არის ასეთი გაქართულებული ზმნად ქცეული სახელი: გაჯაზება. ორიათასიანების გარიჟრაჟზე დიდად მოდური. ეს სიტყვა კი მუსიკიდან ისესხა, მაგრამ ცხოვრებამ ყველაფერს მიუსადაგა. თუ მაინცდამაინც წინაპრის დაძებნა გვინდა, უფრო საქმის გახურებას გულისხმობს, მისი შთამომავალია, ოღონდ იმპროვიზირებულ გახურებას. აი, ერთ თემას რომ შლის მოლაპარაკე, სხვაგან მიდის და თან რომ მოჰკითხო, იგივეზე გესაუბრება.
ეს რომ გაიგო, თვითონ ჯაზს უნდა მოუსმინო.
ვიცით, ეგებ ვიღაცისთვის კიდეც მოყირჭებული სტანდარტები, ვთქვათ Take Five ან Caravan , რომელთაც, ვინც რომ დიდმა ხელი მოჰკიდა, სულ სხვა საზღვარი მოუსინჯა, მაგრამ არის ისეთებიც, სადაც ძირითადი თემა რთულად შესამჩნევია, ზოგჯერ სულაც შუაში ან ბოლოსკენ გაიქროლებს რამდენიმე წამით და უნდა წაუსწრო და დაიჭირო.
ასეთია მაგალითად დიდებული ავსტრალიური ჯაზ-ჯგუფის The Necks -ის კომპოზიცია Signal. ეს არის ერთი საოცარი გაბმა ფორტეპიანოს ყინულიანი ინტეგრალებით, სადაც მხოლოდ ერთხელ შემოგაპარებენ მელოდიურ სტანდარტს – 1.16 წუთსა და 1.22 წუთს შორის და მერე ხშირად უახლოვდებიან და სულ გატყუებენ – სხვაგან გარბიან და ხახამშრალს გტოვებენ. განა ეს სხვაგან ნაკლებ მშვენიერია. შეიძლება პირიქითაც. უბრალოდ თამაშის წესია ასეთი, რომ სულ იმ შვიდ წამზე გაფიქრებს.
ასეთია იგავური გურუს, დიუკ ელინგტონის ჩაკვრა 0.9 წამიდან ვიდრე 0.12 წამამდე მგრძნობიარე Prelude to a Kiss – ში. ამ კომპოზიციის ორი ვერსიაა. მე იმაზე გესაუბრებით, სადაც წამყვანი კლავიშია. ეს ჩაკვრა კიდევ ორჯერ შემოგხვდება, ოღონდ ძალიან უნდა ჩაუსაფრდე, რომ იგრძნო.
ასეთია Tingvall Trio – ს Pinocchio , სადაც ჯგუფი უფრო ხანგრძლივ საცდურს გთავაზობს, ლამის ნახევარწუთიანს, დაწყებულს სადღაც პირველი წუთიდან და მერე სამუდამოდ მივიწყებულს. მაგრამ რატომ სამუდამოდ. აბა, გასინჯეთ 3.31 წუთიდან ვიდრე 3.37 წუთამდე. ეგ არის.
ასეთია ღვთაებრივი ჯონ კოლტრეინის – Equinox. ბუნიობის ამბავი, მკაცრი შესუნთქვებით და თავისუფალი ამოსუნთქვებით. მანდ დასაწყისშივე უნდა დაძებნოთ სტანდარტის გემო, წუთებს მე არ გეტყვით – თუ ჯაზური სადიზმია, სადიზმი იყოს.
სხვაც არის, ბევრი არა, მაგრამ საკმაო ეთქმის. ოღონდ დანარჩენი თქვენზე იყოს. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ.