მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივმა „Dancing of Architecture“ მუტანტ რადიოს სივრცეში საქველმოქმედო მუსიკალური მარათონი უკვე მეოთხედ გამართა.

ამჯერად ფოკუსში იაპონური მუსიკაა, რომელიც თავისი ტრადიციული ინსტრუმენტაციითა და პოპის თანამედროვე მგრძნობელობით უკვე მრავალი წელია მსმენელების აღფრთოვანებას იწვევს. ენერგიული J-pop-ით დაწყებული, ინტროსპექციული ფოლკისა და ექსპერიმენტული ნოისით გაგრძელებული, იაპონიის მუსიკალური სცენა თავად ქვეყანასავით მრავალფეროვანია.

ხელობისადმი ქვეყნის მრავალსაუკონოვანი ტრადიციების შესაბამისად, იაპონელი მუსიკოსების უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტექნიკურ ცოდნასა და დეტალების მიმართ ორიენტირებულობას. ამავდროულად კი ქვეყანაში არის ექსპერიმენტირების მუდმივი მზაობა და ინტერესი ყველაფერი ახლის მიმართ.

„Sounds of Japan” იაპონიის მუსიკაში 20 საათიანი მოგზაურობაა, რომელიც ქვეყნის მუსიკალურ მემკვიდრეობას იკვლევს და იაპონიის მრავალმხრივ ბგერით თავგადასავალს გადმოსცემს.

იაპონური როკი (J-rock)

ავტორი: სალომე ვარდანაშვილი

J-rock იაპონური როკ-ენ-როლის ეკლექტური ჟანრია, რომელიც იაპონიაში 1950-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა. თუმცა, ის პოპულარული 1960-იანი წლებიდან ხდება, როდესაც განსაკუთრებით გააქტიურდნენ “Group Sounds” ბენდები, რომლებსაც The Beatles-ს მსგავსი დასავლური პოპულარული როკ ჯგუფების გავლენა ჰქონდათ. J-rock-მა საკუთარი გზა 1980-იან წლებში დაიწყო, visual kei-ს (ანუ ვიზუალური სტილის) ამაღლებით, გლემის, პოპ-როკისა და პანკის უაღრესად თეატრალური მელანჟით, რომელიც თანაბარ აქცენტს აკეთებდა ესთეტიკასა და ჟღერადობა

იაპონური სინთ პოპი, ტექნო პოპი

ავტორი: sTia

იაპონიაში 1970-იანი წლების ბოლოდან და 1980-იანი წლების დასაწყისიდან სინთ პოპი და ტექნო პოპი ჩნდება, როგორც დასავლური ელექტრონული მუსიკისა და იაპონური პოპ კულტურის ფიუჟენი. მოძრაობის წამყვანი ჯგუფები იყვნენ Yellow Magic Orchestra და P-Model, რომლებიც დაეხმარნენ მის პოპულარიზაციას როგორც იაპონიაში, ისე საერთაშორისო დონეზე. იაპონური სინთ-პოპ და ტექნო-პოპ მუსიკას ახასიათებს ელექტრონული ინსტრუმენტების გამოყენება, მიმზიდველი მელოდიები და ფუტურისტული ესთეტიკა. იაპონურმა სინთ-პოპმა და ტექნო-პოპმა ძლიერი გავლენა მოახდინა ბევრ დასავლელ არტისტზე და ეს გავლენა დღესაც ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრში ისმის.

J-Pop

ავტორი: ქუჯი ტაბაღუა

ჯეი-პოპი არ არის ტექნიკური ტერმინი, რომელიც მუსიკის სტრუქტურასა და ხმის სტილზე მიუთითებს. ის ცეკვაზე ორიენტირებული იაპონური პოპ მუსიკაა შოვას ეპოქის შემდეგ. ეს ტერმინი პოპულარული დაახლოებით 1993 წლიდან გახდა და ძირითადად საცეკვაო მუსიკას მოიცავდა. ის გამოირჩევა თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ჩაწერის სპეციფიკური ტექნიკის გამოყენებით.

შიბუიაკეი (Shibuya-Kei)

ავტორი: სალომე ოთარაშვილი

შიბუია-კეი არის პოპულარული მუსიკის მიკროჟანრი, ცნობილი თავისი კიჩი, რეტრო-ფუტურისტული ესთეტიკით, რომელიც გაჩნდა ტოკიოში, შიბუიას რაიონში 80-იანი წლების ბოლოს. შიბუია-კეი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ხიდია იაპონიასა და აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთსა და ბრაზილიას შორის. განსხვავებული და უცნობი მუსიკის პოვნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო როგორც ხელოვანებისთვის, ასევე მიმდევრებისთვის. მუსიკალურ ხაზს ძირითადად ახასიათებს ინტერნაციონალურობა, აერთიანებს ჯაზს, მსუბუქ მუსიკასა და ბოსა ნოვას ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ რეტრო პოპ სტილებთან; 90-იან წლების მუსიკა გამდიდრებულია დაუნტემპო ჟღერადობით, ტრიპ-ჰოპით, კრაუტროკით, ჩიკაგო ჰაუსითა და მადჩესტერით, ზოგიერთი კინემატოგრაფიული ჟღერადობითაც გამოირჩევა.

იაპონური კლასიკური მუსიკა

ავტორი: მარიამ ლეჟავა

მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის გვიანდელ პერიოდში იაპონია დასავლეთისკენ გაიხსნა, დასავლური კლასიკური მუსიკა იაპონური მუსიკალური განათლების ფუნდამენტურ ნაწილად იქცა. მთავრობამ მუსიკალური კურსი დასავლურისკენ მიმართა და „გაგაკუს“ ორკესტრს – იმპერატორის კარის მუსიკოსები, რომლებიც უძველეს ტრადიციულ რეპერტუარებს ინარჩუნებდნენ – დასავლური პრაქტიკების შესწავლა დააწყებინა. მე-20 საუკუნიდან კი კლასიკოსმა კომპოზიტორებმა ტრადიციული იაპონური ჟღერადობებისადმი ინტერესი აღადგინეს და ამით ახალი სიცოცხლე მისცეს იაპონურ კლასიკურ მუსიკას. დღეს, მხოლოდ ტოკიოში 9 სრული ზომის სიმფონიური ორკესტრით, იაპონია კლასიკური მუსიკის ერთგვარი მექაა. სელექცია მოიცავს მე-18 საუკუნის ბოლოდან უახლეს დრომდე დაწერილ იაპონურ კლასიკურ კომპოზიციებს.

სითიპოპი (Citypop)

ავტორი: სალომე ბერძენიშვილი

სითიპოპს არ აქვს მკაფიო მუსიკალური განსაზღვრება. ზოგადად, ეს ეხება პოპ სიმღერებს “დიდი ქალაქის შეგრძნებით”, რომელიც იაპონიაში პოპულარული 1970-80-იან წლებში გახდა. სითიპოპის მთავარი არტისტები არიან: Ohtaki Eiichi, Yamashita Tatsuro, Ohnuki Taeko, Yoshida Minako, Matsutoya Yumi და Takeuchi Mariya. ყველა მათგანისთვის დამახასიათებელია ძლიერი გავლენა დასავლური მუსიკისგან. 1970-იანი წლების შუა ხანებში იაპონიაში მუსიკის პოპულარული სტილები ძირითადად მოიცავდა ტექსტზე ფოკუსირებულ ხალხურ სიმღერებს და Kayokyoku-ს (იაპონური პოპის ადრეული ტიპი). თუმცა, მათგან განსხვავებით, ზემოთ ნახსენებ სითიპოპ არტისტებზე გავლენა იქონია ამერიკული როკ, პოპ და Black მუსიკის სტილებმა. ეს არტისტები დასავლური სტილის ჟღერადობის გამოყენებით პოპ-მუსიკის ორიგინალური იაპონური სტილის შესაქმნელად ექსპერიმენტირებდნენ.

კიოტოს ჟღერადობა

ავტორი: ნინო კახიანი

ისტორიითა და კულტურით მდიდარ ქალაქ კიოტოს მრავალფეროვანი მუსიკალური სცენა აქვს, რომელზეც აისახება მისი ტრადიციული და თანამედროვე გავლენები. ქალაქი ცნობილია თავისი ტრადიციული იაპონური მუსიკით, მათ შორის გაგაკუ, ნოჰ და კაბუკი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. გარდა ამისა, კიოტოს გამორჩეული თანამედროვე მუსიკალური სცენა აქვს, სადაც ხშირად შევხვდებით ჯაზს, როკს და ელექტრონულ მუსიკას. კიოტოს ბგერებში მოგზაურობით აღმოვაჩინე არტისტები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი ექნებათ ჩემს მუსიკაში.

იაპონური მათემატიკური როკი და პოსტ როკი

ავტორი: ნანუკა ბარნაბიშვილი

პოსტ-როკი ძირითადად ინსტრუმენტულ მუსიკის ჟანრს გულისხმობს, რომელიც იყენებს როკ ინსტრუმენტაციას, მაგრამ უგულებელყოფს ტიპურ “როკ” სტრუქტურას. იაპონურ პოსტ-როკში გვხვდება ისეთ ჟანრების ელემენტების კომბინაცია, როგორებიცაა არტ-როკი, ჯაზი თუ ემბიენთი, რაც ქმნის სიღრმისეულ ტექსტურირებულ ჟღერადობებს.

მათემატიკური როკი უფრო ცნობილია ინსტრუმენტული პასაჟებით, ვიდრე ვოკალური მელოდიებითა და ლექსებით. მისი მარტივი ფორმულაა რთული, მაგრამ მელოდიური დრამინგის, მოციმციმე, სუფთა გიტარისა და დამჯდარი ბასლაინების კომბინაცია.

იაპონური ვიდეო თამაშების მუსიკა

ავტორი:  მარიტა გულიაშვილი

მიმზიდველი მელოდიებით, რთული არანჟირებითა და უნიკალური ხმის პეიზაჟებით იაპონურმა ვიდეო თამაშების მუსიკამ მიმდევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოიკრიბა. დაწყებული კლასიკური თამაშების საკულტო თემებიდან (Super Mario Bros. და The Legend of Zelda) დამთავრებული უახლესი სახელებით (Final Fantasy და Kingdom Hearts), იაპონური ვიდეო თამაშების მუსიკა ცნობილია თავისი უნარით გააღვიძოს ძლიერი ემოციები როგორც მოთამაშეებში, ასევე მსმენელებში. კომპოზიტორები – Nobuo Uematsu, Yuzo Koshiro და Koji Kondo – ცნობილები არიან მუსიკის ამ ჟანრში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც კულტურულ ფენომენად იქცა იაპონიასა და მთელს მსოფლიოში.

იაპონური ჯაზი

ავტორი: მარიამ ტალიაშვილი

ზოგიერთის შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯაზის მოყვარული ადამიანი იაპონიაშია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაზი „მტრის მუსიკად“ ითვლებოდა და აკრძალული იყო იაპონიაში, ეს ჟანრი იმდენად პოპულარული გახდა იმისთვის, რომ მისი სრული აკრძალვა წარუმატებელი იქნებოდა.

მსოფლიოში აღიარებულმა იაპონელმა ჯაზ-შემსრულებლებმა იაპონური თავისუფალი ჯაზის გამორჩეული სახეობის შექმნით და ეროვნული ჟღერადობების სინთეზით ჯაზ მუსიკის საკამათო თვისებები გადაფარეს.

ტოკიოს ჟღერადობა

ავტორი: ლიზი მახარაძე

ტოკიო იაპონური მუსიკალური ინდუსტრიისა და მუსიკის განსხვავებული ჟანრების ჰაბია. ქალაქს ძლიერი მუსიკალური სცენა აქვს, დაწყებული ტრადიციული იაპონური მუსიკით, გაგრძელებული თანამედროვე J-pop-ით, როკით, ჰიპ-ჰოპით და ელექტრონული საცეკვაო მუსიკით. ტოკიოდან იღებენ სათავეს მსოფლიოში აღიარებული ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ისაო ტომიტა, რიუიჩი საკამოტო და იოშიო ოჯიმა. როგორი მუსიკაც არ უნდა გიყვარდეთ, ტოკიოში აუცილებლად იპოვით თქვენი გემოვნების შესაფერის ჟღერადობას.

ოსაკას ჟღერადობა

ავტორი: თინათინ მიქიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ჯეი-პოპსა და მის მზარდ გლობალურ სტატუს მომენტალურად უკავშირებენ იაპონიის დიდ ქალაქებს, ამ მხრივ ოსაკა ერთადერთი მეტროპოლისია, რომელიც ამ სტატუსისგან თვითმყოფადობას ინარჩუნებს. იაპონიის სიდიდით მესამე პრეფექტურის დედაქალაქმა მუსიკალური სცენა როკისა და მასთან დაკავშირებული ჟანრების დაუმშავებელი და უხეში სტილის გარშემო განავითარა – კორი ტონკინი. ადგილობრივი პროდიუსერი Magical Mistakes ისაკას აღწერს, როგორც “ადგილს, სადაც ადამიანები უყურადღებოდ დადიან, საუბრობენ განსხვავებული ჟარგონით, ჭამენ იაპონურ სულს=საჭმელს და არიან უფრო ამპარტავნები, ვიდრე ტოკიოელები“.

იაპონური ელექტრონული საცეკვაო მუსიკა

ავტორი: კატიშა დაშნიანი

თანამედროვე ტექნოს იაპონიის ბევრი მართებს. როგორც ტექნოლოგიურად, ისე ჟღერადობრივად ელექტრონული მუსიკის განვითარებაში ქვეყანას უდიდესი წვლილი აქვს. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ 90-იან წლებში იაპონიაში ჟანრის თავდაპირველი ბუმის შემდეგ იაპონურმა ტექნომ დღესდღეობითაც განსაკუთრებული შემოქმედებითი სცენა შეინარჩუნა.

Onkyokei

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

Onkyokei იაპონური ექსპერიმენტული მუსიკის ფორმაა, რომელიც ფოკუსირებულია ხმის ფიზიკური თვისებების შესწავლაზე და არა მუსიკაზე, როგორც გამოხატვის ფორმაზე. ვინაიდან Onkyokei შემსრულებლების ქმედებებს ეფუძნება, ჟანრი განსხვავებულ მუსიკოსებსა და ესთეტიკას აერთიანებს. მიუხედავად ამისა, მუსიკალური წარმოდგენები მინიმალურია, მასში ჩართულია სიჩუმის მონაკვეთები და ხშირად სტოიკური ხასიათისაა.

იაპონური ჰიპ-ჰოპი

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

იაპონური ჰიპ-ჰოპი 1980-იან წლებში წარმოიშვა, როდესაც დიჯეი კრუშმასა და ჰიროში ფუჯივარას მსგავსმა დიჟეებმა ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჩანაწერები იაპონურ კლუბებში შემოიტანეს. ასეთი წარმოდგენების პოპულარობამ იაპონელ არტისტებს – キングギドラ [King Giddra] და スチャダラパー [Scha Dara Parr] საკუთარი მუსიკის წარმოებისკენ უბიძგა. ჟანრის განვითარებაში იმდენად დიდი გავლენა მოახდინეს აღმოსავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპ შემსრულებლებმა, მათგან გამორჩეულად კი ჯგუფმა Beastie Boys, რომ ხშირად ეს მუსიკა არაავთენტურთან ასოცირდებოდა. თუმცა, 1990-იანი წლებში იაპონურმა ჰიპ ჰოპისმა ქალაქის ბრეიქდენსისა და დისკო სცენების მეშვეობით ტოკიოს კულტურაში ღრმად გაიდგა ფესვები.

იაპონური ექსპერიმენტული მუსიკა

ავტორი: ეკატერინა ხარბედია

იაპონიას ძალიან მდიდარი ექსპერიმენტული ანდერგრაუნდ (და არა მხოლოდ) სცენა აქვს. განსხვავებული ჟღერადობისა და ახალი მუსიკალური ფორმების ძიებისას, იაპონელ მუსიკოსებს უყვართ მუსიკალური ექსპერიმენტების ახალ სიმაღლეებზე აყვანა მათთვის ახლობელი ყველა სტილის შერევით – ჯაზიდან კლასიკურ თუ ემბიენთ მუსიკამდე. თითქმის შეუძლებელია 1 საათში ჩაატიო ეს მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო მუსიკის სცენა, რომელიც აყვავებული და წარმატებული განვითარების ათწლეულებს ითვლის.

ანიმეს მუსიკა

ავტორი: ირაკლი სინაურიძე

იაპონური ანიმეს მუსიკა თავისი მომხიბვლელი მელოდიებით, მზარდი ვოკალითა და ეპიკური ორკესტრირებით გამოირჩევა, რაც ძლიერ ემოციურ ფონს უქმნის ანიმაციურ ვიზუალს. საკულტო მუსიკალური საუნდტრეკებიდან, რთული ფონური მუსიკით დამთავრებული, ანიმეს მუსიკას აქვს მუდმივი მიმზიდველობა, რომელიც საზღვრებსა და კულტურებს სცილდება.

იაპონური ფანკი და სოულ დისკო

ავტორი:ხატია გოგრიჭიანი

იაპონური ფანკი და სოულ დისკო 1970- 80-იანი წლებიდან ჩნდება, როგორც ამერიკული ფანკის, სოულის, დისკოსა და ტრადიციული იაპონური მუსიკალური ელემენტების დინამიკური და ინოვაციური სინთეზი. თავისი დაუძლეველი ხმაურიანი გრუვით, მზარდი ვოკალითა და მრავალფეროვანი ინსტრუმენტალით, ჟანრებმა სწრაფად გაიჩინა ერთგული მსმენელი როგორც იაპონიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს იაპონური ფანკი და სოულ დისკო ქვეყნის მუსიკალური მემკვიდრეობის გავლენიანი ნაწილია.

იაპონური ტრადიციული მუსიკა

ავტორი: ლუკა ჩანუკვაძე

იაპონური ტრადიციული მუსიკა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ჰოგაკუ”, ათასწლეულებზე მეტს ითვლის. მისთვის დამახასიათებელია უნიკალური მასშტაბები, ინსტრუმენტები და ვოკალური სტილი. მიუხედავად ტრადიციების მკაცრი გავლენებისა, ჰოგაკუ თანამედროვე ეპოქაშიც ვითარდება და იაპონიის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას გამოხატავს.

იაპონური ნიუ ეიჯი, environmental მუსიკა

ავტორი: თეა მიქელაძე

მშვიდ, მაცოცხლებელ, “სულიერ” და ოპტიმისტურ ნიუ ეიჯ მუსიკასთან იკვეთება, მაგრამ ახალ ჟღერადობას წარმოშობს იაპონური kankyō ongaku, იგივე environmental მუსიკა, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა ბრაიან ინოს, ერიკ სატისა და იაპონიაში კონსუმერიზმის ზრდის გავლენით. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ემბიენთ მუსიკის დასავლური გაგებისა, environmental მუსიკა მიზნად არ ისახავდა არსებული გარემოდან გაქცევის ილუზიის შექმნას, არამედ უფრო მეტიც, სურდა არსებული გარემო შეევსო: მუსიკას კომერციული მიზნები ჰქონდა და უმეტესად იქმნებოდა სავაჭრო ცენტრებისა და მსგავსი დაწესებულებებისთვის, როგორც ფონ-მუსიკა. სელექციის ბოლო ნაწილი ეთმობა Japanoise-ს, noise მუსიკის იაპონური ხაზს, რომელიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და  რომელმაც ყურის წამღებ ხმაურს მუსიკალური დანიშნულება შესძინა. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *