„მე აღმოვაჩინე, რომ რომანის წერასთან სიტყვები, როგორც მისი პირველადი საფუძველი, არაფერ შუაშია. რომანის წერა კოსმიური საკითხია, როგორც სამყაროს შექმნის ბიბლიური ისტორია.“ – უმბერტო ეკო
ისევე, როგორც ყველაფერს ამქვეყნად, ადამიანის წარმოსახვის უნარსაც თავისი განზომილებები აქვს. იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, ძვირფასი, სასურველი თუ არასასურველია ის ემოციები, რომლებიც არაცნობიერად გვიჩნდება, სხვადასხვა მასშტაბის და სიძლიერის ასოციაციებამდე მივდივართ.
საკუთარ თავზე და სხვებზე დაკვირვებით ბევრჯერ შემიმჩნევია, რომ ადამიანები ჩვენთვის ახალ, ამოუცნობ, უცნაურ და ყოვლისმომცველ შეგრძნებებს კოსმოსთან ვაკავშირებთ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში კოსმიური სივრცე არის ჩვენი ვიზუალური წარმოსახვის „დაუსრულებელი ზღვარი“ და ყველაზე საინტერესო, აღმაფრთოვანებელი აღმოჩენების ადგილი.
ჩემი ბოლო კოსმიური მოგზაურობა Oneohtrix Point Never-ის ალბომის, R plus seven-ის მოსმენა იყო. ეს ჰგავდა დაკვირვებას სივრცეზე, სადაც პლანეტების მაგივრად ჯერ არარსებული ინსტრუმენტები, კომეტების მაგივრად კი ჯერ მოუსმენელი ბგერები არიან. შენ კი დაცურავ ამ დაუსრულებელ ლურჯ აუზში სადაც ყოველ წამს ახალ-ახალი მანათობელი საუნდი ჩნდება, რომლებიც ერთმანეთს უცნაური კანონზომოერებით უკავშირდება.
სინამდვილეში ეს წარმოსახვითი სამყარო, რომელიც თითქოს უამრავ ამოუცნობ მუსიკალურ ინსტრუმენტს აერთიანებს, შექმნილია იმ ადამიანის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ ერთ ინსტრუმენტზე – JUNO 60-ზე მუშაობდა. ეს ფაქტი, თავის მხრივ, განსაკუთრებულ სიღრმეს აძლევს დენიელ ლოპატინის შემოქმედებას, რომელმაც ერთი შეხედვით მარტივი ინსტრუმენტის ათვისების „ვერტიკალური“ გზა აირჩია და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ ნამუშევრებში მუსიკალური საკრავების დიდი სპექტრი გამოეყენებინა, ბგერების ძიება პატარა პერიმეტრზე, ზედაპირის ქვეშ დაიწყო.
ერთ-ერთ ინტერვიუში დენიელი ამბობს – „ არსებობს უფრო კარგი ქიბორდები, არსებობს უარესი ქიბორდებიც, მაგრამ ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. მე ამ ინსტრუმენტს ვიცნობ სიღრმისეულად და ის ჩემი მუდმივი მეგობარია.“
თუ დენიელის, როგორც არტისტის, სამყაროსთან მიმართებას 1 სიტყვით დავახასიათებთ, ვფიქრობ ის „დამკვირვებელი“ უნდა იყოს. დამკვირვებელი, რომელიც თავის ღრმა აღქმას, ყველაზე სივრცულ მუსიკაში თარგმნის, რაც კი ოდესმე მომისმენია.
მისი ალბომი R plus seven 2013 წელს გამოვიდა. დენიელის სტუდიური ჩანაწერებიდან ეს პირველი რელიზია, რომელიც ელექტრონული მუსიკის ბრიტანულ ლეიბლ warp record-ზე გამოიცა. 2011 წელს გამოცემული სეპლებზე აწყობილი replica-ს შემდეგ, რომელიც lo-fi ჟღერადობისაა, R plus seven-ში სინთეტიკური საუნდები დომინირებს.
ალბომში ყოველ ცალკეულ საუნდს თავისი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ხასიათი აქვს და თითქოს გამიჯნულია ერთმანეთისგან. ჟღერადობები თითოეულ ტრეკშიც კი იმდენად განსხვავებულია, რომ ყოველი მათგანი მსმენელისგან კონცენტრირებულ ყურადღებას მოითხოვს.
დენიელი თავადვე ამბობს, რომ ეს ალბომი სწორედ ობიექტებზე ორიენტირებული ონტოლოგიური მიდგომით დაწერა. ის შთაგონებული იყო ამერიკული თანამედროვე არტისტის ტაკეში მურატას მიდგომებით, რომელმაც ალბომის ერთ-ერთი ტრეკის „problem areas” ვიდეოზეც იმუშავა. ლოპატინი განსაკუთრებულად მოიხიბლა მუსიკალური ობიექტების იდეით – კონცენტრირებულიყო არა მუსიკაზე როგორც მთლიანობაზე, არამედ ცალკეულ საუნდებზე, მათ დაჯგუფებებზე და ადგილმდებარეობაზე.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟღერადობები „კოსმოსში“ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ, მათ მაინც აქვთ საინტერესო კავშირები, რასაც შეგვიძლია რადიაციულ-გრავიტაციული კავშირები დავარქვათ. ეს საუნდებს შორის ისეთი მიმართებაა, სადაც ისინი შეხების გარეშე ამყარებენ ერთმანეთთან კავშირს. სწორედ ასეთი მიმართებებია წამყვანი ხაზი ალბომის ყველა კომპოზიციაში.
R plus seven- ის პირველი ტრეკი Boring angel ორღანის ხმით და რელიგიური მოტივებით იწყება, თუმცა ჰარმონიულ კომპოზიციაში მალევე შემოდის ძალიან კაშკაშა ელექტრონული საუნდები, რომლებიც არათუ არღვევს, არამედ უფრო ინტენსიურს ხდის ჰარმონიას.
Americans მიუხედავად „დასავლური“ დასახელებისა, აღმოსავლური საუნდებითაა სავსე. ეს ერთ-ერთი პოზიტიური და ცოცხალი ტრეკია ალბომში.
ყველაზე მოკლე კომპოზიცია he she ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავიც აღმოჩდა. უცნაური რიტმი, რომელიც არც კი იცი საიდან მოდის, გაძლიერებულია ვოკალური სემპლებით, რაც განსაკუთრებულ ეგზოტიკას სძენს ნამუშევარს.
Inside word მაძიებელი კომპოზიციაა, რომელშიც ვფიქრობ ყველაზე კარგად ჩანს არტისტის მიდგომა მთელი ალბომის მიმართ. ძიება და დამშვიდება, რომლებიც ერთმანეთს ანაცვლებს, ძალიან მკვეთრ მუსიკალურ ცვლილებებში აისახება.
Zebra ალბომის ყველაზე მრავალფეროვანი ტრეკია, რომლის პირველი ნახევარი საკმაოდ ინტენსიურია, მეორე ნახევარი კი შედარებით მშვიდი, მინორული განვითარებისაა, თუმცა კომპოზიცია ბოლომდე ინარჩუნებს საწყის ძლიერ ხასიათს.
Along ემბიენთური ჟღერადობის ტრეკია, რომელშიც გაძლიერების ტენდენცია იგრძნობა. კომპოზიცია პიკს თითქმის ბოლო წამებში, დასასრულთან ახლოს აღწევს.
Problem area-ში თოთქოს გრძელდება Inside word-ში დაწყებული ძიების პროცესი. აქ წამყვანი პროგრესიის ტონალობების ცვლილების მიხედვით იცვლება ტრეკის ხასიათიც.
Cryo ჩემთვის ყველაზე სენტიმენტალური, ტრანსენდენტული და ამავდროულად ყველაზე ამაღლებული ტრეკია. ნამუშევარში კარგად ჩანს, თუ რამხელა სიღრმისა და სივრცის შექმნა შეუძლია მუსიკას.
Still Life -ში ისევ ბრუნდება რელიგიური მოტივები, უბრალოდ ამჯერად არა ორღანის, არამედ გუნდური გალობის ხმით, რომლიც „ჩაჭრილია“ ძალიან ძლიერი და მარტივი ელექტრონულ ბგერათა წყობით, რომელიც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია მთელ ალბომში. ტრეკი საკმაოდ მერყევი და ცვალებადია.
Chrome Country ორკესტრის შესრულებულ კომპოზიციას ჰგავს. თითქოს კლასიკური მუსიკის გაცოცხლებაა თანამედროვე ჟღერადობით. ვოკალური სემპლები და ცაკლეული საუნდების ერთობლიობა უცნაურ ეიფორიას იწვევს და ტრეკის განმავლობაში რამდენჯერმე ცვლის ხასიათს. ეს ნამდვილად ალბომის ბოლო კომპოზიცია უნდა იყოს.
ალბომი, რომელშიც ყოველი “ობიექტი” ჟღერადობაა, ყოველი ჟღერადობა კი ახალი ფიქრი, ფაქტობრივად ქვეცნობიერში გვასეირნებს. ქვეცნობიერი კი მისი უსასრულობით და გაურკვევლობით კოსმოსს ჰგავს და ის, თუ რა გზა გაიკვალება ამოუცნობ სივრცეში, მსმენელზეა დამოკიდებული. Oneohtrix point never უბრალოდ გვახსენებს ამ სამყაროს არსებობას და მასში შეცურვის შესაძლებლობას გვაძლევს.
“I was having the ideas and believing what i was doing” – Daniel Lopatin