საიდან იწყება ხოლმე მასიური სოციალური ცვლილებები საკითხავია. ნაკლებად საკამათოა ის, რომ ყოველგვარი ცვლილება ჟღერს. Anohni-ის შემოქმედება ჩემთვის რატომღაც ნაკლებად მოიზრება როგორც “მუსიკისთვის მუსიკა”. ეს არის მუსიკა სხვა დანიშნულებისთვის, ცვილელებისთვის ან ცვლილების გამო დაწერილი.

ალბომი: Hopelessness, Anohni
წელი: 2016
ლეიბლი: Secretly CanadianRough TradeHostess

მოდი ვისაუბროთ იმ იმედგაცრუბებზე, რომელიც მსოფლიომ ბოლო დეკადაში მოაგროვა, დავამტოთ ცოტა უიმედობა, შიში, შფოთვა, განაწყენება, პიროვნული და ზოგადსაკაცობრიო სევდა; ეს ყველაფერი ავურიოთ გამეტებული ემოციურობით, არავითარ შემთხვევაში არ მოგვერიდოს სევდის ბოლომდე ჩვენების, არც გადაჭარბებული რომანტიული ენერგიის (რომელიც შეიძლება წინააღმდეგობრივიც კი იყოს ამ პოლიტიკურ მანიფესტთან), არც საჯარო ტირილის, არც კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული პირველი პირების თითით ჩვენების (Obama). უბრალოდ ვიყოთ გულწრფელები და მივცეთ ადამიანებს იგრძნონ ის, რისაც ასე გაურბიან. ვამხილოთ ადამიანები. ვიმღეროთ მთელი გულით და გამოვიყენოთ ჩვენი შეშლილი ექსცენტრიული ვოკალი ამ შეტყობინების დედამიწაზე მოსატანად. თუ ეს წყენა იმდენად დიდია, რომ ვოკალი საკმარისი აღარ არის, დავაპირქვავოთ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შედეგიც: შევქმნათ ხარისხიანი, მრავალფეროვანი, მუსიკალური კომპლექსურობის თვალსაზრისით შეიძლება არც ისე ახალი, მაგრამ გასაგები ინსტრუმენტალი. ყველას მივწვდეთ. თუ ამ ყველაფერს მუსიკაშივე შემართებაც არ დააკლდება, საქმე შეიძლება ალბომამდეც მივიდეს.

საინტერესო ის არის, რომ Anohni-ს, რომელსაც ჩემი ვარაუდით, მთელი ეს პროცესი (და ცხადია, კიდევ უფრო მეტი) გამოვლილი აქვს, live-მუსიკას წარმოადგენს იმ სხეულით, რომელსაც გენდერულ ტრაზაქციასთან დაკავშირებული ფიზიკური და არაფიზიკური ხანგრძლივი ტკივილი აქვს გადატანალი.

ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის ბევრია. არ ვიცი ზუსტად რომელი თვალსაზრისით, მაგრამ ბევრია. ისევე როგორ Anohni-ს თვითონ მუსიკა და ეს ალბომია ბევრი და პირველად მოსმენის დროს ძალიან მომანდომა გაქცევა.

დიდხანს შეიძლება აქ პირად დამოკიდებულებებზე წერა, მაგრამ ჩემთვის ალბომის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კონტექსზე მინდოდა მეთქვა: რეალობას ყოველთვის აქვს ხოლმე გარკვეული ტიპის გამოწვევები გადასალახი. ამ პროცესში ყოველთვის იძებნება ხოლმე ის გამორჩეული ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი უფრო მტკივნეულად გადააქვს, უფრო ბრაზდება და უფრო ეფექტურად გამოაქვს სხვებისთვისაც.

Nina Simone – ადამიანი, რომლის მუსიკალური აქტივიზმის გარეშე მგონია, რომ მე-20 საუკუნის პრობლემატიკის დიდი ნაწილი ისევ შავ ხვრელად დარჩებოდა; Buffy Sainte-Marie – ადგილობრივი ამერიკელი მუსიკოსი/აქტივისტი, რომელიც უკვე დიდი ხანია მღერის მსოფლიოში და კონკრეტულად ამერიკაში ცენტრალიზებული ძალაუფლების წინააღმდეგ; Marsha P. Jonson – ტრანსგენდრი, რომელმაც ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან გეი უფლებებისთვის ბრძოლა და ამ მიმართლებით სიცარიელეების ამოვსება დაიწყო. ამ ადამიანებს ასახელებს Anohni საკუთარი შემოქმედების მთავარ გავლენებად.

ინტერვიუებში ამოხსნილ საიდუმლოებებს რომ თავი დავანებოთ, Anohni ალბომშიც აშკარად უპასუხოდ არ ტოვებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც მას უშუალოდ აქტივიზმის შესაძლებლობას აძლევს. მღერის გლობალურ დათბობაზე, მკვდარ ცხოველებზე, მილიტარისტული რესურსების გაფლანგვაზე, პოლიტიკურ იმედგაცრუებებზე, სამოქალაქო უპასუხისმგებლობაზე, უსიყვარულობაზე და კიდევ ბევრ უბედურებაზე. ამის მიუხედავად მისი მუსიკა მაინც არ ჟღერს უიმედოდ. პირიქით. მოქმედების უზარმაზარ სივრცეს ათავისუფლებს და სამარცხვინო პასიურობას სულს უბერავს.

ამიტომ, მუსიკა მუსიკად დარჩეს, მაგრამ მე ვფიქრომ, რომ Anohni არის თანამედროვე აქტივიზმის ევოლუციური სახე, რომელსაც ფართო აუდიტორიამდე ის შეტყობინებები მიაქვს, რომლითაც შეიძლება იგივე აუდიტორია კიდევ დიდხანს ვერ შეშფოთდებოდა.

Mercury Prize:
წლის ალბომი – “Hopelessness”

Rober Awards Music Poll:
საუკეთესო ქალი არტისტი
საუკეთესო პოპ არტისტი
საუკეთესო ლაივ-შემსრულებელი
წლის სიმღერა ( “4 degrees”)

A2IM Libera Awards:
წლის ვიდეო ( “Drone Bomb Me”)


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *