სული ჰარმონიას ითხოვს, ცხოვრება კი დისჰარმონიულია. შესაბამის მუსიკალურ გამოცდილებას გვაძლევს ანონის სადებიუტო ალბომი HOPELESSNESS, რომელიც არაერთმა ცნობილმა გამოცემამ 2016 წლის საუკეთესო ალბომებს შორის დაასახელა. Hudson Mohawke და Oneohtrix Point Never თანამონაწილეობა მუსიკალურ სიამოვნებას აორმაგებს.

კომპოზიციები მელოდიურად ეიფორიული და საინტერესოა, ვოკალურად კი სწორხაზოვნად მძიმე ემოციას იწვევს, თითქოს ალბომის დასასრულს მთელი მსოფლიოს ტრაგედია მხრებზე გაწვება. ლირიკაში ირონიულადაა დემონსტრირებული ამერიკის არასწორი პოლიტიკის შედეგები. იგი ხაზს უსვამს სახელმწიფოს შეცდომებს: დრონებით დაბომბვას, თვალთვალს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, სიკვდილით დასჯას და კლიმატური ცვლილებების უგულველყოფას, რაც ჯამურად უიმედობას იწვევს.

როგორ შეიძლება იყოს ტრაგედია მუსიკალურად სასიამოვნო და ამავდროულად მტკივნეული? მოუსმინეთ ‘Drone Bomb Me’. პირველი სიტყვა: “სიყვარული”, შემდეგ კი 9 წლის ავღანელი გოგოს ფიქრების მსმენელი ვხდებით, რომლის ოჯახი დრონით დაბომბვამ შეიწირა. გოგონა უპილოტო თვითმფრინავს მიმართავს, სთხოვს რომ საღამოს ის აირჩიოს და მისი ბროლის ნაწლავები მიმოფანტოს. 

კომპოზიცია “4 Degrees”, მეორე არასასიამოვნო ჟრუანტელი, რომელიც კლიმატური ცვლილებებისადმი უყურადღებობას ეხება, ირონიულად პოზიტიურ მუხტზე შესრულებული ლირიკის შინაარსი სრულად შემაძრწუნებელია: …მინდა მესმოდეს როგორ ტირიან ძაღლები წყლისთვის, მინდა ვხედავდე ამოტრიალებულ თევზებს ზღვაში, ყველა ლემურს და პატარა ქმნილებებს დამწვარს, ეს ხომ მხოლოდ 4 გრადუსია…  ირონიული ხაზის გაგრძელებაა Watch Me, სადაც სახელმწიფოს როგორც მამიკოს, ისე მიმართავს – …ვიცი რომ გიყვარვარ მამიკო, იმიტომ რომ ყოველთვის მიყურებ და მიცავ… “Execution” აკრიტიკებს სიკვდილით დასჯის კანონს, სასჯელის ფორმას, რომელიც ყველაზე განვითარებულმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა მოხსნეს თავიანთი მართლმსაჯულების სისტემიდან. თუმცა ცივილიზებულად წოდებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუქმებულა.
ამ ნარატივების გაერთიანებაა კომპოზიცია Obama, სადაც მთელი იმედგაცრუება იყრის თავს – ანონი მღერის ლიბერალის პერსპექტივიდან, რომელსაც იმედი ჰქონდა, პრეზიდენტ ობამას არჩევა სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესებას გამოიწვევდა. ეს ასე არ მოხდა.  უიმედობაში ყველაფერს აზრი ეკარგება. კომპოზიციაში Hopelessness, არტისტი ყველას მოგვიხსენიებს, როგორც გამანადგურებელ ვირუსს და დარდობს უკვალოდ გამქრალ ცოცხალ არსებებზე. ბოლო კომპოზიციაში Marrow, გვესმის, რომ დღეს მთელი მსოფლიო ამერიკელები ვართ, ალბომში გახმოვანებული მანკიერებებით გაჟღენთილები, რომლებიც ყველაფერს ვანადგურებთ.

ალბომი შედგება ტრეკებისგან, რომლებიც არტისტის მონოლოგების ფონური ნაწილია, მონოლოგების, რომლებიც უკიდურესად აქტუალურია და სპონტანურად არის დაწერილი. დაწერილია ადამიანის მიერ, რომელიც სხვა თვალით უყურებს ამერიკას და ჩვენც გვანახებს ბნელი რაკურსიდან. ანონის ჰომოგენური ვოკალი პოეტური და დრამატულია, ინსტრუმენტალი კი ჩვეულებრივი ცხოვრების გაჟღერებაა, თანამედროვე, ელექტრონული, ელექტრო-პოპის გამოყენებით.

ალბომის ხიბლი ზუსტად ისაა, რომ ემპათიური გრძნობებისგან გათავისუფლებული შესრულებით, ვეჯახებით რეალურ პრობლემას, რომელიც დღეს თუ ხელშესახებად არ გვხვდება, არ ნიშნავს რომ არ არსებობს. Hudson Mohawke-ის ძლიერი ბითები და Oneohtrix Point Never-ის განსაკუთრებულად დამახასიათებელი მუსიკალური ხედვა, ანონის ხმას აძლიერებს და ავსებს, მეტად მოსმენადს და საინტერესოს ხდის. როგორც აფასებენ, ალბომი მუსიკალური ტროას ცხენია, რომლიც უბიძგებს ხალხს თვალი გაუსწოროს რეალობას და ჩაერთოს საერთო ბრძოლაში, რომლის მიზანი უკეთესი სამყაროს შექმნაა. 

გირჩევთ, რომ ალბომს აუცილებლად პრივატულ გარემოში მოუსმინოთ, ერთი-ერთზე. თუ არ მოგეწონებათ და გამორთვა მოგინდებათ, ხმას აუწიეთ და უფრო მეტი ყურადღებით მოუსმინეთ, იმიტომ რომ ალბომს აქვს ის შეფარული ხიბლი, რომელიც ბოლოს აუცილებლად მოგაჯადოებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *