“Childhood means simplicity. Look at the world with the child’s eye – it’s very beautiful”
Kailash Satyarthi
უყურო ცხოვრებას ბავშვის თვალებით ერთია, უსმინო- მეორე. წარმოიდგინეთ, ბავშური, სუფთა გონებით სამყაროს აღქმა რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს. სრულიად განულებული, სუფთა გონება. თავისუფალი სოციალური თუ სხვა წნეხებისგან. მიმღები და გახსნილი. რა ბედნიერებაა არა? ბავშვობიდან ისე გადავდივართ ხოლმე ზრდასრულ ასაკში, საერთოდ გვავიწყდება კიდეც ბავშვობა რას ნიშნავს . გვინდა გავიხსენოთ, როგორი იყო პირველად დაგემოვნებული ნაყინის გემო, პირველად მოსმენილი ტალღების ხმა, მაგრამ ეს მოგონებები ძალიან, ძალიან შორიდან გვეძახიან და ბუნდოვნად ჩაგვესმის ქვეცნობიერში. ვიზრდებით და გვინდა თუ არა, ჩვენი ცნობიერება რაღაც ფორმას ღებულობს. სადღაც ვიაზრებთ, რომ ჩვენი სამყაროსეული ბავშვური აღქმა ნელ-ნელა ქრება და ვერ ვხვდებით, რატომ. ვფიქრობ, ადამიანი ცხოვრებაში მრავალ ეტაპს გადის, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბავშვობას უბრუნდება. საბედნიეროდ, ყოველთვის გვაქვს საშუალება ჩვენი ცნობიერების ბორბალი უკან დავატრიალოთ და ცხოვრებას ისევ ბავშვური გონებით შევხედოთ. ისევ ბავშვობაში დავბრუნდეთ, რომელსაც ვერა და ვერ გავექცევით. საძირკველში, რომელიც სამომავლოდ იმ ოცნების კოშკებს იგებს თავზე, რაზეც ბავშვობაში გვიაოცნებია ქვიშაში თამაშის დროს.
ამ ფილოსოფიას მიყვება Nobukazu Takemura–ს ალბომი Child and Magic. თუ ოდესმე გადაწყვეტთ ბავშვობაში დაბრუნებას, მოგონებების გახსენებას, წამიერად ისევ პატარა, ყველაფრით გაოცებულ ბავშვად გახდომას, ეს ალბომი ალბათ საუკეთესო მეგზური იქნება თქვენთვის. პირველივე კომპიზიციიდან მიხვდებით, როგორ მიყავხართ მუსიკოსს იქ, სადაც თქვენი ცნობიერება იკიდებს ფესვებს. ნებისმიერი ხმა თქვენთვის ახალი აღმოჩენაა, ახალი გასაღები ახალი სამყაროსთვის. ყველა პომპოზიცია იმდენად მოულოდნელია, რომ უცებ ვხვდებით, ალბომის სმენის პროცესში ჩვენც ბავშვად რგორ ვიქცევით. პირველად გვესმის ძილისპირული ჰანგები, ბუნების ხმები. თითქოს ახლახანს გამოვიღვიძეთ და გაოცებულები ვისმენთ ყველაფერს, რაც ჩვენს სმენას წვდება. ჟღერადობით ალბომი ერთ დიდ მუსიკალურ პალიტრას გავს, რომელიც თავისუფალია ყველა ჟანრისგან, ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან, ისე როგორც ბავშვური აზროვნება. ისეთივე არაპროგნოზირებადი, მოულოდნელი და გულწრფელია.
Nobukazu Takemura-ს ინსპირაციის წყარო John Cage, Brian Eno, Africa Bambaata და John Coltrane-ის მუსიკაა. 1992 წელს მან ჩამოაყალიბა ნუ-ჯაზ კოლექტივი Spiritual Vibes, სადაც 90-იანების განმავლობაში რამოდენიმე ალბომი გამოუშვა. პარალელურად ჰქონდა სოლო პროექტები, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსევდონიმით Kool Jazz, სადაც იგი დიჯეის ამპლუაში მოგვევლინა. მისი მუსიკა მოიცავს ისეთი ჟანრების ერთობლიობას, როგორიცაა ჰიპ-ჰოპი, ინსტრუმენტალი, ჯაზი, ელექტრონიკა, მინიმალიზმი, ნოის პოპი და რა თქმა უნდა ისევ და ისევ ექპერიმენტები. მას ასევე ჰქონდა კოლაბორაცია ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა Issey Miyake, Steve Reich, Yo La Tengo, Tortoise და Mouse on Mars.
Child and Magic 1997 წლის 15 დეკემბერს გამოვიდა ლეიბლზე სახელით Warner Music Japans. რთულია ალბომის ცალკე კომპოზიციებად გამოყოფა. ყოველი კომპოზიცია ისე იწყება და მთავრდება, ვერც კი ვხვდებით სად არის დასაწყისი და დასასრული. ერთ დიდ პალიტრაზე გაშლილ უამრავი ჟანრის ნაზავს უფრო ჰგავს, ვიდრე ცალკე კომპოზიციების წყებას. შეგიძლიათ იმოგზაუროთ. პიტერ პენი გახდეთ, რომელიც გაზრდაზე ჯიუტად უარს ამბობს, ან ალისა საოცრებათა ქვეყნიდან, რომელიც თავის საოცარ სამყაროში გვიხმობს, ან არიელი, წყალქვეშა სიმფონიების ფონზე რომ დაცურავს ოკეანის სიღრმეებში. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ისევ ის ბავშვები ვართ. არსად წავსულვართ. სადღაც გულის სიღრმეში ისვ ის პატარა არსებები ვართ, სამყაროს რომ უნდა დავაკვირდეთ ყოველ წამს. მოვუსმინოთ, ყოველი ახალი ბგერა ისე აღვიქვათ როგორც სუფთა ფურცელზე დაწერილი ახალი ნოტები.
საინტერესოა, რა აღიქვა პირველად ჩვენმა სმენამ? რა გავიგონეთ პირველად? ხმა? სიტყვა, მელოდია? ალბათ არც ის გვახსოვს რა დავინახეთ, მაგრამ კვალი ხომ დარჩა. ზუსტად ეს კვალია მნიშვნელოვანი, რაც გაგვყვება მთელი ცხოვრების მანძილზე.
ალბათ, საკმაოდ თამამი უნდა იყოს მუსიკოსი, რომ თავის მუსიკაში ამხელა ექპერიმენტი ჩაატაროს. ჩადოს ფილოსოფია, რომელიც შეუძლებელია ბოლომდე ამოიხსნას. მოგვასმენინოს და წარმოგვადგენინოს ბავშვის თვალით და ყურით აღქმული სამყარო ისე, როგორც მხოლოდ მათ შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ დავხუჭოთ თვალები და დროის ამპლიტუდაში ცოტათი უკან გადავიწიოთ. დანარჩენი თავისით მოვა, მთავარია არ შეგვეშინდეს. ისევ გავიღვიძებთ და თვალების გახელის მერე უკვე ის აღარ ვიქნებით, ვინც მანამდე ვიყავით.
“That’s ok, but closing your eyes is sort of scary.
Why?
I am afraid of sleeping because i feel like i’ll never wake up again.
Hm?
Don’t you think it’s strange what happens when you go to sleep?
Not really. You can see a lot of interesting things“
Long long night ალბომის რიგით მეცხრე კომპოზიციაა, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ ჩაუვლით. იგი განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ტექსტით, ასევე მელოდიით. აქ უკვე მუსიკოსს სიზმრების სამყაროში შევყვართ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს მოგზაურობას.
ალბომში არტისტს ისე ზუსტად აქვს გადმოცემული ბავშვური აღტაცებების მთელი სერია, ეს პროცესი უმარტივესი ხდება, მივყვებით კომპოზიციებს და მართლაც ბავშვივით აღტაცებული ვხდებით ყოველი ახალი კომპოციით. ეს ის ემოციებია, რასაც განვიცდით, როცა ჩვენი ცნობიერება დაწმენდილია იმ გაბლარული აღქმისგან, რომელსაც დროთა განმავლობაში ცხოვრება გვიყალიბებს.
საბოლოოდ ყველა წრე, სასრული თუ უსასრულო, მაინც ბავშვობას უბრუნდება. ისევ ისინი ვხვდებით ვინც ვიყავით. მთავარია არ დაგავვიწყდეს ხოლმე. გვახსოვდეს, რამდენად ზრდასრული ბავშვები ვართ. ისევ გვესმოდეს პირველი ტალღების ხმა, პირველი ვიდეოთამაშების საუნდტრეკები, მეგობრების ჟრიამული, ეზოდან რომ გვესმოდა ხოლმე.. გასახსნებელი კი ალბათ ყველას საკმაოდ ბევრი გვაქვს.