მე ბრმად მოვისმინე ეს ალბომი და შემდეგ ქავერი ვნახე. თქვენთვის ალბათ პირიქით მოხდა. ვისაც ჯერ არ მოგისმენიათ, მითუმეტეს ასე იქნება.
ორივე შემთხვევაში მოულოდნელობის ეფექტი გარანტირებულია და ეს კონრტასტი კიდევ უფრო ხანგრძლივ ღიმილს იწვევს. ალბომის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად აღმოაჩენთ მუსიკის კავშირს ამ პუტკუნა შორეულ აღმოსავლელ კაცთან, რომელიც საბოლოოდ ბევრად უფრო კეთილშობილი მოგეჩვენებათ ვიდრე პირველ წამებში, როცა ის დიდად მომხიბვლელად არ გამოიყურებოდა.
ასეა თუ ისე, ვიზუალური ესთეტიკა დამაინტრიგებელია და სულ რომ კონკრეტულ მოლოდინებს არ ქმნიდეს, უბრალოდ დაინტერესდები რა მუსიკა შეიძლება ისმოდეს ამ ნახატიდან (მე ალბათ ტექნოს ან იაპონურ ექსპერიმენტალს დაველოდებოდი).
სინამდვილეში თქვენ მოისმენთ ყველაზე კეთილხმოვანი და სულშიჩამწვდომი „პოპ ორკესტრის“ შესრულებას, რომელიც სავსეა ლამაზი ინსტრუმენტებით და არცთუ ისე ბედნიერი ტექსტებით, რომლებიც ჰაერში მაინც უდარდელ ვარდისფერ ჟანგბადს უშვებს.
„Eurika”(*ძახილის ნიშნის გარეშე) – ასე ჰქვია ალბომს, რომელიც 1999 წელს გამოიცა ჩიკაგოელი ჯიმ ო’რურკის მიერ. მუსიკოსის მრავალრიცხოვან დისკოგრაფიაში, რომელიც პოსტ-როკ, ემბიენთ, ნოიზ, ელექტროაკუსტიკურ ნამუშევრებს მოიცავს, ეს ალბომი შეიძლება ყველაზე პოპ ჟღერადობის მქონე რელიზად ჩაითვალოს მის შემოქმედებაში. ალბომის ირგვლივ ბევრი ასოციაცია და კავშირია, მათ შორის არც კინომატოგრაფია გამონაკლისი – გასაღები კომპოზიცია „Eurika” იაპონელი რეჟისორის, სინძი აოამას ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკია.
თავად ო’რურკი 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი და შემსრულებელია, რომელიც კოლაბორაციული პროექტებით და შემოქმედებითი მეგობრობებით გამოირჩევა. მისი მუსიკალური ისტორია 20-ზე მეტ ჯგუფს და დაახლოებით ამდენივე კოლაბორაციას ითვლის ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Sonic Youth, Stereolab, Wilco…
არვიცი ამ ალბომის დამსახურებაა თუ არა, მაგრამ ახლა, 50 წლის ჯიმი ერთ-ერთი ყველაზე კეთილი სახის მქონე მუსიკოსად მეჩვენება. მისი ინტერვიუც მოვუსმინე და საუბარიც ასეთი აქვს – მარტივი, ნამდვილი და ჩვეულებრივი.
გასაკვირი არ არის, რომ ბევრი მუსიკალური კავშირის მქონე ავტორის ამ კონკრეტულ ალბომში 11 მუსიკოსი იყრის თავს. თუმცა, ინსტრუმენტული მრავალფეროვნება ხელს არ უშლის ალბომს, იყოს ძალიან თბილი და სრულიად მარტივი. პირველი მოსმენისასაც კი ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ეს კომპოზიციები უკვე არაერთხელ ყურმოკრული და ნაცნობია და ვეჭვობ, ცოტა იქნება ისეთი მსმენელი, ვინც „Eurika”-ს არ შეაფასებს სიტყვით „მელოდიური“.
პირველივე კომპოზიცია Prelude to 110 or 220/Women of the World ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია ევრიკაში. ინდი პოპ ნოსტალგიურ და ნაზ ჟღერადობას თან ახლავს არც ისე პოზიტიური, თუმცა ლამაზი ტექსტი.
Women of the world take over
’cause if you don’t the world will come to an end
And it won’t take long
ეს ტრეკი წარმოსახვითი ჯადოსნური სამყაროა, რომელშიც მიუხედავად იმისა, რომ „it won’t take long“, მაინც ყველაფერი კარგადაა.
Ghost Ship in a Storm-ს დამპყრობელი ძალა აქვს თავისი სიმსუბუქით. ნაზი მელოდიის და კეთილხმოვანი ვოკალის კომბინაცია, ემოციურ წარმოსახვებში სეირნობის საშუალებას იძლევა.
Movie on the Way Down საუნდრეკის ხასიათის მქონე კომპოზიცაა, რომლის პირველი ნახევარი მხოლოდ ინსტრუმენულია, მეორე ნაწილში კი ვოკალისტი რიტორიკულ შეკითხვებს სვამს.
Through the Night Softly ინსტრუმენტების წვეულებაა თავისი ფეიერვერკით და ლამაზი დასასრულით.
Please Patronize Our Sponsors-ს საკმაოდ ამაღლებული განწყობა აქვს, რომელიც სახელის რბილი იუმორითაა დაბალანსებული.
Something Big 90-იანი წლების ჰოლივუდურ საკულტო მელოდრამას წარმომადგენინებს. მელოდია და სიტყვები ძალიან ქალური, ადვილი და ლამაზია.
Hello, hello, Can you hear me? – Eurika ნამდვილად არ არის აღმოჩენების სამყაროში დაწერილი. პირიქით, ალბომის ყველაზე მინორული და დარდიანი კომპოზიციაა, თითქოს უკვე ყველაფერი აღმოჩენილი და გასაგებია, თანაც არცთუ ისე გასახარი.
Happy Holidays-ში მთავარი გმირი გვემშვიდობება და მხიარულად ტოვებს ყოფიერებას. ყველაფრის ახსნა კომპოზიციისბოლო სიტყვებია – I only came to leave – მაინც უდარდელად ნამღერი.
არ ვიცი, რამე ღრმა და განსაკუთრებული იმალება თუ არა „Eurika”-ში, მაგრამ ასე რომ იყოს, არ მომეწონებოდა. ეს ალბომი მშვენიერია, რადგან უბრალოა. ლამაზია, რადგან გასაგებია. ის, რაზეც არქიმედემ შესძახა “eurika!”, ან ყველაფერი, რაც მისმა მომდევნოებმა შეამჩნიეს, ისედაც ყოველთვის არსებობდა. მათ უბრალოდ აღმოაჩინეს. მე დიდი ხანია ასეთი მუსიკა არ მომისმენია და ეს უცნაური, ფუმფულა, წითელპომადიანი კაცი ახლა ჩემს ფლეილისტში ყველაზე თვალშისაცემად და თან ყველაზე უდარდელად წევს.
ავტორი: ქეთი რაზმაძე