Oneohtrix Point Never ბრუკლინში მოღვაწე ამერიკელი მუსიკოსის, Daniel Lopatin-ის პროექტია, რომელიც ელექტრონულ და ექსპერიმენტულ საუნდ  ჟღერადობებზეა ორიენტირებული. მან  მოღვაწეობა 2000იან წლებში დაიწყო.  თანამშრომბლობდა  ისეთ არტისტებთან, როგორიცაა The Weeknd, FKA Twigs, Anohni, Ishmael Butler და Tim Hecker

სადებიუტო ალბომი Betrayed In The Octagon 2007 წელს ექსპერიმეტულ ლეიბლ Deception Island-ზე გამოსცა. 2013 წლიდან კი ოფიციალურად დაიყო თანამშრომლობა ბრიტანული წარმოშობის ლეიბლ Warp Records-თან. 2013 წლის 30 სექტემბერს ამავე ლეიბლზე გამოვიდა  მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ალბომი R Plus Seven 

თქვენთვის, როგორც კოსმონავტებისთვის,  რაკეტაში რომ ჩამსხდარხართ და მზად ხართ, გამომყვეთ  40 წუთიან მოგზაურობაში, გადავწყვიტე ცოტათი არტისტის ბექგრაუნდშიც ჩაგაჭყიტოთ.

Daniel Lopatin მასაჩუტესში დაიბადა და გაიზარდა რუსი-ებრაელი ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან ბრუკლინში გადაასახლეს. გადასახლების მიზეზი, სავარაუდოდ მუსიკა იყო. არტისტის პირველი ინსპირაცია და ელექტრონულ მუსიკასთან ექსპერიმენტების შთაგონების წყარო მამის ჯაზ-ფიუჟენ კოლექციები, Stieve Wonder-ის თეიფები და რა თქმა უნდა მემკვიდრეობით მიღებული სინთეზატორი Roland Juno-60 იყო, რომელიც მისი შემოქმედების საფუძვლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.   

“მომწონს იმ ხმებით მანიპულაცია, რომლებსაც ვიყენებ და შემდეგ მათ შორის კავშირებს ვიჭერ.. როდესაც ვუკრავ, ისინი მოქმედებენ ჩემს გონებაში არსებული შაბლონური იდეების მატრიცაზე და საშუალებას მაძლევენ მათ ჩავეჭიდო” ამბობს არტისტი თავის შემოქმედებაზე. 

R Plus Seven მუსიკოსის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომია. ქავერი ეკუთვნის  შვედი ანიმატორ Georges Schwizgebel-ის 1982 წლის ექსპერიმენტულ ფილმ Le ravissement de Frank N. Stein-ს. ალბომის სახელი კი  Oulipo-ს რეფერენსია ფრანგული წერის ტექნიკისა, რომელიც გამოიხატება როგორც “N+7”. მისი საშუალებით ნებისმიერ არსებით სახელს ანაცვლებ რიგით მეშვიდე სახელით, რომელიც მას მოსედვს ლექსიკონში. საინტერესოა არა? 

აქ უკვე ვხვდებით, რომ ალბომი უამრავ ქვეტექსტს და ღრმა მნიშვნელობებს ატარებს. იგი გავს ხმების ერთ ფარტო სპექტრს, რომლის მუსიკალური პალიტრა ძირითადად მიდი ინსტრუმენტებს და სინთ ჟღერადობებს ემყარება.  ჩემი აზრით, იგი უფრო სიმფონიაა, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე მუსიკა. დიახ, ალბომის პირველი ტრეკიდან იგრძნობა როგორ იწყება  სიმფონია, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე.  ყველა კომპოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ტემბრით, ასევე სტრუქტურით

“უცნაური, არაამქვეყნიური და რაც მთავარია, ემოციებით მდიდარი” ალბომმა მსგავსი შეფასება მიიღო Pitchfork-ისგან. 

Rolling Stones-მა კი ალბომი აღწერა როგორც “წმინდა მუსიკა, მიუხედავად თავისი უცნაურობისა” და ჟღერადობით philip Glass და Steve Reich-ს შეადარა. 

ტრეკლისტი:

  • 01 Boring Angel
  • 02 Americans
  • 03 He She
  • 04 Inside World
  • 05 Zebra
  • 06 Along
  • 07 Problem Areas
  • 08 Cryo
  • 09 Still Life
  • 10 Chrome Country

პირველი ორი კომპოზიცია Boring Angel და Americans თითქოს რობოტული ხმების სამყაროში გითრევს, მესამე კომპოზიციიდან კი სიმშვიდე შემოდის. He She ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. მას ის მოულოდნელი სიმშვიდე მოაქვს, რომელსაც დასაწყისიდანვე ელი. მენდეთ, წუთნახევარი მართლაც ძალიან ცოტაა ამ ტრეკისთვისს. 

იმავე ფონზე გრძელდება ალბომის მეოთხე კომპოზიცია Inside World, რომელიც ემბიენსის და არაამქვეყნიური ვოკალის იდეალური სინთეზია. ამ კომპოზიციით არტისტი თითქოს ცდილობს გვაჩვენოს განსხვავება ვირტუალურსა და რეალურს შორის. ვერ გეტყვით,  რეალურსა და ვირტუალურს შორის ზღვარი სად შეიძლება გავიდეს, მაგრამ ამ კომპოზიციის მოსმენის შემდეგ ვხვდებით, რომ შესაძლოა ზღვარი არც კი არსებობდეს. Zebra უეცარი დარტყმის შემდეგ კიდევ ერთ-ერთი მოულოდნელობაა, რომელიც წარმოუდგენლად ჰარმონიულად მთავრდება. 

ჩანს, სწორედ ეს მკვეთრი გადასვლებია არტისტის მთავარი მიზანიც. ამ ახალი მიდგომებით იგი მსმენელი ხმების ლაბირინთში შეჰყავს, სადაც ტროპიკული ტყის ხმებიდან უცებ შეძლება ხმაურიანი დრონების სამყაროში აღმოჩნდეთ.  მეათე კომპოზიცია Chrome Country ჩემი მეორე ფავორიტი ტრეკია. სინთეზატორებისა და ორღანის ნაზავს ჯერ კლავიშის ხმა მოყვება, რაც კოსმიურ ჯაზს გვაგონებს. ამ სინთეზს კი ემატება ისევ არაამქვეყნიური, გალობის მსგავსი ხმები. ფონად მელანქოლიური მელოდია ამ ყველაფერს ისე ავსებს, რომ წარმოსახვაში უკიდეგანო ჰორიზონტის გარდა ვერაფერს ვხედავ.

ჩემთვის ალბომი იმდენადვე ქაოტურია, რამდენადაც მშვიდი. იმდენადვე ვირტუალურია, რამდენადაც რეალური. და ეს ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო შეგრძნებები მთელი ალბომის განმავლობაში ერთმანეთს ანაცვლებს. ზოგჯერ სპონტანურად, ზოგჯერ წინასწარ იცი, რა უნდა მოხდეს. სიმშვიდეს მღელვარება ანაცვლებს, სტაბილურობას ქაოსი, ცრემლებს ღიმილი და ასე შემდეგ.. აი ისე, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე. ყველაფერს ორი მხარე აქვს, ან უფრო მეტიც, ვინ იცის.. 

რა თქმა უნდა იმ სიღრმეებს ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით, რაც არტისტის ჩანაფიქრს უდევს საფუძვლად. რამდენი ადამიანიც არსებობს სამყაროში, იმდენივეა აღქმაც. ყველაფრის. ჩემთვის R Plus Seven ყოველთვის იქნება ალბომი, რომელიც რეალობასა და ვირტუალურს შორის წინ და უკან გამოგზაურებს. თან აბსურდულობაზე გესაუბრება, თან სამყაროს სილამაზეზე, თან ფიზიკურზეც და მეტაფიზიკურზეც. ეს დუალიზმია რაც გვაკავშირებს სამყაროსთან და რის გარეშეც ალბათ ყველაფერი ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. იმას კი ნამდვილად გპირდებით, რომ მუსიკოსი დიდ სივრცეს გიტოვებთ, რათა დანარჩენი თქვენი აღქმით შეავსოთ..

2020 წლის 30 ოქტომბერს Warp Records-ზე არტისტის ახალი ალბომი – Magic Oneohtrix Point Never გამოვა.  სრული ალბომის გამოსვლამდე რამოდენიმე კომპოზიციამ უკვე იხილა დღის სინათლე. Cross Talk I, Auto & Allo და Long Road Home. R Plus Seven-ის შემდეგ უცნაური და საინტერესო მოსასმენი კომპოზიციებია. Long Road Home-ს ვიდეო კლიპით კი ისევ შეგვიძლია ნაცნობ ოთახში დაბრუნება

ავტორი: სოფი სირაძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *