Alexandra Drewchin, ასევე ცნობილი როგორც, Eartheater, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება ითარგმნოს: ან ადამიანი, რომელიც დედამიწას მიირთმევს, ანდაც ადამიანი, რომელიც მას ათბობს. დღეს ჩემთვის ალექსანდრა იქნება ადამიანი რომელიც დედამიწას ათბობს, რადგან უნდა მოგიყვეთ მის ახალ ალბომზე – “Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin” – “ფენიქსი: ალი ნამია ჩემს კანზე.“ ალექსანდრა ყოველთვის იყენებს თავის ახალ ალბომს, როგორც შესაძლებლობას ახალი სტილის, ჟღერადობისა და ვიზუალის აღმოსაჩენად. ეს ალბომიც ამის მაგალითია.
ფენიქსი, ბერძნულ მითოლოგიაში ახლიდან დაბადების სიმბოლოა, ეს მითიური ქმნილება თავისივე ფერფლიდან აღდგება განადგურების შემდეგ. ალბომის გახსნითი ხაზი, გამეორებულია ბოლო ტრეკში, რაც ნათელს ჰფენს ალბომის მთავარ თემას. როგორც მომღერალი მოგვითხრობს, ხშირად, ერთადერთი გამოსავალია გადახაზო უკანასკნელი იმედი გულში და დანებდე სასოწარკვეთილ სიკვდილს, რადგან ის ხედავს, თუ როგორ ამაღლდა ფენიქსი საკუთარი ფერფლიდან. ნელ-ნელა უფრო ნათელი ხდება, თუ რას გულისხმობს ამ ფრაზაში.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოს გათვალისწინება, სადაც ალექსანდრა იყო ალბომის შექმნის პროცესში. ის იმყოფებოდა იზოლაციაში, სარაგოსაში, ესპანეთში. ეს ალბომი გადმოსცემს იზოლაციისა და გაუცხოების შეგრძნებას, რომელიც შესაძლოა გამძაფრებულიყო სამშობლოდან მოშორებისგან. ვფიქრობ, რომ ფენიქსის მეტაფორა და იზოლაცია ერთად, ყველასათვის საერთო და გასაგებია ამ რეალობაში. მას შემდეგ რაც ადამიანები საკუთარ თავთან უფრო მარტო დარჩნენ, ბევრმა აღმოაჩინა თავის თავში ახალი იდეები, სურვილები, სწრაფვები და ხშირად ამ ახლის მოსაძებნად საჭიროა ძველის დასრულება და ახლიდან დაბადება.
ამ ალბომში არტისტი კოლაბორაციაშია სიმებიან ანსამბლთან – Ensemble de Camara – და ასევე მონაწილეობას იღებენ მისი ახლო მეგობრები, მევიოლინე და არფისტი, რომლებიც გვჩუქნიან ძალიან ნოყიერ და ღრმა ჟღერადობებს. ალექსანდრა კიდე უფრო ღრმად იკვლევს თავის გრძნობებს, ცხოვრების არსსა და ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს. ეს ალბომი გარანტიას იძლევა რომ თავისი ჟღერადობით, მსმენელს წაიყვანს მათი ფიზიკური გარემოდან, სულ სხვა განზომილების აბსტრაქტულ რეალობაში.
ალბომი სავსეა Eartheater-ის ნიჭიერი ინსტრუმენტირებით. ფენიქსის ტრაგიზმით სავსე გიტარის ბალადები, გარდამავალი ტრეკებით არის შემოსაზღვრული. ეს ტრეკები ემოციურად ამზადებს მსმენელს ახალი ბალადის მოსასმენად.
ალბომის გახსნითი ტრეკი – Airborne Ashes – ხაზს უსვამს მთავარ იდეას, რომ მშვენიერება არსებობს სამყაროში და ოპტიმიზმი აუცილებელია დამანგრეველი გაუგებრობის, მღელვარებისა და შფოთვის საწინააღმდეგოდ. შედეგად ალექსანდრა ამბობს, რომ ის დამოკიდებულია ცხოვრებაზე. საწყისი ორი ტრეკი, მსმენელს, თითქოს, წყვდიადში გზას უკვალავს პირველი ტრაგიკული ბალადისკენ – Below The Clavicle. არფის და სიმების შესავლით იწყება ტრეკი და მალევე Eartheater იწყებს გიტარის აკომპანიმენტს, მყარი ორკესტრის ზემოთ. მის სიმღერაში ისმის განმგმირავი წივილი, რომელიც ძალიან ემოციურია, თითქოს დატირებაა, რომელიც უთანხმოებაშია რბილ მელოდიურ ხაზთან. ამ ტრეკის სახელის თარგმანია – ლავიწის ძვლის ქვეშ. ჩემთვის ეს მეტაფორულად აღწერს ადამიანის სულის მდებარეობას, რომელიც ცდილობს გაქცევას, ხოლო ალექსანდრა ცდილობს თავისი ფიზიკური გრძნობების გაცოცხლებას, რათა დაშოშმინდეს მისი აფორიაქებული სული. ძალიან შთამბეჭდავია, რამდენად მრავალფეროვანია ალექსანდრას ხმა ტკივილის გამოხატვაში.
მას მოსდევს – Burning Feather – ერთ-ერთი დამაკავშირებელი ტრეკი, მასიური, არაბუნებრივი ექო ნუსხავს მსმენელს, დაფშხვნილი მეტალის ხმა და არაამქვეყნიური არსებების განმგმირავი წივილი, კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის მსმენელის მოგზაურობას. სიზმარივით ამოუხსნელი ემოციური თავგადასავალი და ქაოტური გრძნობები. ტრეკი სრულდება თითქოს კასეტის ფირის ჩახვევის ხმით, რომელიც ყველაფერს უფრო გაუგებარს ქმნის და ეს ჟღერადობა გადადის შემდეგ ბალადაში – How to Fight – სადაც ჩემი აზრით, ალექსანდრა დაღლილია ემოციურად და მის ინტიმურ სიმღერის მანერაზე ცუდი სიზმრის გავლენაა ასახული, რომელიც ვერ ტოვებს მსმენელს გულგრილად. თვითმფრინავის ჩხრიალი არასტაბილურ გარემოს ქმნის, მაღალი რეგისტრის თითქმის წივილში გადასული ვოკალური ხმები ინარჩუნებს სულიერი ტანჯვის მდგომარეობას. ამ ტრეკში ალექსანდრა მთლიანად შეიცნობს საკუთარ ტკივილს.
Kiss of the Phoenix – არის ელექტრო-აკუსტიკური ჰიბრიდი, მაცდური ინტერლუდია წინ წამოწეული არფისა და ვოკალური ამოკვნესების, რომლებიც დამუშავებულია მოულოდნელი ეფექტებით. ეს დამაკავშირებელი ტრეკი, აძლიერებს რთულად ამოსაცნობ, შემაშფოთებელ, თითქოს არაამქვეყნიური ქმნილებების ყვირილს.
ალბომის ცენტრალური ტრეკია – Volcano. ვულკანის ცეცხლის მეტაფორა, ამტკიცებს ამ ალბომის თემატიკას, კერძოდ, ცხოვრების აღდგენით, ციკლურ კანონებს. ეს სიმღერა გახსენებს 90-იანების ალტერნატიული როკის ბალადებს, ძალიან ემოციური და შემაწუხებლად ინტიმური ტექსტით. ეს ტრეკი ხაზს უსვამს მის გამოუვალ ემოციურ მდგომარეობას, ჩაკეტილობასა და ძალიან ძლიერ მოლოდინს ცხოვრების გარდამტეხი მოვლენისა. Fantasy Collision – არის კიდევ ერთი ემოციური ბალადა, განმეორებითი მოტივებით, და გიტარის ციკლური აკომპანიმენტით, რომელიც ამოოხვრის იმიტაციას ჰგავს, ხოლო ფონად სიმების თბილი აკომპანიმენტი ცდილობს, დააბალონსოს ეს გაურკვევლობის შეგრძნება. მომღერალი იყენებს ხავერდოვან დაბალ რეგისტრს, რომელიც კონტრასტშია მაღალი რეგისტრის, განმგმირავ მონაკვეთებთან.
მთელი ალბომი სავსეა მსხვილი ნახევარტონებითა და გიტარის მოწყვეტილი, ავბედითი, ციკლური აკომპანიმენტით. Goodbye Diamond – კიდევ ერთი დამაკავშირებელი ტრეკია, რომელიც ჭექა-ქუხილის შეგრძნებას ტოვებს, ჩემი აზრით, ეს ტრეკი აღწერს მეტამორფოზას, სანამ ის ახლიდან დაიბადება შემდეგ ბალადაში – Bringing Me Back.
ჩემი საყვარელი ტრეკია ბოლო, მეცამეტე – Faith Consuming Hope – რომელიც იწყება ზარის რეკით, ეს ტრეკი აჯამებს მთელ ისტორიას, პირველი ტრეკის მოტივებია გამოყენებული, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს ნაცნობი მუსიკალური მასალის მოსმენით. სიმებიანი ორკესტრი აქტიურად უკრავს ძალიან ლირიკულსა და დრამატულ მელოდიას. თითქმის ყველა ჟღერადობა ბრუნდება, რომელიც ალმბომში იყო გამოყენებული, თითქოს, ამ მეტამორფოზის მთლიანი ემოციური გამოცდილებაა ასახული. ალექსანდრაც შესაბამისად სხვადასხვანაირ სიმღერის ტექნიკას იყენებს, რომელიც მე სხვადასხვა ბალადას მახსენებს, შესაბამისად, მის ემოციურ მდგომარეობას ამ მეტამორფოზის სხვადასხვა სტადიაზე. გიტარის ჟღერადობა და ციკლური აკომპანიმენტი, რა თქმა უნდა, აქაც წამყვანია. არტისტი ძალიან ნათლად გვანახებს ახლიდან დაბადების საფასურსა და ალბომის ძირითად ნაწილს უთმობს დაბადებამდელ ემოციური მდგომარეობის აღწერას.
ჩემი აზრით, ეს ალბომი განსაკუთრებით ინტიმურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ყველას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გარდასახვა დაგვჭირდა. განსაკუთრებით რთული კი გარდასახვის გადაწყვეტილებამდე მისასვლელი ეტაპია, რადგანაც ახალი ვერ დაიწყება ძველის დასრულების გარეშე.