დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მუსიკა შემოქმედებითი და კულტურული ღირებულების მქონე სფეროსთან ერთად, მნიშვნელოვანი მატერიალური ღირებულებების შემქმნელ ინდუსტრიად იქცა. თამაშის წესები თითქმის ყოველდღიურად იცვლება და პროცესიც უფრო და უფრო ჩახლართული ხდება. ინდუსტრია თავის მოთხოვნებს აყენებს, რომლებიც ითვალისწინებს როგორც შემოქმედებით, ისე ბიზნეს ინტერესებს. ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია განვითარების საწყის ეტაპზეა და ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა დეტალები ბევრისთვის უცნობია და ამ სფეროშიც არც ისე ბევრი ადამიანია ჩართული. მითუმეტეს ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც ბაზარზე ახალი ამბიციებით და გეგმებით შემოდის. ერთ-ერთი ასეთია კოკა გოგოხია, რომლის გამოცდილებასაც ქვემოთ გაგიზიარებთ.
კოკა გოგოხია – Stockton-ის დამფუძნებელი, MokuMoku-ს და მწვანე ოთახის მენეჯერი.
რა არის შენი საწყისები მუსიკის ინდუსტრიაში? როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში და დღეს რა როლში ხარ?
წლების წინ არსებობდა ასეთი ორგანიზაცია massive projects, სადაც ჩემს მეგობარ გეგა ჯაფარიძესთან ერთად დავიწყე მუშაობა, რომელიც ლაუდსფიქერსს უკეთებდა მენეჯმენტს. მაშინ ბაზარი ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისგან: პრომოუშენი გულისხმობდა იმას, რომ კონცერტი დაგეორგანიზებინა და ვიდეო გადაგეღო, ამის იქით არ მიდიოდა საქმე. შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში პაუზა ავიღე და უკვე 2014 წელს tbilisi open air-ზე altervision-ში დავიწყე მუშაობა. ამ პერიოდში აჩიკო გულედანმა და ბექა ჯაფარიძემ შემომთავაზეს მწვანე ოთახის მენეჯერობა და დავთანმდი, გარკვეული დროით სალიოს მენეჯერიც ვიყავი. ორი წლის წინ, 2018 წელს კი უკვე მოკუმოკუსთანაც დავიწყე მუშაობა.
დასაწყისში უბრალოდ შუა რგოლი ვიყავი დამკვეთსა და ბენდს შორის. შემდეგ დავინახე, რომ ეს საკმარისი არ იყო და უფრო მეტი უნდა ამეღო საკუთარ თავზე. მუსიკალური ბაზრის განვითარების ტემპი იმდენად დაბალი იყო, რომ თუ ბენდს რაიმე ამბიცია ჰქონდა, აუცილებელი გახდა განვითარებულიყო არა მხოლოდ ბენდი, არამედ ბაზარიც მის გარშემო, რომ ხელშესახები პროგრესი მიგვეღო. შესაბამისად საჭირო გახდა ვყოფილიყავი არა უბრალოდ მენეჯმენტში, არამედ შემექმნა დამატებითი ღირებულებებიც. აქედან გაჩნდა Stockton-ის შექმნის იდეა – არ ვარქმევდი არასდროს ლეიბლს, თუმცა სტოქტონის გაწეული ძალისხმევა ზუსტად ეხმიანება ლეიბლის ფუნქცია-მოვალეობებს.
მოკუმოკუს და მწვანე ოთახის მაგალითზე რამდენად ხედავ შენ დღეს საქართველოს მუსიკალურ ბაზარზე ისეთი როლების საჭიროებას, რა როლშიც შენ ხარ?
აუცილებელია. განვითარების იმ მოდელში, როცა მენეჯერი აქტიურად შემოდის საქმეში, პროცესი უფრო გამართული და სისტემური ხდება როგორც ფინანსური, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით. უფრო ცხადი ხდება შესაძლებლობები, პერსპექტივები და ფასდება სამომავლო შანსები.
ჩემთვის, როგორც მენეჯერისთვის თითოული კონცერტი არის სამოქმედო გეგმა თუ რა პროცესი უნდა გავიაროთ ლაივამდე. ერთია თანამშრომლობის მოდელი, როცა იღებ მოწვევებს, მეორეა როცა გაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც არ გადაუხვევ სხვა დაკვეთების გამო. ამ მოდელში ვიღებთ ბაზარზე იდეალურ სიტუაციას და მასზე გვაქვს სწორება.
მაგალითად, როცა სფეისჰოლში მწვანე ოთახის კონცერტი დავგეგმეთ, ჩვენ წინასწარ გავწერეთ ყველაფერი, რაც კონცერტამდე დარჩენილ 3 თვეში უნდა გაგვეკეთებინა. მე ვიცოდი, რომ კონცერტამდე აუცილებლად მჭირდებოდა მინიმუმ 1 სინგლის რელიზი, კონკრეტული ინტერვიუები, ბლოგები, სატელევიზიო ჩანაწერები… და ამ დროს შეიძლება უარი მეთქვა სხვა ლაივის შემოთავაზებაზე, რადგან ეს ხელს შეუშლიდა ჩვენს მთავარ მიზანს. დაგეგმვა საშუალებას გვაძლევს სწორად დავსახოთ პრიორიტეტები, ისე რომ გრძელ ვადაში სასურველი შედეგი მივიღოთ, ჩვენი მომავალი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იყოს და არ გავიფანტოთ. იგივე მიდგომა გვაქვს მოკუმოკუს შემთხვევაშიც. ყველაფრისთვის გვაქვს კონკრეტული დრო, კალენდარი და შემთხვევით დროს არაფერს ვაკეთებთ.
როგორია შენი როგორც სტოქტონის წარმომადგენლის და მუსიკოსების კომუნიკაცია? შიდა ურთიერთობის რა ფორმატი გაქვთ?
მე ვარ ადამიანი, რომლისგანაც მოდის სტრატეგიული ინიციატივები და განვითარების გეგმა, შემდეგ კი ყველა ერთად ვსხდებით და ვაკეთებთ დეტალურ განრიგს, თუ როდის რა უნდა გავაკეთოთ. საბედნიეროდ, ჩვენი აზრები ძირითადად ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. თუმცა, არის ლეიბლსა და მუსიკოსებს შორის ურთიერთობის ისეთი ფორმა, როცა ფაქტობრივად ყველაფერს ლეიბლი წყვეტს იქედან გამომდინარე, რომ ძალიად დიდ რისკებს იღებს საკუთარ თავზე და დიდ ინვესტიციებსაც დებს პროექტებში. სტოქტონის შემთხვევაშიც ასეა – მე ავირჩიე გზა, რომ ავიღო გარკვეული რისკები, იმისთვის რომ შემოქმედებითი პროცესი მაქსიმალურად გამართული იყოს და ბენდს ჰქონდეს ყველა ატრიბუტი დასახული მიზნების სრულყოფილად შესასრულებლად.
ხშირად საერთაშორისო ბაზარს არ განვიხილავთ ხოლმე მუსიკალური პროდუქტის გავრცელების არეალად და თითქოს ლოკალურ სივრცეში ვრჩებით, რომელიც თავის მხრივ ძალიან პატარაა და შესაბამისად ნაკლებად შემოსავლიანიც. შენ როგორ უყურებ საერთაშორისო ბაზარს? აღიქვამ მას, როგორც შესაძლებლობას?
ვფიქრობ წარმოუდგენელია დღეს ბენდი წარმატებული იყოს, თუ არ გაიცნო ხვადასხვა აუდიტორიები, რადგან ჩვენი აუდიტორია ძალიან სპეციფიურია და ამის ერთ მაგალითს მოგიყვები: ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ევროპელი მუსიკოსის ძალიან მაღალი ხარისხის კლიპი, ასევე ძალიან ხარისხიანი აუდიოთი, რომელსაც აქვს 200 ნახვა იუთუბზე.
აქ მსგავსი აუდიოვიზუალური პროდუქტი რომ გამოჩნდეს მინიმუმ 100 000 ნახვა ექნება. ვაკვირდები საერთაშორისო ბაზარს და ვამჩნევ, რომ ხშირად ძალიან კარგ პროდუქტს, ჩვენზე ნაკლები შედეგები აქვს ხოლმე. ამით მარტივია დასკვნის გაკეთება, რომ ჩვენ ავტომატურად გვიჩნდება სურვილი ადგილობრივად შექმნილ მუსიკას მოვუსმინოთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ „სატყუარაა“, რადგან ეს ავტომატურად არ არის ხარისხის ინდიკატორი. ადგილობრივი „რიჩი“ არ არის საკმარისად მაღალი თამასა, რომ წარმატება შეფასდეს. საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად გარკვეული რისკებზე წასვლაა საჭირო, რომლების გაწევაც მე ვფიქრობ აუცილებლად ღირს.
ერთია ლაივები, რომელიც გვინდა არ გვინდა შემოსავლის ძირითადი წყაროა მუსიკოსებისთვის, მეორე კი დარელიზებულ მუსიკაში მსმენელის მიერ ფულის გადახდის საკითხი. ციფრულ სივრცეში თავისუფლად შეიძლება გვერდი აუარო მუსიკის ყიდვას და პროდუქტი ხარჯების გარეშე ჩაიგდო ხელში. როგორ აფასებ მუსიკის მოხმარების ასეთ ფორმას და რას ფიქრობ შეიძლება თუ არა ეს მექანიზმი ისე ტრანსფორმირდეს, რომ არტისტებისთვის შემოსავლიანი გახდეს?
ეს არის ბევრად უფრო ვრცელი პრობლემა და შეეხება არა მხოლოდ მუსიკას. ჩვენ საქართველოში არ ვართ შეჩვეული იმას, რომ რაღაც არახელშესახებში, გადავიხადოთ ფული. მე პირადად შეიძლება მუსიკაში გადავიხადო ფული, რადგან ეს თემა ჩემთვის მტკივნეული და ახლობელია, მაგრამ კომპიუტერზე გატეხილი პრემიერი მეყენოს. ეს შეიძლება ქვეყნის სოციალურ პრობლემებთანაც იყოს დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება მუსიკის ყიდვის ტენდენცია, ეს კულტურა მაინც ძალიან დაბალ დონეზეა. არ არსებობს საქართველოში ლაივ შესრულების გარეშე მოახერხო რამე. ინიციატივები ამ ქცევის ცვლილების შესახებ უნდა მოდიოდეს არა არტისტებისგან, არამედ ლეიბლებისგან, ორგანიზაციებისგან… ეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში დიდი ორგანიზაციების პრეროგატივაა.
თუმცა არსებობს საინტერესო მაგალითებიც, როგორ შეიძლება იგივე ციფრულ სივრცეში მუსიკის დარელიზებით ფინანსების მაქსიმიზაცია:
მაგალითად 2007 წელს რედიოჰედმა ალბომი “In Rainbows” უფასოდ დადო ინტერნეტში. ეს იყო პირველი დიდი შემთხვევა, როცა მათ არ ჰქონდათ ოფიციალური რელიზი, პროდუქტი დაიდო ვებ-გვერდზე და მსმენელი რიცხავდა იმდენს, რამდენიც სურდა. აქედან მიღებული შემოსავალი კი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე სტანდარტული 10$-ის ღირებულების შემთხვევაში იქნებოდა.
კიდევ ერთი კარგი მაგალითი უკავშირდება ამერიკულ ბენდს wolfpack, რომელსაც სჭირდებოდა ტურზე წასასვლელად თანხის აკუმულირება და მოიფიქრეს ასეთი რაღაც: სპოტიფაიზე დადეს მუნჯი ალბომი, რომელშიც საერთოდ არაფერი არ ისმოდა და თავიანთ მსმენელებს მოუწოდეს ეს „სიჩუმე“ ჩართული ჰქონოდათ ხოლმე, რომ სპოტიფაის გარკვეული რაოდენობის მოსმენები დაეწერა და შესაბამისი თანხა გადაერიცხა ალბომის ავტორებისთვის. საბოლოოდ იქამდე მივიდნენ, რომ 20000 დოლარი შეაგროვეს ტურში წასასვლელად. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ საზოგადოებაში, რომელშიც ეს იდეა გაჩნდა, მის განხორციელებას აზრი ჰქონდა. ჩვენთან მგონია, რომ ცნობიერების ტრანსფორმაციაა საჭირო, რაც შეუძლებელია თუ არ იარსება „კომუნამ“, ადამიანების ჯგუფმა, რომელიც კონცენტრირებული იქნება მუსიკის კომერციულ ნაწილზე და კომერციაში მე ვგულისხმობ ინდუსტრიის აღქმას ბიზნესის კონტექსტში.
ვსაუბრობთ მუსიკის ინდუსტრიაზე… ვამბობთ რომ ეს ინდუსტრია საქართველოში ჯერ კიდევ წარუმატებელია. უფრო დეტალურად, როგორ ფიქრობ ყველაზე მეტად ინდუსტრიის რომელი როლები გვჭირდება დღეს? ვინ არიან მთავარი აქტორები, რომლებსაც სფეროს განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ?
მთავარი მოთამაშეები, რა თქმა უნდა, არტისტები და მსმენელები არიან. შუაში იდეალურ შემთხვევაში ბევრი რგოლი შეიძლება იყოს, მაგრამ მე ვერ ვხედავ დღეს საქართველოში ყველა მათგანის არსებობის საჭიროებას. ვფიქრობ, რომ მათი „თამაშში“ შემოსვლა ეტაპობრივი განვითარების საკითხია. მაგრამ არსებობს შუალედური აქტორი, რომელიც აუცილებელია – ეს არის ლეიბლი, რომელიც მუსიკალურ პროდუქტს უკეთებს სწორ მარკეტინგს და არტისტს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშინდეს სიტყვის „მარკეტინგი“ იმიტომ, რომ ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მუსიკის ინდუსტრიაში. ამ ეტაპზე მგონია, რომ ამ სამ რგოლს შორის უნდა შედგეს გამართული და სისტემური ურთიერთობა. შემდეგ დროთა განმავლობაში ჩნდებიან აგენტები, ფაბლიშერები, ბუქერები და ა.შ. დღესდღეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი ლეიბლი გავქვს, რომელიც ინვესტიციას დებს არტისტებში. ამას აკეთებს CES records, Leno records, Stockton… სხვა ასეთი ლეიბლები არ მახსენდება და ეს გასაგებია იმიტომ, რომ რთულია ისედაც პატარა შემოსავლის მქონე საქმეში დიდი ინვესტიციის ჩადება, მითუმეტეს, როცა არც იცი როდის მიიღებ მატერიალურ შედეგს. ალბათ არ არსებობს კონკრეტული „წამალი“ და პრობლემის გადაჭრის ცალსახა გზა ისე, რომ ერთბაშად ყველაფერს ეშველოს.
პირადად ჩემი საქმე თავიდან ბოლომდე მორგებულია მოკუმოკუზე და მწვანე ოთახზე. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება მქონდეს უნიკალური სამუშაო ხედვა ნებისმიერი ახალი მუსიკოსისთვის ან ლიანდაგები, რომელიც წარმატების მომტანია. უკუღმა მოვყვები პროცესს, ვხედავ ორ ბენდს, მათი განვითარების პოტენციალს და ვცდილობ, რომ ამ პოტენციალის მაქსიმიზაციაში დავეხმარო მათ. ჯერჯერობით ეს არის ჩემი გზა.
იმ მიკრო ინდუსტრიაში, რომელშიც ბენდები ოპერირებენ რა ძირითადი პრობლემა იკვეთება? რას შეცვლიდი პირველ რიგში?
ვფიქრობ, ხშირად მთლიანად სამუშაო პროცესია არასწორი. და რას ვგულისხმობ ამაში: არიან დამკვეთები, უმეტეს შემთვხევაში ვენიუები, რომლებისთვისაც ძირითადად მეორეხარისხოვანია მხატვრულ ღირებულება და მუსიკოსებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. ორმხრივ ურთიერთობაში დამკვეთი უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხოლმე საკუთარ თავს და ეს ლოგიკურია, ვინაიდან ჩვენთან ვენიუს სახელს უფრო მოჰყავს ადამიანი, ვიდრე არტისტს. ერთ ვენიუზე სხვადასხვა დღეს სხვადახვა არტისტები რომ მიიყვანო, შეიძლება ვერ ნახო განსხვავება აუდიტორიაში. აქედან გამომდინარე, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეს სამუშაო პროცესი გახდეს უფრო სწორი და ჯანსაღი. დამკვეთი უნდა ელაპარაკებოდეს არა პირდაპირ მუსიკოსებს, არამედ ორგანიზაციას, რომელსაც რეპუტაცია აქვს, რომელიც მათ ზურგს უმაგრებს და იცავს არტისტების ინტერესებს ისე, რომ ვენიუს მიზნებიც შესრულდეს. ასეთი ფორმის თანამშრომლობისას საერთო შეთანხმების საგანია არა მხოლოდ ჰონორარი და ტექნიკური ნაწილი, არამედ მარკეტინგული კომუნიკაციის პროცესი და კიდევ ბევრი დეტალი.
ბენდთან მუშაობის სპეციფიკას როგორ უყურებ? როგორია ბენდების ლაივების პრაქტიკა საქართველოში ელექტრონული მუსიკის ასეთი ბუმის ფონზე?
ვისურვებდი, რომ ყველა მიმართულების მუსიკის ბაზარი ისეთივე განვითარებული იყოს ჩვენთან, როგორც ელექტრონული მუსიკის ბაზარია. ეს კარგი ამბავია, თუმცა თავისთავად ამან გარკვეულწილად შეაფერხა ლაივ მუსიკის განვითარება. ეს თითქოს უნებლიე და ავტომატური პროცესია. ბენდის მუსიკალური პერფონმანსი მთლიანად მოსმენის რიტუალზეა დაფუძნებული. ზოგიერთი ადამიანი ჩემს გარშემო ასევე უდგება ელექტრონულ მუსიკასაც, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვენიუებზე, სადაც ელექტრონული მუსიკა ჟღერს, ადამიანები უფრო მეტად ორიენტირებული არიან ცეკვაზე და გართობაზე, ვიდრე მოსმენაზე. ვენიუების სიმწირიდან გამომდინარე, ხშირად პერფორმანსის სივრცე საერთოა ელექტრონული მუსიკოსებისთვის და ბენდებისთვის, რომელთა მოსმენასაც სხვანაირი კონცენტრაცია სჭირდება. მეორეა ჰონორარის საკითხი – ბენდის შემთხვევაში უკრავს რამდენიმე მუსიკოსი, რაც დამკვეთისთვის შედარებით დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ტექნიკური გამართულობის საკითხია – ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ ყველაფერი სწორად ჟღერდეს. ეს არ გულისხმობს მხოლოდ საუნდჩეკს და მოიცავს საკმაოდ შრომატევადს პროცესს, რომელიც არაერთი პროფესიონალი ადამიანის ჩართულობას და ძალისხმევას მოითხოვს. ლაივამდე ჩვენ გავდივართ ძალიან დიდ და ზოგჯერ მტივნეულ გზას, რადგან ვენიეუბი არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. ამიტომ ამ შფოთის თავიდან ასარიდებლად უკვე გადავედი იმ ეტაპზე, რომ თავად შევიძინე ბექლაინი. თუმცა, ყოველთვის მაინც არ გამოდის, რომ ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული და მაინც გვიწევს ხოლმე სიტუაციებთან ადაპტირება.
ეს ასე თუ ისე ქართულ რეალობაში მტკივნეული პრობლემა მეგონა, თუმცა გერმანიაში აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მთლად ასეც არაა საქმე და პრობლემა ყველგან არსებობს. გარდა ამისა ძალიან კომპლექსურია იგივე ჩაწერის პროცესი ან თუნდაც ის, რომ გქონდეს გამართული სარეპეტიციო.
ინდუსტრიის განვითარების რა პერსპექტივებს ხედავ საქართველოში?
პერსპექტივას ვხედავ იმაში, რომ იზრდება აუდიტორია, რომელსაც მოთხოვნა აქვს მუსიკალურ პროდუქციაზე. ზოგადად იხვეწება მსმენელის გემოვნება, ჩნდება ახალი საინტერესო მუსიკალური მიმართულებები. ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ მუსიკალური პროდუქტების განვითარებაში შეიტანონ წვლილი. მაგალითად, იგივე „ცა“, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარა. არაერთი ასეთი მოთამაშე გამოჩნდა, რაც მაძლევს იმედს. ამიტომ, ვფიქრობ რომ კარგი დროა პროაქტიურობისთვის.
როცა „აგრესიას“ მიმართავ, ვგულისხმობ ხარისხიანი მუსიკალური პროდუქტის აგრესიულ პრომოუშენს, აგრესიულ ინვესტირებას, ვფიქრობ, აუცილებლად დადგება შედეგი. შეიძლება ეს არ იყოს პირველ და მეორე ჯერზე, მაგრამ აუცილებლად მოდის ამის დრო. გათვლები გრძელვადიან პერიოდზე უნდა გაკეთდეს, რომლის პირველი ეტაპი, მორალური და მატერიალური ინვესტიციების მთელ სერიას გულისხმობს.
P.S.
2021 წელს მოკუმოკუსგან ბევრ კარგ ამბავს უნდა ველოდოთ. ალბათ ზემოთ რამდენჯერმე ნახსენები “სამოქმედო გეგმა” უკვე გაწერილია 🙂
Pretty section of content. I just stumbled upon your weblog and in accession capital to assert that I get in fact enjoyed account your blog posts. Any way I will be subscribing to your augment and even I achievement you access consistently quickly.|
I am sure this post has touched all the internet people, its really really nice post on building up new weblog.|