გერმანული კლასიკური მუსიკის ლეიბლის, “Deutsche Grammophon”-ის, ორმა არტისტმა: ისლანდიელმა კომპოზიტორმა და ჩელისტმა, ჰიდურ გუდნადოტირმა და ვენესუელელმა დირიჟორმა გუსტავო დუდამელმა გრემის ჯილდო დაიმსახურეს.
ტოდ ფილიპსის ფსიქოლოგიური ტრილერისთვის – „ჯოკერი“ – დაწერილი საუნდტრეკით, ჰიდურ გუდნადოტირმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის.
გუსტავო დუდამელმა და ლოს ანჯელესის სიმფონიურმა ორკესტრმა, ამერიკელი მოდერნისტი კომპოზიტორის ჩარლზ აივზის ოთხი სიმფონიის შესრულებისთვის, მიიღეს ჯილდო საუკეთესო საორკესტრო შესრულების კატეგორიაში. ნაწარმოებები ჩაწერილია Deutsche Grammaphon-ის მიერ, ვოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზში. ჩარლზ აივზის ოთხივე სიმფონია, ალბომის სახით გამოიცა 2021 წლის იანვარში, რომელიც ნომინირებული იყო კლასიკურ მუსიკაში საუკეთესოდ დამუშავებული ალბომის კატეგორიაში.