(მეორე მოსმენის ეფექტი Stereolab-ის მიხედვით)
ვუსმენთ მუსიკას. ხან გვსიამოვნებს, აღფრთოვანებულები ვართ, ვმშვიდდებით, ვცეკვავთ, ვიღიმით, ვტირით… ხან მოსაწყენია, „ვერ ვამუღამებთ“, გვაწუხებს, გვღლის, ჩვენგან შორსაა… არსებობს მუსიკაზე პოზიტიური თუ ნეგატიური რეაქციის პოლუსები და მათ შორის შექმნილი ბადე, რომელზეც შეფასების უამრავი კრიტერიუმის გათვალისწინებით ვათავსებთ ყოველ ახალ მოსმენილ საუნდს. ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია.
ბოლო პერიოდში იმაზე დავფიქრდი, თუ რამხელა გადაადგილების პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ კომპოზიციასა თუ ალბომს ერთი პოლუსიდან მეორესკენ. შეიძლება თუ არა ნამდვილად ძალიან მოგვწონდეს ის რაც ცოტა ხნის წინ საერთოდ არ მოგვწონდა? ან პირიქით – სამუდამოდ გადაგვიყვარდეს საყვარელი ნამუშევრები. რამდენად შესაძლებელია პირველადი შთაბეჭდილების მნიშვნელოვანი ცვლილება? მინდა ეს საკითხი ერთი კონკრეტული ალბომის მაგალითზე განვიხილო.
პირველად, როცა Stereolab-ის dots and loops მოვისმინე, არ აღვფრთოვანდი. მაშინ ჯგუფის შესახებაც არაფერი ვიცოდი, არც ალბომზე მქონდა რაიმე სახის ინფორმაცია… ვუსმენდი, როგორც ფონურ მუსიკას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ალბომის უკან ბრაზილიური ბოსანოვა, მზიანი სანაპირო, ლამაზი სამყარო და ბედნიერი ადამიანები იმალებოდნენ. კომპოზიციების აკუსტიკური და ტექნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ცხადი იყო, რომ საინტერესო მუსიკასთან მქონდა საქმე, თუმცა ემოციური გავლენა დიდად არ მოუხდენია ჩემზე.
2 დღის განმავლობაში ჯგუფის, მისი ისტორიის და იდეების შესახებ ვკითხულობდი.
Stereolab 1990 წელს McCarthy-ს დაშლის შემდეგ შექმნილი ავანგარდული პოპ ჯგუფია თავისი ერთბაშად პრინციპული და ნაივური ღირებულებებით. თავიდან მხოლოდ ორნი იყვნენ – ტიმ გეინი და მისი მეგობარი გოგო ლეტიცია სადიერი.
წყვილს იმთავითვე ჰქონდა იდეოლოგიური მოტივები, რომლებიც ადამიანებამდე მუსიკით მიჰქონდა. ერთი შეხედვით მსუბუქ და მარტივ მელოდიებში ისმის ლეტიცია სადიერის ტექსტები, რომელიც აკრიტიკებს კაპიტალიზმს და ხდება სიტუაციონისტური პოლიტიკური მიდგომების ხმა. ამის გამო მათ ხშირად ბლოკავდა ან აკრიტიკებდა ფრანგული თუ ბრიტანული მედია, თუმცა სტერეოლაბი საბოლოოდ მაინც გახდა 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოპ ჯგუფი.
დროთა განმავლობაში ტიმის და ლეტიციას წამოწყება გაიზარდა როგორც რაოდენობრივად, ისე მუსიკალურად. აქ ისმოდა ბოსანოვაც, ჯაზიც, კრაუტროკიც… მათ მუსიკაში გაერთიანებული ჟანრების მრავალფეროვან ნაზავს და ძველ ინსტრუმენტებს ელექტრონული საუნდები შეუერთდა. ჯგუფი თითქოს წარსულის და მომავალის სინთეზი გახდა. 90-იანები, განსაკუთრებით კი დეკადის მეორე ნახევარი სტერეოლაბის შემოქმედების პიკური ეტაპი აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში, 1997 წელს გამოვიდა dots and loops.
რამდენიმე დღის მერე, ერთ ჩვეულებრივ საღამოს ქუჩაში სეირნობისას ალბომს მეორედ მოვუსმინე.
ეს სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო. მუსიკა, რომლითაც თავიდან განსაკუთრებულად არ მოვიხიბლე, ახლა ძალიან ეგზოტიკური, ემოციური და ლამაზი მომეჩვენა. ალბომის მეორე ნახევარში კი უკვე დავრწმუნდი, რომ ამ კომპოზიციებიდან რამდენიმეს კიდევ ბევრჯერ მოვუსმენდი და ჩემს ფლეილისტში აუცილებლად მოვახვედრებდი.
შეცვლილი წარმოდგენა Dots & Loops-ის შესახებ ალბათ ბევრ რამეს შეიძლება მივაწერო – სხვადასხვაგვარ განწყობას მოსმენისას, გარემოს, ალბომისა და ჯგუფის შესახებ ინფორმაციის დაგროვებას, მოტივაციას… მუსიკაზე ჩვენს წარმოდგენას ბევრი ცვლადი განსაზღვრავს, რომლებიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნიკალურია, შესაბამისად არ არსებობს უცვლელი კრიტერიუმები მოსმენილის შეფასებისას. ეს ხშირად საკამათო თემაა და ახლა განხილვად არ ღირს. მაგრამ ერთი, რაც ამ ფიქრის პროცესში აღმოვაჩინე, არის ის, რომ კომპოზიცია ან ალბომი, რომელსაც გულწრფელად ვაფასებთ ტერმინით „საინტერესო“, შეიძლება მალე ჩვენთვის ემოციურად ძალიან ახლობელი და საყვარელი გახდეს.
ჩემი გემოვნების თუ მუსიკალური აღქმის ბადეზე ამ ალბომის გადაადგილების შემდეგ, მუსიკის მოსმენის ქცევაც შემეცვალა და დავრწმუნდი იმაში, რომ თუ პირველი მოსმენისას კომპოზიციაში რაღაც მაინც მომწონს, სრულიად შესაძლებელია, რომ მალე იმავე კომპოზიციას გაუთავებლად ვუსმინო. ეს ერთი ნიუანსი, მომენტი, ინსტრუმენტი თუ ფრაზა ხშირად არის გასაღები ახალ სამყაროში, რომელიც უცხო და შეუჩვეველია. და თუ ეს გასაღები ნებით თუ უნებლიეთ ვიპოვეთ, ესეიგი ჩვენ იმ სამყაროში რაღაც აუცილებლად გვესაქმება.
ასე მოხდა, როცა Dots and Loops-ის მერვე კომპოზიცია – Parsec მოვისმინე. ეს ეიფორიული და მრავალხმოვანი ნამუშევარი, რომელშიც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ვოკალების ჰარმონიული კომბინაცია, ჩემი გასაღები აღმოჩნდა ამ ალბომის გასაცნობად და შესაყვარებლად. ჰარმონიის ძალიან გამოხატული მომენტი ტრეკში ორჯერ დგება, მანამდე კი გზები პიკისკენ არანაკლებ სასიამოვნოა.
პირველი ტრეკი Brakhage ძალიან მრავალფეროვანია ინსტრუმენტების თვალსაზრისით. პირველ წამებში გვესმის ექსპერიმენტული ელექტრონული საუნდი, რომელსაც აგრძელებს ვინტაჟური ინსტრუმენტებით შექმნილი მელოდიები. „მეოცნებე“, ცოტა ზღაპრულ მელოდიის პარალელურად კი სიმღერის ტექსტი შეფარვით აკრიტიკებს თანამედროვე ცხოვრების კონსიუმერისტულ მოთხოვნილებებს.
Miss Modular კიდევ უფრო ხალისიანი ჟღერადობის ტრეკია. აკუსტიკური საუნდები თავს ლაივ კონცერტზე წარმოგადგენინებს, რომელიც ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების ლამაზი შეკრებაა.
Flower Called Nowhere-ში დომინანტია ელექტროგიტარის ხმა, რომელთანაც დიალოგში შედის ლეტიციას ვოკალი.
Diaginals დასარტყამი ინსტრუმენტით იწყება და იმავითვე ქმნის რიტმის შეგრძნებას. ჩემთვის ეს ტრეკი მუსიკალურ თამაშს და ბავშვურ ექსპერიმენტს ჰგავს.
კინომუსიკა გამოსახულებიანი მუსიკაა. ჩემთვის Prisoner of Mars კინოა – 50-იანების ევროპული ფილმის საუნდტრეკი, რომელშიც პარიზის ვიწყო ქუჩებში მოსეირნე ახალგაზრდა მეგობრების ისტორიაა ასახული.
ისევე როგორც dots and loops–ის ყველა კომპოზიცია, Raunbo Conversation–ც ყურსასმენებშიც კი ისე ჟღერს, თითქოს კონცერტზე ხარ და ლაივში ისმენ.
იშვიათად მომისმენია 17 წუთიანი ტრეკი. Refractions in the plastic pulse გრძელი ისტორიაა, რბილი დასაწყისით და მკვეთრი ცვლილებებით განსაკუთრებით კი ტრეკის მეორე ნახევარში, სადაც სხვა კომპოზიციებისგან განსხვავებით მხოლოდ 1 ინსტრუმენტის ხმა ისმის ბგერებს შორის დიდი პაუზებით და შესაბამისად აქცენტებით კონკრეტულ საუნდებზე.
Ticker Tape of The Unconscious ისევ კონცერტზე მაბრუნებს ევროპულ 90-იანებში, სადაც მხოლოდ მეამბოხე და თამამი ახალგაზრდები არიან შეკრებილი.
ბოლო კომპოზიცია Contronatura სიზმრის თავგადასავალს ჰგავს თავისი ჟღრიალა ჟღერადობით. ტრეკის პირველი ნახევარი ჩემთვის ამ ალბომის ყველაზე სევდიანი პასაჟია, შემდეგ კი ისმის ფრაზა – „this is the future of an illusion”. ჩემთვის ეს ალბომის მთავარი განაცხადია, რომელიც ერთი მხრივ, კითხვებს, ბუნდოვანებას და პასიურ პროტესტს ტოვებს, მეორე მხრივ კი თითქოს ამ გაუგებრობაში მაინც გვინარჩუნებს სიმშვიდეს.
ალბომის მოსმენისას სულ წარმოვიდგენდი დაუმორჩილებელი, თამამი და ძალიან ახალგაზრდა ადამიანების მრავალფეროვან თავგადასავლებს, პროტესტს, ოცნებებს. სინამდვილეში 1997 წელს ცოტა უფრო დიდები ყოფილან: ტიმ გეინი 33-ის, ლეტიცია სადიერი კი 29-ის. თითქოს იმედი გამიცრუვდა, ჩემ ტოლ ადამიანებს ვეძებდი.
მართალია აკუსტიკურ წარმოსახვაში მაინც თანატოლ ხალხად დავიტოვე, მაგრამ მეორე მხრივ, გამიხარდა, როცა დავინახე, რომ ამბოხი არ ბერდება. ასე თითქოს უფრო დამაჯერებელია ყველაფერი.
ჯგუფი მერი ჰენსონის გარეშე (რომელიც 2002 წელს ავარიაში გარდაიცვალა) და ლეტიცია-ტიმის დაშლილი წყვილით რაღაც ფორმით მაინც აგრძელებს არსებობას.
მერი დღემდე არავის ჩაუნაცვლებია. ასეთი პრინციპულობა ხშირად სჩვევიათ მეამბოხე ახალგაზრდებს, რომლებიც, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არიან, მაინც რჩებიან მეამბოხე ახალგაზრდებად.
P.S. ახლაც არ ვიცი როგორ მოხდა, რომ მეტ-ნაკლებად „დაწუნებული“ Dots and Loops უფრო და უფრო მომწონს. მაგრამ გასაღები ჩემს ხელშია და ახლა ნებისმიერ დროს შევალ უცხო ოთახში, რამდენ ხანსაც მინდა ვისეირნებ, კარგად დავათვალიერებ და ალბათ გავიგებ კიდეც.
ავტორი: ქეთი რაზმაძე