1983 წლის 21 აგვისტოს 20:00 საათზე, ქალაქ ცხინვალის მკვიდრი, 14 წლის ნატაშა ტალიევა მეგობრისაგან, სნეჟანა კასოევასგან, სახლში ბრუნდებოდა, როდესაც კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, მევლუდ კოკოევის კუთვნილი ავტომანქანა ვაზ-2103 გაჩერდა, ავტომანქანაში 23 წლის მევლუდ კოკოევის გარდა 20 წლის ასლან ბეკოევი იჯდა. ბეკოევმა ტალიევას სახლამდე მიყვანა შესთავაზა, რაზეც გოგონამ უარი განუცხადა. მაშინ ბეკოევი და კოკოევი მანქანიდან გადმოვიდნენ, მევლუდ კოკოევმა ნატაშა ტალიევა კეფაში დარტყმით გააბრუა შემდეგ ბეკოევის დახმარებით მანქანაში ჩააწვინა. ბოროტმოქმედებმა გოგონას ხელფეხი მისივე ბაფთებით შეუკრეს, ჩასხდნენ მანქანაში და ასლან ბეკოევის ბიძასთან, ქალაქ ორჯონიკიძეში გაემგზავრნენ.



ნატაშა სახლში დროზე რომ არ დაბრუნდა მისმა მშობლებმა განგაში ატეხეს! მალევე ნატაშა ტალიევას, მილიცია მთელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ეძებდა. გამოძიებამ დაადგინა რომ ნატაშას, უკვე ერთი წელია, ვინმე ასლან ბეკოევი “ეარშიყება”. მილიცია სწორ კვალს დაადგა და მალევე აღმოაჩინეს ახალგაზრდების ადგილ სამყოფელი. როდესაც ქალაქ ორჯონიკიძის მილიციის მუშაკები, ბეკოევის ბიძის, ანვარ ბეკოევის სახლში შტურმით შევარდნენ, მათ იქ მოულოდნელი სურათი დახვდათ. სამი, ძლიერ ნაცემი მამაკაცი, სარეცხის თოკებით იყვნენ გაკოჭილი, პირში საკუთარი წინდები ედოთ და საცოდავად ღმუოდნენ. ამიერკავკასიის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში, ნატაშა ტალიევა კი ტელევიზორში “დარტანიანს და სამ მუშკეტერს უყურებდა”, ბოთლიდან კეფირს მიირთმევდა და ფუნთუშას აყოლებდა.

ამ ისტორიას არ აქვს სევდიანი ან კრიმინალური დასასრული. მამაკაცები ხომ ისედაც დაისაჯნენ! მევლუდ კოკოევს ძლიერი კომოციო და სიელმე დაუდგინდა (როგორც ექიმებმა თქვეს, სიელმე ალბათ ცხოვრების ბოლომდე დარჩებაო), ანვარ ბეკოევს ბარძაყის მოტეხილობა დაუდგინეს. ყველაზე ნაკლებად ასლან ბეკოევი გახლდათ დაშავებული… როგორც აღმოჩნდა არც ნატაშა ყოფილა გულგრილი ასლანის მიმართ, ასე რომ მშობლებმა მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, როგორც კი ნატაშა სრულწლოვანი გახდება, ახალგაზრდები დაქორწინდებიან.

1987 წლის 11 ნოემბერს ცხინვალის N1 მმაჩის ბიუროში, თავის დაბადების დღეს, ნატაშა ტალიევამ და ასლან ბეკოევმა ხელი მოაწერეს. ბედნიერ პატარძალს, წელიწადის ამ დროისათვის მოულოდნელი და იშვიათი ყვავილების, თეთრი ვარდების თაიგული ეჭირა ხელში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *