8 წლიანი პაუზის შემდეგ Boards Of Canada ახალი ალბომით, სახელად ‘Tomorrow’s Harvest’ დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობენ, ეს წლები ალბომზე მუშაობასა და ბუნებასთან სიახლოვეში გაატარეს, რაც მსმენელს პირველი მოსმენისთანავე შეუძლია შენიშნოს. ალბომის პირველი წამები ფილმის დასაწყისს ჰგავს, რომლის სიუჟეტს, ადგილ-მდებარეობასა და პერსონაჟებს ალბომის მოსმენის დროს უკვე თავად მსმენელი წყვეტს.
ჩემი პირველი ემოციები, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ალბომის ქავერს ემთხვევა. ფოტოზე მკრთალი სან ფრანცისკო ჩანს, რომელიც ქაოსურია და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს, შენ კი მისგან შორს, იქ დგახარ საიდანაც კადრია გადაღებული და იცი, რომ შეგიძლია ისიამოვნო სიმშვიდით და დატკბე ამ წამით, რადგან ქაოსში დაბრუნება, ანუ დაუბრუნდე ჩვეულ ცხოვრებას, მაინც გვიწევს. ყველაფერ ამასთან ერთად, ალბომს აქვს უცნაური სიმსუბუქე, რომელიც არ გაძლევს საშუალებას იმ მოგონებებსა თუ ემოციებს აჰყვე, რასაც თვითონვე გიღვიძებს და დროდადრო გიბიძგებს კიდეც მათკენ. ეს სიმსუბუქე კი, ვფიქრობ, ზუსტად იმ წლების დამსახურებაა, რომლებიც დუეტმა ურბანული და გადატვირთული ცხოვრებისგან შორს გაატარა.
რთულია არ მოგხვდეს თვალში ტრეკების სათაურებიც. “Nothing Is Real”, “Split Your Infinities”, “Reach For The Dead” – ეს სახელები საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იმ წლების განმავლობაში, როცა ალბომზე მუშაობდნენ, აქტიურად ფიქრობდნენ საკითხებზე, რასაც ობიექტურად ვერ განსჯი, ერთი შეხედვით პოზიციებს ვერ დააფიქსირებ და ჭეშმარიტ სიმართლედ ან პირიქით, აბსურდად ვერ განიხილავ. ეს ფაქტი კი მსმენელის გონებას აძლევს სრულ თავისუფლებას, მოუსმინოს და მიიღოს ისე, როგორც თვითონ სურს, განიხილოს, როგორც ფილმის საუნდტრეკი, სადაც მთავარ როლში თვითონაა თუ მუსიკას მისცეს სადავეები ხელში და ამართვინოს საკუთარი ემოციები.
ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში ღირს ალბომის მოსმენა. ან უბრალო ბექგრაუნდ ალბომად, რომელიც ჩვენს ყურადღებას არ გაფანტავს და საშუალებას მოგვცემს სხვა საქმეც ვაკეთოთ, ან კი მთელი გონების დაკავების მიზნით, რეფერენსების ძიებითა და გამოყენებულ საუნდებზე წასაკითხი არტიკლებით, რის საშუალებასაც ალბომი უდავოდ იძლევა.
ავტორი: მარიტა გულიაშვილი
Boards of Canada – წლების წინ დარგული ხვალინდელი მოსავალი
თუ BOARDS OF CANADA თქვენი ფავორიტი დუოა და მათ ალბომებს ხშირად უსმენთ, ახალს ვერაფერს გეტყვით. თუმცა ვფიქრობ, 2013 წელს გამოსული Tomorrow’s Harvest მათ სხვა ალბომებთან შედარებით უფრო მძიმე ბგერებითაა გაჯერებული და უფრო ემოციურიცაა. Trans Canada Highway-ს (2006) შემდეგ თითქოს დიდი ხანი გავიდა, Tomorrow’s Harvest კი ფანებისთვის ძვირგასი საჩუქარი აღმოჩნდა.
90იან წლებში ახლებურად შექმნილი კომპოზიციები მსმენელს მუსიკის სახლის სიმყუდროვსთან განუშორებლად მოსმენას სთავაზობდა. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებდა დუოს მუსიკალურ ჟღერადობასაც. ამ ალბომში ძირითადად ვხვდებით ნელ ტემპს, ნაკლებად არის გამოყენებული პერკუსიული ხრიკებიც. კომპოზიციებში შევხვდებით უცნაურ ვოკალს, სინთეზატორებს რომელიც აკურატულად არის შეხამებული ზარებთან და სიმებიან საკრავებთან. თუმცა მრავლადაა ბგეერები, რომლებიც გაიძულებს დინაბას მიჰყვე. ემბიენთი, იდუსტრიული ჟღერადობა გონებაში თავის ადგილს იკავებს და რთულია დაივიწყო.
თავდაპირველი მოსმინიას ალბათ გვიფიქრია, ხომ არ არის ეს საუნდტრეკი? ასეთი აზრი მიზანშეწონილია, ალბომი ხომ ფილმის მუსიკის გავლენითაა შექმნილი და სწორედაც სხვადასხვა სცენის მიღმა გამოგზაურებს. თავდაპირველი მოსმენისას შესაძლოა რომელიმე თამაშისთვის აკირა იამაოკას მიერ შექმნილი მუსიკასაც კი გეგონოთ. ან ხომ არ გავს ის ბრაიან ენოს ემბიენთ მიქსს?
რივიუებში ვკითხულობთ სხვადასხვანაირ შეფასებას, ზოგი ფიქრობს რომ ეს ალბომი სხვებზე უკეთესია, ზოგიც კი პირიქით, ყველაზე ნაკლებად გამოარჩევს მას. თუმცა წლების შემდეგ ამ ალბომის ხელახლა მოსმენისას, როცა დაცლილები ვართ ყველანაირი განსაკუთრებული მოლოდინებისგან, მკაფიოდ და ზუსტად შევიგრძნობთ მასში არსებულ ჟღერადობებსა და იდეას.
ავტორი: კატიშა დაშნიანი
რვა წლის ლოდინის შემდეგ მოპოვებული, იდუმალებით სავსე ალბომი. Boards of Canada – ბრიტანული ელექტრონული დუეტი გამორჩეულია თავისი ურთიერთობით მათ გულშემატკივრებთან. მათი შემოქმედება ყოველთვის იყო იდუმალებით მოცული, რთული მოსაპოვებელი და მგრძნობიარე თემებზე კონცენტრირებული, როგორიცაა, ბავშვობა, სრულწლოვანების ფაზაში გადასვლა და ნოსტალგია.
2013 წლის 20 აპრილს მეექვსედ აღინიშნებოდა გლობალური Record Store Day, ეს დღე აღნიშნავს limited edition-ის მასალის გამოშვებას ცალკეული აუდიო და ვიდეო მაღაზიების მიერ. ეს იყო დღე, როდესაც იდუმალებით მოცული Board of Canada-ს LP აღმოაჩინეს. არტისტები ყოველთვის იყენებენ სხვადასხვა რიცხვებს კოდებად, რომლებიც მიანიშნებს მათ ფანებს ახალი მუსიკალური აღმოჩენებისკენ. სხვადასხვა კომპიუტერული კოდების გაშიფვრისა და მათი გაერთიანების შედეგად 2013 წლის 10 ივნისს Board of Canada-ს გულშემატკივრებმა შეძლეს, ფარდა აეხადათ მათი ახალი ალბომისთვის – Tommorow’ Harvest.
როგორც დუეტის ერთ-ერთი წევრი, Marcu Eoin, აღწერს, ეს ალბომი ხაზს უსვამს აოხრების სილამაზეს, იწვევს მსმენელს, დაინახოს მშვენიერება, სამყაროს განადგურების შედეგად მიღებულ სიცარიელეში. ის აღნიშნავს, რომ ეს ალბომი პარადოქსულად აერთიანებს სიცარიელის სხვადასხვა ფაქტორებსა და შედეგებს, ის არ არის მხოლოდ მძიმე ემოიციების მატარებელი. ალბომის ემოციური კომპლექსურობა განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მსმენელის თავგადასავალს. თავისთავად, განადგურების შედეგად მიღებული სიცარიელე და ამის გამოხატულება მუსიკაში ქმნის აპოკალიფსურ განწყობას, რომელიც სხვადასხვა დონეზე გასდევს მთელ ალბომს.
ალბომის დასაწყისიდან მსმენელს უჩნდება კინემატოგრაფიული ასოციაცია. ერთდროულად ალბომის გაშლილი ჟღერადობა და გაშიშვლებული გრძნობები, მსმენელს ემოციურ ქაოსში აგდებს. ალბომი ერთ მთლიან ამბავს ჰყვება და დამოუკიდებელი ტრეკი მთლიანი ალბომის მოსმენის გარეშე კონტექსტიდან ამოვარდნილი, დაუსრულებელი ამბავია. თითქოს, ალბომის პირველი ნაწილი გამოხატავს მოჩვენებისგან აკლებულ გაუდაბნოებულ ქალაქს, რომელიც ნელ-ნელა თავის ისტორიას გვიყვება და გვანახებს, თუ როგორ დარჩა მარტო.
დუეტის გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ეს ალბომი არ სთავაზობს მსმენელს ახალ ტექნიკებსა და იდეებს, მან უფრო გააღრმავა ამ არტისტებისგან უკვე მოწოდებული ჟღერადობა და იდეოლოგია. ეს იდეოლოგია წარსულის ნოსტალგიურ ბიძგს იწვევს. ყველანაირი ხმა, ჟღერადობა, რასაც არტისტები იყენებენ: მელოდიური და რიტმული მოტივები, გაფანტული ადამიანის ხმები, ბუნებრივი ზედაპირები, უკიდეგანო და ქაოსურ გარემოცვაში იშლება. როგორც არტისტები აღნიშნავენ New York Times-ის ინტერვიუში, მათი მიზანი იყო უკაცრიელი სამყაროს დახატვა, ამ მიზნის მისაღწევად მათთვის მნიშვნელოვანი იყო ნოსტალგიის გაღვივება, მათ გამოიყენეს მუსიკალური მოტივები და ელემენტები, ნაცნობი, მაგრამ ძველი ფილმებიდან. მათი განზრახვა იყო კონკრეტული მოგონებების გამოღვიძება მუსიკის უნიკალური ძალით.
ემოციური მანიპულაციისთვის მზად უნდა იყოს მსმენელი ალბომის პირველი წამიდანვე. არტისტებმა ეს მიზანი წარმატებით შეასრულეს და შექმნეს პარალელური რეალობა, რომელიც სავსეა სიცარიელით, მაგრამ ალბომი ისეა შედგენილი, რომ მსმენელს ამ მუსიკალური სიცარიელის მოსმენაც უწევს და ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი ემოციური გავლენა აქვს ჩუმ ქაოსს.
როგორც არტისტები აღნიშნავენ, მათ ინტერვიუში, ისინი თითქმის ერთდროულად წერენ ტრეკის სათაურსა და თავად ტრეკს და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სათაურს დიდი დატვირთვა აქვს, არ უნდათ კონკრეტული მნიშვნელობით მსმენელის შეზღუდვა.
Gemini – მონოტონური რიტმი, განმეორებითი რიტმული წრეები, მუდმივად იზრდება ემოციური და მუსიკალურ ინტენსივობა, მსმენელს უქმნის სწორ განწყობას, თუ როგორი მოგზაურობა ელის ალბომთან ერთად.
Read for the Dead – რამდენიმე მუსიკალური შრე იქმნება, სხვადასხვა მიმართულებით შემოდის, ტრეკში ჩნდება შედარებით მაღალი რეგისტრიც, რომელიც ემოციურად უფრო მგრნობიარეა. პირქუში, უსიამოვნო გარემოცვა, კონტრასტულია განმეორებადი დრამის შემოსვლებთან, რომელიც კულმინაციას აღწევს რეალურ, მკაფიო ბითზე.
White Cyclosa – უხეში სიგნალი, ორკესტრის იმიტაცია, კიდევ უფრო ძლიერი ასოციაცია კინო-მუსიკასთან. შედარებით სტატიკური ბანი და დაშლილი აკორდები.
Jacquard Causeway – შემოდის კითხვა-პასუხი სხვადასხვა მუსიკალურ ხაზებთან, უფრო მეტი მუსიკალური და იმპროვიზაციური თავისუფლებაა. რიტმულად ისევ განმეორებითი და ციკლურია.
Telepath – ალბათ ყველაზე სევდიანი ტრეკი, სევდიანი მელოდიით ამ ალბომში. ისმის ცოტა მოგუდული ხმა, რომელიც მონოტონურად ითვლის. მათთვის ვინც იცის ამ ალბომის გაშიფვრის ისტორია და კონკრეტულ რიცხვებთან ამ არტისტების კავშირი, ეს ტრეკი ამძაფრებს იდუმალებას და შესაძლოა, ახალ მინიშნებებსაც აჩენს.
Cold Earth – ეს ტრეკი კიდევ უფრო აციებს გარემოს, ამასთან ერთად აქტიურდება რიტმი, შემოდის ახალი, ექოს მსგავსი მოტივი.
Transmisiones Ferox – შემთხვევითი რადიო-სტატიკური ხმები, ქარის ეფექტით უფრო ქაოტურს ქმნის. ასევე ამ ტრეკს კიდევ უფრო შორს გაჰყავს მსმენელი გარემოში.
Sick times – მელანქოლიური ტრეკი, ჰარმონია უფრო სწრაფად იცვლება, რაც ემოციურად უფრო მგრძნობიარეს ხდის მსმენელს, და ნაკლები დაცულობისა და სიმყარის შეგრძნება ჩნდება.
Collapse – ამ ტრეკში ჩემთვის ყველაზე უფრო მეტად არის გამოკვეთილი მელოდია. ხმაურიდან ამოსული რიტმული ციკლი, თითქოს ერთმანეთს ებრძვის გარემოში გაფანტულ ჟღერადობას.
Palace Posy – ჩემთვის ყველაზე საინტერესო ტრეკი იყო, სხვებთან შედარებით მუდმივად იგება ჰარმონიული და მელოდიული მუსიკალური გზა. ჩემთვის მელოდიური ხაზი არის გარემოში ძალიან გაწელილი, რომელიც საინტერესო დროის შეგრძნებას უქმნის მსმენელს.
Split your infinities – უფრო აქტიური რიტმი, გაძლიერებული გაფანტულობის შეგრძნება, ემოციური ინტენსიფიკაციის მუდმივი და ნელი ზრდა.
Uritual – ძალიან საინტერესო ატონალური მასალები. ძალიან მისტიკური და ქრომატიული. ეს ტრეკი ჩემთვის მუსიკალურად ყველაზე მგრნობიარე და ემოციურად მდიდარია. ქრომატიული ამოოხვრები და ქარის მსგავსი გარემოში გაფანტული ხმები, კიდევ უფრო აძლირებს ალბომის უკაცრიელობის განცდას.
Nothing is Real – გასაოცრად სასიამოვნო, და ნაკლებად მძიმე მუსიკა. უფრო მეტად აკორდული, უფრო ტონალური. ჩემთვის ეს ტრეკი ასოცირდება შემდეგ წარმოდგენასთან, თითქოს მოგზაურმა ამ უკაცრიელობაში იპოვა ძველი MP3 Player, რომელიც გადაურჩა აპოკალიფსს და შემოიტანა მანამდელი ნათელი ფერები ალბომში.
Sundown – ისევ უბრუნდება გაფანტულ, საშიშ სივრცეს, თითქოს ეს სივრცე მაინც შევსებულია შედარებით სრული და თბილი ფერებით.
New Seeds / Come to dust – მე- 15 და მე-16 ტრეკი – შედარებით აქტიურია, ისევ ნათელი ფერები შემოდის, მელანქოლიური აკორდული თანმიმდევრობით. განსაკუთრებით აქტიურია New Seeds, თითქოს ესეც იწვევს აპოკალიფსამდელ მოგონებებს. Come to Dust უფრო მუქ ფერებს გვაჩვენებს, და ისევ მელანქოლიით არის სავსე.
Semena Mertvyhk – და ბოლო ტრეკი, თითქოს გვახსენებს რომ მთლიანი გამოცდილება მაინც დამანგრეველი იყო, კიდევ უფრო ამუქებს ბნელ ფერებს და მსმენელი კიდევ უფრო ღრმად ჩაყავს ემოციებში. ძალიან მდორე მოძრაობაა, რომელიც იძულებულს ხდის მსმენელს, გაჰყვეს და ჩაეშვას ამ უკიდეგანო ემოციურ მანიპულაციაში. და ბოლოს, ეს მძიმე და ღრმა ემოციური გამოცდილება უეცრად არსად ქრება.
ამ მგრძნობიარე მოგზაურობას, იმ შემთხვევაშიც თუ პირველი შეხვედრაა Board of Canada-სთან, მაინც ზუსტად იმ ემოციური მიმართულებით მიჰყავს მსმენელი, რომელიც არტისტებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ამ ალბომის მოსმენისას, უნდა იყოთ მზად მისტიკურობის, უკიდეგანობის, ნოსტალგიისა და ემოციური მანიპულაციისთვის. არტისტები ბოლომდე იყენებენ მუსიკის სუპერ ძალებსა და ყველა მიმართულებით გეგმავენ თქვენს მოგზაურობას.
ავტორი: ანა ვაშაყმაძე
მისტიური, სენტიმენტალური, შფოთვითა და სევდით სავსე ნამუშევარი.
დაახლოებით ასე შეიძლება შეფასდეს შოტლანდიური დუეტის Boards of Canada-ს მიერ 2013 წელს გამოცემული ალბომი Tomorrow’s Harvest.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მუსიკა ემოციურად და აღსაქმელად საკმაოდ ინდივიდუალურია და ამა თუ იმ კომპოზიციის მოსმენისას სხვადასხვა ადამიანს შეიძლება სხვადასხვაგვარი ემოცია დაეუფლოს, მთავარი ალბათ ის არის, რომ ეს ალბომი ნამდვილად არის იმ შემთხვევათაგანი, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ და აუცილებლად დაგიტოვებთ სათქმელსა ან საფიქრალს …
ავტორი: ავთანდილ სიხარულიძე
პირველად რომ მოვისმინე შოტლანდიური ელექტრონული დუეტის Boards of Canada-ს ბოლო ალბომი- „Tomorrow’s harvest”, ჩემი ქალაქი დავინახე შორიდან: ნისლში ჩაძირული, ზუსტად ისე, სან-ფრანცისკო რომ ჩანს ზემოთხსენებული ალბომის გარეკანზე. ალბათ მარკუს და მაიკ სენდისონებს რომ სცოდნოდათ, როგორ გამოიყურება ჯეოსთილის ქარხნის მილებიდან ამოხველებულ ნისლში გახვეული რუსთავი თბილის-რუსთავის გზატკეცილიდან, სანფრანცისკო და მისი ცათამბჯენებზე მოხტუნავე კონტური საერთოდაც არ გაახსენდებოდათ. გადაიღებდნენ ჩემს საყვარელ, დესტრუქციულ ქალაქს თავისი ნაცსრიფერი სიმეტრიულობით და რამდენიმე მხრჩოლავი მილით, ქალაქის ერთფეროვნებიდან რომ არიან ამოზრდილი.
ალბომის მოსმენამ სახლი და მასთან დაკავშირებული სენტიმენტები, რომ გამახსენა გასაკვირი არაა, იმის გათვალისწინებით, რომ “Tomorrow’s harvest”-ში ნოსტალგიას საკუთარი ტემბრი და ხმა აქვს, საუბრობს, გელაპარაკება და გიყვება წარსულსა და აწმყოზე. მერე უცებ ხვდები, რომ ეს ხმა გარედან კი არ შემოდის, არამედ, შენშივე იბადება და მთელი 1 საათის განმავლობაში გაქვს იმის შეგრძნება, რომ მუსიკის ტალღები შენივე სხეულის მიკროსამყაროდან ვრცელდება, ვრცელდება და ალღობს იმ კედელს, რომელიც გარემოსგან გამოგყოფს.
ალბომის გენიალური 5 წამიანი შესავალი სამსუნგისა და ნოკიას გასაშლელი ტელეფონებისა და ვიდეო თამაშების იმ სტარტაპ მელოდიას ჰგავს, ბავშვობაში რაღაც კარგის და საინტერესოს დაწყებას რომ გვაუწყებდა ხოლმე. “Gemini” თავისი სპირალურობით, ვერტმფრენის ხმებით და ბგერათა გრუნტისებრი შრეებით, „Cold earth” და „White chyclosa” ხმების ფოლადისებრი ფაქტურითა და მელოდიად დაღვრილი მელანქოლიით, მგონია, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ კაცობრიობიაზე გვიყვება – გვიყვება თანაგრძნობითა და სინანულით… მონუმენტური, ძვალ-რბილში გამჭოლია „Reach for the dead”, რომელშიც ტრაგიზმი, გაუცხოება, შიში და ლირიზმი ერთმანეთშია გადახლართული. ასეთი კონტრასტი ხასიათებს შორის, ვფიქრობ, რომ „Tomorrow’s harvest”-ის მთავარი მუსიკალური ღირსებაა. თუ „Nothing is Real” თავისი ჰარმონიულობითა და 90-იანების ჰიპ-ჰოპ ბითით nujabes-ის სიზმრისეულ, ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის, „Collapse”- რკინისებრ არპეჯიოებში სამყაროს დასასრულია აღბეჭდილი და მაშინ, როდესაც „New Seed “ იმედიანია, „Semena mertvyth” ჯერ არ დამდგარი მომავლის რექვიემივით ჟღერს.
წარსული ხმების აწმყოში გადმოტანის ფენომენში არის რაღაც, მანიპულატორული და“Tomorrow’s harvest”-საც აქვს მსმენელის მოგონებებზე, ემოციებსა და გრძნობებზე თამაშის ძალა. მისი მოსმენა ნარკოტიკულ თრობას, ან ფსიქოლოგის კაბინეტში ჯდომას ჰგავს. ზის სავარძელში, საათით ხელში და მონოტონური, მშვიდი ხმით გიბიძგებს გადაეშვა საკუთარი გონების ისეთ შრეებში, რომლებშიც, როგორც წესი, სინათლე იშვიათად აღწევს ხოლმე. წარსული ბავშვობის, აწმყოს შეუქცევადი დინების, მომავლის ბუნდოვანების და ამ უკანასნკელ ორს შორის საზღვარზე დგომის სევდას ხმა აქვს და ეს ხმა “Tomorrow’s harvest”-ში მკაფიოდ ისმის.
საკუთარ მოგონებებში 1 საათიანი მოგზაურობისას გამახსენდა: ბავშვობიდან გამოყოლილ უცნაურ ჩვევებს შორის არის ერთი – საღამოს, შინ დაბრუნებისას, სადარბაზოში შესვლამდე რამდენიმე წამით ვყოვნდები და მაღლა ვიხედები. ვუყურებ სახლს, რომელიც არის ბეტონის, ნაცრისფერი, მართკუთხედის ფორმის. ზედ ფანჯრები აკრავს, რომლებიც ასევე მართკუთხედის ფორმისაა. საღამოობით ამ ფანჯრებიდან ფერადად იღვრება ხოლმე ბეტონის გოლიათის უჯრედებში მფეთქავი სიცოცხლე. განსაკუთრებული რა არის..თუმცა მაღლა ყურებისას დგება გარდამტეხი წამი, რომლითაც ათასჯერ ნანახი და მობეზრებული, უცხო, ესთეტიური სილამაზითა და საყოველთაო სევდით გაჟღენთილი ხდება. ერთმანეთში ირევა ინდუსტრიულ ქალაქში გატარებული ბავშვობის ნოსტალგია და რკინა-ბეტონით შემოსაზღვრული ადამიანური ყოფის სევდა. ჩემთვის “Tomorrow’s harvest” სწორედ საკუთარ სახლზე დაკვრივების ფენომენს უკავშირდება, რომელიც, ერთის მხრივ, მეტად ინტიმურ მოგონებებსა და განცდებს, ბავშვობის ნოსტალგიას, მეორეს მხრივ კი, რაღაც უფრო არასუბიექტურ, სოციალურ-კულტურული კონტექსტით დატვირთულ მელანქოლიას გიღვივებს.
ავტორი: ნინუცა კახიანი
დამოუკიდებელი აუდიოჩანაწერების მაღაზიების აღნიშვნის დღეს, რომელიც აპრილში შაბათს და ნოემბრის შავი პარასკევის დღეებში ყოველწლიურად იმართება, 2013 წელს ნიუ-იორკში გამოჩნდა ფირფიტა სახელწოდებით „——/——/——/xxxxxx/——/——“ , რომლის ავთენტურობაც Warp Records-მა დაადასტურა. მის მცირე აუდიო კლიპში ისმინებოდა ხმა, რომელიც 6 ციფრიან უნიკალურ კოდს კითხულობდა. ფარული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, დაიწყო ალტერნატიული რეალობის მსგავსი ექვსნაწილიანი თამაში, რათა მსმენელს Boards of Canada-ს ახალ ალბომზე – „Tomorrow’s Harvest“, წვდომის კოდი მოეპოვებინა და მისი წინასწარი შეკვეთა შესძლებოდა.
ფანებს ვებ საიტზე ახალი ალბომის მოსასმენად ჯამში 36 ციფრიანი პაროლის მოძებნა დასჭირდათ. უნიკალური 6 ფრაგმენტიანი კოდი რადიო გადაცემებში, Cartoon Network-ის რეკლამებში, YouTube-ის კლიპსა და Adult Swim-ის შეტყობინებების დაფაში იყო ჩადებული. ეს შემთხვევა კარგად მეტყველებს შოტლანდიური დუოს ერთგული მსმენელების დამოკიდებულებაზე, ვინაიდან იმედგაცრუების ნაცვლად, ისინი ენერგიულად შეუდგნენ დაფარული გზავნილის ამოხსნას. მისი სიღრმისეული ანალიზი და თეორიებით სავსე შეპყრობილი ფანების ფორუმი თეოლოგიური საკითხების მკვლევარსაც კი აბუჩად აიგდებდა.
„Tomorrow’s Harvest“ ძმების რიგით მეოთხე სტუდიური ალბომია და ის ჩვიდმეტი კომპოზიციისგან შედგება. ავტორების თქმით, ჩანაწერებში დიდწილად ფაბიო ფრიზის, ჯონ ჰარისონისა და მარკ იშამის გავლენები იგრძნობა. მელოდიების დამუშავება, რათა მათ მსმენელისთვის კონკრეტული სტილისა და პერიოდს აღქმა ქონოდათ, მუსიკოსებისთვის დიდი გამოწვევა იყო. მაიკ სენდისონი აღნიშნავს, რომ აქ განზრახულად VHS ვიდეოს ელემენტია გამოყენებული, რადგან ჩანაწერებს ძველი აპარატურით დამუშავებული ხმოვანი ეფექტი თან გასდევდეს და ის 30 წლის წინანდელი ფილმების თანმხლები მუსიკის შთაბეჭდილებას ტოვებდეს[1].
მუსიკოსები მუშაობისას ძველ აღჭურვილობას ხშირად იყენებენ და სპეციფიკური ხმის მიღებამდე ხანგრძლივ პროცესს გადიან. აღნიშნული ალბომის კომპოზიციაში – Cold Earth, არის წამი, რომელიც რარიტეტული ხერხით მიიღეს. მის მოპოვებას საველე სამუშაო და დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ საბოლოო ჩანაწერისთვის ვარგისი მხოლოდ ერთი წამი გამოდგა. The Guardian-თან ინტერვიუში ძმები გვეუბნებიან, რომ მათი განზრახვა უბრალო დრამის მანქანითა და სემპლებით მუშაობა არაა, ვინაიდან ხმაში მათთვის მნიშვნელოვანი ქაოსის ელემენტი, ამგვარი გზით, ვერ მიიღება[2].
მაიკ სენდისონი და მარკუს ეოინი მუსიკის შესაქმნელად სამუშაო მასალას საკუთარ გარემოში ეძებენ და პოულობენ. ცნობილია, რომ მათი სახელწოდება National Film Board of Canada-დან მომდინარეობს. ძმებს კანადის სამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ფილმები პატარა ასაკში, იქ ცხოვრებისას, შეუყვარდათ. დუო ხშირად მათი თაობისთვის კარგად ნაცნობ საჯარო, საგანმანათლებლო, დოკუმენტური თუ საშიში ფილმების ხმებზე მანიპულირებს. რისი გამოყენებითაც, მათ მსმენელის მოგონებების პროვოკაციის საშუალება ეძლევათ. დახშული ანალოგიური სინთეზატორით, გაურკვეველი ფრაზების ჩართვითა და ბურუსის ეფექტის მქონე ნაწარმოებებით, რასაც თითქოს ან მზისგან გახუნებული ან წლით დაფარული ხმა აქვს, ისინი ახერხებენ, მსმენელში ნოსტალგიური განწყობის გამოღვიძებას და ამ შეგრძნებისთვის საყოველთაო ხასიათის მიცემას. სვეტლანა ბოიმი Boards of Canada-ს მუსიკას, შემდეგი ფრაზით, ზუსტად აღწერს – „ლტოლვა სახლისკენ, რომელიც აღარ არსებობს ან არც არასდროს უარსებია“[3].
2013 წლის ალბომი, კინემატოგრაფიული ჟღერადობით, გრანდიოზულად იწყება. ის დახუნძლულია შეფარული გზავნილებით, რაც მის გარშემო არსებული მისტერიული განწყობის გაღვივებას ხელს უწყობს. შემთხვევითი არაა, რომ „Tomorrow’s Harvest“-ის პირველი კომპოზიცია Gemini-ია, რადგან ალბომის გამოშვებისას, ანუ მის დაბადების დღეს – 5 ივნისს, მზე სწორედ ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში დგას.
ალბომის მოსმენა ადამიანებს განსხვავებულ ასოციაციებს უჩენს, თუმცა დროსა და სივრცეში მოგზაურობის განცდა ყველანაირ მსმენელს ერთიანებს. აქ ზოგი კომპოზიცია განზრახულად ადრე სრულდება. ეს ჟესტი უნდა იყოს მინიშნება წინარე მუსიკაზე, რომელიც თავდაპირველ წყაროს გამოგლიჯეს და მას, შესაბამისად, აღარავინ ისმენს[4]. რიგით მეთექვსმეტე – Come To Dust, ტექნიკურად მეორე ტრეკს – Reach for the Dead-ს, იმეორებს (მუს. რეპრიზა). Jacquard Causeway-ს სათაურის წაკითხვისას კი, შესაძლოა, გაგვახსენდეს ჟაკარდის საქსოვი დაზგა, რომლის მუშაობის პრინციპიც მექანიკური კომპიუტერის მსგავსია. ეს მომენტი, Split Your Infinities-თან ერთად, სტუდიური ალბომის ერთ-ერთ ინსპირაციის წყაროზე – მათემატიკაზე, მიუთითებს.
ყდაზე გამოსახული კალიფორნიის ჰორიზონტი, მუსიკის მოსმენასთან ერთად, უფრო და უფრო მეტ ვიზუალურ ინფორმაციას იძლევა. სან-ფრანცისკოს გახუნებული ფოტო ცივი ომის პერიოდში აქტიური სამხედრო ბაზის სათვალთვალო ლოკაციიდანაა გადაღებული. მუსიკოსების თქმით, გარეკანი არა ქალაქის ჰორიზონტს, არამედ მის აჩრდილს გვიჩვენებს. ასევე, სახელწოდება „Tomorrow’s Harvest“ ვირტუალური მაღაზიიდან მოდის, სადაც კრიზისული ვითარებებისთვის გამოსაყენებელ ნივთები – გაყინული და დალუქული საკვების მარაგი, გაზის ნიღბები და მზის ენერგიაზე მომუშავე ტექნიკა იყიდებოდა. მუსიკოსების თქმით, ისინი წლების მატებასთან ერთად ნიჰილისტურები გახდნენ, ამიტომ ნგრევის იდეას უფრო მეტად ზეიმობენ, ვიდრე გაურბიან.
ალბომის წარმოსახვითი სივრცე თითქოს მწველ მზეზე გაშლილი უნაყოფო დაბლობია. აქ გამოყენებული ვიზუალური და თანდართული ვიდეო მასალა მსმენელს ამერიკულ უდაბნოში, ატომური ბომბის ტესტ ზონაში, რელიგიურ სექტებსა და Area 51-ში ამოგზაურებს, ხოლო White Cyclosa-ში გამოყენებული ვერტმფრენების ხმაურსა და Uritual-ის დრონებს სადაზვერვო ტერიტორიაზე ყოფნის განცდა შემოაქვს. აღსანიშნავია, რომ „Tomorrow’s Harvest“-ის პირველი მოსასმენი ღონისძიება მოჰავეს უდაბნოს მიტოვებულ აკვაპარკში შედგა.
New Seed-ის წყალობით, მსმენელებს იმედის ნაპერწკალი გვიჩნდება, თუმცა ალბომის მიწურულს, როცა, გვგონია, თავშესაფარს მივაგნეთ, ეს შეგრძნება, მომდევნო კომპოზიციით, სრულად გვერთმევა. ბოლო ტრეკი – Semena Mertvykh (Семена Мертвых), მუსიკალურ მოგზაურობას ამაოების განცდით გამიზნულად ასრულებს. მუსიკოსების განცხადებით, ესკაპიზმი, ანუ სინამდვილისგან გაქცევა, და ხელოვნება ადამიანებს გვიზიდავს, რადგან ცხოვრებაში მიზნის არსებობის ილუზიას გვიქმნის.
საბოლოოდ, ალბომის განხილვასთან ერთად, მინდა 2002 წელს გადაღებული ქართული ვიდეო ხელოვნების ერთ-ერთი ნამუშევარი – Boards of Monte Carlo გაგიზიაროთ, რადგან თინეიჯერმა, სწორედ მისი სახელის ძებნის წყალობით, აღმოვაჩინე ძვირფასი მუსიკალური დუო.
ავტორი: მარი ყალაბეგაშვილი
BOARDS OF CANADA არის ელექტრონული მუსიკის ბენდი რომელამაც სახელი გაითქვა, თავიანთი ნოსტალგიით სავსე ხმით.
ამ ბენდში არიან ირლანდიელი ძმები Michael Sandinson & Marcus Eoin.
ამ სტატიაში მინდა ვისაუბრო მათ ბოლო ალბომზე სახელად “ Tomorrow’s Harvest”.
ძალიან ბევრი სტატიაა მაგ ალბომზე დაწერილი და ყველგან სხვადასხვა ნაირად არის აღწერილი, მაგრამ აქ ჩემს აზრს დავწერ და სხვების სიტყვებსაც მოვიყვან მაგალითად.
“Tomorrow’s Harvest” არის ჩემთვის პირველი ალბომი რაც შექმნეს და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა იმაზე თუ როგორი ნისტალგიით არიან ავსებული მისი დამწერები და როგორ უნდათ , რომ ეგ ნოსტალგია გაქრეს.
ამ ალბომში ვხედავ 80-იანების სინთეზატორიან მუსიკას,”Vangelis” ის ინსპერაციას, მეტალიკურ ხმას და რაც მთვარია, მათ გაკეთებულ მუსიკას.
BOARDS OF CANADA-ზე ბევრი რამე არარის ცნობილი ამიტომ რთულია იმის თქმა რომ მათი ხასიათიც ჩანს ამ ალბომში.
მუსიკის ჟანრი,რომელშიც ისინი იმყოფებიან არის სულ ახალი ჩემთის, დიდი გამოცდილება არ გამაჩნია მის „გაკრიტიკებისთვის“ ამიტო ვწერ ჩემს გულწფელ და მართალ აზრს მის შესახებ: ამ ალბომის მოსმენის დროს ძალიან ბევრი ფიქრი დავიწყე, ყველაფერზე.ცხოვრებიდან დაწყებული დამთავრებული თუ რატო არშეიძლება,ეს იყოს შესაფერისად ცნობილი.
ვთვლი რომ ამ ალბომს უფრო მეტი მოყვარული სჭირდება რადგან ბევრ ესეთ მუსიკას ვერ გაიგებ და რაც უფრო სხვა „განზომელებაში“ გახვალ და უფრო საინტერესო გახდება შეთვის ცხოვრება
ავტორი: ირაკლი სინაურიძე