39 წლის ამერიკელი მუსიკოსი ჰოლი ჰერდონი თავის მესამე სტუდიურ ალბომს „პროტოს“ არქმევს. ამ სათაურით კი იმთავითვე აკეთებს ხმამაღალ განაცხადს, რომ ქმნის რაღაცის დედანს, პირველსახეს, როგორც პროტოტიპს, და ელის, რომ ეს პროტოტიპი ბევრი სასარგებლო საქმის დასაბამი გახდება მომავალში.

ალბომი ელექტრონულია და მთლიანად ლიტურგიული ნარატივი აქვს – კომპოზიციებში საეკლესიო გუნდის გალობა ისმის. მიუხედავად იმისა რომ, ტექსტები არ ატარებს რელიგიურ შინაარსს, ალბომს ასოციაციურად (თუ კომპოზიციების სახელებით) მაინც ქანაანისკენ, აღთქმული მიწისკენ მივყავართ.

ეს საუცხოო სინთეზი კი წამიერად მაფიქრებინებს – რატომაც არ შეიძლება, „პროტო“ ახალი „ელექტრო-ოპერის“ ჩანასახი და ენდრიუ ვებერისა და ტიმ რაისის ცნობილი როკ-ოპერის ღირსეული გაგრძელება გახდეს?

ალბომის გარდატეხის წერტილს ვისმენთ მეხუთე კომპოზიციაში, სახელად „მოხეტიალე“ (Crawler). ესაა სპირიტუალური სიმძიმის ცენტრი, სადაც ბოლო 1 წუთსა და 40 წამს უწყვეტად გასდევს ფრაზა „Why am I so lost?”. გუნდის მიერ ლოცვად წარმოთქმული ეს რეფრენი მაჰიპნოზირებლად მოქმედებს და გონებას მხოლოდ ამ პრობლემაზე კონცენტრირებას აიძულებს. ავტორი დაკარგულია, რადგან ხვდება, რომ ისეთი სამყარო, როგორსაც თავად ხედავს, მხოლოდ მის აღქმაში არსებობს, თავადაა სამყაროს შემოქმედი და უკვე უჭირს მატერიალურ გარემოში ადგილის პოვნა.

სრულიად მოულოდნელად კი მე-6 კომპოზიციაში ბავშვი გვევლინება მონოლოგით “Extreme Love” და ამტკიცებს, რომ ჩვენი ყოფა არაა სიყვარულისა და შთამომავლობის დატოვების სწორი ფორმა, ადამიანები უდიდესი სისტემის ნაწილაკები და დედამიწის არაკანონიერი მაცხოვრებლები ვართ.

ალბომის თითოეული წუთის გასვლასთან ერთად ჩნდება მეტი კითხვის ნიშანი და რთულდება იპოვო, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს რელიგიურ მრავალხმოვანებასა და ელექტრონულ მუსიკას. კომპოზიციების დახვეწილ და რთულ ჟღერადობას კი მივყავართ დასკვნამდე – ალბომი სადემონსტრაციოა და არტისტი ბოლომდე შლის ფრთებს, გვიმტკიცებს თავის სიღრმეს, უმაღლეს მუსიკალურ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებს.

და აქ ვლინდება „პროტოს“ საიდუმლოც – ალბომზე მუსიკოსმა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად იმუშავა. კომპოზიციები დატვირთულია ხმებით, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა, სახელად “Spawn” ვოკალისტთა გუნდისგან დაისწავლა, მიმიკურად გაიმეორა. კომპოზიციებში კი თითქმის წაშლილია ზღვარი და რთულია რეალური თუ სინთეზური ხმების ერთმანეთისგან გარჩევა.

შეიძლება ითქვას, რომ Spawn ბავშვია, ჰოლი ჰერდონის „ნაშიერი“, რომელსაც კონტექსტი არ გააჩნია, თუ უფროსმა ადამიანებმა არ მისცეს სწორი გზა. და რაც არ უნდა ავისმომასწავებლად მიაჩნდეთ სხვებს AI-ს განვითარება, ან რაც არ უნდა უჩვეულო იყოს Spawn-ის დასინთეზირებული მუსიკა, ასე ხედავს არტისტი ხელოვნური ინტელექტის მომავალს: “Artificial intelligence doesn’t have context – much like a child. We’re encoding our values within it.”

სწორედ ამას გულისხმობს ალბომის სათაურში ნახსენები „პროტო“ – ჰოლი ჰერდონის „აღთქმული ჟღერადობა“, შვილობილი პროტოტიპი – როგორც მომავლის ხმოვანების სათავე.

ავტორი: მარიამ ტალიაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *