ვინს სტეიპლსი საინტერესო მეტაფორებით და განსხვავებული ხედვების მქონე არტისტებთან კოლაბორაციით 2017 წელს ქმნის ალბომს – Big Fish Theory – კონკრეტული მისიით: ხმამაღლა გააჟღეროს პრობლემები. აქვე განსაზღვრული ყავს საკომუნიკაციო სეგმენტიც, რომლებსაც სწორედ ამ ახალი თაობის მუსიკოსების საშუალებით მიაწვდენს ხმას, მსმენელისთვის გასაგები და ნაცნობი ჟღერადობებით.
დღეს, მუსიკალური ინდუსტრია დიდი დოზით კომერციულია და ნაწილობრივ, გაყიდვები ცუდის და კარგის შეფასების კრიტერიუმიცაა. ვფიქრობ, ინდუსტრიაში სახელები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მუსიკა. ჩემთვის თანამედროვე არტისტები განიხილებიან როგორც ბრენდები, მთელი თავისი არქიტექტურით, პოზიციონირებით, დაპირებებითა და ვიზუალური იდენტობითაც კი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ალბომის – როგორც ბრენდის/პროდუქტის, მისი ცნობიერი სივრცის გათვალისწინებით განხილვა: ფუნქციონალურ, სოციალურ, მენტალურ და სულიერ განზომილებებში.
ჩემი აზრით, ფუნქციონალურ განზომილებაში ალბომი მიზნად ისახავს გააჟღეროს არსებული პრობლემები. სტეიპლსი ცდილობს გაარღვიოს “ჯოგური აზროვნების” წრე, გასცდეს დაწესებულ კულტურულ საზღვრებს და რეალური სამყაროს აღქმა დამოუკიდებლად შეძლოს. დიდი თევზის თეორია მეტაფორულად ხსნის, თუ როგორ შეუძლია სოციუმს შეზღუდოს ადამიანის ცნობიერი, დააბრკოლოს პიროვნული ზრდა და თვითაღმოჩენის შესაძლებლობები: თევზი ვერ გაიზრდება იმაზე დიდი, ვიდრე აკვარიუმია.
სოციალურ განზომილებას, ვფიქრობ Crabs in a Bucket პრობლემის იდენტიფიცირებით ხსნის: სათლში ჩავარდნილი კიბორჩხალებისთვის თვითგადარჩენის ინსტიქტი დამღუპველია, რადგან ზემოთ ამოსვლისას ერთმანეთს ხელს უშლიან, საბოლოოდ კი ვერავინ გათავისუფლდება. ვფიქრობ, მეტაფორაში შეიძლება აღწერილი იყოს აფრო-ამერიკელების ყოველდღიურობა, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ, ასევე რასობრივ პრობლემებშია ჩაძირული ან სტეიპლსის გამოცდილებას უკავშირდებოდეს დასავლურ ჰიპ-ჰოპ სცენაზე, ან ორივე ერთად.
მენტალურ განზომილებაში, სტეიპლსი ინსტრუმენტალით თითქოს თავს კარგად გვაგრძნობინებს, თუმცა ლირიკის საშუალებით მაინც გვახედებს რეალობისკენ და ცდილობს თავისი მესიჯებით ახალ თაობაში სწორი ხედვა ჩამოაყალიბოს, აკვარიუმი დაუმსხვრიოს და ფართო პერსპექტივები გაუხსნას.
რაც შეეხება სულიერ განზომილებას, ალბომით სტეიპლსი პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე: არსებული პრობლემები ტრენდული გახადოს, ყოველდღიურობას შეგუებული ახალგაზრდები შეანჯღრიოს და უთხრას – ეს არ არის ნორმალური. ამის ვიზუალიზაცია Big Fish-ის კლიპშია. ჩემი შთაბეჭდილებით, ვინს სტეიპლსი მის მეტაფორულ მესთან ერთად, რომელიც აკვარიუმშია გამომწყვდეული, ღია ზღვაში შედის (რასაც ახალი ჰორიზონტების აღმოჩენასთან ვაკავშირებ), კატერი კი ზვიგენებითაა გარშემორტყმული. თითქოს ეს მესიჯია: მე თუ შევძელი, შენც შეძლებ. მგონია, რომ არც თევზია შემთხვევითი, რადგან “მუნჯია” და თითქოს პროტესტის არ გამოხატვასაც უსვამს ხაზს.
ალბომის გამხსნელი ორი ტრეკი: Crabs in a Bucket და Big Fish მთავარ ალეგორიას უკავშირდება. Crabs in a Bucket მინიმალისტური ბურუსიდან იხსნება, რომელიც თითქოს ქარიშხალის და პოლიციის სირენისგანაა შთაგონებული, სინთეზირებული აკორდები განმეორებად ბითზე სხვადასხვანაირი ვოკალის სემფლებსა და ლირიკაზეა ორიენტირებული. ტრეკის პროდიუსერები არიან ზაკ სეკოფი და “ბონ ივერის” ჯასთინ ვერნონი.
ჯი-ფანკ ჟღერადობის “ოულდ სქულ” ტრეკი Big Fish ასახავს ალბომის მთავარ მამოძრავებელ იდეას: ვინს სტეიფლსი თავად გახდა დიდი თევზი პატარა აკვარიუმში. ტრეკს თან გასდევს დაგუდული წყლის ხმა, თითქოს წყალქვეშ ხარ და ისე ისმენ. მარტივი და რეგულარული 4/4 ჯი-ფანკ ტიპის ბიტი, მისი სამხრეთ კალიფორნიული წარმომავლობის ერთგვარი გავლენაა.
Alyssa Interlude, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, გამოირჩევა თრიპ-ჰოპის მსგავსი, ატმოსფერულ-ექსპერიმენტული ინსტრუმენტალით, რომელსაც დასაწყისში ემი უაინჰაუსის ხმის ჩანაწერი ხსნის. ტემპით, ასევე ერთი კონკრეტული ტექსტურული ხმით, მგონია თითქოს მატარებელში ვზივარ, თან წვიმს და ვტოვებ საყვარელ ადგილს. ლირიკა ჩემთვის ემოციური და სენტიმენტალურია. თუმცა, აქვე ჰაუს ჟღერადობის Love Can Be… იწყება. ტრეკი GTA-სთან კოლაბორაციაა, სადაც გამოყენებულია Gorillaz-ის დეიმონ ალბარნი და Kilo Kish ვოკალი. ტრეკები: Alyssa Interlude, Love Can Be… და 745 ქალებთან იმედგაცრუებულ გამოცდილებების ეხება, თუმცა ბოლოს ვინსი ბიბლიურ ევას ევას იხსენებს და ბედს ეგუება. ზოგადად, მისი დამოკიდებულება სიყვარულისადმი ნიჰილისტურია და ვერ პოულობს ისეთ ურთიერთობას, როგორიც მას სურს.
Ramona Park is Yankee Stadium – 48 წამიანი ტრეკით, რომელიც ჩემთვის თავიდან ბოლომდე სენტიმენტალური და ნიჰილისტურია, მთავრდება წარმოსახვითი პირველი ნაწილი და იწყება ახალი ხმების ნაკადი.
Yeah Right (კოლაბორაცია კენდრიკ ლამართან, Kučka, Flume, სოფისთან) 90’იანების ჰიპ-ჰოპით შთაგონებული ჟღერადობით, სტეიფლსი კითხვებს სვამს, რეალურად ცხოვრობენ თუ არა სხვა რეპერები, მათ მიერ აღწერილი ცხოვრებით. იგი ასევე აფასებს თანამედროვე კულტურას და ინტელექტს, ნარკოტიკებზე, ფულსა და პლასტიკურ ქირურგიაზე დამოკიდებულებებს. მთელი რიგი ხმების შემდეგ, უტრირებული სინთ-პოპ ვოკალს ანაცვლებს Kendrick Lamar. ალბომის მეორე ნაწილში SOPHIE-ს ჰიპერკინეტიკური და პროგრესული იდენტობით შემოსვლა, ჩემი აზრით “დიდი თევზის თეორიის” გარღვევა და ღია წყალში გაცურვაა.
