Masayoshi Fujita – Bird Ambience
იაპონელი მუსიკოსის, Masayoshi Fujita-ს ახალი ალბომი Bird Ambience სივრცითი ჟღერადობების მინიატურული განზომილებაა, რომელიც გაჯერებულია აკუსტიკური ჩანაწერებისა და იმპროვიზაციული ხმოვანი პალიტრების წონასწორობით;
Erased Tapes-ზე გამოცემული ალბომი, ვიბრაფონისტ-მულტიპერკუსიონისტი არტისტისა და კომპოზიტორისთვის ახალი ხმოვანი მიმართულებაა. Მთავარი ინსტრუმენტი ამ გამოცემაში მარიმბაა, ასევე გამოყენებულია დასარტყამი, პერკუსია, სინთები, ეფექტები და მაგნიტოფონი.
ერთდროულად ჟღერადი და ხმაურიანი (noisy) ატმოსფერო ჩაშლილია ბგერით ფენებში, რაც ქმნის დროსა და სივრცეში დაკარგვის საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას.
Lone – Always Inside Your Head
დიდი ხნის პაუზის შემდეგ, Ბრიტანელი მუსიკოსმა Lone-მ ალბომი – Always Inside Your Head გამოსცა Greco-Roman ლეიბლზე. ალბომი, ისევე როგორც მისი ყდა “ღრუბლებზე მაღლა, სამოთხის შუაგულშია და იკავებს სტრატოსფეროს, სადაც სინთეზირებული ორთქლი და ლაჟვარდისფერი სხივები სუფთა ჰაერის სუნთქვის მსგავსად ჟღერს”.
ალბომის 10 კომპოზიცია ტექსტურულად მრავალფეროვანია, ბგერითი პატერნების ეიფორიული მიმოცვლა ასტრალურ ვოკალთან საინტერესო მიქსს გვთავაზობს. როგორც არტისტი აღნიშნავს, ალბომი Cocteau Twins-ის, My Bloody Valentine-ის და William Orbit-ის 90’იანების ჰიტების გავლენითაა შექმნილი და არის თრიპ-ჰოპის, Mo’ Wax-ის, 90’იანების ვარპის, ინტელექტუალური დრამ & ბასისა და ემბიენტ ჰაუსის ჟღერადობებში.
სელექტორი: სალომე ოთარაშვილი
Black Country, New Road – For The First Time
For The First Time ბრიტანული ჯგუფის Black Country, New Road-ის პირველი ალბომია. ალბომამდე ჯგუფს მხოლოდ ორი სინგლი აქვს გამოშვებული, თუმცა მატერიალის სიმცირის მიუხედავად მათ მსმენელისა და კრიტიკოსების ყურადღება არ მოჰკლებიათ.
Rejjie Snow – Baw Baw Black Sheep
Rejjie Snow-s ქართველი მსმენელი 2018 წლის Tbilisi Open Air-იდან კარგად იცნობს. Baw Baw Black Sheep-ის გამოსვლამდე არტისტმა ერთ-ერთი ტრეკი, “Cookie Chips” გამოაქვეყნა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთ ტრეკში მთელი ალბომის განწყობა გვაჩვენა – ნოსტალგიური, მელოდიური და მსუბუქად მოსასმენი.
Kings of Convenience – Peace Or Love
12 წლიანი პაუზის შემდეგ ნორვეგიული დუეტი Kings Of Convenience ახალი ალბომით დაუბრუნდა მსმენელს. ალბომი ერთი მოსმენით დამამშვიდებელ ხასიათს ატარებს, თუმცა რამდენადაც მარტივად, მსუბუქად სასმენია იმდენადვე შეუძლია სევდის და იმ გრძნობების ამოტივტივება, რაც თითქოს მიმალული გვაქვს გონებაში.
სელექტორი: მარიტა გულიაშვილი
Lost Girls – Menneskekollektivet
სადებიუტო ალბომი დუოს საკმაოდ შთამბეჭდავი გამოუვიდა, სენსუალური არტისტური ძიების პროცესი. ნორვეგიული ავანგარდი, ფემინიზმი და სასიამოვნო კოლაბორაცია.
სელექტორი: კატიშა დაშნიანი
Erika de Casier- Sensational
R&B+MTV+ბავშვობის მოგონებები= <3 და რიგით მეორე ალბომს.
Burial/Blackdown- Shock Power of Love EP
Burial x Blackdown-ის EP აპრილის ბოლოს გამოვიდა. William Emmanuel Bevan და Martin Clark-ის ეს კოლაბორაცია 4 ტრეკისაგან შედგება. EP ჟანრობრივად UK garage, dubstep, ელექტრობულ-ემბიენთ ხასიათისაა.ჩემი ფავორიტი და აუცილებლად მოსასმენი კომპოზიციაა “Dark Gethsemane” რომელშიც ხშირად შეხვდებით ფრაზას “We must shock this nation with the power of love!” <3.
Joy Orbison- Still slipping Vol.1
ინგლისელი პროდიუსერი Joy Orbison არაერთი EP-ის ავტორია. მისმა სადებიუტო სინგლმა Hyph Mngo 2009 წელს UK-ის თითქმის ყველა კლუბი მოიარა. 12 წლიანი ლოდინის შემდეგ კი პირველი სადებიუტო ალბომიც გამოუშვა სახელით Still slipping vol.1. როგორც თავად აღნიშნავს ალბომი ერთგვარ “სულის ჩანაწერია”. კომპოზიციებში ხშირად მოისმენთ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს, ხმებს,რომლებიც მის ოჯახის წევრებს ეკუთვნით. ალბომის ქავერ არტიც საკმაოდ საინტერესოა, ვეს ანდერსონის ტენენბაუმისეულ კადრში საინტერესო ქალბატონი სიგარეტს ეწევა, რომელიც თავად ჯოის ბებიაა.ალბომს ეიფორიულ-მელანქოლიური ელფერი დაკრავს.საყვარელი ტრეკი born slipping.
სელექტორი: სალომე ვარდანაშვილი
Black Midi – Cavalcade
ვერც ავხსნი ამ ალბომის მოსმენა რამდენჯერ გადავდე, ვიცოდი რომ იქნება სასწაული, მაგრამ არვიცი როგორ გადმოვცე ჩემი დამოკიდებულება. ამ წუთებშიც მოსმენისას ყველა კომპოზიციაში რაღაც ახალს ვპოულობ და კაფეში მჯდომი თავის აფეთქების პირას ვწერ ამას. ულამაზესი მელოდიები, ხავერდოვანი ხმა, უცნაური სიმშვიდე და ინსტრუმენტალით დახუნძლული კომპოზიციები გელოდებათ ამ მშვენიერ ალბომში.
Sega Bodega – Romeo
Sega Bodega-ზე ამაყად დაქრაშული ვარ 2020 წლიდან და ჩემს გულში Rent Free ცხოვრობს მისი ახალი ალბომიც. ისიამოვნეთ 35 წუთიანი სასიყვარულო ისტორიით.
Tune Yards – Sketchy
წლის შუაში DOA-ს „2021 წლის რჩეული ალბომები, So Far“-ში ვახსენე ეს ალბომი და მაშინაც ვთქვი, რომ არ ვთვლი რომ საუკეთესო ალბომია, მაგრამ ვთვლი რომ ჩემი 2021 წლისთვის იდეალური ალბომია. ყოველი მოსმენის დროს ღიღინი და მოძრაობა მინდება, ასე რომ ჩემთვის ტოპ 3 ალბომებში ადგილი ნამდვილად ეკუთვნის.
სელექტორი: გვანცა უთურა
MoonG – ცრის
Didube Records-ის პირველი გამოცემა, MoonG-ის “ცრის”, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჰიპ-ჰოპ ალბომია. “ცრის” მსმენელს უხატავს ქართულ ყოველდღიურობას, რა ხდება თბილისის ქუჩებში დღეს. უბრალო და გულახდილი ტექსტები შესანიშნავად ერწყმის მუსიკალურ გაფორმებას და საბოლოოდ ქმნის ამ არაჩვეულებრივ ალბომს. ასევე აღსანიშნავია, ოსტატური პროდუსინგი: დახვეწილი და მდიდარი ინსტრუმენტალი, ზუსტად შერჩეული სემპლები, ტრეკიდან ტრეკზე smooth გადასვლები…
საყვარელი ტრეკები: ბნელ ღამეში, გოგია, ჩემი პაკეტი სრულია, ბარიგა ღორი, ზუკა
Arca – KicK iii
წელს არკამ სამყაროს 4 ალბომი აჩუქა, რომლებიც შარშანდელი ალბომის, KiCk i-თან ერთად მუსიკალურ წრეს კრავს. არკა, ჩემი აზრით, განუსაზღვრელია და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს KicK iii-ში. ქაოსი, ეიფორია და აგრესიულად ფსიქოდელიური საუნდი… მოკლედ, აუცილებლად უნდა მოუსმინო.
საყვარელი ტრეკები: Bruja, Señorita
Lil Ugly Mane – volcanic bird enemy and the voiced concern
ტრევის მილერის volcanic bird enemy ბევრ სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს: ტრიპ ჰოპი, პოპი, ნეო ფსიქოდელია… ალბომი საერთოდ არაა ჰიპ-ჰოპი, ყველა ტრეკს lo-fi საუნდი გასდევს. პროდაქშენი ფენომენალურია და ხაზს უსვამს უიმედო ვოკალს. ნაღვლიანი nursery rhymes დეპრესიაზე, იზოლაციაზე, შფოთვაზე, არშემდგარ ურთიერთობებზე, პანიკურ შეტევებზე…
საყვარელი ტრეკები: with iron & bleach & accidents, cold in here… ყველა (swell-ის გარდა)
სელექტორი: ლიზი მახარაძე
Parcels – Day/Night
ბერლინში მოღვაწე ავსტრალიური კვინტეტის, Parcels-ის ალბომი “Day/Night” 5 ნოემბერს Because Music-ზე გამოვიდა. ბენდი, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2017 წელს Daft Punk-ის მიერ დაპროდიუსერებული თრექით, “Overnight”-ით გაიცნო, (რამდენიმე წლისა და 2018-ში გამოშვებული სადებიუტო ალბომის შემდეგ) საკუთარი მუსიკალური პროგრესის უპირობო პიკზე მოგვევლინა
Day/Night გახლავთ ამბიციური კონცეფცია, რომლის მთავარი იდეა, დღისა და ღამის დაპირისპირებაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს ორი განსხვავებული ხასიათისა და ნაწილისაგან შემდგარ LP-ის, რომლებიც საკმაოდ ჰარმონიულად ავსებენ ერთმანეთს. 19 კომპოზიციისგან შემდგარი ფერადი მოგზაურობა დისკოს, ფანკის, სოფტ პოპისა და ინდი როკის ელემენტებს მოიცავს, ხოლო მის მთავარ მოტივებს სიყვარულისა და იდენტობის თემატიკა წარმოადგენს.
James Blake – Friends That Break Your Heart
ალბათ უკვე ყველა მივეჩვიეთ, რომ როდესაც James Blake-ი ახალ ალბომს ავრცელებს, იგი აუცილებლად ხვდება, რომელიმე ავტორიტეტული გამოცემის, ან სულაც გრემის რჩეულთა ჩამონათვალში, ასე რომ ამ მოვლენას გვერდს ვერც ჩვენ ავუვლიდით და გადავწყვიტეთ კუთვნილი ადგილი ახალ “Friends That Break Your Heart”-ს ჩვენს სიაშიც მივანიჭოთ.
მომღერალმა, კომპოზიტორმა, პროდიუსერმა და მულტი-ინსტრუმენტალისტმა რომელიც უკვე 10 წელია საკუთარ გრძნობებს გვიზიარებს, მეხუთე სტუდიური ალბომის სახით, კიდევ ერთი ემოციური ქამბექი შემოგვთავაზა.
Polydor Records-ზე გამოსული LP, SZA-სა და Monica Martin-თან კოლაბორაციულ ნამუშევრებს შეიცავს და მუსიკოსის თვით-ანალიზზე დაყრდნობილ ისტორიებს გვიყვება.
სელექტორი: ავთანდილ სიხარულიძე
Kælan Mikla – Undir Köldum Norðurljósum
Undir Köldum Norðurljósum – ისლანდიური darkwave კოლექტივის რიგით 4 ალბომი, რომელიც ლეიბლზე Artoffact Records გამოვიდა. ჯგუფი ადრეული მინიმალისტური რიტმებიდან უფრო კომპლექსურ ჟღერაბოსკენ გადავიდნენ, და შემოქმედებაში ისეთი ჟანრების ელემენტები შემოიღეს როგორც darkwave, shoegaze, dreampop, EBM და მრავალი სხვა, თუმცა მელანქოლირური და ცივი “გოთური” ატმოსფერო რჩება მათი მუსიკის განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილად. ეს ალბომი კი, ცივი, როგორ ისლანდიური ფიორდები და მოყინული ბგერების ორნამენტით მოქარგული მელოდიებით, პოსტ პანკის 2021 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად მოხსენიებას იმსახურებს.
Gojira – Fortitude
Ტექსტებში Სოციო-კულტურული, ეგზისტენციალური და ეკოლოგიური საკითხების წინ წამოწევა ამ ჯგუფისთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი – ამ თემებზე საკუთარ სათქმელს ამჯერადაც ახალ ალბომში სახელად “Fortitude” გააჟღერეს. Gojira-სთვის ეს არის როგით მეშვიდე სტუდიური ალბომი და პროგრესივ მეტალის სტილს მიეკუთვნება, თუმცა მათი მუსიკლაური ხელწერის მხოლოდ ერთი ჟანრის ჩარჩოში მოქცევა ყოველთვის რთული იყო. აქ გხვდება ბევრი სხვა და სხვა მუსიკალური მიმდინარეობის ელემენტი ამერიკანადან ბლიუზ როკამდე, რაც საინტერესო და დასამახსოვრებელ ჟანრების შერწყმას გვაძლევს.
.foundation – mountain ambient III
.foundation – ტეხასელი მუსიკოსის ჯეიკ კარტერის ემბიენტ პროექტია, და ალბომი “mountain ambient III” იგივე სახელწოდების სერიის მესამე ნაწილია. Პიველი “mountain ambient” -ის ალბომის ინსპირაცია lo-fi ჰიპ ჰოპის ჟღერადობასთან ექსპერიმენტები გახდა, რომელიც ისეთი ნაყოფიერი შედეგი მოიტანა, რომ მუსიკოსს ორი მომდევნო ნაწილის შექმნისკენ კი უბიძგა. Ტექსტურებით და ჟღერადობით მდიდარი, მედიტაციური ალბომი მსმენელს საათნახევრიან მოგზაურობაში პატიჟებს.
სელექტორი: ეკატერინა ხარბედია
Rival Consoles – Overflow
ალბომში შესული ყოველი კომპოზიცია, არტისტისთვის დამახასიათებელ ვიბრატულობასთან ერთად მონაცემთა ქაოტურ ნაკადში დაკარგულ, მანიპულირებულ ხმებს მოიცავს. კომპოზიციების სათაურების ნაწილიც ტექნოლოგიური კონცეფციის მატარებელი არის და ვირტუალური სამყაროს უსასრულო ქაოსში გვამოგზაურებს.
Nick Cave & Warren Ellis – Carnage
უორენ ელისის ექსპერიმენტული ბგერების და ქეივის დრამატული ლირიციზმით სავსე ალბომი Carnage, წლევანდელ ფავორიტებში და საერთოდ დეკადის შედევრ ალბომებში ნამდვილად იმსახურებს ადგილს. მუსიკოსების ეს ნამუშევარი, პანდემიის პერიოდში შექმნილ შავ-თეთრ ალბომს ჰგავს, რომელსაც მოსმენისთანავე თითოეული ჩვენგანის ფანტაზია სრულიად სხვა ფერებში დაინახავს.
სელექტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი
Sault- Nine
ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის, Sault-ის, მე-5 სტუდიური ალბომი „Nine” ბრიტანული ჰიპ-ჰოპის, არენბისა და ფანკის ფონზე გვიყვება ლონდონურ ამბავს, სადაც ახალგაზრდების ბედი და განგსტერთა ძალადობრივი ჯგუფები ერთმანეთთან ტრაგიკულად იკვეთება. ალბომი სავსეა შიშით, ტკივილით, იარაღითა და ალკოჰოლით და მიუხედავად იმისა, რომ ამბავი და პრობლემა ძალიან ლოკალურია (ლონდონი), წარმოადგენს იმ უნიკალურ შემთხვევას, როდესაც მუსიკალური გამოცდილება იმდენად შთამბეჭდავია, რომ მსმენელი გეოგრაფიით აღარ ინტერესდება. თავად ალბომის ხიბლი კი იმაშიცაა, რომ ის ეფემერულია: მუსიკალური ჯგუფის გადაწყვეტილებით ალბომი მხოლოდ 99 დღის განმაბლობაში იყო გაყიდვაში, ახლა კი არ არსებობს არცერთი სტრიმინგ პლატფორმა, სადაც მის მოსმენას ლეგალურად შეძლებდით.
The Notwist -Vertigo Days
გერმანული ელექტრონული ჯგუფი 2014 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა ახალი ალბომით „Vertigo Days”. გამოსვლის თარიღი (29 ნოემბერი) თითქოს საგანგებოდ იყო შერჩეული, რადგან მუსიკა საოცრად თებერვლულია-, იგრძნობა ზამთრის სიცივე, მაგრამ იმედი რომ გაზაფხული მალე მოვა. საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა, სიყვარულის საკრალიზება, წვიმა და ვარსკვლავები,- აქ შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, რაც ერთობ გაცვეთილად და ბანალურად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა გიტარის ტკბილი ჟღერადობა, აქა-იქ იაპონური და ესპანური ვოკალი, ნოსტალგიის გაღვივებისთვის საუკეთესო მასალაა. იმ მეოცნებე მსმენელისთვის, რომელმაც ალბომის მოსმენა წელს ვერ მოასწრო, წინ არაერთი თებერვალია.
სელექტორი: თეა მიქელაძე
CFCF – Memoryland
კანადელი ელექტრონული პროდიუსერის CFCF მუსიკალურ ჟანრებს შორის კოლაჟური მოგზაურობა, სადაც ჯანგლის, ჰაუსის, აიდიემის, პანკის, პოპისა თუ პოსტ-გრანჟის ელემენტები ერთმანეთთან ჰარმონიულად აჟღერებულ თავგადასავლად გვევლინება. Memoryland-ის მთავარი კონცეფცია ფანტაზიას, რეალობასა და მოგონებას შორის უფსკრულია და ის თუ როგორ ვცხოვრობთ თითოეულ მათგანში დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ალბომი ერთგვარი კინემატოგრაფიული მოგზაურობაა, სადაც მაყურებელსა და მსმენელს შორის საზღვრები წაშლილია. მსმენელი კი თავად არის მოგზაურობის პროტაგონისტი.
Space Afrika – Honest Labour
ღრმა ემბიენთ ტექსტურებითა და Burial-ის მსგავსი ინტიმური მელოდიურობით მანჩესტერული დუო Space Afrika ალბომში „Honest Labour” მსმენელისთვის ემოციურ აკუსტიკურ ველს შლის. ჩანაწერის სახელწოდება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯოშუა ინიანგის ნიგერიული საგვარეულოს წინამძღოლისგან მომდინარეობს და მას ბევრად უფრო სიღრმისეული დასაბამი და აბსტრაქტული ხასიათი აქვს ვიდრე ჯგუფის წინა ალბომებს. Space Afrika აუდიო ჩანახატებს დელიკატური სემპლებით, მელანქოლიური ვოკალური ჩანართებითა და მრავალფეროვანი ინსტრუმენტაციით ავსებს, სადაც დანაწევრებული ფრაგმენტები ამაღელვებლად ინტიმურ მთლიანობას ქმნის.
Eli Keszler – Icons
როგორ შეიძლება ჟღერდეს კარანტინის პერიოდში ხალხისგან დაცლილ და უეცარი სიჩუმით მოცულ მანჰეტენში ხეტიალი? ამერიკელი პერკუსიონისტი და კომპოზიტორი ელი კეზლერი ალბომში „Icons“იმ ყრუ ბგერებსა და ჩუმ ატმოსფერულ ნაკადებს იძიებს, რომელიც პანდემიამდელ ხალხმრავალ ადგილებში აქამდე შეუმჩნევლად იპარებოდა. ალბომის მოსმენის პროცესიც უცნაურად მიმზიდველ, ჩამქრალ ქუჩებში ამაღელვებელ სეირნობას ჰგავს, სადაც არტისტი თავადაა მეგზური და ჯაზის, ელექტრონიკის, სოულის თუ ავანთგარდის მინიშნებებით ათეულობით განსხვავებულ ჟანრში მიგვიტყუებს.
სელექტორი: მარიამ ლეჟავა
Jungle – Loving In Stereo
ბრიტანული ბენდის მესამე ალბომი, რომელიც თქვენი შემდგომი ზაფხულის საუნტრეკადაც აუცილებლად გამოდგება. ნეო-სოულით, დისკოთი და ინდი პოპის შერწყმით შექმნილი კომპოზიციები ოპტიმიზმის საფუძველს მოგცემთ, ვინაიდან იგივე ერთგვარი მიძღვნაა ყველაფერი ახლის დასაწყისისადმი.
Anushka Chkheidze – Move 20-21
სადებიუტო ალბომის შემდეგ, 2021 წელს ანუშკა ჩხეიძე ახალი კომპოზიციების კოლექციით დაგვიბრუნდა. Move-20-21-ში მრავალ მუსიკალურ შრეს შეხვდებით, რომლებიც ერთმანეთთან ოსტატურად არის დაკავშირებული და 90-იანი წლების Aphex Twin-ის შემოქმედებას მოგაგონებთ.
სელექტორი: ნათია სართანია
Arooj Aftab – Vulture Prince
ის, ვინც პირველად მოისმენს არუუჯ აფტაბის ხმას, არასდროს დაავიწყდება მისი ღვთაებრივი ჟღერადობა. 23 აპრილს გამოქვეყნდა ნიუ-იორკში მოღვაწე, წარმოშობით პაკისტანელი მუსიკოსის მესამე ალბომი „Vulture Prince”. ალბომის ცენტრალური კომპოზიცია „MOHABBAT” (ურდუზე: სიყვარული), რომლის ორიგინალური ვერსია გასული საუკუნის ცნობილი პოეტის, ჰაფეზ ჰაშიარფურის ყაზალებთაგან ერთ-ერთის გადამუშავებული ვერსიაა, ალბომში გამორჩეულ თემატურ ადგილს იკავებს. აფტაბის მუსიკა იმდენად მომნუსხველია, რომ ალბომის ბოლოს დარწმუნებული ხარ, რომ მისი სახელი და გვარიც, რომელიც, მუსიკოსისვე განმარტებით, „ამომავალ მზეს“ ნიშნავს, შემთხვევითი არაა.
Mndsgn. – Rare Pleasure
რინგო ანჩეტა, იგივე Mndsgn ლოს-ანჯელესელი ბითმეიქერია, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უკვე სრულფასოვან ვიზიონერ მუსიკოსად ჩამოყალიბდა, სწორედ ამის პროდუქტია ახალი ალბომი “Rare Pleasures”, რომელზეც მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო. ალბომი ინსპირირებულია ყველაფრით რაც რინგოს მუსიკაში მოსწონს, RnB-ით, ჯაზით, ფსიქოდელიითა და საუნდტრეკებით და ერთგვარი მადლიერების გამოხატვაა სამყაროსადმი.
სელექტორი: თინათინ მიქიაშვილი
Prefuse 73 – The Failing Institute of Season No.2
გუილერმო სკოტ ჰერენი, რომელსაც 2000-იანი წლების დასაწყისიდან ექსტრავაგანტულ ბითმეიქერად ვიცნობთ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიური ლეიბლის გარეშე დარჩა, ეს ყველაფერი მას შემდეგ როცა Warp Records-იდან თითქმის დეკადის აქტიურობის შემდეგ გამოუშვეს. თუმცა ამ ყველაფერს მისთვის ხელი არ შეუშლია რომ მუსიკა აქტიურად ეკეთებინა და მის დისტრიბუციაზე თავად ეზრუნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში Prefuse 73-ის სახელით ალბომების სერია წამოიწყო, რომელიც ეტაპობრივად Bandcamp-ზე ქვეყნდება. „The Failing Institute of…“ ესე იწოდება ამ სერიის დასახელება, რომლიდანაც 2021 წელს 3 რელიზი გამოვიდა, წლის ბოლოს სიისთვის კი ბოლოს გამოქვეყნებული „The Failing Institute of Season No.2“ – ამ ალბომს უკვე საერთო აღარაფერი აქვს 20 წლის წინდელ აბსტრაქტულ ბიტებთან და ელექტრონიკასთან, თუმცა ისევე ოსტატურად არის გადმოცემული გაზაფხულის სილამაზე, ოპტიმიზმი და ბუნებასთან კავშირი.
S A D – Children Of The Sun
ვლად დობროვოლსკი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი კომპოზიტორია ბოლო წლების განმავლობაში, მოსკოველი მუსიკოსის ალბომები უკვე ბრწყინავს, Kotä, Muscut თუ Klammklang Tapes-ის ლეიბლებზე, თუმც ამჯერად პროექტ S A D-ის ფარგლებში (ვასილი სტეპანოვთან ერთად) Gost Zvuk-ის ლეიბლზე გამოსულ ალბომზე, „Children Of The Sun” უნდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამ დუეტს ზალიან უყვარს მაგნიტურ ფირებით ექსპერიმენტირება – ამ ალბომში კი ნათლად წარმოგვიდგენენ ფუტურისტულ სამყაროს, ზაფხულის ცხელ პერიოდებს, როდესაც მზე ადამიანებისა და მთლიანი ფლორისტული სამყაროს მაცოცხლებელი ენერგიაა. ალბომში კომპოზიციები კომპლექსური, თუმცა ამავდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომია, შესაბამისად ამ მოლივლივე ხმებში ჩაკარგვა თქვენთვის მომინდვია.
Sam Gendel – Fresh Bread
სემ გენდელი ასევე ჩემი ბოლო წლები მუსიკალური სიყვარულია, ლოს-ანჯელესელი მულტიინსტრუმენტალისტი გიტარაზე და საქსაფონზე უკრავს, თუმცა ჟანრობრივად უამრავ სტილს ფარავს. სწორედ ასეთია შუა პანდემიის პერიოდში Leaving Records-ზე გამოცემული, „Fresh Bread” რომელიც 52 კომპოზიციას აერთიანებს და 4 საათის განმავლობაში გრძელდება. ერთი შეხედვით ეს არა ალბომი, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუსიკოსის მიერ მოგროვებული ჩანაწერებია, სადაც შეხვდებით როგორც თავისფულად მოცურავე ჯაზს, ასევე RnB ბალადებს, ჰიპ-ჰოპ ჩანართებს, ემბიენთს თუ სხვა ექსპერიმენტებს რომლებიც თანამედროვე L.A.-ს მრავალფეროვან მუსიკალურ სცენას გვაცნობს.
Sandro Tavartkiladze – Qotnis Musika
სანდრო თავართქილაძე უკვე 8 წელია სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ქმნის, განსხვავებული პროექტების დახმარებით. მისი ახალი ალბომი „ქოთნის მუსიკა“ აგრძელებს წინას ხაზს და საკმაოდ საინტერესო აკუსტიკური საავტორო სიმღერებს გვთავაზობს.
Carlos Niño & Friends – More Energy Fields, Current
მეოთხე რჩეული ალბომიც ლოს-ანჯელესიდან მოდის. კარლოს ნინო ამ ქალაქის მუსიკალური შემოქმედების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა აგერ უკვე 20 წლია. მეგობრებთან ერთად (მათ შორის სემ გენდელიც იგულისხმება) ახალ ალბომში იგი სპირიტუალურ მოგზაურობაში გვეპატიჟება. მიუხედავად იმისა რომ ნინოს მთავარი ინსტრუმენტი პერკუსიაა, აქ მის გამოყენებას შედარებით ნაკლებად შეხვდებით, ვინაიდან ალბომი სავსეა New Age სინთეზატორების ხმოვანი მანიპულაციით, ბუნების, განსაკუთრებით კი სანაპიროზე ჩაწერილი ხმებით, ოკეანის დამამშვიდებელი ტონით, რომელსაც ჯაზური ინგრედიენტებიც ემატება და საბოლოო ჯამში ტრანსცედენტულ გამოცდილებას ვიღებთ.
სელექტორი: ჯაბა შავიშვილი
BADBADNOTGOOD – Talk Memory
BADBADNOTGOOD-ის რიგით მეხუთე სოლო ალბომი – Talk Memory ინსტრუმენტალის საწყისებში დაბრუნებაა, რომელიც სუნთქვას გავს, იცვლება და ვითარდება სხვადასხვა გარემოში. ლაივ იმპროვიზაციის მოსმენისას გამოწვეული ემოციებით გაჯერებული ალბომი XL records-სა და Inovative Leisure-ზე გამოიცა და აერთიანებს 8 თავბრუდამხვევ კომპოზიციას.
Talk Memory აძლიერებს იდეას, რომ მუსიკა, როგორც საუბარი, კოლაბორაციული და იმპროვიზაციული ხასიათისაა. ალომის კონტრიბუტორები არიან ამერიკელი ინსტრუმენტალისტები Laraaji, Terrace Martin, Brandee Younger, Karriem Riggins და ბრაზილიელი კომპოზიტორი Arthur Verocai.
სელექტორი: ნათია სართანია და სალომე ოთარაშვილი
Nala Sinephro – Space 1.8
რვაგანზომილებიანი მოგზაურობა ანუ კარიბელ-ბელგიელი პროდიუსერის Nala Sinephro-ს სადებიუტო ალბომი Space 1.8.ალბომი წელს Warp Records-ზე გამოიცა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. თავიდან ჩემი ყურადღება ალბმობის ყდამ მიიქცია, პირველი კომპოზიციის მოსმენის შემდეგ-კი მივხვდი, რომ სასიამოვნო ემბიენთ-ჯაზ მოგზაურობაში აღმოვჩნდი არფის, სალამურის და კოსმიური ხმების თანხლებით.ალბომი ერთი ამოსუნთქვით ისმინება და გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
სელექტორები: კატიშა დაშნიანი და სალომე ვარდანაშვილი
Ross From Friends – Tread
ყველასათვის ცნობილი და გასაგები მიზეზების გამო განსხვავებით მიმდინარე წლის პირველი ნაწილისა, მუსიკალური სეზონის ბოლო, ბევრად უფრო დამაინტრიგებელი და მრავალფეროვანი გამოდგა. ამის ერთ-ერთ მკაფიო მაგალითად კი, ახალგაზრდა ბრიტანელი პროდიუსერის Felix Clary Weatherall იგივე Ross From Friend-ის ახალი LP, “Tread” გვესახება.
Flying Lotus-ის Brainfeeder-ზე გამოსული ალბომი, 2018 წელს სადებიუტო “Family Portrait”-ში დაწყებული საქმის, საკმაოდ ღირსეულ და ემოციურ Breakbeat, UK Bass, Future Garage, Ambient და Downtempo ჟღერადობის გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც არტისტი, რომელმაც ბრიტანულ ელექტრონულ სცენაზე საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მუსიკალური თვალსაზრისითა და პოტენციალით ძალიან წააგავს მის გავლენიან წინამორბედებს, Burial-ს, Bonobo-ს, Bicep-ს და სხვებს.
სელექტორები: ავთანდილ სიხარულიძე და ნანუკა ბარნაბიშვილი
Floating Points, Pharoah Sanders & The London Symphony Orchestra – Promises
ბრიტანელი მუსიკოსის, პროდიუსერის, DJ-ის Sam Shepherd-ის (იგივე
Floating Points), ამერიკელი ლეგენდარული საქსაფონისტის Pharoah Sanders
და ლონდონის სიმფონიური ორკესტრის გენიალური კომპილაცია, რომელიც მისი ყველა შესაძლო გაგებით იშვიათი ალბომია. Promisses მუსიკის
აკადემიურ-კონსერვატულ აღქმას და ექსპერიმენტულ, ელექტრონულ სტრუქტურებსთავს ერთად უყრის და სპეციფიურ, სრულიად ახალ ხმას ქმნის. რამდენჯერმე მოსმენის შემდეგ ალბომი “ტკბილდება”.
სელექტორი: DOA-ს რედაქცია სრული შემადგენლობით