გრემის დაჯილდოება „საუკეთესო მსოფლიო მუსიკის“ კატეგორიას სახელს უცვლის.
კატეგორიას ამიერიდან „საუკეთესო გლობალური მუსიკა“ ერქმევა და როგორც Recording Academy-ში აცხადებენ, ეს არის უფრო თანამედროვე, შესაფერისი და არა-კოლონიალისტური ჟღერადობის ტერმინი.
“ჩვენ ვაგრძელებთ ჭეშმარიტად გლობალური აზროვნების მიღებასა და წარმოჩენას… ზაფხულის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები არტისტებთან, ეთნომუსიკოლოგებთან თუ ლინგვისტებთან მთელი მსოფლიოდან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განვაახლოთ კატეგორიის დასახელება. ამ ცვლილებით ვემიჯნებით გავრცელებულ „არა-ამერიკულ“, კოლონიალისტურ ტერმინს და მეტად ვადაპტირდებით კულტურულ ევოლუციასთან, ფეხს ვუწყობთ მრავალფეროვანი მუსიკის ტენდენციებს.
ტერმინი „მსოფლიო მუსიკა“ თავდაპირველად გამოიყენეს 1987 წელს დიდ ბრიტანეთში, რათა ხელი შეეწყოთ არადასავლური წარმომავლობის არტისტებისათვის თავის დამკვიდრებაში. „გრემის დაჯილდოებას“ კი საუკეთესო მსოფლიო მუსიკის კატეგორია 1992 წლიდან დაემატა. გამარჯვებულებს შორის არიან ინდოელი რავი შანკარი, ბრაზილიელი ჟილბერტო ჟილ, „ჯიფსი კინგსი“ საფრანგეთიდან, სამგზის ჯილდოს მფლობელი და ამ წლის გამარჯვებული ანჟელიკა კიჯო ბენინის რესპუბლიკიდან და სხვები.
უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა ტერმინი „მსოფლიო მუსიკის“ გამოყენება. მაგალითად, The Guardian-მა 2019 წლის ივლისიდან შეწყვიტა არადასავლური მუსიკის „მსოფლიო მუსიკად“ მოხსენიება და ამის სანაცვლოდ აკუთვნებს მათ უფრო კონკრეტულ ჟანრობრივ აღწერებს, როგორებიცაა „პოპი და როკი“, „ელექტრონული მუსიკა“ და ასე შემდეგ.
ტერმინის გამოყენება შეწყვიტა ბრიტანულმა მუსიკალურმა ფესტივალმაც “Womad”. “ჩვენ გვესმის, რომ „მსოფლიო მუსიკა“ ბევრ არტისტს განყენებულად აგრძნობინებს თავს, მიჯნავს მათ საერთო ჯგუფიდან. პატივს ვცემთ ამ ტერმინს, ის ჩვენი მემკვიდრეობაა, მაგრამ დროა განვითარების, რადგან თავად მუსიკაც ვითარდება“ – აცხადებს ფესტივალის დირექტორი კრის სმიტი.
პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების ისტორიაში ეს პირველი ცვლილება არ არის. ივნისში Recording Academy-მ გამოაცხადა, რომ საუკეთესო ურბანული თანამედროვე ალბომის კატეგორიას „საუკეთესო პროგრესული R&B ალბომი“ დაერქმეოდა. რადგანაც სიტყვა „ურბანული“ უარყოფით ასოციაციებს იწვევს „შავი მუსიკის“ აღწერისას.
აკადემიის თავმჯდომარე ჰარვი მეისონი აღიარებს „რამოდენიმე არასასიამოვნო ინციდენტს“ ამ ტერმინთან დაკავშირებით. Tyler, The Creator, რომელმაც 2020 წელს გრემი აიღო საუკეთესო რეპ ალბომისთვის, აცხადებს/; „არ მომწონს სიტყვა „ურბანული“. ეს იგივეა, რომ პოლიტკორექტულად მიწოდო N****”.
თუმცაღა აკადემია აგრძელებს ტერმინი „ურბანულის“ გამოყენებას ლათინურ მუსიკასთან მიმართებაში, რაც მოიცავს საუკეთესო ლათინური პოპისა და ურბანული ალბომის ჯილდოებს.
2021 წლის გრემის დაჯილდოების ნომინაციები 24 ნოემბერს გამოცხადდება.
ავტორი: მარიამ ტალიაშვილი