ნაირა ნოზაძე ხაშურის რაიონის მკვიდრია. მისი გამოჩენა სოფელ ალიში საიდუმლოებითაა მოცული. ის მისმა მომავალმა მეუღლემ, კომბაინერმა ზვიად გელაშვილმა, სიმინდის ყანაში, ტყლაპოში ჩაწოლილი, გონდაკარგული იპოვნა 1962 წელს. “ გავიხედე და რასა ვხედავ — იხსენებს კომბაინერი — ტყლაპოში რაღაცა არ გდია, კუპრივით შავი! რომ არ დამენახა, კომბაინი სულ ნაკუწებად აქცევდა ამ უდღეურს! — სიყვარულით უყურებს მის გვერდით მჯდომ მეუღლეს — გავაჩერე მანქანა, ჩამოვხტი, მივედი და სულ ტიტველა გოგო გდია გულწასული, — ნაირა მორცხვად ხრის თვალებს და ნაზად აჭერს იდაყვს მეუღლეს — ჰო კაი გოგო, ვხუმრობ ჰოოო — იცინის ზვიადი — მე ეს ტიტველა ქორწილის ღამემდე არ მინახია! იმოდენა თმა ქონდა მთლიანად იყო გახვეული კოჭებამდე. ავიტატე ხელში და 10 კილომეტრი ფეხითა ვთრიქე, ჩვენი კოლმეურნეობის მედ-პუნქტამდე. იქ დარეჯან ექიმმა გამამაგდო კაბინეტიდანა და ვიჯექი და ველოდებოდი გარეთა, რას ვიზამდი. ორი საათი ფეხი არ მოვიცვალე. მერე გამოვიდა დარეჯან ექიმი, დამიძახა”მოდი
ბიჯო შეხედე ეს რა გიპოვნიაო”. შევედი და რასა ვხედავ… დამხვდა ეს მზეთუნახავი, ჩემი გულის ვარდი, ხალათში იდგა, ნაბანავები, გაკრეჭილი, ლოყებ ღაჟღაჟა!

დარეჯან ექიმმა მითხრა არაფერი დაზიანება არა აქვს, მარა ამნეზია ჭირსო, არაფერი არ ახსოვს დედამიწის ზურგზეო! მერე გამამაგდო, გეყო ყურება ნუ მიაშტერდიო გაწითლდა გოგოვო, ეხლა რაიონში უნდა დავრეკო მილიციაშიო და გავარკვიო ვინ არისო, მაგრამა ვერაფერიც ვერ გაიგო. მეორე დღეს რომ მივბრუნდი, დარეჯან ექიმმა მითხრა: მე ამ ცხოვრებამ არც ქმარი მაღირსა და არც შვილიო, ჰოდა ამ გოგოს მე ვიშვილებო, მაშინ ნაირა დაარქვი თქო, ჩემი ბაბოს სახსოვრად მეთქი! კაიო. — ზვიადმა ცოლს ხელი მოჰხვია და სიყვარულით მიიხუტა — ჰოდა ტყლაპოშიც ვიპოვნე, სახელიც დავარქვი,
ცოლადაც მოვიყვანე და კარგი ქორწილიც ვიქორწინეეეთ. ქორწილში ადიღედან ჩერქეზი დამკვრელები გვყავდა, რომ გაიგეს პატარძლის ამბავი “ალმასთი*, ალმასთიო” ეძახდნენ — იცინის ზვიადი — მაგათი ზღაპრული მზეთუნახავი ყოფილა თურმე”. აი ასე ცხოვრობენ სოფელ ალიში კომბაინერი ზვიად გელაშვილი და “მზეთუნახავი ჩერქეზული ეპოსიდან” ალმასთი-ნაირა ნოზაძე.

*- ალმასთი – ადიღებთან ისინი ზაფხულობით ბაღებსა და სიმინდის ყანებში იმალებიან. შესაძლოა, ამაში ნაყოფიერებასთან (წყალი/მდინარე, ბაღი, სიმინდის ყანა) მათი კავშირი ვლინდება. თავდაპირველად კეთილი ქალღვთაება – ნაყოფი ერების, საოჯახო კერიის, აგრეთვე გარეული ცხოველებისა და ნადირობის მფარველი ალმასთი/ალბასთი, დროთა განმავლობაში უმდაბლესი რანგის ბოროტ სულად ჩამოყალიბდა. ამ ძალზე არქაული მითოლოგიური პერსონაჟის ანალოგიაა ქართული ალი, ვაინახური алмазы („ალმაზი“), ლეზგური ал паб („ალ ფაბი“), თათური ол („ოლი“), თალიშური ала жен („ალა ჟენი“), უდიური ჰал („ჰალი“), სომხური алы, алк („ალქი“).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *