Mitski იაპონური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებლია. ,,Be The Cowboy” კი მისი რიგით მეხუთე ალბომია და იმ ნამუშევრებს მიეკუთვნება, რომლებშიც თითქოს ყველაფერი წესრიგშია; ჟღერადობა, მელოდია, შესრულება ყველაფერი კარგია, მაგრამ მაინც “აკლია მარილი”. კომპოზიციებში ცოცხალ რიტმს თითქმის ყოველ ჯერზე ანაცვლებს მშვიდი განწყობა, მაგრამ ალბომი მაინც ერთგვაროვანია. თუმცა, სასიამოვნო მომენტებიც მოგხვდებათ ყურში, რაც ჩემი აზრით, მიცკის ხავერდოვანი ხმისა და სპეციფიური აქცენტის დამსახურება უფრო არის.
მიცკიმ მუსიკალური კარიერა Სტუდენტობის პერიოდში დაიწყო და სწორედ მაშინ ჩაწერა პირველი ორი ალბომი ,,Lush” და ,,Retired From Sad, New Career In Business”. ამავდროულად იყო პროგ. როკ ბენდის ,,Voice Coils”-ის წევრი. როგორც თვითონ ამბობს, არ წერდა ბენდისთვის სიმღერების ტექსტებს, იმითიც კმაყოფილი იყო, რომ შეეძლო როგორც შემსრულებელი ისე წარმსდგარიყო მსმენელის წინაშე.
რაც შეეხება 2018 წელს ჩაწერილ ალბომს – ,,Be The Cowboy”, ფოკუსი მუსიკოსის ტოქსიკური ურთიერთობებისა და სასიყვარულო ამბების თხობაზე რომ არ იყოს, რიგით უსიცოცხლო ალბომად ჩაითვლებოდა, არც ნახევარი სამყაროს ყურადღებას მიიქცევდა და ვერც იმ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის ტიტულს მოიპოვებდა.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ,,Be The Cowboy”-ს, განსხვავებით ,,Puberty 2″ (2016), ,,Bury Me At Makeout Creek”_სა (2014), მომღერალმა გიტარისა და ფორტეპიანოს ხმებს მრავალფეროვნება შემატა. პირველ კომპიზიციაში ,,Geyser” – ორღანი, საფინალო სიმღერაში ,,Two Slow Dancers” კი ორკესტრარული ინსტრუმენტები მინიმალურად, მაგრამ მაინც გამოიყენა.
,,Be The Cowboy” ჟანრობრივადაც გაცილებით მრავალფეროვანი ალბომია – სინს პოპი, ინდი, დისკო, თუმცა, მაინც ყველა ჟანრი და ქვე-ჟანრი მის მარტოობასა და მიტოვებულობაზე იღებს ნოტებს. სიტყვებს თუ არ ჩავეძიებით და დავუკვირდებით, საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი ალბომი იქნებოდა, მაგრამ ნახევარი საათი იმაზე სიმღერა, თუ როგორ ატკინეს გული (A Pearl ერთადერთ სიმღერაა სადაც ამბობს, რომ თვითონ მიატოვა!) ან ისეთი უხერხული ტექსტი როგორიც არის მაგალითად ,,Pink In The Night” – მთელი დღე უბრალოდ შეყვარებულის ზურგს უყურო და შემდეგ დაჯდე და იმაზე ააგო სიმღერის უღიმღამო ტექსტი, თუ როგორ შეგიძლია უყურო მის ზურგს მთელი დღე – ალბომს მიმზიდველს ნაკლებად ხდის.
რამოდენიმე შემსრულებელი გაგახსენდებათ მიცკის მოსმენისას, თუმცა, მის შემთხვევაში მგონია, ეს არა მიბაძვის მცდელობაზე, არამედ საკუთარი ნიშის ძიებასა და გავლენებისგან გათავისუფლებაზე უფრო მიანიშნებს, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ,,Be The Cowboy” ცალსახად ჯობია წინა ალბომებს და აშკარაა, რომ მუსიკოსი სულ მცირედით, თუმცა, ყოველ ჯერზე უმჯობესდება და ცდილობს რაიმე ახალი შემოგვთავაზოს. ყოველ შემთხვევაში, ნახევარი საათის გამოყოფა მიცკისთვის ნამდვილად ღირს, იმის გასაგებად თუ არა, თუ რატომ არის აღფრთოვანებული მსოფლიო მისით, მისი ხმის გასაგონად მაინც, ეს ბოლო კი სიამოვნებისგან გაღიმებულს დაგტოვებთ, თუ რა თქმა უნდა, ტექსტებს არ დაუგდებთ ყურს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *