ქართული მუსიკის რეალობასთან ძლიერ შელაპარაკებას ველოდებოდი. სხვა ძალები იმდენად სუსტი აღმოჩნდა ულამაზო სინამდვილესთან თვალის გასწორებაში, რომ შემოქმედება იყო საჭირო, განსაკუთრებით მუსიკა.  „ამ ენით ამენ“ იმიტომ კიარაა მაგარი ალბომი, რომ რაღაც მოულოდნელს აღმოგაჩენინებს, ან მგრძნობიარე სტრიქონებით მოგხიბლავს, არამედ იმიტომ, რომ  მიჩქმალულ აზრებთან შეგაფეთებს. დაგიდასტურებს, როცა ფიქრობ, რომ „ირგვლივ რაღაც ისე ვერ არის“ და მოგცემს გამბედაობას, შემოიწმინდო ჭუჭყი, რომელიც გათბობს. ჩემს აღქმაში ალბომში წამოჭრილი თემები 2 ნაწილად იყოფა: 1 – რომლების პრობლემურობაზეც ყველა ვთანხმდებით, 2 – რომლების პრობლემურობასაც ვგრძნობთ, მაგრამ ჯერ არ შევთანხმებულვართ. ამ ორის ერთმანეთში აბლანდვა  ძალიან ეფექტურია შემდეგი მიზეზით:  თუ ერთი სტრიქონის წინ რაღაც სრულიად ცალსახა, შიშველი რეალობა ითქვა, შემდეგ სტრიქონის მოსმენისას ფიქრობ და აცნობიერებ – ესეც ზუსტად იგივე ხარისხის რეალობაა, მაგრამ ჩემს გონებაში შეფუთულია და გაშიშვლება სჭირდება. სიტყვას ერეკლე დეისაძის მუსიკაში ყოველთვის დიდი როლი ჰქონდა, მაგრამ არადროს ამხელა. მადლობა გვეთქმის ქართველ მსმენელებს ამ ძალიან „შესაბამისი“ ალბომისთვის

ავტორი: ქეთი რაზმაძე

————————————————————————————————————————————————

ალბათ გინახავთ ფოტო, სადაც წყლის ანარეკლში ჩანს მიმდებარე პერიმეტრი, ხოლო შემდეგ ფოტოში აღმოაჩენთ კადრს შორი რაკურსით; ეს ერთი შეხედვით ლამაზი ფოტო, სინამდვილეში გუბეში ანარეკლია. დღეს, ნებით თუ უნებლიედ, ყველას ჩვენი ხედვის წერტილი და ახლო კადრი გვაქვს არჩეული, სადაც არსებული სოციალური პრობლემების ფოკუსიდან გაგდებას ვცდილობთ. ალბომის მოსმენისას, ხედვის წერტილში ბრუნდება ის პრობლემები, რომელსაც წესით ისედაც ვხედავთ, მაგრამ აქცენტები გაგვირბის, თვალს ვუხუჭავთ და გვავიწყდება სად ვართ, ან სად გვინდა რომ ვიყოთ. 30 წუთის განმავლობაში, მოისმენთ თრექებს, რომელიც დიდი სურათის ხმას გაგაგონებთ, იმას რაც საკუთარი თვალით ისედაც გინახავთ, გსმენიათ ან პირადადაც შეგხებიათ.

ავტორი: სალომე ოთარაშვილი

————————————————————————————————————————————————

“ამ ენით ამენ” – განხილვა მისი მდინარე რითმებით, ერეკლე დეისაძე ორენოვან სივრცეს ქმნის, სადაც როგორც ფონური მელოდია ყვება ამბავს glitch-ებით სავსე სამყაროზე ტალღოვანი ვიბრაციებით, ისე – ერეკლე, Kay G, Dilla და ჯერონიმო მთავარ მთხრობელებად ჟღერენ ძველი და ახალი სკოლის ქართული ჰიპჰოპის სინთეზურ ველში. ხოლო პროტესტი, როგორც კომპილაციური ალბომის მთავარი ნარატივი, ქართული სოციალური ხმის გამოძახილია და თან სდევს ინდუსტრიის ქარებს, კორპუსებს, ქუჩებს, იმ ადგილებს, რომლებზეც „ამ ენით ამენ“ ყვება, და შინაარსობრივი კვანძიც კიდევ ერთხელ იკვრება.

ავტორი: სალომე ბერძენიშვილი

————————————————————————————————————————————————

 CES-ში ჟურნალისტიკის კურსზე ასეთი ლამაზი ტრადიცია არსებობს: ყოველ ლექციაზე ახალ ალბომს უსმენთ და ალბომის შემდეგ ფიქრობთ და განიხილავთ რა დაგიტოვათ ალბომმა, იქნება ეს განცდა თუ ფიქრი. 

ერეკლე დეისაძის ალბომის “Am Enit Amen”-ის მოსმენაც ზუსტად ასე გადავწყვიტე; ჩავრთე, მოვუსმინე და ვფიქრობდი რა დამიტოვა ალბომმა, მინდოდა გამეხსენებინა მელოდიები, მაგრამ თითქოს თავში არაფერი ტრიალდებდა გარდა კონკრეტული მესიჯებისა და პროტესტის მძაფრი შეგრძნების:

„თავისუფლება კვდება სიღარიბეში“/„ცალცალკე დგომა ყველას ღუპავს“/“ვინ შეაკავებს უცებ მოვარდნილ ნიაღვარს”

იმის გათვალისწინებით, რომ ალბომში საკმაოდ ნათელი მესიჯებია, მსმენელი ამ ალბომს მიიღებს როგორც საპროტესტო მუსიკას, მაგრამ მეორეს მხრივ – ეს ალბომი დაღუპული ქვეყნისადმი მიძღვნილი 30 წუთიანი love song-ია. 

სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ

ავტორი: გვანცა უთურა

————————————————————————————————————————————————

„რომელ მხარეს დგახარ სოციალურ სამართალში?“ – ეს კითხვა ერეკლე დეისაძეს ახალი ალბომის სახელობითი ტრეკიდან „ამ ენით ამენ“ ისმის და კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს.

ალტერნატიული მუსიკის საფუძველი ყოველთვის სოციალური უთანასწორობის და უსამართლობის მიმართ გაჩენილი პროტესტია. ერეკლეც წლებია სისტემის ბრუტალობას საკუთარი ხელოვნებით ებრძვის.

9 წლის წინ თუ ამ პროტესტს პოსტ-პანკ ტრეკით („სისტემა უნდა დაინგრეს“) გამოხატავდა, ახალი ალბომი მთლიანად ჰიპ-ჰოპია და ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ არტისტებთან მრავალფეროვან კოლაბორაციებსაც გვთავაზობს.

ერეკლეს ტონი უკომპრომისო და ხმამაღალია, რაც მკვეთრად განსხვავდება წინა ალბომის („იარე“) ლირიული ხასიათისა და თემატიკისგან.

პირველი ფიქრი, რაც ალბომის მოსმენის დროს გამიჩნდა, იყო: „ეს ახალია? მგონი უკვე მოსმენილი მაქვს“.

რატომ ტოვებს ალბომი უკვე მოსმენილის შთაბეჭდილებას?

არა იმიტომ, რომ ხშირია ასეთი მაღალი ხარისხის პროდუსინგი ქართველი არტისტებისგან, არც იმიტომ, რომ გათამამებულები ვართ შინაარსობრივად შეკრული სრულფასოვანი ალბომებით.

არამედ იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით რომელ მხარეს დგას სოციალურ სამართალში ერეკლე დეისაძე.

ავტორი:  მარიამ ტალიაშვილი

————————————————————————————————————————————————

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *