I used to tell my friends, ‘Art Blakey is way more gangster than Eazy-E’
– Kamasi Washington
ამ სახელს თუ დაგუგლავთ, ისეთ შედეგებს ამოიკითხავთ, როგორებიცაა: „ჯაზის მომავალი“, „მაილს დევისის ახალი სიცოცხლე“, „ყველაზე ბრძენი ადამიანი დედამიწაზე“, „პროგრესული, ექსტრავაგანტული მუსიკის ჩირაღდანი“…
ალბათ ექსტრავაგანტულიც უნდა იყო, ამბიციურიც და გენიოსიც, რომ
2015 წელს სამსაათიან სადებიუტო ჯაზ-ალბომს „The Epic“ დაარქვა,
თან მართლა შთამბეჭდავი დებიუტი რომ გამოგივიდეს
და შენი საქსაფონის ხმა ათასებში რომ გამოარჩიონ მაშინ, როცა შენი წინამორბედების ცნობილი თემებითაა გაჟღენთილი მსმენელის ცნობიერება.
გაიცანი კამასი ვაშინგტონი – საქსაფონისტი, კომპოზიტორი, ჯაზისა და ჯაზ-ფიუჟენის თანამედროვე გიგანტი.
კამასის ისტორია ლოს ანჯელესში იწყება, მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვან ქალაქში, ამიტომაც მისი მუსიკა სწორედ მრავალფეროვნებისა და განსხვავებული კულტურების ოდაა.
მეცხრე კლასში, როდესაც ორკესტრის რიგითი წევრი იყო, დირიჟორის მითითებით მოუწია უცნობი სოლო შეესრულებინა და მაშინ მიხვდა, რომ მეტისმეტად უყვარდა მუსიკა საიმისოდ, რომ სხვებისათვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.
მის მუსიკაზე ზეგავლენა მოუხდენიათ ისეთ ერთმანეთისაგან განსხვავებულ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ჩარლი პარკერი, ჯონ კოლტრეინი, NWA, Nas, A Tribe Called Quest, Boys II Men და სხვა.
შესაბამისად, მრავალფეროვანია კამასი ვაშინგტონის კოლაბორაციების სიაც. უმუშავია ალბომებზე ჰერბი ჰენკოკთან, ლორინ ჰილთან, სნუპ დოგთან, Thundercat-თან, Flying Lotus-თან თუ ქენდრიქ ლამართან ერთად.
სწორედ ქენდრიქ ლამარის ალბომის „To Pimp a Butterfly” გამოსვლა უძღვოდა წინ კამასის დებიუტს.
ვაშინგტონს ეკუთვნის „To Pimp a Butterfly“-ის კომპოზიციების ტენორი საქსაფონი, სიმები და არანჟირება. როგორც ამბობს, „ალბომმა შეცვალა მიდგომა მუსიკისადმი. ინტელექტუალური, მასტიმულირებელი მუსიკა არ უნდა იყოს ანდერგრაუნდი. შეიცვალა არა მუსიკა, არამედ – აუდიტორია“.
აქედან 2 თვეში, 2015 წლის მაისში შედგა კამასი ვაშინგტონის პირველი ალბომის „The Epic” დებიუტიც Flying Lotus-ის ლეიბლზე „Brainfeeder”. მეტიც, Thundercat ასრულებს ალბომში ელექტრონულ ბასს.
“ალბომის ჩაწერამდე დამესიზმრა ახალგაზრდა მებრძოლთა ჯგუფი, რომლებიც მთის გადაღმა ცხოვრობენ პატარა სოფელში. მთის წვერზე ჭიშკარია, რომელსაც მცველი იცავს. ახალგაზრდა მებრძოლებიც მთელ დროს წვრთნაში ატარებენ, რომ როგორმე მცველს აჯობონ და კონტროლი მოიპოვონ. მცველი სათითაოდ ამარცხებს ყველას უკანასკნელის გარდა, რადგან მასში გარდა ძალისა, ხედავს მებრძოლ სულსაც და ხვდება, რომ სწორედ ასეთების დრო მოვიდა. აი, ეს იყო ალბომის ინსპირაცია“ – ამბობს კამასი The Epic-ის შესახებ.
და ეს მხოლოდ სიზმარი კი არა, მისი რეალური ცხოვრებაცაა, რადგან ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსებს, როგორც მებრძოლებს, სათითაოდ უწევთ მოქმედება ტრადიციების მცველების წინააღმდეგ. ვინაიდან ჯაზში ერთი მხრივ აფასებენ ახალგაზრდების ინოვაციებს, მაგრამ მეორე მხრივ, მოითხოვენ და მოელიან რევერანსებს, პატივისცემასა და ტრადიციული ჯაზ-მუსიკოსების გზის გაყოლას.
The Epic ერთგვარი მანიფესტია, რომლითაც კამასი ვაშინგტონი, როგორც კომპოზიტორი, აფართოებს იმ სტილების განსაზღვრებას, რომლებიც „ჯაზ კლასიციზმში“ ექცევა. 3 საათიან ალბომში მოიძებნება R&B ვოკალიც, ფანკიც და სოულიც, ისევე, როგორც კოლტრეინის გავლენა და კლასიკური, ინტენსიური საქსაფონი, კლავიში თუ სიმებიანი საკრავები.
ამას მოჰყვა კოლაბორაციები ალბომებში Run The Jewels 3 / Run The Jewels, Damn / Kendrick Lamar, Drunk / Thundercat.
შემდეგ კი – მეორე სტუდიური ალბომი “Heaven And Earth” – მუსიკოსის ყველაზე ძლიერი მუსიკალური განაცხადი, სავსე კონტრასტებითა და წინააღმდეგობებით. The Earth – არის გარესამყარო, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ და The Heaven – შინაგანი სამყარო, რომელიც ჩვენი ნაწილია.
2020 წელს კამასი გაერთიანდა ჯაზ/ჰიპ-ჰოპ/ნეო-სოულ სუპერჯგუფში ტერას მარტინთან, რობერტ გლასპერთან და 9th Wonder- თან ერთად. ჯგუფმა ივლისში გამოუშვა ალბომი Dinner Party და ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილიც დაიკავა, როგორც საუკეთესო თანამედროვე ჯაზ ალბომმა.
ოქტომბერში კი გამოვიდა რემიქს ალბომი Dinner Party: Dessert და აქ წვეულების გემრიელ ლუკმად ვხვდებით ისეთ მუსიკოსებთან კოლაბორაციებს, როგორებიც არიან Snoop Dogg, Cordae, Herbie Hancock, Rapsody, Bilal და სხვები.
კამასი ნომინირებულია 2021 წლის გრემიზე ვიზუალური მედიის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ალბომით Becoming – საუნდტრეკების კრებული ნეტფლიქსის ამავე სახელობის დოკუმენტური სერიალისათვის მიშელ ობამას შესახებ.
კამასი ვაშინგტონის პროგრესული, მულტი-ეთნიკური და კონკრეტულ ჟანრში რთულად მოსაქცევი მუსიკა, ისევე როგორც მისი არტისტული იმიჯი თუ ჩაცმის სტილი, ერთგვარი ჯაზ-მუზეუმია, რომელიც ისეთი ვიზიტორების ყურადღებასაც იპყრობს, რომლებიც მანამდე არ იყვნენ ჯაზით დაინტერესებულები.
„ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ ჯაზი მხოლოდ წარსულში დარჩა და ეს არაა მათი მუსიკა. არადა სინამდვილეში ჯაზი საკუთარი თავის გამოხატვასა და არსებული მომენტით ცხოვრებას ნიშნავს. როდესაც ამ ენერგიას დებ ნამუშევარში და ასე მიგაქვს მსმენელამდე, ის უკვე საზიარო ხდება – ყველას მუსიკაა. თუნდაც მანამდე არ გცოდნოდა, რომ ჯაზი ყველასთვისაა.“ – კამასი ვაშინგტონი
ავტორი: მარიამ ტალიაშვილი