ზაფხულობით თუშეთის მთებში, კონკრეტულად – სოფელ ომალოში, „აქთუშეთის“ შემოქმედებითი სცენა ფესტივალსა და სარეზიდენციო პროგრამას ყოველწლიურად აერთიანებს. რეზიდენციაში მონაწილეობა ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლებს შეუძლიათ. აღსანიშვანია, რომ ის ჰუმანიტარული მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომუშავეებს – ფილოსოფოსებს, ანთროპოლოგებს თუ მწერლებსაც ითვალისწინებს.
პროექტის გუნდის წევრების მიზანია შექმნან ადგილი, რომელსაც მაქსიმალური რესურსი გააჩნია, რათა მონაწილეებს თავიანთი ჩანაფიქრების განსახორციელებლად სრული თავისუფლება და კომფორტი ჰქონდეთ.
ჩამომსვლელებს ადგილზე ექსპერიმენტებისთვის ხვდებათ ღია სივრცე, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით – პროფესიონალური ხმის სისტემით, შიდა და გარე სახელოსნოებით, ხმის ჩამწერი, ფოტო- და კერამიკის სტუდიოებითა და სცენით, რომელიც საშემსრულებლო ხელოვანებს ეთმობათ.
სარეზიდენციო პროგრამა ერთთვიანია, მისი ღირებულება კი 600-დან 750 ევრომდე მერყეობს. ვორქშოფები საშუალოდ 10 დღე გრძელდება, ხოლო მათი ღირებულება 350-500 ევროს შეადგენს. ყველა გადასახადი ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯებს მოიცავს.
სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ „აქთუშეთის“ საიტს – https://aqtushetii.com/residency