ერთი შეხედვით არც თუ ცხელ-ცხელი, მაგრამ ჩემთვის ახალი ამბავია. ნატალი შტუცმანი ალბომით “Orfeo 55” კლასიკურ მუსიკაში ისტორიული გენდერული დისბალანსის კუთხით ახალ პერსპექტივას გვთავაზობს.
ჩანაწერის პირველი წამიდან მიხვდებით, რამდენად საინტერესო მუსიკოსი და პიროვნებაა ფრანგი დირიჟორი და კონტრალტო Nathalie Stutzmann,.
მან „Orfeo 55“ 2021 წლის 15 იანვარს გამოუშვა. ორფეო არის იტალიელი კომპოზიტორის კლაუდიო მონტევერდის ცნობილი ოპერა, გვიანდელი რენესანსისა და ბაროკოს ეპოქიდან; 55 კი ნატალი შტუცმანის ასაკზე მიუთითებს.
ამ ალბომით, მუსიკოსმა წინა პლანზე წამოწია საკითხი, თუ რამდენად იჩაგრებოდნენ ბაროკოს ეპოქაში დაბალი ტემბრის მქონე ქალი მომღერლები და როგორ იყვნენ ისინი ჩანაცვლებული მამაკაცი კონტრატენორებით.
ალბომში მოისმენთ ვივალდის, ჰენდელისა და სხვა მათი თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
ჩემი აზრით, ნატალი თავისი სტილითა და მუსიკალური იდეოლოგიით მიზანმიმართულად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს საუკუნეების წინანდელ მუსიკას, ისეთი საკითხების წინ წამოწევით, რომლებიც დღესაც მტკივნეულია საზოგადოებისთვის.