“მგონი ეს არის მუსიკა, რომელსაც ჯოჯოხეთის კართან სულები გასართობად რთავენ” (youtube user)

21-ე საუკუნის ადამიანის სტრესით, შფოთით და სიყვარულით სასვსე ტვინი რომ ძლიერად გაანჟღრიო და მერე მოუსმინო ალბათ ამ ალბომის ხმა ექნება. ასე წარმოვიდგინე.

ალბომს ისეთი არაფერი აკლია, რასაც უშუალოდ პოპ-სამყაროთი გატაცებულები ვითხოვთ; მარტივად აღსაქმელი ტექსტი, ცოტა სენტიმენტებიც, პრიალა ქავერიც და თუ ინტერესი Youtube-ის საძიებო უჯრამდეც მიგვიყვანს, იქაც არის ღრუბლების ფონზე წითელი პომადიანი საინტერესო სახე მთელი თავის პოპ მანერებით და ამბებით, ეკრანთან ცოტა დიდხანს რომ დაგტოვებს ისეთი. მაინც, მთელი 40 წუთი მძაფრი დისკომფორტი იყო. შევწუხდი შიგნიდანაც და გარედანაც. “შენ რა დამცინი?! ყველას დაგვცინი?! ” 

ყველასთვის უკვე გადაფასებული, მობეზრებული, კომერციული, უკვე შემაწუხებლად დაეფექტებული ვოკალი აქვს დაკერებული იმ ხმებს, რომელზეც ალბათ დასავლური ავანგარდ წრე ადვილად ვერც იოცნებებს. ვიფიქრე, რომ მხოლოდ დღევანდელ მსოფლიოს შეიძლება ქონდეს ასეთი წინააღმდეგობრივი ხმები ერთდროულად. დიდხანს ნაგროვები ემოციები თუ მოიცდიდა ჯერ, მერე გადაფასდებოდა, მერე გაბრაზდებოდა, მერე ისეც გადაფასდებოდა და ბოლოს გასკდებოდა ასე. 

Sophie-მ “OIL OF EVERY PEARL’S UN-INSIDES” 2018 წელს მტკივნეული გენდერული ტრანსფორმაციის შემდეგ გაასაჯაროვა, და რასაც აქამდე არ გამოუჟონავს  Madonna-ს,  Charli XCX-ს,  Vince StaplesLet’s Eat GrandmaKim PetrasFlumeNamie Amuro-ს და Itzy-ის  მუსიკალურ პროექტებზე მუშაობის დროს, ახლა აშკარად ამ ალბომისთვის გაიმეტა. 

კარგად დაორგანიზებული შფოთიანი ალბომია, ცოტა მართლა რომ დაგცინის, მაგრამ თვითონ იმდენი აქვს გადატანილი იმისგან დაცინვა ვერ გეწყინება. აქვს კომერციული მუსკის გავლენებიც, A.G Cook-თან მრავალწლიანი მუშაობის კვალიც აქვეა და თვითონ არტისტის  software-ებთან იზოლირებული თანაცხოვრების შედეგსაც ვისმენთ. 

მხოლოდ ის არ არის აქ საინტერესო, რომ ალბომში კონტრადიქტორული ხმები ერთად ისმის. ჩემთვის საინტერესოა ისიც, რომ დღეს პოპ-კულტურაში უკვე Sophie-ს ბიოგრაფიის და ფანტაზიის მქონე ადამიანის დრო დადგა. ამის შემდეგ შეიძლება პოპი უკვე იგივე პრინციპით ვეღარ აირეკლავს, იდეოლოგიას ვეღარ შეფუთავს და ლამაზი ვარდისფერი გარეკანით ვეღარ მოგიბრუნებს. სცენაზე უკვე იმ ადამიანისთვის გაჩნდა ადგილი, რომელიც ტრანს-კულტურის სახელით გელაპარაკება და რომელიც არამატერიალურ ბიჭებზე და გოგონებზე მღერის (“Immaterial”). თან ისე, რომ იცის ჩვენ რა მოგვწონს და რა გვინდა გვესმოდეს. აკმაყოფილებს ამ მხარესაც, მაგრამ მთელი ირონიით გამოფენს იმ ბნელ მარგინალურ ნაპირსაც, რომელიც აქამდე ჯერ არც გვიფიქრია დაგვენახა (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “Whole new world”-ში). 

თვითონ ალბომში ამ იდეას განსხეულება ის მარტივი ფაქტია, რომ სოფიმ  “It’s Ok to cry” და “Ponny boy” ერთმანეთს გადააბა, რაც ჩემთვის ეს განაცხადი იყო: “ეს არის ის, სადაც გვინდა ვიცხოვროთ (it’s Ok to cry), მაგრამ ეს არის ისიც, სადაც მეც თქვენთან ერთად ვცხოვრობ (“STEP ON MY FACE AND SPIT ON ME”)”. ეს ორი დაშვება და მთელი ალბომიც ისეთი წინააღმდეგობრივია, რომ იძულებული ხარ მთელი პოპ-ინდუსტრია ცოტა უფრო მეტ კატეგორიაში ჩასვა. ლიმონათებზე სიმღერა და ღრუბლების წინ ცეკვა ერთია, მაგრამ Sophie-ს გავლით უკვე ის ხდება მნიშვნელოვანი თუ ვინ აკეთებს ამას, რატომ აკეთებს, ვისთვის აკეთებს და როგორ მოხდა, რომ აქამდე მოვიდა. 

ამიტომ მგონია, რომ შეიძლება “OIL OF EVERY PEARL’S UN-INSIDES” მარგინალიზებული ტრანს-კულტურისთვის ხელში ცეცხლის მიწოდების ტოლფასია, მაგრამ უფრო მეტად მგონია, რომ სინამდვილეში ყველას გვჭირდებოდა ამ ალბომის ხმა. 

ჟურნალისტების და Sophie-ის ურთიერთობის მთელი ირონია მინდოდა აქაც გამეზიარებინა – Happy Faceshopping!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *