ალბათ ყველას ცხოვრებაში არსებობს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტები, რომლებიც ძალიან დიდ კვალს ტოვებენ ჩვენში. ზოგჯერ სამუდამოდაც კი რჩებიან. ეს გარდამტეხი მომენტებია, რომლებიც გვზრდის, გვცვლის და ჰოპ, ჩვენი წერტილი სამყაროს  ჩვენეულ სკალაზე უკვე სხვაგანაა.  ბევრჯერ მიფიქრია მსგავს გარდამტეხ მომენტებზე. მიფიქრია არა, უფრო გულწრფელი რომ ვიყო, ხშირად მახსენდება, რადგანაც ეს ის მომენტებია, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ რჩებიან. გვინდა ეს ჩვენ თუ არა.. 

1980 წელს ინდი-როკ ბენდ McCarthy-ს კონცერტი ალბათ ერთ-ერთი მსგავსი გარდამტეხი წერტილი იყო Laetitia Sadier-ისა და Tim Gane-ისათვის. სწორად აქ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. ამ დროს Tim Gane ბენდის მთავარი გიტარისტი იყო. Laetitia 1968 წლის პარიზში დაიბადა, იმ წელს, რომელიც საფრანგეთში 1968 წლის წითელი მაისის სახელითაა შესული. ეს წლები ქვეყანაში ახალგაზრდული დემონსტრაციების ეპოქა იყო. Laetitia Sadier სიტუაციონისტურ-მარქსისტურ იდეებს იზიარებდა, რაც შემდგომში ნათლად ჩანს თავისი სიმღერის ტექსტებშიც. 

Laetitia Sadier & Tim Gane by Gilbert Blecken. 1996

სიტუაციონისტები იმ პერიოდის საკმაოდ მძაფრი, სახელოვნებო-პოლიტიკური მოძრაობის წევრები იყვნენ. მათ ინტერესებში იყო თანამედროვე ქალაქის პრობლემები, ურბანიზმი. ცდილობდნენ საცხოვრებელ გარემოში ცვლილებები შეეტანათ. მათ პირველებმა იწინასწარმეტყველეს ქალაქის ცენტრების დღისით საქმიან, ღამით კი გასართობ კვარტლებად გარდაქმნის გარდაუვალობა.

Tim Gane-ის გაცნობის შემდეგ Laetitia-ს საშუალება მიეცა თავისი პროტესტი ხელოვნების საშუალებით გამოეხატა. რა უნდა იყოს მუსიკოსისთვის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო საშუალება თუ არა თვით მუსიკა? 


აქ დაიწყო მათი ურთიერთობაც, რომელმაც შემდგომში Stereolab-ს ჩაუყარა საფუძველი. ბენდი 1990 წელს ჩამოყალიბდა Laetitia Sadier-ი ბენდის ვოკალისტად და მულტიინსტრუმენტალისტად მოგვევლინა და არაერთ ჩანაწერებში მიიღო მონაწილეობა. 1991 წელს, McCarthy დაშლის შემდეგ, წყვილმა მოღვაწეობა ერთად გააგრძელა. მოგვიანებით ბენდს შეუერთდა Andrew Ramsey (დრამი, პერკუსია) და 1992 წლიდან  Mary Hansen (გიტარა, კლავიში, ბექვოკალი), რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკული სიკვდილით გარდაიცვალა 2002 წელს. 

Stereolab 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, დამოუკიდებელი და ორიგინალური ბენდი იყო, რომელმაც პირველად გააჟღერა პოსტ-როკი. მათი ძირითადი გავლენა კრაუთ როკი იყო, რომელიც  ლაუნჯ, 60-იანების პოპითა და ექპერიმენტებით გაჟღენთეს. თავიანთ მუსიკაში ისინი იყენებდნენ ანალოგ სინთეზატორებს, რომელსაც ფონად ფრანგული ტექსტები ედო. ბენდი საინტერესოა არა მხოლოდ ჟღერადობით და ექსპერიმენტებით, რომლებსაც ისინი იყენებდნენ, არამედ ტექსტებით. ამით ისინი ხშირად ეხებოდნენ სოციო-პოლიტიკურ თემებს. მრავალი ტექსტი დაწერილია სიტუაციონისტური და სურეალისტური იდეების გავლენით. 

Dots and Loops ბენდის  რიგით მეხუთე სტუდიური ალბომია. იგი 1997 წლის 22 სექტემბერს გამოიცა Dupohon Records-ზე, ამავე წლის 23 სექტემბერს კი  Elektra Records-ზე. ალბომის პროდიუსინგში Stereolab-თან ერთად მონაწილეობდნენ John McEntire და Andi Toma 

ალბომი ჟღერადობით ბოსა ნოვას, 50-იანების ჯაზის, 60-იანების პოპისა და 70-იანების კრაუთროკის დახვეწილი მიქსია. იმ პერიოდისთვის საკმაოდ თამამი და ექსპერიმენტული Dots and Loops საკმაოდ რბილი, და მარტივად მოსასმენი ალბომია. წარმოსახვაში შეიძლება ბრაზილიაში, რომელიმე სანაპიროზე იწვეთ და პინა კოლადას სვამდეთ. ან ჰავაის კუნძულებზე იმოგზაუროთ. წარმოსახვა ძალიან ფართოა, მაგრამ ქვეტექსტი ზოგჯერ სრულიად განსხვავებული.

პირველი კომპოზიცია Brakhage ექსპერიმენტული რეჟისორ Stan Brakhage-ს რეფერენსია.  “We need so damn many things to keep our stupid life going”.  აქ ისინი ადამიანებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობას ეხებიან. ნუთუ, მართლა ბევრი რამ გვჭირდება ადამიანებს, რომ ცხოვება გავაგრძელოთ? 

Miss modullar სინთეზატორებს უდარდელი მელოდია რომ გაყვება ფონად ისეთი კომპოზიციაა. ვიდეოკლიპიც საკმაოდ ლამაზი, ვინტაჟურია.

მესამე კომპოზიცია The Flower Called Nowhere ჩემთვის განსაკუთრებულია, როგორც ჟღერადობით, ასევე ტექსტით. წარმოიდგინეთ, თითქოს ნავში ზიხართ, უდარდელად მიყვებით დინებას, მაგრამ არ იცით საით. ნუთუ რომელიმე ნავი მოახერხებს და გათავისუფლდება? მიმართულება არ ჩანს, მაგრამ მელოდია მაინც უდარდელი რჩება, რაც მას უფრო უცნაურს და მისტიურს ხდის. და რაც მთავარია, მიუხედავად უიმედობისა, ყველაფერს მაინც სიყვარული ავსებს  “Filled with love, not with desire. Love, not desire”

Diagonals თითქოს თავისკენ გიხმობს, სადღაც, სიმწვანეში. მოგვიწოდებს, რომ ავდგეთ, მოვშორდეთ ტელევიზორის ეკრანებს, დავივიწყოთ მწუხარება და გავიხედოთ გარეთ, სადაც ცხოვრება მართლაც მშვენიერია. და მართლაც,  ყოველ წამს გვაქვს შესაძლებლობა ამით დავტკბეთ. 

Prisioner of Mars მინორული ხასიათისაა. ტექსტი და მელოდია თითქოს ერთდროულად ჩაება სევდის ფერხულში.

“Searching new ways of laughing”

იწყება სიმღერა და უკვე ვხვდები, რომ სადღაც უიმედობა, იმედგაცრუება და სევდაა, მაგრამ ნურას უკაცრავად. სიმღერა ბოლოს მაინც გვეუბნება, რომ იმედი მანამდე იქნება, სანამ ძიების პროცესი გაგრძელდება.

Rainbo Conversation სასიყვარულო ბალადას გავს. თითქოს გვიყვება, რომ რაღაც მორჩა, თუმცა ყველა დასასრულს ახალი დასაწყისი მოყვება. 

Refractions in the Plastic Pulse იმდენად გრძელი კომპოზიციაა, ცალკე ალბომი გეგონებათ. მინორული ხასიათისაა, რომელსაც ტალღებივით მოჰყვება ვოკალის და სინთეზატორის ლაღი მიქსი. აქ ყველაზე კარგად იგრძნობა ბოსა ნოვას და 60იანების პოპის ნოსტალგია. ალბომის მერვე კომპოზიცია Parsec ჩემი ფავორიტია. ისეთი ჟღერადობა აქვს, თითქოს მომავალში გადმოიხედეს, დროს გაუსწრეს. ტექსტი კი ორაზროვანია, შესაძლოა წარსულ ურთიერთობას ეხებოდეს, ან რომელიმე პოლიტიკურ ფიგურასაც კი, რომელსაც არტისტი ცხოვრებიდან უშვებს. ან ორივეს ერთადაც, ვინ იცის..

Ticker-tape of the Unconscious მართლაც ქვეცნობიერში გვიძვრება სადაც სამუდამო მოგონებებს გვიტოვებს. ეს კომპოზიცია თაფლივით ედება ჩვენს სმენას, ქვეცნობიერსა და ცნობიერსაც. ალბომის ბოლო კომპოზიცია Contronatura ჩემთვის მეორე ფავორიტი და ერთ-ერთი ყველაზე მელანქოლიურია. აქ ბენდი მომავლის სევდაზე გვესაუბრება. როგორი შეიძლება იყოს ამ ილუზიის მომავალი..?

“This is the future of an illusion
Aggressive culture of despotism
Living fantasy of the immortal
The reality of an animal..”

ადამიანები ზოგჯერ ვეჯახებით მომენტებს, როცა რეალობა არ არის ის, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. მომავალიც ბუნდოვანია. წარსულში მოგზაურობაც დროის კარგვაა, თუ რამე კონკრეტული მიზანი არ გაქვს. რას ვაკეთებთ ამ დროს? ყველა იმას, რისი გამოხატვის შესაძლებლობაც გვაქვს. ვაგრძელებთ ძიების პროცესს, ახალი მიზეზების ძიების, რომ ისევ გავიღიმოთ. რა იცით, ჩვენი ღიმილი იქნებ ვინმესთვის გარდამტეხი წერტილი შეიძლება აღმოჩნდეს. არა მხოლოდ ღიმილი და არა მხოლოდ ვინმესთვის. ფართო მასშტაბებით თუ შევხედავთ ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, რომელიც მართლაც ეპოქისთვის აღმოჩნდეს გარდამტეხი წერტილი.

1 thought on “გარდამტეხი წერტილები – Dots And Loops by Stereolab

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *