(ციკლიდან – ჩემი მუსიკის გაკვეთილები)

სათაური ცხადია ნიცშეს ალუზიაა. სხვა დანარჩენი ამ ტექსტს ფრიდრიხის არაფერი სცხია.  ჰო, გარდა იმისა რომ… ვიხუმრო ამბიციურად? ნწ. მუსიკაზე გავაგრძელებ

 ხოლო მუსიკა, მგონია, რომ სიტყვამდელია. ანუ როგორც იმ კეთილ ქართულ სიმღერაშია: ,,პირველად იყო…” და ასე შემდეგ. პირვანდელია, რადგან თუ რამე ესმოდა ადამიანს, საკუთარი გულისცემა იყო, ნაბიჯების ხმა, ქვის ქვაზე დაკვრის ხმა, ქარის ხმა. ჰო,ეს იმთავითვე ვთქვათ –  არ ვარ ეგ კაცი, რომელიც მხოლოდ კლასიკას და ჯაზს უსმენს, არამედ პირწავარდნილი ჯონ კეიჯისტი გახლავართ და მგონია, რომ მუსიკა ყველგანაა. და არც კი ვიცი, რა მანძილია, ვთქვათ, ბაროკოდან ვიდრე Dark cabaret-მდე, სად უახლოვდებიან და ესაზღვრებიან და სად პირიქით ან ვინ განსაზღვრავს სიღრმეთა დონეებს და რის მიხედვით. ჰოდა, თუ კეიჯისტი ხარ, თუ სიჩუმეში ჩხრეკ მუსიკას, გია სურამელაშვილთანაც იპოვი. ყველგან იპოვი. კი – Песня-95-ის გარდა.

ვინც სოფლის ან სოფელშერეულ პატარა ქალაქის  ხმებს დადარაჯებია, იცის რამდენიმე მთავარი და გარდაუვალი – წვიმის შემპარავი ხმა თუნუქის სახურავზე თითქოს გამოცდილი მუსიკოსი კონცერტის წინ ფორტეპიანოს კლავიშებს აწყობს და მერეც უცებ ორკესტრი შემოვა – კოკისპირული დასცხებს. ბაყაყების ჯიუტი ყიყინი, რაღაც შორეულ ამბავს რომ ყვებიან და შენ უკვე ისე მიეჩვიე, შინაარსიც გესმის და, თუ შეეშალათ, შეგიძლია გაუსწორო. გზას აცდენილი ტურის ყრუ კივილი და ბუს ძახილი – მარტოობის მანიფესტი. დედლის კაკანი, კვერცხს რომ დადებს და შინ დაბრუნებული ძროხების ბღავილი. ჭრიჭინას თუ ოთახის მწერის გაბმული სოლო – სიზმრების გარეული საუნდტრეკი ზაფხულის ღამეებში. ჭიშკრის ხმა – მეზობელი მოდის. და სხვა მეზობლების ჭიშკრის ხმის იოლი გამოცნობა. მაგრამ  იყო კიდევ ერთი უცნაური, დღეს არამთავარი და მაშინ გადამწყვეტი  – მაგნიტოფონის ხმა სადღაც გაჩერებული მანქანიდან გვიანი გაზაფხულის ნაშუადღევს, ოდნავ მოთენთილი რომ მიწოლილხარ და ნიავი შეღებულ ფანჯარაში შემოაპარებს. მაშინ არც შუქია, არც მაგნიტოფონი გაქვს და არც კასეტები. ხანდახან მეზობელი თუ იშოვის ბატარეებს, მერე კბილებით რომ ღეჭავს გასაცოცხლებად და ცნობილი სერიიდან Союз – 1997 თუ 98 ჩართავს – Бабье лето, ты обманешь, как всегда, Эту осень, злую осень.  მაგრამ ეს იმ ხმას ოდნავაც ვერ შეედრება,  ფანჯრიდან რომ შემოდის : ,,Happy nation living in a happy nation, Where the people understand’’  ასე დაწყობილი ინგლისურით როდი გესმის, მერე საერთოდაც გადმოაგურულებ: „ო, ხაპი მეისხა, დიდი, დიდი ხაპი მეისხა“ და ასე შემდეგ, მაგრამ იმას, რაც გესმის, დიდი და შეუცნობელი მისტიკა მოაქვს, ტკბობის და მიუწვდომლობის. გინდა, რომ ის მანქანა შენი იყოს, ის მაგნიტოფონიც, ის კასეტაც და  გინდა, რომ გადმოახვიო და და თავიდან მოუსმინო: Happy nation, living in a happy nation და ნიავი ფანჯარას ხურავს, როგორც ეს ბანალურ, მაგრამ აუცილებელ ფილმებშია. 

ასე დაიბადა ჩემთვის მუსიკა.

ახლა ბარემ წვიმის ხმაზეც ვთქვათ.  უფრო კონკრეტულად – ინებეთ პატარ-პატარა ჯაზური ალუზიები ამ ხმაზე.

სამი კომბინაცია ვიცი:

ერთი თქეში წვიმაა. თხროშო. თხრიშინა. შიფერზე. მანდ ორივე წვიმის ხმა ცალ-ცალკე მიდის. ფორტეპიანოსიც და დრამისაც. ორივე არეულ-დარეული და ქაოსური. ეგ არის გადარეული სესილ ტეილორის და დაუკოებელი მაქს როუჩის ერთი ერთობლივი კონცერტის მონაკვეთი.

მეორე წვიმა შერეულია. პირველი რბილი ფენაა წყლის – მონოტონური. მეორე – ხრიგინა და ფრაგმენტული. Take Five – საბაზისო თემა თუ გახსოვთ – აი, კლასიკური ვერსია. ერთი მხრივ დეივ ბრუბეკის ბგერის წონით თანაბარი, ლამის ცივსისხლიანი დდნ-დდნ-დდნ და მეორე მხრივ დარტყმული ჯო მორელოს დასარტყამი ინსტრუმენტი. ეს არის მეორე წვიმა.

მესამე წვიმა სინქრონია. აი, დაახლოებით მონტი ალექსანდერი და ჯეფ ჰამილტონი. მაგრამ მასეთი წვიმა იშვიათია, უფრო ზამთრისაა და თოვლად იქცევა ხოლმე.

აი, ეს იყო პირველი თავი. დანარჩენი შემდეგ ვილაპარაკოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *