თუ დაინტერესდებით, როგორი შეიძლება იყოს მუსიკალური ლაბირინთები,
აუცილებლად მოუსმინეთ დედალუსის შემოქმედებას. 

ალფრედ დარლინგტონი, ცნობილი როგორც Daedelus – ლოს ანჯელესის სცენის ავანგარდისტი მუსიკოსი მითოლოგიური სასცენო სახელის მსგავსად, ნოვატორი და გამომგონებელი ოსტატია. ოღონდ, მუსიკალური გამომგონებელი და ბგერითი ლაბირინთების შემქმნელი. მას შეუძლია ყველასთვის ნაცნობი ჟღერადობის ელექტრო პალიტრიდან გამოიყვანოს თანამედროვე და ახლებური კომპოზიციები.

Her’s Is > [sic] (2001) ალბომისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ექსპერიმენტული და ხმოვან ჩანაწერებზე ფოკუსირებული იყო, Invention (2002) – უკვე IDM ბგერებს ‘30-’40იანი და 70-იანი წლების პიონერულ, ძველი ჟღერადობის ჩანაწერებთან აერთიანებს და მუსიკალურად ბევრად საინტერესო პროექტს ქმნის. ალბომის მოსმენისას ვხვდებით სივრცეში, სადაც კლასიკური ბგერითი კონსტრუქციები თანამედროვეს ეფინება და წინააღმდეგობებიც კი ერთიანად ჟღერს.

პირველი კომპოზიცია, Playing Parties ალბომის ზოგად ატმოსფეროს კარგად შეგვაგრძნობინებს. როიალის რიტმული, სასიამოვნო მელოდია სატყუარასავით გვითრევს ლაბირინთში და ნელ-ნელა უერთდება ფხაკუნა ხმებთან ერთად, ციფრულად დამუშავებულ ჟღერადობებს. შავ-თეთრი ფილმის საუნდტრეკის მსგავს Pursed Lips Reply-ს, რომელიც უსწორმასწორო რელიეფის განწყობას გვთავაზობს, ანაცვლებს Astroboy. ვფიქრობ, ალბომის ერთ-ერთი საინტერესო კომპოზიციაა, სამეცნიერო ფანტასტიკას რომ გაგახსენებს. ინსტრუმენტალის ჟღერადობებში დაკარგულს, ხმოვანი მეგზური დაგყვება, რომელიც დასემპლილია ქრის უილიამსონის 1982 წლის Foreign Glory-დან.  

სენტიმენტალური ჟღერადობის Adventrees სასიამოვნო მოგონებებისკენ გაგიძღვებათ. მას კი ჩაანაცვლებს Elegy, რომლის დასაწყისში გამოყენებულია დილან თომასის 1953 ხმის ჩანაწერი: Light Breaks Where no Sun Shines. ინსტუმენტალში ელექტრონული ბითები ბუნდოვნად ჟღერდება. Loded, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კომპოზიციაა, ასევე გამოყენებულია დილან თომასის 1971 წლის ჩანაწერი laughrane. ინსტრუმენტალში სასიამოვნო მელოდიის ფორტეპიანოსთან ერთად დრამებსაც გვაპარებს, რაც ვფიქრობ შთამბეჭდავი მოსასმენია. Muggle Born-ს ჩემთვის კინემატოგეაფიული ატმოსფერო აქვს, სადაც გლიტჩ ხმები ცოტა გაწუხებს კიდეც, თუმცა სიძველის ეფექტს ამძაფრებს, თითქოს გაფუჭებული ფირის ფილმს უყურებ/უსმენ.

თუ მოგისმენიათ Madvillian – Accordion, მისი მუსიკალური ხერხემალი სწორედ ამ ალბომის მერვე კომპოზიციაა სახელწოდებით Experience, რომლის ვიდეოკლიპში აკორდიონზე თავად დედალუსი უკრავს: 

Quiet Now კომპოზიციის ბნელ ოთახში, დაბალი სინთეზური ხმა გეპარება, რომელიც გაღვიძებს და დამსხვრეულ ფრაგმენტებს აერთიანებს, მელოდიები სასიამოვნო ხდება, დრამები უფრო მეტად გითრევენ რეალობისკენ და ალბომის მუსიკალურ ლაბირინთიდან გასასვლელ გზას გაპოვნინებენ. Minor Detour, Perchance a Bit ალბომის აქტიური ნაწილია, საიდანაც უკვე გაქცევა გინდება. Soulful of Child, რომელიც ვფიქრობ კონტრასტების კულმინაციაა, ერთ-ერთ სემპლად Earl Grant-ის 1971 წლის ჩანაწერი Sunny არის გამოყენებული. Thus the Whirligig ლაბირინთის ბოლო ეტაპია, სადაც სწრაფად გადაგირბენს ყველა მოგონება, რასაც ალბომის განმავლობაში მოუსმინე. საკმაოდ მრავალფეროვანი სემპლებია, რომელსაც მთავარ ხაზად გასდევს სიმების ჟღერადობა.

მუსიკალური ლაბირინთიდან გამოსულს, ბონუსად შეგიძლიათ მოუსმინოთ ორ ტრეკს, რომელიც Busdriver-ის და Sach-ის კოლაბორაციაა ტრეკებზე: Quiet Now და Pursed Lips Reply.

ალბომის მოსმენისას შთამბეჭდავია განსხვავებული ელემენტებისა და ხმოვანებების ერთმანეთთან მოთავსება: ძველი ჩანაწერების ლავირება არტისტის სინთეზურ ხედვებთან, ასევე კლასიკურის და ელექტრონიული სემპლების საინტერესო შერწყმა. ტრეკების ინსტრუმენტული ტექსტურისა და ინოვაციური კომპოზიციის გამო, ვფიქრობ აუცილებლად მოსასმენი ალბომია, რომელიც იმაზე მეტს გაძლევს, ვიდრე ყდაზე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინოთ. წინ დიდი მოგზაურობაა აკუსტიკურ ლაბირინთებში, რასაც პირადად ჩემთვის, იმდენად კინემატოგრაფიული ატმოსფერო აქვს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ალბომი არის ფილმი, რომელსაც უნდა მოუსმინო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *