“ერთი კარგი სიზმარი მომენატრა.” – სიზმარა, 1985 წ.
“ხელებიც დამიბანია”, ამბობს საზარელი სიზმრებით გატანჯული მეფე და ხსნას ეძებს. ძილის მინისტრი კი მას ერთ-ერთი გლეხის სიზმარს სთავაზობს ვარსკვლავებზე, მთვარესა და მზეზე. მიუხედავად მცდელობისა, ანტაგონისტ მეფეს ისევ ვირთხები ესიზმრება, ხოლო, დასასრულს, მისი კოშმარები სინამდვილეში იღვიძებენ და მას ვირთხების ხროვა იტაცებს.
მეფის ზმანებები განმეორებითად გრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ჩაიყლაპება მისი არსებობა მათ მიერ, როგორც იულიამ ბასინსკის ახალი ალბომი “Lamentations” ახერხებს ამას მსმენელში.
თითოეული მელოდია უსასრულო ციკლში ტრიალებს ანალოგური ტექნოლოგიის მხარდაჭერით და ბგერებში ჩამწერი დანადგარის ხმაური სწორხაზოვნადაა განფენილი. მიუხედავად ამ მოჩვენებითი სტატიკური ხმაურისა, მუსიკის მოძრაობა ცხადად მიუთითებს იმას, რომ თითოეულ ტრეკში რიტუალურად იწყება, კვანძს კრავს და სრულდება როგორც მაგნიტური ლენტის რიტმული ტალღები, ისე – შეგრძნებები. მელოდიურობა არ არის ხისტი, არამედ რბილად ეფინება თითოეულ, წარსულში ჩაწერილ ხმას და სინამდვილეს სიმრუდეს სძენს. სწორედ აქ ქმნის უილიამ ბასინსკი დაუსრულებელ სიზმარს. ამ გამოცდილებაში, ჰიპნოზური ხასიათით, ჩემი აზრით, ალბომი ორ ნაწილად იყოფა. “O, My Daughter, O, My Sorrow”-მდე და – მის შემდეგ. კლასიკური ტრაგედია კი აქ იწყებს არსებობას არისტოტელისეული ესთეტიკური არტეფაქტებით.
ალბომის პირველი ტრეკი – “მათთვის, ვისთვისაც ზარები რეკავს”, მოულოდნელობის ეფექტით იწყება, სადაც ყველაზე მძაფრად ჩანს მაგნიტური ლენტების გახუნებული ხმაური, რასაც ეფემერულობა სდევს თან. ვფიქრობ, მსმენელმა, შესაძლოა, პირველივე ნოტიდან იგრძნოს მარცხის ირაციონალური შიში, საიდანაც დაღწევის საშუალება მხოლოდ ის ტალღისებური, მანათობელი ხმებია, რაც ხმაურს ექოდ ერთვის თან. მიუხედავად ამისა, უილიამი ლუის კეროლისეულ უსასრულო სოროში გვაგდებს, საიდანაც, მნიშვნელობა აღარ აქვს, ოდესმე ამოვაღწევთ თუ არა.
როგორც ბერძნული ტრაგედიები უზრუნველყოფენ იმას, რომ არც მკითხველმა, და არც მაყურებელმა იცის სინამდვილეში ის წამი, საიდანაც მარცხი იწყება, სწორედ ისე ახერხებს კომპოზიტორი გულწრფელი სიმშვიდით დრამატურგია პირდაპირ შექმნას, ყოველგვარი შინაარსობრივი საწყისის გარეშე. ჩემი აზრით, სწორედ ამ პროცესშია მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ ამავე დრამატურგიაში მსმენელმა საკუთარი თავი აირეკლოს და იმ სიზმრისეული, მრავალხმიანი და ბუნდოვანი ხმებით იარსებოს მხოლოდ, რასაც ალბომის მელოდიურობა ასე მძაფრად გადმოსცემს. მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ უილიამ ბასინსკიმ ახალ, არტეფაქტებით გაჟღენთილ ტრაგედიას დაუდო საფუძველი, შიშის, სინანულისა სიბრალულის განცდის აღძვრაა. როგორც ტრაგედიაში, ისე – “Lamentations”-ში, ჩვენ არ ვართ მთავარი მოქმედი გმირები, არამედ მუსიკაა ის, რაც გვაიძულებს, ალბომის პირველივე წამიდან შევყვეთ მას სიზმრისეულ სამყაროში, იქ, სადაც სევდასა და მელანქოლიას ეთმობა მთავარი ნარატივი. სწორედ აქ იკვრება იმ სილამაზის მთავარი არსი, რომ მსმენელმა მოახერხოს თვითიდენტიფიკაცია არა საკუთარი თავის საფუძველზე, არამედ – მუსიკის, როგორც არსებობის განმაპირობებელი მიზეზის შედეგად.
ალბომის ორ ნაწილად დაყოფით, ალბათ, ტრაგედიას ორჯერ ვგლოვობთ, ვინაიდან ორივე ნაწილს თითქოს თავისი ისტორია აქვს, საწყისითა და სასრულით განპირობებული. თუმცა, ვფიქრობ, რომ როგორც ანალოგური ტექნიკით შემნილი მუსიკა თავის უსასრულო ციკლში ტრიალებს, ზუსტად ისევე იმეორებს თავის თავს ალბომის პირველი ნაწილი – მეორეში. სწორედ აქ ეძლევა მსმენელს იმ სიზმრისეული გამოცდილების საშუალება, რასაც უილიამი ქმნის. მიუხედავად მუსიკის სიმძიმისა და ძლიერი განცდებისა, “Lamentations” მშვენიერია. ეს მშვენიერება კი ისევ მხოლოდ ექოთი მოიცემა.
ექო სინამდვილეს ამრუდებს, მის საწყისეულ ფორმებს ცვლის და ამიტომაც, ალბომის მოსმენის გამოცდილება ორბუნებოვანია, ორნაირად ვითარდება და სრულდება, როგორც რეალურად, ისე – სიზმრისეულად.
მგონია, რომ მსმენელები უნებლიეთ ვირგებთ ცუდი სიზმრებით დატანჯული მეფის როლს, თუმცა, უილიამის “ლპობადი” ლენტების მელოდიურობა იმდენად მძაფრი და ლამაზია, რომ გამოცდილება საუცხოო თავგადასავალს ჰგავს, ვიდრე – რომელიმე საზარელ, დაუსრულებელ სიზმარს.