კაეტანო ველოზუს შემოქმედებას ადრეულ ბავშვობაში გავეცანი. თუმცა 6-7 წლის ასაკში ნებისმიერ ბრაზილიურ და ლათინურ მუსიკას ჩემთვის უბრალოდ საცეკვაო დანიშნულება ჰქონდა. რა თქმა უნდა, მაშინ არც ხელოვანების კომუნების არსებობის, არც პოლიტიკის და არც ერთი ღერი ბრაზილიური სიტყვის მნიშვნელობა არ მესმოდა. წლების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მუსიკოსი, ვის დაკრულზეც აღტაცებული ვცეკვავდი, იმაზე დიდი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე მხოლოდ მისი სასიამოვნო რიტმული მუსიკა.
ველოზუს ალბომი “Transa”, პირდაპირ არის დაკავშირებული გვიანი სამოციანი წლების ბრაზილიურ მოძრაობა “ტროპიკალიასთან” – ეს იყო მოძრაობა, რომელიც შედგებოდა მწერლების, მუსიკოსებისა და მხატვრებისაგან. თავდაპირველად ეს დასახელება 1967 წელს, ბრაზილიელმა არტისტმა ჰელიო ოიტისიკამ გამოიყენა თავის გამოფენის აღწერაში, რომელიც დამთვალიერებლის ერთგვარი გამოწვევა იყო. ბრაზილია აღიქმებოდა როგორც ტროპიკული სამოთხე დედამიწაზე – პალმის ხეებით, ოკეანით, ოქროსფერი ქვიშით. თუმცა ამ ლამაზი “ფასადის” მეორე მხარეს რადიკალურად განსხვავებული ტროპიკული ბრაზილია არსებობდა, რომელსაც იმდროინდელი სამხედრო დიქტატურის რეჟიმის შუქურა ანათებდა. სწორედ ამ სიღარიბის, რეჟიმის და სტერეოტიპების მიმართ პროტესტი გახდა ოიტისიკას შთაგონების წყარო, რომ სრულიად გარდაექმნა თავისი შემოქმედება და დაეწყო ისეთი ნამუშევრების შექმნა, რომელთანაც ადამიანებს/მონაწილეებს შეხება და ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებოდათ და რომელსაც შემდგომში პარანგოლესი უწოდა. ობიექტები და სტრუქტურები დამთვალიერებლის მოძრაობის რიტმზე ირხეოდა, ნამუშევრების ნაწილი პოეტურ, ნაწილი კი პოლიტიკურ მესიჯებს მოიცავდა.
1968 წელს კაეტანო ველოზუმ გილბერტო გილთან, გალ კოსტასთან და ოს ტინკოასთან კოლაბორაციის შედეგად LP – გამოუშვა, რომელსაც Tropicália: ou Panis et Circencis ეწოდა და სწორედ ეს გახდა დასაბამი მოძრაობისა “ტროპიკალია”. ისეთი შემოქმედებითი ანტაგონიზმის პირობებშიც კი, როგორიც ბრაზილიაში იმ დროს სილვას სამხედრო მთავრობის მიერ ყველანაირი განსხვავებული აზრის ჩახშობა იყო, ტროპიკალისტები მაინც იბრძოდნენ თავიანთი შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.

მაშინ, როცა სილვას სისტემა ყველანაირ პროტესტს თუ კრიტიკული აზრის მატარებელ პოეზიას თუ სიმღერას კრძალავდა, გილბერტო გილი და გალ კოსტა ქვეტექსტებით, რეჟიმის მიერ დაღვრილ სისხლზე მღეროდნენ, ველოზუ კი რევოლუციონერ ჩე გევარას კომპოზიციით “Soy Loco Por Tí, América” სახელის ხსენების გარეშე პატივს მიაგებდა. 1968 წლის დეკემბერში, რეჟიმმა მიიღო რეპრესიების საბოლოო კანონპროექტი, რომელმაც დახურა ეროვნული კონგრესი და დააწესა მკაცრი ცენზურა მედიაზე. ორი პოლიტიკური სპექტრის – როგორც მემარცხენე მარქსისტებისათვის, ასევე ფაშისტური მემარჯვენეებისათვის, განსხვავებული მიზეზების და გამო ტროპიკალიას წევრები რიოსა და სან პაულოში საფრთხედ აღიქმებოდნენ. რეპრესიების საბოლოო კანონპროექტის მიღებიდან მალევე ველოზუ, გილი, ოიტისიკა და ტროპიკალიას სხვა წევრები ყოველგვარი ბრალდების გარეშე დააკავეს. რამოდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ არტისტები ლონდონში გადაასახლეს. ამასობაში, ტროპიკალია როგორც კონტრკულტურული რევოლუციური მოძრაობა აღარ არსებობდა. ეს იყო ბრაზილიელებისთვის ეპოქა, რომელიც „კულტურულ სიცარიელედ“ ითვლებოდა.

1972 წელს, როდესაც ბრაზილიაში ხუნტას დიქტატურული რეჟიმი ნელ-ნელა სუსტდებოდა, არტისტები სამშობლოში დაბრუნდნენ და ლონდონის შემდეგ, უკვე სამშობლოში განაგრძეს თავიანთი შემოქმედება. ინგლისში გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ველოზუმ მეექვსე ალბომი Transa გამოუშვა, რომელიც როგორც ცნობილია ლონდონში ცხოვრების დროს ჩაწერა. ალბომში შესული კომპოზიციები ინგლისურ და ბრაზილიურ ენებზეა შესრულებული. ნოსტალგიურ და მელანქოლიურ სიტყვებთან ერთად, მუსიკოსი სამშობლოდან გაძევებაზე, პოლიტიკასა და მანამდელ გამოცდილებებზე ირიბად ნამღერი ტექსტებით მოგვითხობს.
პირველივე კომპოზიციიდან “you Don’t Know Me” ცხადი ხდება, რომ გადასახლების შემდეგაც კი, ლონდონში ცხოვრებისას მუსიკოსი ისევ ძველებურ მეამბოხე სულს ატარებდა; კაეტანოს ხმა, იმ დროინდელი რეჟიმის ფუძემდებლების მიერ აგებული აბსტრაქტული კედლის მიღმა ისმოდა. ბრაზილიელი პოეტის გრეგორიო დე მატოსის ტექსტზე აგებული “Triste Bahia”, განსაკუთრებულად ემოციურია იმის გათვალისწინებით, რომ ბაია ველოზუს დაბადების ადგილია. დასავლური როკ ენ როლი, 70-იანებისთვის დამახასიათებელი ფსიქოდელია და ბრაზილიური ვაიოლა თითოეულ კომპოზიციას უზადოს ხდის და აბალანსებს. რიგით მეხუთე, “Mora Na Filosofia” ეპიკური სიმღერაა, რომელიც ბრაზილიაში საკმაოდ ცნობილი იყო მონსუეტო მენეზესის და არნალდო პასოსის შესრულებით. კლასიკურ სამბასთან შერეული სევდიანი ხმით, ფსიქოდელიური როკის ელემენტების და მინორული პასაჟების გაერთიანებით კი კაეტანომ კომპოზიციას სულ სხვა სიბრძე შესძინა.
რთულია ტროპიკალიასა და კაეტანო ველოზუზე გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა. ტროპიკალისტი ხელოვანის შემოქმედების გაცნობა, რომელიც პირველ რიგში საოცრად დახვეწილ მუსიკას ქმნის, თითოეული ადამიანისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *