„პოეზია პაუზაა, პოეზია პაუზაა, პოეზია პაუზაა“ – ისმის რატი ამაღლობელის ხმა მე-7 კომპოზიციიდან და თითქოს მსმენელს ყველა სხვა მოქმედებას აწყვეტინებს.

იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ალბომი, რომელსაც ფონურად მოუსმენთ საყვარელი საქმის კეთების დროს. ეს არის პოეზია, პოეზია კი რუტინული ყოველდღიურობის პაუზაა და ეგოისტურად, თუმცა დამსახურებულად ითხოვს ფიქრების მხოლოდ მისკენ მიმართვას.

მართლაც, რთულია არ მიმართო მთელი ყურადღება ალბომისკენ, რომელზეც ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერმა, გოგი ძოძუაშვილმა და თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა, რატი ამაღლობელმა, იმუშავეს.

ალბომი 12 კომპოზიციისგან შედგება. თორმეტივე განსხვავებულ ისტორიას რატი ამაღლობელი ახმოვანებს და 12 სხვადასხვა ემოცია მოაქვს მსმენელთან.

განსაკუთრებულ კეთილხმოვანებას ლექსების ავტორი ალიტერაციით, მსგავსი თანხმოვანი ბგერების ხშირად განმეორებით აღწევს. ამას ემატება უცნაურად, ზოგ სიტყვაში ორჯერაც კი დასმული მახვილები, რაც რეჩიტატივის ჰიპნოტურ ზეგავლენას განაპირობებს.

შესაძლოა თავიდან შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ალბომში ვოკალია წინა პლანზე წამოწეული და მუსიკა მხოლოდ მის დინებას ემორჩილება.

მაგრამ არა.

სცადეთ, გათიშოთ გონებაში რეჩიტატივი და მოუსმინოთ მხოლოდ მუსიკას. ხელში შეგრჩებათ გოგი ძოძუაშვილის 12 შესანიშნავი ნაწარმოები, 12 შედევრი, რომლებიც დამოუკიდებლად არსებობენ და ყვებიან საკუთარ ამბავს. ალბომის სინთეზური, ჰაეროვანი ჟღერადობა არა მხოლოდ ახლაა თანამედროვე, არამედ კიდევ დიდხანს იქნება რელევანტური.

და თუ მხედველობაში გვექნება ის ფაქტიც, რომ ალბომზე გოგი ძოძუაშვილმა 2000 წელს დაიწყო მუშაობა, მივხვდებით, რომ ავტორმა დროს გაუსწრო და სწორედ ამაშია მისი, როგორც მუსიკოსის გენიალურობა. მან 22 წლის წინ შექმნა ბგერები იმ მომავლისთვის, რომელიც ახლა არის აწმყო და ამ დროში შეესაბამება მსმენელის მუსიკალურ გემოვნებასა თუ სიმწიფეს.

ავტორი: მარიამ ტალიაშვილი

——————————————————————————————————————————————————

ქალაქში წერილი მოვიდა, გოგი ძოძუაშვილის და რატი ამაღლობელის თითქმის 22 წლის წინ დაწყებული პროექტი ალბომად “წრე”  შეიკრა და CES Records-ის მიერ გამოიცა. 2016 წელს, თბილისურ ეზოში გაჟღერებულმა ზოგიერთმა კომპოზიციამ/ლექსმა  ალბომში სათაური იცვალა მაგ. უკუთქმა – პოეზია, აქანა და იქანა – დაფნარი. ალბომი გაჯერებულია პოეტური რითმული თხრობის ფორმებით, ალიტერაციით. ლექსებში გრძნობების ინტენსივობას და სიტყვებს ნოტების კომბინაციით გოგი ძოძუაშვილი აფორმებს. “წრე” ვოკალის, რეჩიტატივისა და მუსიკის თორმეტი მაგალითისგან შედგება. პოეზიის და ელექტრონული მუსიკის სინთეზის ეს ნამუშევარი, მოიცავს როგორც რატი ამაღლობელის მიერ წაკითხულ ლექსებს, ასევე გოგი ძოძუაშვილის სიმღერას.

ავტორი: ნატუკა ბარნაბიშვილი

——————————————————————————————————————————————————

პირადად მე ძალიან მიყვარს მუსიკა, რომელიც მოგონებებს აღვიძებს. ვთვლი, რომ ყველაფერს, რაც ხდება წარსულში თავისი საუნდტრეკი აქვს. გოგისა და რატის ალბომიც ზუსტად ასეთია. კარგად ნაცნობი ძველი და ძალიან საყვარელი.

ალბომში ,,წრე’’ შესული კომპოზიციები ძირითადად 2000იან წლებშია შექმნილი  და თითოეულს მისი ისტორია აქვს. რატის ერთ-ერთ ლექსი ,,იქანა-აქანა’’ სტუდენტობის დროს დაიწერა და’ იმერეთს,  სოფელ  დაფნარს ეძღვნება. Მიზანი კი ის იყო, რომ იმერიზმი პოეზიის მიღმა არ დარჩენილიყო. ლექსად შემონახულიყო სიტყვები, რომელსაც ამ მხარეში იყენებენ.  აღსანიშნავია ისიც, რომ გოგიც იმერეთედინაა. ამიტომაც ერთობლივად შეიქმნა კომპოზიცია, რომელსაც ,,დაფნარი’’ დაერქვა.

პოეზიაზე შექმნილი მუსიკა დღეს უკვე ძალიან ნაცნობია და ერთი შეხედვით ამაში არც განსაკუთრებულია რამე, თუმცა ადრე, როცა მუსიკის შექმნის ეს მოდელი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად ითვლებოდა ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო. ალბომი აერთიანებს სწორედ ამ ვინტაჟურ ჟღერადობას და აცოცხლებს წარსულ პერიოდს, რომელიც ძალიან ძვირფასია მელომანებისთვის.

ექსპერიმენტული, პოეზიასთან შერწყმული მუსიკის ალბომი 12 ტრეკისგან შედგება. თუ გოგის მუსიკა ოდესმე მაინც მოგისმენიათ, თვალდახუჭულიც მიხვდებით რომ თორმეტივე კომპოზიციის ავტორი ის არის.

ავტორი: კატიშა დაშნიანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *