სხვათაგან მეორე – All the Pretty Little Horses
ერთხელაც ამ სიმღერას ლეგენდარული ფენი ლუ ჰამერი იმღერებს, რომელიც უფლებებისთვის მებრძოლად უფრო დიდია, ვიდრე მომღერალი გახლავთ, მაგრამ საინტერესო ამბავი აქ უფრო ის არის, რომ სულ სხვა მელოდია გვესმის, ვიდრე ამ სახელით ვიცით და გაგვიგონია. და სანამ იმღერებს, ამბობს, ბებიისგან ვიციო ეს იავნანა. კი, ძალიან ღრმად ამერიკული ძილისპურია – სადღაც ინდიელების სული და სადღაც ანგლო-საქსების სხეული რომ მოჩანს. ფენი უმუსიკოდ, რიტუალურად მღერის. ძალიან კარგია.
ისე უცნაურია – ამ ივნანას, რომელიც უფრო სიმშვიდის და განრიდების სიმღერადაა ჩაფიქრებული, ვიდრე ხმაურიან მანიფესტად, ასე პოლიტიკურად მომართულმა ხალხმა რომ მიმართა. აგერ, მაგალითად, ფენი ლუს დარად, დიადი ჩილელი ვიქტორ ჰარა, ვინაც ბევრი და ბევრგვარი ტვირთი ზურგით ზიდა საკუთარი ქვეყნის და ტრაგიკულადაც აღესრულა. მღერის ჰარა, სიმღერის მეორე სახელით – Hush a bey – მღერის და მღერის ინგლისურად, მაგრამ იოლად ვატყობთ ლათინურ ჩასუნთქვებს, განსაკუთრებით ზურგის ხმების შემოსვლისას.
ისე, სახელი ხომ ორია და ტექსტი არაერთი და მელოდიაც მრავალგვარი აქვს ამ სიმღერას, როგორც შევატყვეთ.
მკაფიო ყალბიში მას მნიშვნელოვანი ფოლკლორისტი ალან ლომაქსი აქცვეს, რომელსაც ქართულ სიმღერაზეც აქვს ორი თბილი სიტყვა ნათქვამი. ქართულის რა მოგახსენოთ და ცოტა ქანთრულია თითქოს ლომაქსის იავნანა, ჩათვლემის კი არა, გეგონება, გამოღვიძების სიმღერა იყოს ან რაღაც გრძელი, მხიარული გზის თანამოსასმენი.
მერე თითქოს მიიკარგნენ ეს ბგერები და დაბრუნდნენ, როცა კორმაკ მაკ-კართიმ, სიმღერის სათაურის შთაგონებით, დაწერა რომანი (,,All the Pretty Horses’’) და წიგნი ძალიან პოპულარული გახდა.
ახალი დროის მღერათაგან ალბათ ორია მოწინავე.
პირველი – ნიკ კეივი, მღვიმელი კაცი ბოხი ხმით და ალზე მოცეკვავე დემონები – Current 93 – ჯგუფი, რომლის გზასაც ზოგი აპოკალიპტურ, ზოგიც კი ფსიქოდელიურ ფოლკს უწოდებს. კარგი, გამართლებული შეხვედრაა. ამ სიმღერის ერთგვარი შემობრუნებაც კი ხალხის ფიქრში.
და მეორე – მისტიკური Coil – ჯონ ბალანსის ჯინისებრი ბალანსით თუ ანტი-ბალანსით და ჯადოქრული წაღიღინებით (სტუდიური ჩანაწერის 3.35 წუთიდან), რომელიც ქმნის კიდეც ვერსიას, როგორც დიდს და განსაკუთრებულს.
სხვათაშორის, ბარემ აქვე ითქვას, რომ ნახსენებ Current 93 – ს ამ თემაზე მეორე დუეტიც აქვს გამართული და მანდ ფოლკლორის დიდი ხმა – შირლი კოლინზი მღერის.
კიდევ თუ ვინმე გვახსენდება პირველ რიგებში, აქაც ოდეტა ჰოლმსია – საოცრად ზუსტი და იავნანური, როგორც ,,Sometimes I Feel Like a Motherless Child”-სას – დუნე დინებით გვატყვევებს და ჰიპნოსს გვახვედრებს, ოღონდ არა თანატოსის ძმად, არამედ სიზმრიანს და ფერადს.
ვახსენოთ Calecixo. მათი ნიმუში ინდი-ფოლკის მიმართულების მცდელობათაგანია, მსბუქად საგრძნობი პოსტ-როკის ელემენტებით. მოსმენად ღირს – მოსმენაც ბედის მონახევრეა.
ბოლო შესრულებათაგან ითქვას ლაურა პერგოლიცი, პოპსა და მინავლებულ ინდი-როკს შორის. მგონი არ არის მთლად ცუდი ვერსია – კბილის მოსინჯვა შეიძლება.
მოკლედ ძილი და ცხენები. ან ძილისკენ ცხენებით. ლამაზი პატარა ცხენებით. ფრთხილი ჭენება და სახეზე რომ ფაფარი გცემს და ხედვას გიბინდავს – ისე.