალობასთან არაა კავშირში, ანონი ამას სრულიად არ ეთანხმება. Watch Me არის სიმღერა სათვალთვალო კამერებზე, რომელიც მუდმივად გვიყურებს, გვაკვირდება და რაც მთავარია, გვსწავლობს და ინახავს ჩვენზე ინფორმაციას. სიმღერაში იგრძნობა დიდი ირონია – მიყურე მამიკო მუდმივად და დამიცავი სიბოროტისგან, ვიცი ამას აკეთებ იმიტომ, რომ გიყვარვარ.
ალბომის მე-4 სიმღერა Execution (აღსრულება, ამ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა) კი იწყება ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი „ამერიკული ოცნების“ იდეაზე დაფუძნებული სიმღერა. მელოდიაში ისმის მსუბუქი, ოპტიმისტური, გულის გამათბობელი მარტივი მელოდია, რომელიც ხშირად გვხვდება ამერიკულ კოლეჯებზე დაფუძნებულ ფილმებში. სიმღერა მიმტევებლობაზეა, ან უფრო სწორად მის არ ქონაზე. აქვე მივაწერ, რომ საკმაოდ საინტერესო ფაქტია, რომ 2020 წელს 55 ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს სიკვდილით დასჯა, მათ შორისაა – აშშ, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი და სხვა მრავალი.
მთელი ალბუმის ირონიასა და იმედგაცრუების შეგრძნებას აგვირგვინებს ტრეკი OBAMA, რომელიც მაშინდელ აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეძღვნება, სადაც ის მღერის თუ როგორ გაქრა ყველანაირი იმედი და რწმენა მისდამი, ანონი თავს გრძნობს ნაღალატევად – „როგორც ბავშვებმა, ჩვენ ვიწამეთ“ რომ ის იქნებოდა გადამრჩენელი.
ალბუმის სახელობის მე-10 ტრეკი HOPELESSNESS, სადაც ანონი თავის თავს უმღერის, ჩვენც გვაიძულებს დავსვათ შეკითხვა – რანაირად გავხდით ასეთი უიმედო და რანაირად არ გვაანაღვლებს რა ხდება ჩვენს გარშემო.
უშუალოდ ალბომის ერთ ფრაზად გადმოცემა შეუძლებელია, რაც უფრო მეტს ვკითხულობთ და მეტს ვეძიებით ანონის, მეტად ვხვდებით რომ შორს ვართ პასუხისგან. ალბუმი სავსეა სევდით, ირონიით, ვედრებით და ემპათიით, მსუბუქი მელოდიებით და რაც მთავარია, მელოდიურად ძალიან აკვიატებადია.
ჩემთვის მიახლოებით იგივე გამოცდილება იყო, როგორც ბავშვობაში პირველად მეხუთე ელემენტის „დივას სიმღერის“ მოსმენა.
ვისთვისაც საკმარისი არ იქნება ალბომი HOPELESSNESS, ასევე გირჩევთ 2017 წლის ალბომ Paradise, რომელზეც ისევე როგორც HOPELESSNESSზე, მუშაობდა Oneohtrix Point Never. ჩემი აზრით, ორმაგად საინტერესო იქნება თქვენთვის, თუ ამ ალბუმის ცოცხალ შესრულებას ნახავთ, სადაც წარმოდგენილნი არიან ქალი პერსონაჟები ვიდეოთი ან ფიზიკურად, და ანონის სიმღერებს აყოლებენ პირს და რა თქმა უნდა აღვნიშნოთ 2020 წლის 3 აგვისტოს გამოშვებული 2 ძალიან ლამაზი, ნოსტალგიით სავსე ბობ დილანისა და ნინა სიმონის სიმღერების ქავერები, რომლის ლინკებსაც ასევე მივუთითებ ბოლოში.
და აი, მათ ვინც გადაწყვეტთ მოუსმინოთ ანონის სრულ შემოქმედებას, აუცილებლად გირჩევთ უყუროთ Anthony & The Johnsonsის ცოცხალ შესრულებას მეტროპოლის ორკესტრთან ერთად, სადაც გარდა გენიალური შესრულებისა, ასევე დაინახავთ ანონის მორცხვ, ოპტიმიზმით და თითქმის ბავშვური გულუბრყვილობით სავსე ხასიათს.
◘ ოსკარზე ნომინირებული სიმღერა – Anohni – Manta Ray
◘ ალბომ Paradise-ს ცოცხალი შესრულება
◘ Bob Dylan-ის Its All Over Now, baby Blue-ს ქავერი
◘ Antony & The Johnsons – ცოცხალი შესრულება მეტროპოლის ორკესტრთან ერთად
მადლობა ყურადღებისთვის,
გვანცა უთურა