ლეიბლები – Duophonic. Electra
1997 წელს გამოშვებული, ინგლისურ-ფრანგული ჯგუფი “Stereolab“- ის მეხუთე სტუდიური ალბომი.
ეს ყოვლად მშვენიერი ალბომი, მიუხედავად საკმაოდ დახუნძლული ინსტრუმენტული ნაწილისა, თავიდან ბოლომდე მსუბუქად ისმინება, ლეტისია სადის მსუბუქი, სასიამოვნო, დაუძაბავი, ინგლისურ-ფრანგული სიმღერის გამო.
”Brakhage“ – ალბომს იწყებს მორზეს ანბანით გართული, ნასვამი უცხოპლანეტელი.
ძველი სინტეზატორის თანხლებით შორიდან წრაფად გვიახლოვდება დასარტყამი ინსტრუმენტების აჟიტირებული ცანცარი. მარტივი ჰარმონია, ორი აკორდი ტრიალებს და მასში ვიბროფონის განმეორებადი მელოდია იჭრება თავბრუდამხვევი ყოველდღიურობასავით.
ამ დროს შემოდის ისეთი სასიამოვნოდ აუღელვებელი ვოკალი, ყველანაირი ძალდატანების გარეშე, რომ თითქოს ღრუბლებიდან მზის სხივი გამოკრთა . თანმხლები მომღერალი ბავშვური მიამიტურობით ღიღინებს მეზობლის ეზოში .
სინამდვილეში ლეტისია სადის ეს ანკარა ხმა ასეთი ფრაზით შემოდის მუსიკაში : “ჯანდაბა! რამდენი რამე გვჭირდება რომ გავაგრძელოთ ჩვენი სულელური ცხოვრება”...
„ Miss Modular“ – მეორე სიმღერაში უკვე ჩასაბერი ინსტრუმენტები ემატება მუსიკას და არანჟირებით უფრო ჯაზისკენ იხრება, როგორ მომწონს ეს სინთეზატორის ხმა და როგორ მომაგონა რეი მანზარეკი!
ფრანგულად მომღერალ ხმას თანმხლები ვოკალი ედება ჩამომღერებით და 60-იანი წლების ფრანგულ პოპში დაფარფატებენ მსუბუქად.
„The flower Called Nowhere“ – რჩეულთა შორის გამორჩეული. ლეტისიას ჰაეროვანი ხმა, მერი ჰენსენის ნარნარი თანმხლები ვოკალით. პერიოდულად მრავალხმიანობა გვეფრქვევა თავზე. ინსტრუმენტალი მსუყე, თუმცა მაინც მსუბუქად მოციმციმე, გაჟღენთილი კლავისინის ძალიან ლამაზი, განმეორებადი პარტიებით. თითქოს 60 იანი წლების ევროპული კინომუსიკაა.
„Diagonals“ – მარქსისტული იდეების მუსიკალური გაჟღერება მდორედ მოძრავი ფრანგულენოვანი ვოკალით, რომელსაც სინქრონში მიყვება ბასი და მსუბუქად ეთამაშება გიტარა, ხოლო ჩასაბერები ავსებენ ენერგიით და ანერვიულებული მირიმბა რაღაცის სწრაფად მოყოლას იწყებს დასაწყისში და ბოლოს იგივე ამბით გვაცილებს .
„Refractions in the Plastic Pulse“ – ესეც ჩემი ოთხ ნაწილიანი მეორე ფავორიტი, რომელიც მშვიდი ჯაზური ვალსით იწყება , სადაც ლეტისიას ვოკალი, მერი ჰენსენის თბილი ხმასთან ერთად, ჩვეული უშფოთველობით ერწყმება მუსიკას. ვოკოდერით გადადის მეორე ნაწილის ენერგიულ, ელექტრონულ ექსპერიმენტებში. მესამე ნაწილი ნელდება, თითქოს ლევიტირებენ ისე აგრძელებენ მუსიკის შექმნას. მეთხე ნაწილი აფორიაქებულია, ნელნელა ბრუნდებიან უკან მიწაზე, სადაც თბილად მოუბარი ვიოლინოები ხვდებიან და აცილებენ ახალ დაბრუნებულებს დასასვენებლად.
ანალოგური და ციფრული ჟღერადობის ეგზოტიკური შემეგობრება.
ერთი ამოსუნთქვით მოსასმენი ალბომი, შიგადაშიგ ბოსა-ნოვაში ისე იღვრება ელექტრონული მუსიკის ელემენტები, როგორც ცხელი რძე ყავაში. (თუ ყავა დანამატების გარეშე გიყვარს, თვალები დახუჭე და ისე გასინჯე, მეორე ცდაზე შეიძლება მოგეწონოს.)
პაწაწინა ლექსიკონი :
ვოკოდერი – აანალიზებს ადამიანის ხმის სიგნალს და აძლევს სინთეზატორის ჟღერადობას