Homage-ში სტეიპლსი აღწერს მის ცხოვრებას და წარმატებას, როგორც რეპერი, ხოლო ხარვეზებისა და დაბრკოლებების დემონსტრირება მას არ აშინებს.
Samo დიდი თევზის თეორიის მეცხრე ტრეკია, A$AP Rocky-ის მონაწილეობით. სავარაუდოდ, სათაური ცნობილი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას და მისი მეგობრის ალ დიაზის მიერ შექმნილ გრაფიტის – “same old shit” – უკავშირდება. სიმღერის ლირიკა ასევე ეხმიანება LA Weekly- სთან ინტერვიუში გაკეთებულ კომენტარს, რომლის შინაარსიც ასეთია: თუ სხვა ხელოვანები, მაგალითად მხატვარი, დიზაინერი, არქიტექტორი ერთი და იმავეს დახატავს, შეკერავს ან ააშენებს, მათ ჩვენ გავაკრიტიკებთ, ხოლო რეპერის შემთხვევაში პირიქით, ადამიანები ერთი და იმავეს ელოდებიან, შესაბამისად, არ უყურებენ როგორც ხელოვნებას. ალბათ, სწორედ ამ მოლოდინების დემონტაჟია სოფის მუსიკალური ხედვების, სინთეტიკური, უხეში ლითონების და თანამედროვე ხმების დასინქრონება რეპის ინსტრუმენტალთან.
Party People სარკაზმით არის გაჟღენთილი. ინსტრუმენტალი დადებითი ვიბრაციისაა, ხოლო ლირიკა, არც ისე პოზიტიურია: როგორ შევძლო გართობა, როცა სიკვდილი და დესტრუქციაა მხოლოდ ის, რასაც ვხედავ (“How I’m supposed to have a good time / When death and destruction’s all I see?”).
BagBack თავიდან ბოლომდე სოციალურ-აქტივისტური და შემტევი ხასიათისაა. ვინსი აკრიტიკებს ამერიკის ციხის სისტემას მრავალი ხარვეზის, განსაკუთრებით კი უმცირესობების არაპროპორციული რაოდენობით პატიმრობის გამო. ასევე, კატეგორიულად აფიქსირებს, რომ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, სანამ თანასწორები არ იქნებიან. ლირიკა მთავრდება ფრაზით “ჩვენ ახლა” (“We on now”), თან ისე გამოთქვამს, რომ გვესმის “ჩვენ ვფლობთ” (“we own ya”). ასე ამძაფრებს და ახსენებს ყველას, რომ ძალა ხალხშია.
Rain Come Down – წყლის თემის გაგრძელებაა ალბომის ბოლო ტრეკი, რაც თითქოს დიდი საზღვაო მოგზაურობის შემდეგ, ახალი მიწის აღმოჩენას ჰგავს. იგივე კატერი, რომელიც პირველ კლიპში ზღვშია ნაჩვენები, ახლა უკვე ქვიშაშია ჩაფლული.
საბოლოოდ, სტეპლსი გზას პოულობს ცარიელი სპრაიტის ბოთლის დატრიალებით, რომელიც მას ცივილიზაციისკენ წაიყვანს. გზის პირას ბარში მჯდომი სტეიპლსი სვამს სპრაიტს, რაც ბრენდის პირველი გამოჩენაა მუსიკალურ კლიპში. ესეც რაღაც ახალია. თუ კლიპი იწყება ცარიელი, უწყლო და უთევზო აკვარიუმით, მთავრდება წყლით სავსე, სადაც თევზი ისევ ცურავს. Big Fish განსხვავებით აკვარიუმი მრგვალია და არა კუთხოვანი.
ვინს სტეიპლსი აქტივისტი არტისტია, რომელიც უფრო მეტად ეგზისტენციალურია და სურს სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ. ჩემი აზრით, საკმაოდ დამაჯერებელია მისი პოზიციონირება და არ არის ხელოვნურად კომერციალიზებული.