ქართული როკ ჯგუფი დაგდაგანი ახალ კომპოზიციას აქვეყნებს ანიმაციური მუსიკალური ვიდეოს სახით. „ჰიტლერი მთვარეზე“ ჯგუფისთვის დამახასიათებელ სატირულ მოტივებზე აგებული ნამუშევარია.
ვიდეოს დასაწყისშივე ცხადი ხდება თუ რასთან გვაქვს საქმე: „ჰიტლერი მთვარეზე ანუ ჩვენი შინაგანი დეგრადაცია თანამედროვე სამყაროში (თუ რაღაც ეგეთი …)“.
დაგდაგანი ტრადიციულად არ ერიდება უწმაწურ სიტყვებს და ერთი მხრივ მწვავე პრობლემებზე საუბრობს, მეორე მხრივ კი არასერიოზულად აღიქვამს ამავე პრობლემებს.
ცხოვრების სირთულეების მიმართ კომიკური დამოკიდებულება იგრძნობა კომპოზიციის როგორც მუსიკალურ, ისე ტექსტობრივ ნაწილში.
გაუგებრობა რომელიც „შინაგან დეგრადაციას“ მოაქვს ნამუშევარში ასახულია ისეთი აბსურდულ შეთანხმებებში როგორებიცაა: „მეზღვაური მიდის ცაში“, „სტალინის მოთხოვნით მოიგონეს სელფები“…
აქ უკვე საიქიოც კი ციფრულია : „აღარავინ დარჩა წმინდა ციფრულ საიქიოში“.
თანამედროვე ცხოვრების შფოთი, არაადექვატურობა, უაზრობა და გაურკვევლობა – ეს ინგრედიენტები, რომლებიც ერთმანეთშია ახლართილი ითარგმნება კომპოზიციის „არეულობაში“, თვითირონიაში, ცინიზმში, გულწრფელობასა და პირდაპირობაში.