„დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის საწყისია.“ – ამ იდეის მუსიკალური განხორხიელებაა ენდრიუ პეკლერის 2011 წლის ალბომი Sentimental favourites, რომელშიც ყოველი კომპოზიცია ისე იწყება, როგორც მისი წინა ნამუშევარი მთავრდება. ეს გადაწყვეტა ერთი მხრივ უწყვეტობის განცდას ქმნის და გვაგრძნობინებს, რომ ერთ დიდ ისტორიას ვუსმენთ, მეორე მხრივ კი აქრობს ანტონიმებს და მუსიკალურად ახორციელებს იდეას, რომ არც დასასრულია მხოლოდ დასასრული და არც დასაწყისია მხოლოდ დასაწყისი. მეტიც, ისინი ერთმანეთი არიან.
საბჭოთა უზბეკეთში დაბადებული, ამერიკაში გაზრდილი და ბერლინში მცხოვრები არტისტის ნამუშევრების ემოციურ შრეებში იგრძნობა, რომ მისი გარესამყაროსთან მიმართება რაღაც უფრო ვრცელი და კოსმოპოლიტურია, ვიდრე ერთი კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი იდენტობა. მუსიკოსი ხშირად იყენებს საველე ჩანაწერებს და ძველ სემპლებს, რომლებსაც საკუთარ ელექტრონულ ემბიენთ ჟღერადობებში აზავებს. ეს ალბომიც არაა გამონაკლისი – პეკლერსის რჩეული სენტიმენტები მსუბუქ ელექტრონულ საუნდებთან ერთად, ბუნების ხმებით, ნაზი ჟღერადობებით და ვინილის რბილი ხრინწითაა სავსე.
Sentimental Favourites ნოსტალგიის ალბომია, რომელიც 70-იანების განწყობებითაა შთაგონებული. რა არის ნოსტალგია? ალბათ გახსენება დიდი დროის მერე, როცა ცუდის და კარგის, სევდის და სიხარულის საზღვრები წაშლილია და ყველაფრის მოგონება ერთნაირად სასიამოვნო ხდება. ნოსტალგია ემოციების საცავია, რომელშიც მაშინ შევდივართ, როცა ახალი შეგრძნებები გამოგველევა ხოლმე.
ვფიქრობ, არტისტმა Sentimental Favourites მისი შემოქმედების სწორედ იმ ეტაპზე დაწერა, როცა აწმყო აღმაფრთოვანებელს არაფერს სთავაზობდა, დამტვერილ საცავში კი შეეძლო ყველაზე ახლობელი ხმები ეპოვა მონატრებული შეგრძნებების გასაცოცხლებლად.
ალბომის პირველივე კომპოზიცია Yesterday of love ემოციური ტალღაა, რომელიც ძველ ინსტრუმენტთან შერეული სასიამოვნო წვიმის ხმით იწყება. სევდა, რომელსაც ტრეკი ქმნის არ არის ხისტი, პირიქით თითქოს ნაცნობი და თბილია. ამ კომპოზიციით იწყება მოგზაურობა წარსულის ჯადოსნურ ოაზისში, სადაც ყველაფერი სიყვარულითაა სავსე.
Close to Strangers-ში ძალიან ცხადად გამოხატული ვინილის ხმა მისტიურ საუნდებთანაა შერწყმული. რთულია ამოიცნო კონკრეტული ინსტრუმენტები, თუმცა ემოცია რომელიც მათ მოაქვს ისეთივე ახლობელია, როგორიც შორეული. მეორე ტრეკი თითქოს შემზადებაა რაღაც უფრი მნიშვნელოვანისთვის.
როგორც მოსალოდნელი იყო მესამე ყველაზე მოკლე ნამუშევარი (They Long To Be) Misty Blue უკვე ახალი ხასიათისაა. აქ პირველად შემოდის ვოკალური სემპლები, რომელიც დადებით, ღიმილიან განწყობას იწვევს. იქედან გამომდინარე, რომ კომპოზიცია ძალიან მოკლეა, ისიც ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს.
Wichita forever – ჩემთვის ამ ალბომის რჩეული კომპოზიციაა, რომელშიც მთელი ამაზონის ჯუნგლები ცეკვავს. ხმოვანება დისნეის ძველ მულტფილმში წარმოგვადგენინებს თავს. რბილი და უდარდელი განწყობა წვიმიანი ტრეკების შემდეგ მზის გამოსვლას ჰგავს.
Samba De Cherbourg (Led Parapluies De Verau) -ში მზის გამოჩენის ზეიმი გრძელდება. მარტივი საუნდები და საველე ჩანაწერები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
Prelude To A Summer ნამდვილად პრელუდიის ფუნქციას ასრულებს. ვოკალური სემპლის ლუპინგი, რომელიც საკმაოდ დიდი დოზით არის გამოყენებული კომპოზიციაში, კიდევ უფრო ზრდის მოლოდინს და თითქოს ისტორიის პიკურ მომენტთან შეხვედრის გზაზე გვაყენებს.
Suddenly (Naturally) მოულოდნელი სიამოვნების განცდას ჰგავს რომელიც ჰარმონიაშია გარესამყაროსთან.
The Twilight Of Your Smile ალბომის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ტრეკია, რომლის უცნაურ სიმშვიდეს სულ ერთი წვეთი შიში ერთვის, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მელოდიებში მოგზაურობას. ვერცხლისფერი და კრიალა საუნდები თითქოს ანათებს ტრეკს. ეს დედამიწაზე ნაპოვნი კოსმოსი და სიყვარულის ტრანსია.
Un Vent Et Une Femme -ში ცაზე ნათელი ნელ-ნელა ქრება, და ღამის თავგადასავალი იწყება. მთელი ტრეკის განმავლობაში დალუპულია დასარტყამი ინსტრუმენტებით მიღებული მელოდია, რომელსაც თან სდევს გამბული მისტიური საუნდები.
Music To Sleep Walk By ყველაზე ეიფორიული კომპოზიცაა, რომელიც ჩემთვის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ ემოციებს იწყვევს. სიმშვიდე და აღელვება ერთმანეთს ანაცვლებს. ნამუშევრის დასაწყისში იმდენად ცხადია კოცონისა და ღამის მწერების ხმა, რომ შეუძლებელია თავი ტყეში არ წარმოგადგენინოს. ღამის სიმშვიდეში კი, კიდევ უფრო კარგად ისმის თითოეული საუნდი რომელიც შორიახლოს გაიჟღერებს. საველე ჩანაწერებს თან ერთვის მარტივი მელოდიები, რომლებიც ამძაფრებს უწყვეტობის განცდას და საუნდებს შორის საზღვრებს აფერმკრთალებს.
ნაცნობი ხმა – ისევ წვიმს. Everybody’s Raindrops თითქოს დასასრულის დასაწყისია. თუმცა, ისინი ხომ ერთი და იგივეა.
Moon Velvet (Shadows, Whispers, Rivers, Windmills) – მთვარესთან დიალოგი გამჭოლი თეთრი ხმებითაა სავსე. ეს კოსმიურ თანამგზავრთან ფრთხილი საუბარია. წყვეტილი წერტილოვანი საუნდები თითქოს ბგერათა ერთობლიობაა, რომელიც დედამიწიდან მთვარემდე და პირიქით, მთვარიდან დედამიწამდე მოძრაობს. გალობის ხმა კიდევ უფრო აღრმავებს ტრანსცენდენტულ კავშირს და ყველაზ ამაღლებულად ასრულებს ალბომს.
ეს დასასრული თავის თავში საწყისს გულისხმობს.
საინტერესოა, რომლის არსი უფრო ძლიერია დასასრულის თუ დასაწყისის? თუმცა, ამაზე ფიქრს ალბათ აზრი არ აქვს. დაუსრულებელ სპირალში ვიღაც ამთავრებს, ვიღაც იწყებს. განსხვავდება ადგილი და ფორმა, სინამდვილეში კი ერთი და იგივე მთავრდება და იწყება.