ადამიანის ხმა გამორჩეულად მშვენიერი და საინტერესო ინსტრუმენტია ჩემთვის. თითოეული ადამიანის ხმა ხომ უნიკალურია!
როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთნაირი ხმა გვქონდეს? ეს ვიკითხე და ანაზდად გამახსენდა რუსულად გახმოვანებული ის ფილმები, ერთი ადამიანი რომ ახმოვანებდა ყველას დედაბუდიანად. დედა რა იყო ეს! სიკვდილამდე ერთფეროვანი! მე ვარ თუ შენ? ვინ საუბრობს? ვინ მღერის? ვინ ჩხუბობს? ვინ იცინის? ყველა ერთია? მე შენ ვარ? ის შენ ხარ? რა ხდება?!
ბავშვობაში მიგიქცევიათ ალბათ ყურადღება ვინმეს ყვირილისათვის, ან თვითონვე გიხავლიათ ისე, თითქოს ხმა ორად გაიხლიჩაო.
ვა, ერთი ადამიანი ორ ხმას ერთდროულად როგორ იღებს? – ჩემი პირველი გაოცება ადამიანის ხმის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ალბათ იმიტომ, რომ მრავალხმიანობა ჩემთვის გამორჩეულად მშვენიერი რამეა სამყაროში არსებულ მშვენიერებათა შორის, რასაც არ უნდა ვუსმენდე, ან ვმღეროდე, მოსმენის თუ სიმღერის დროს, ჩემდაუნებურად ვამატებ გონებაში ახალ ხმებს, ახალ შრეებს. რამდენჯერ წარმომიდგენია, აი რომ შემეძლოს მარტოს რამდენიმე ხმაში ერთად მღერა, რა სასწაული იქნებოდა თქო!
ჰოდა გავიდა დრო და ჩემამდეც მოაღწია ინფორმაციამ ერთი საოცრების შესახებ. თურმე, გარდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სასიმღერო ტექნიკებისა, არსებობს ოვერტონული სიმღერა (ასევე ცნობილი როგორც ჰარმონიკული სიმღერა)
ეს არის ერთი ადამიანის მიერ ორ ხმაში სიმღერის ხელოვნება. ხმა, როგორც ორმაგი ინსტრუმენტი.
ხმაში ფუნდამენტური ტონის ზევით არის მთელი სპექტრი ჰარმონიკების. ამ ტექნიკის დროს, მომღერალი აძლიერებს რომელიმე ჰარმონიკს.
პოლიფონიურ ოვერტონულ სიმღერაში, მომღერლები მანიპულირებენ ენით, პირით და ყელით ისე, რომ გამოსცენ ორი ტონი ერთდროულად.
მომღერალი მღერის ფუნდამენტურ ტონს და ვოკალურ ტრაქტში წარმოქმნილი რეზონანსების მანიპულირებით ფუნდამენტურ ტონს ამატებს სხვა ოვერტონებს. მეორე ბგერა ფუნდამენტური ტონიდან დაახლოებით ერთი- ორი ოქტავის ზევით ჟღერს და მე მესმის როგორც რაღაც თერემინის, მინის ჭურჭლის ზედაპირზე თითის გადასმის და ფლეიტის ნაზავი ხმა, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი ეფექტი (ჩემთვის).
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ოვერტონ სიმღერა და ზოგადად ნებისმიერი ხმა, პატარა განსხვავებებით მაინც გვესმის ყველას. ეს განსხვავებული აღქმა დაკავშირებულია ხმის ინდივიდუალურ მიღება/გადამუშავებასთან, ზოგი ფუნდამენტურ ტონს უფრო აღიქვამს, ზოგი კი ოვერტონებს. ძალიან საინტერესოა ის, თუ როგორ მუშაობენ ჰარმონიკები ტვინზე.
ოვერტონები ხმის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილები არიან. ისინი ყოველთვის არიან ხმაში. ადამიანის ხმა შედგება ნაწილაკებისაგან, რომლებიც ჯგუფურად ქმნიან ჰარმონიულ ნაწილაკურ ტონალურ აკორდს, რაც ჩვეულებრივ გვესმის როგორც ნოტი ტემბრით. ტემბრი შექმნილია ნაწილაკების სიხმამაღლის განლაგებით. თუ ერთი ოვერტონი გამოკვეთილად ხმამაღალია მის მეზობელ ოვერტონებს შორის, ის აღქმული იქნება როგოც ცალკე ტონი.
სწორედ ეს ხდება ოვერტონული სიმღერის დროს. ეს არის რაღაც მხრივ აკუსტიკური ილუზია, რადგან სინამდვილეში ერთი ნოტია ნამღერი, მაგრამ ის ჟღერს როგორც ორი ნოტი, თუმცა ისიც შეიძლება ითქვას რომ ეს სულაც არ არის აკუსტიკური ილუზია, რადგან რეალურად ტონი ხომ შედგება ბევრი ნაწილაკისაგან და ამ ტექნიკით უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ფუნდამენტურ ტონთან ერთად კიდევ ერთი რომელიმე გაძლიერებული ჰარმონიკიც მოვისმინოთ.
ოვერტონული სიმღერის წარმოშობის ადგილად მიიჩნევა ცენტრალური აზია, სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთი და ტუვას რესპუბლიკა.
მონღოლური ოვერტონული სიმღერის სახეობა „ხეემეი“ (ყელით სიმღერა), რომელსაც ვხვდებით ძირითადად ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში არის შეყვანილი.
ტუვაში ყელისმიერი სიმღერის რამდენიმე ტექნიკა არსებობს. მათშორის ყველაზე გავრცელებულია sygyt, khoomei, kargyraa.
სიმღერის ეს ტექნიკები ინსპირირებულია ბუნების ხმებით, რაღაც მხრივ იმიტაციაა ცხოველების, ფრინველების და ზოგადად ბუნების ხმების და იკვეთება შამანიზმთან. მას მიმართავდნენ ქალების დასამშვიდებლად მშობიარობის დროს, სხვადასხვა რიტუალების დროს.
1990 წელს გამოიცა ჩანაწერი Voices from the center of the asia-Tuva და მსოფლიო პირველად გაეცნო ტუველების ტრადიციული ოვერტონული სიმღერას. ამ ჩანაწერამდე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი ოვერტონულ სიმღერაზე.
ოვერტონული სიმღერის ნაირსახეობებს ვხვდებით ტიბეტში ( ასრულებენ ბერები, ეს გალობა გულისხმობს რაც შეილება დაბალი სიხშირის ბგერებზე აგებულ ე.წ. “ყელისმიერ” გალობას), იაპონიაში, პაკისტანში, ირანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში…
რაც შეეხება ოვერტონული სიმღერის განვითარებას დასავლურ კულტურაში, ის დაიწყო 50-60 – იანი წლებიდან, იმ დროს როცა პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ელექტრონულ მუსიკაში, სინტეზატორების შექმნის და ტექნოლოგიური ექპერიმენტების პარალელურად, ადამიანის ხმაზეც დაიწყო დაკვირვებები და ადამიანის ხმის, როგორც ინსტრუმენტის, აქამდე უცნობი შესაძლებლობების (ამ შემთხვევაში ოვერტონული სიმღერის) გამოვლენა და გამოყენება დაიწყო .
შტოკჰაუზენი იყო პირველი, ვინც დაიწყო მუსიკის წერა ვოკალური ჰარმონიკებისთვის და მისი პარტიტურაზე გადატანა. 1968 წელს ჩაიწერა მისი ნაწარმოები “Stimmung”, რომლის პარტიტურაშიც ხმოვანი ჰარმონიკების აღსანიშნავად სპეციალური ნიშნებები ჰქონდა მითითებული და მთელ ნაწარმოებში ოვერტონები გამოყენებულია არა როგორც დამხმარე, არამედ როგორც მთავარი ელემენტები.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოვერტონ სიმღერის პირველი ჩანაწერი რაც არსებობს, ეკუთვნის ამერიკელ ქანთრი მომღერალს, არტურ მაილსს. ეს არის 1929 ჩანაწერი, მან როგორღაც თავისით მიაგნო ამ ტექნიკას და მისამღერში მღერის ოვერტონული სიმღერის ტექნიკით.
პაწაწინა ლექსიკონი:
ოვერტონი – ხმის ჰარმონიული სპექტრის შემადგენელი ნებისმიერი ნაწილაკი, რომელიც ჟღერს ფუნდამენტური ტონის ზევით.