“The world doesn’t need more successful people. The world desperately needs more peacemakers, healers, restorers, storytellers and lovers of all kinds” – Dalai Lama
თუ უკვე დიდი ხანია გინდა თაროზე შემოწყობილი ემოციების გადმოლაგება, სახელების დარქმევა და დახარისხება, მაგრამ სულ გაურბიხარ, მაშინ გაგიმართლა ახლა რომ ამას კითხულობ – წინ 39 სენტიმენტალური წუთი გელის.
კომფორტულად მოეწყვე საკუთარ განცდებში მოგზაურობისთვის, კამპანიონობას ენდრიუ პეკლერის ალბომი „Sentimental Favourites” გაგიწევს.
2011 წელს გამოშვებულ ალბომში მუსიკოსმა თავი მოუყარა ყველა ისეთ ჟღერადობას, რომელსაც თანამედროვე ცხოვრების ბეტონის ყოველდღიურობაში ვერ მოისმენ – იქნება ეს ტროპიკული წვიმის, ოკეანის ტალღების, ცეცხლის ტკაცუნის თუ ღამის ტყეში ფრინველების ხმა. ამ ყველაფერს ერწყმის სხვადასხვა ინსტრუმენტის სინთეზური ჟღერადობაც და ვიღებთ სენტიმენტების მთელ კალეიდოსკოპს.
კომპოზიციების რაოდენობა 12-ია, ისევე როგორც წელიწადის 12 თვე და ერთი სრული ბრუნი, ოღონდ არა მზის, არამედ შენი საკუთარი თავის გარშემო. რადგან თვითგამორკვევის თავგადასავალში შენ ხარ მთავარი გმირი.
პირველი კომპოზიცია, სახელად „Yesterday Of Love“ თითქოს ზამთარია, ემოციებთან განმარტოების იანვარი. შესაბამისად, ეს მოგზაურობაც ინტენსიურად, შტორმის ხმებით იწყება.
შეუმჩნევლად გადავდივართ მეორე კომპოზიციაზე „Close To Strangers”. სენტიმენტების თებერვალიც წვიმის ხმებითა და ნისლითაა გაჯერებული.
ალბომის მესამე კომპოზიცია „(They Long To Be) Misty Blue” ყველაზე მოკლეა, ეფემერული და მოულოდნელი, როგორც მარტი. სწორედ აქ იწყება ჩვენი სენტიმენტების თავზეც ღრუბლის გაფანტვა, ბუნების ხმებს ადამიანების ვოკალი ერწყმის და ამით ლოგიკურად მივდივართ უფრო ნათელი და დამაიმედებელი მომავლისკენ.
“Wichita Forever” და “Samba De Cherbourg” ნამდვილი გაზაფხულის ვალსებია, ჩიტების ჭიკჭიკის, ფოთლების შრიალის და სინთეზური ბგერების ნაზავი, რასაც ზაფხული მოსდევს.
მე-6 კომპოზიცია “Prelude To A Summer” (შესაბამისად, ივნისი-ზაფხულის პრელუდია) ალბომის ყველაზე ჟღერადი და ოპტიმისტური ნიმუშია, ოკეანის ტალღებისა და ზღვის ფრინველების ხმებით გაჯერებული. მსუბუქ სილუეტურ ვოკალს მეგობრებთან ერთად ყოფნის ნოსტალგიაც მოაქვს და იგივე განწყობით გრძელდება მე-7 კომპოზიციაც, სახელად „Suddenly (Naturally)”.
ენდრიუ პეკლერი მხოლოდ სამყაროში მოგროვებული ხმებით კი არა, სათაურებითაც გვიძლიერებს შეგრძნებებს. ამიტომ შეუძლებელია მე-8 კომპოზიციაში შექმნილი დრამატული ფონი მის სახელწოდებასაც არ მივაწეროთ – „The Twilight Of Your Smile”. შემოდგომის, ცვლილებების მომასწავებელი სევდა ენდრიუსთან ლამაზი და მელანქოლიურია, ძველი და ფოთლებივით დამჭკნარი ფიქრების მოშორება კი – სასიამოვნო, რომელსაც შვება და გამოთავისუფლებული სივრცე მოჰყვება სიახლეებისათვის.
ქარებითა და იდუმალი ბგერებით იწყება „Un Vent Et Une Femme”. ქალის ვოკალს კოცონამდე მივყავართ და ოქტომბრის ბნელი ტყე მე-10 კომპოზიციაში, სახელად „Music To Sleep Walk By“, სულაც აღარ არის საშიში. ეს ტრეკი ყველაზე მისტიურია, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისკენ გიბიძგებს. სადაც არ უნდა გაიქცე, შინაგანი ხმა მაინც გამოგყვება, არტისტი კი თავშესაფრად ტყეს გვთავაზობს წვიმის, ცეცხლისა და ბუების ხმის თანხლებით.
მე-11 კომპოზიციაში „Everybody’s Raindrops” ისევ წვიმა და ელექტრონული ხმები მოგვყვება იმ მიზნის შესასრულებლად, რისთვისაც დავიწყეთ ეს მოგზაურობა – მიჩქმალული ემოციების დასალაგებლად და დასახარისხებლად.
თუ ამ თვითგამორკვევის ეტაპს წარმატებით გაუმკლავდები, წვიმა დასრულდება და მე-12 კომპოზიციის „Moon Velvet (Shadows, Whispers, Rivers, Windmills)“ სიმფონიასაც მიიღებ საჩუქრად. კრისტალური სიმების და გუნდის უსიტყვო, მაგრამ ხავერდოვანი ვოკალის მიღმა თითქოს დეკემბრის საშობაო ზარების რეკაც ისმის.
ზარების, რომლებიც ერთი მხრივ რაღაცის დასასრულს, ხოლო მეორე მხრივ, დასაწყისს ისე გვატყობინებენ, რომ ამ ორს შორის საზღვარი თითქმის წაშლილია.
ავტორი: მარიამ ტალიაშვილი