ჰოლი ჰერნდონის ალბომი – "Proto"

„და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“. – ძველი აღთქმა, წიგნი შექმნისა 1.27

   და აი დადგა ხანი, როცა ადამიანი იწყებს ხელოვნური ინტელექტის შექმნას, მის ხატად. ჰოლი ჰერნდონმა შექმნა ხელოვნური ინტელექტი სახელად “Spawn”  და 2019 წელს ჩაწერა ალბომი „Proto“, რომელიც ადამიანების და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციაა, ჰერდონი მღერის სისტემაში, რომელიც მან შექმნა.

   ხელოვნური ინტელექტის გარშემო უამრავი განსხვავებული აზრი და მიდგომა არსებობს. ერთნი შიშით უყურებენ ხელოვნური ინტელექტის შექმნას და განვითარებას – მეორენი სამომხმარებლო ჭრილში უყურებენ ამ ფაქტს და შესაძლებლობად აღიქვამენ – ყველა ისეთ საქმეს, რომლის გაკეთებაშიც ადამიანი არ უნდა ხარჯავდეს მის უძვირფასეს განძს  – დროს, გავაკეთებინებთ მათ, ჩვენ კი იმას გავაკეთებთ რაც გვიხარია!

ამავე თემას სხვანაირად აღიქვამს რიგი  ადამიანებისა – რობოტები სამსახურებს გვართმევენ, რას გავაკეთებთ მაშინ, როცა ყველაფერში რობოტები შეგვცვლიან?

    დღევანდელ მსოფლიოში არსებობს ადამიანური ურთიერთობების აუცილებლობის ნელნელა გაქრობის პერსპექტივა.  რიგ ქვეყნებში უკვე არის დეფიციტი ადამიანების კონტაქტის, ამ ყველაფერს უკვე ემატება ახალი პანდემიაც, რომელიც გვაიძულებს დისტანცირებას და ფიზიკური კონტაქტების შეზღუდვას,

     რამდენიმე დღის წინ ყური მოვკარი ინფორმაციას იაპონიაში სწრაფად მზარდი მოთხოვნადი პროფესიის შესახებ, რომელიც ძალიან მომხვდა გულზე, სულ მეფიქრება ამაზე.  

     პროფესია – მოსაუბრე. მარტოსული ახალგაზრდები, რომელთაც ისეთი ყოველდღიურობა აქვთ, რომ ვერ ახერხებენ ადამიანებთან დაახლოებას, არ ჰყავთ ერთი(!) ისეთი ადამიანიც კი, ვისაც დაელაპარაკებიან , ქირაობენ უცნობებს, რომლებიც უბრალოდ ესაუბრებიან მათ.

      ეს ყველაფერი ერთად აღებული, ზრდის ხელოვნურ ინტელექტთან დამეგობრების მსურველთა რაოდენობას.  ადამიანი მეგობარი არ მყავს, მაგრამ გავააქტიურებ მეგობრის რეჟიმს და სულ ჩემთან იქნება, მომბეზრდება? გამოვრთავ.

   კონკრეტულად მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის როლს რომ შევეხოთ,  აქ კიდევ უფრო მძაფრდება კამათი.  

     „SPAWN“ ისმენს მუსიკას,  აკვირდება ადამიანების მიმიკას და ამის მიხედვით იმპროვიზირებს.  ჯერ პატარაა, კიდევ იზრდება, სწავლობს. ნათლია ჰერნდონის მიზანია, რაც შეიძლება მეტად ჰუმანური გახადოს მისი ქმნილება. ამ ალბომზე მუშაობისას ჰერნდონი წერდა მუსიკას, რომელსაც ასრულებდა ანსამბლი და შემდეგ ამ პროცესის ჩანაწერს „აჭმევდა“ მის  „პატარას“.                                                              

        1.“Birth“ – მომწონს რაც იბადება. გამღერება, ელექტრონული მრავალხმიანობის შემოსვლა. პირველი მოსმენის დროს ქართულ მრავალხმიანობაში გადამაგდო, მაგრამ ვერ გავიგე ზუსტად რატომ. მეორედ რომ მოვისმინე „რირაო“ თუ „იაო“ გავიგე 00:17 -ზე, აი თურმე რა მომხდარა!  თითქოს ახალი დაპროგრამებული ელექტრონული ბახი უქმნის ფონს ხმას, რომელიც კითხულობს მისთვის დაწერილ კოდებს. სად მოვედი? ერკვევა, ენას იდგამს, ხმების ინტერპრეტაციას სწავლობს.  ამავდროულად ბრიტანული ფსიქოდელიური ფოლკ ბენდი Spirogyra გამახსენდა, რომელიც საუკუნეა არ მომისმენია და ძალიან მიხარია რომ გამახსენდა! დღეს მოვისმენ.

       თუ ხელოვნური ინტელექტი მარტივად და სწრაფად შეისრუტავს მთელ მუსიკალურ მასალას და ამის მიხედვით შეუძლია ნებისმიერი სტილის, განწყობის, იდეის, მუსიკის შექმნა, საჭირო იქნება კი ადამიანი, მუსიკის შესაქმნელად, ან შესასრულებლად?

       3.  Canaan – მანათობელ სიმწვანეში ვარ, სადღაც ირლანდიაში, სადაც ა კაპელა სიმღერა დაიწყეს ფოლკ მომღერლები 2 ხმაში.  ალბათ კელტური ფოლკლორის ტრადიციებს  ასწავლიან ხელოვნურ ინტელექტს, „Spawn“- მ იფიქრა, მოდი ეკლესიის რევერბერაციას დავადებო. მოუხდა.

        თუკი ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ტექნიკურად ურთულესი პარტიის შესრულება ნებისმიერ ინსტრუმენტზე, დახარჯავს კი დღეში 10 საათს პრაქტიკისას ადამიანი, ტექნიკის დასახვეწად? ანდა მუსიკის „დამკვეთი“ ადამიანების ჯგუფის დაქირავებას არჩევს თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას? თუ მოდის დრო, რომელშიც აუცილებელი გახდება პროგრამირების სწავლა, ყველა შევუკვეთავთ მექანიზმს ხელოვნური ინტელექტით, რომლის მეშვეობითაც გავაკეთებთ იმას რაც გვინდა?

4. Eternal – მჭახე ხმა იჭრება ორ ხმაში ა კაპელა, 1,2,3,4.. და უერთდება ვიღაც, ვინც ცდილობს იყოს მსგავსი ადამიანისა, აქ არის კითხვა პასუხი ადამიანების და ხელოვნური ინტელექტის.  

ვოკალს ეფექტები ეთამაშებიან,  რაც გემოს უცვლის იმ ტრადიციულ კელტურ ფოლკლორს და თითქოს ხელოვნური ინტელექტის შემოჭრას ნათლად გრძნობ. აქვე დოლორეს ორიორდანიც გამახსენდა და ბოლოს რა ხდება! ეს დასასრული უნდა მიკვირდეს, მაგრამ არ მიკვირს რატომღაც… ელექტრონული კრიმანჭული!

      მიუხედავად ბევრი ეფექტის ჩარევისა ვოკალზე მთელი ალბომის განმავლობაში, ჩემთვის მაინც უფრო გამოკვეთილი იყო ფოლკლორული გუნდის სიმღერა.

      5. Crawler – ჩემი ფავორიტი. საგალობლის საფუძველზე აღმოცენებული ულამაზესი მრავალხმიანობა მისდევს ბოლომდე, გზად ემატება კაცის ხმები გუნდს, რასაც თავისმხრივ ტემბრალური სითბო შემოაქვს.  

      „Why am I So lost?“ კითხულებენ ერთმანეთის მიყოლებით ქალის , კაცის, ხელოვნური ინტელექტის ხმები. თავიდან მესმოდა „why I’m I solo“, მერე და მერე გამოიკვეთა რომ „so lost“ იყო. რატომ ვარ ასე დაკარგული? რატომ ვარ ასე მარტო? მგონი ბევრი გადაკვეთის წერტილი აქვს ამ ორ კითხვას ისედაც.

ჰოლი ჰერნდონის თქმით, მისი მიზანია რობოტის გაადამიანურება. ისე, რომ მოუნდეს, თავისუფლად დააწერინებს “Spawn”-ს მთელ მუსიკას. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანზეა არჩევანი, უნდა თავად დაწერს მუსიკას , უნდა ხელოვნურ ინტელექტს მისცემს მითითებებს და მას შეაქმნევინებს მუსიკას.  თუმცა „დამკვეთის“ გადმოსახედიდან, არსებობს უფრო  დიდი ალბათობა იმისა, რომ პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტს მისცეს მითითებები და დააწერინოს მაგალითად მუსიკა ფილმისთვის, რეკლამისთვის და ა.შ.

      ჩემთვის რთულია დაზუსტებთ იმის თქმა, თუ რომელი ბითია ხელოვნური ინტელექტის შექმნილი, ან საერთოდ როგორ მუშაობს ის, რამხელაა მისი როლი მუსიკის შექმნის თუ გარდაქმნის პროცესში, მაგრამ მგონია რომ ამ ალბომში ადამიანი დომინირებს. ძიების პროცესი იგრძნობა, ადამიანური და ციფრული ხმების შეხმატკბილების მცდელობა.  “Spawn”, გუნდის სრულუფლებიანი წევრია, ის იმპროვიზირებს, მაგრამ  მისი და ალბომის შემქმნელი ჰოლი ჰერნდონია.

პაწაწინა ლექსიკონი :

ა კაპელა – სიმღერა მუსიკალურ საკრავთა თანხლების გარეშე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *