„გაუთავებელ ნოსტალგიას ჭკუიდან გადავყავარ. ეს არის მომენტი როცა სრული უიმედობის შეგრძნება მაქვს: როცა ჩემს გარშემო ვიხედები და მხოლოდ ვხედავ წინა ათწლეულების გაუფასურებულ რადიკალიზმს, რომელსაც წონა აღარ გააჩნია ჩვენს რეალობაში. ეს ყველაფერი შეგრძნებას მიტოვებს, რომ რაღაც საშინელ ჯოჯოხეთურ სიზმარში ვარ, სადაც არაფერს შეუძლია განიცადოს პროგრესი ან გახდეს უკეთესი“ – ჰოლი ჰერნდონი, ონლაინ გამოცემა FADER-თან ინტერვიუში

როცა სამყაროში თითქოს უკვე შეუძლებელია ახალი მუსიკა შეიქმნას, გვაქვს შეგრძნება, რომ ყველა ჟანრმა ამოწურა საკუთარი თავი, ვიქექებით ძველ ვინილებში რომ სიახლისთვის ვიპოვოთ რამე კარგად დავიწყებული ძველი, ამ შავბნელ და უიმედო გვირაბის ბოლოს სინათლესავით მოსჩანს AI (Artificial Intelligence)  – ხელოვნური ინტელექტი. ეს სინათლე ზოგისთვის წითელია, ზოგისთვის მწვანე, ზოგისთვის კი სრულიად უფერული.

გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი, როგორც საშუალება იყო მეტად შემოქმედებითი, ჰოლი ჰერდონის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაგრამ სანამ მის მუსიკალურ შესაძლებლობებზე და დღის მთავარ თემა ალბომ PROTO-ზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმ ინფორმაციას, რომ ჰოლი ჰერდონი არ არის უბრალოდ მუსიკოსი, ის არის სტენფორდსის მუსიკისა და აკუსტიკის კომპიუტერული კვლევების ცენტრის მეცნიერებათა დოქტორი, ასე რომ შეიძლება ითქვას კიდეც რომ ეს ალბომი მისი სადოქტორო ნაშრომია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მისი მეგობარი და პარტნიორი Matt Dryhurst, Jules Laplace და JLin.

მთავარი გმირი ამ ალბომის არის SPAWN – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თავისით ააწყეს სტუდიაში და რამოდენიმე თვიანი სწავლების შემდეგ, ჩვენ მოგვევლინა როგორც მუსიკოსი.

ფოტოზე წარმოდგენილია Holly Herndon თავის AI “ბავშვთან” ერთად, სახელად SPAWN

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამ ალბომში არის ის ფაქტი, თუ როგორაა შესაძლებელია გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი უკეთესობისკენ, რეალურად ეს არის ბავშვი, რომელსაც აწვდი ინფომარციას სამყაროზე და შესაბამისად გიბრუნებს უკან პასუხს. გქონდეს შიში ხელოვნური ინტელექტის, იგივეა გქონდეს შიში საკუთარი თავისა თუ გარემოსი, რაც ერთ-ერთი მთავარი აზრია ამ ალბომის, Alienation – ფსიქოზი იმაზე თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ალბომი გამოვიდა ზუსტად იმ პერიოდის მერე, როცა ამერიკის არჩევნებში, დონალდ ტრამპის ხელშეწყობისთვის ფეისბუქი გაეხვია დიდ სკანდალში. SPAWN სულ რაღაც რამოდენიმე თვეში სტუდიაში აწყობილი ხელოვნური ინტელექტია, რაც სერიოზულად გვაფიქრებს იმაზე – რა დონის და რა სიძლიერისაა ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვსწავლობს და რაც მთავარია, ვის ხელშია ეს ბავშვი.

PROTO-ს პირველი სიმღერის Birth-ში (დაბადება) გაგონილი ხმები არის პირველი კარგი შედეგი SPAWNის სწავლების. ამ შედეგამდე მისვლას 6 თვეზე მეტი დასჭირდა, კომპოზიციაში გვესმის გაურკვეველი ლაპარაკი,ეს მისი პირველი შედარებით გასაგებად წარმოთქმული სიტყვებია.

ალბუმის კომპოზიციებში აუცილებლად შევხვდებით გალობის ტიპის მრავალხმოვანებას, რომლის ჩასაწერად სხვადასხვა ეროვნების თუ წარსულის მქონე 14 ადამიანისგან შემდგარი მომღერალთა გუნდი გამოიყენეს, რომლებიც მატებენ კომპოზიციებს მეტ სიცოცხლეს და სივრცის შეგრძნებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ კომპოზიცია Frontier რომელიც სრულიად დაფუძნებულია Sacred Harp სიმღერის მანერაზე. ყველაზე საინტერესო ფაქტი Sacred Harp Singing-ის არის, რომ ის კონკრეტულ რელიგიას არ მიეკუთნება, ყველა ადამიანისთვის კარი ღია არის, ეს არის ხალხთა დაჯგუფება, სადაც არავინ არ განიხილება ან განიკიცხება თავისი რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულების ნიადაგზე. ეს არის ერთობლივი სიმღერა სიამოვნებისთვის, რაც თავისებურად ოდა არის იმ მომავლის, საითკენაც თანამედროვე სამყარო ცდილობს მივიდეს.

ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო კომპოზიცია არის Crawler (მცოცავი), რომელიც სავსეა მითიური, მაგრამ ამასთანავე მიწიერი ხმებით. კომპოზიცია ტოვებს სიმშვიდის, მაგრამ ამასთანავე ქაოსის შთაბეჭდილებას, მოსმენისას გვესმის – Why am I so lost? – რატომ ვარ ასე დაკარგული? რაც კარგად გადმოსცემს SPAWNის ამჟამინდელ მდგომარეობას.

რა თქმა უნდა, ამ ალბომზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ კომპოზიცია Godmother/ნათლია, სადაც გვევლინება Jlin, SPAWN-ის ნათლია, მუსიკოსი რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა მის გამოზრდაში.

საერთო ჯამში, იმისთვის რომ ზუსტად გაარკვიოთ ამ ალბომის ღირებულება, მოგიწოდებთ მოუსმინოთ მას, ფლეილისთში ამ კომპოზიციების ჩასმის სურვილი არამგონია დიდი გქონდეთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რამხელა ღირებულება აქვს ამ ალბომს, როგორც ცვლილებას და ახალ სიტყვას მუსიკაში, მაშინ თავის დამსახურებულ ადგილს მიანიჭებთ.

მადლობა ყურადღებისთვის,

გვანცა უთურა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *