კარანტინის ჟამს ნოსტალგია დამჩემდა, მრავალი მოგონება ამომიტივტივდა თავში და რაც მთავარია – მუსიკა რომელსაც აქტიურად ვუსმენდი ბავშვობაში და რომელმაც შემქმნა მელომანად.

ჩემი ბავშვობა იყო სხვადასხვა ჟანრების აღრევა, ვიზრდებოდი ოჯახში სადაც ისმოდა ნიუ მეტალი, ჰიპ-ჰოპი და რა თქმა უნდა – სტინგი, ყველა დედის საყვარელი მუსიკოსი.

იდენტური არა, მაგრამ მსგავსი აღრეულობა ხდება იმ ჟანრშიც რომელმაც ჩემი თინეიჯერობა მოიცვა, ჩემი დიდი სიყვარული – Trip Hop, აღრევა და ექსპერიმენტი ჟანრებით, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონიკა, ცოტა ეს ცოტა ის და რაც მთავარია, ჟღერადობა, რომელიც თავის დიდ ბგერათა ბურთულაში გათავსებთ და გეთამაშებათ.

Daddy G-მ, ტრიპ ჰოპის ერთ-ერთმა მამამ და Massive Attack-ის წმინდა სამების წევრმა ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა: „ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა მუსიკა თავისათვის, ნაკლებად ფეხებისთვის“ – ზუსტადაც, კარანტინის ჟამს სანამ ჩაღვენთილიი ხართ თქვენს საყვარელ ტახტზე თავის ქნევის და ფიქრის მეტი რა უნდა აკეთოთ?

ასე რომ, ნება მიბოძეთ გაგახსენოთ ან სულაც გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი არტისტები, რომლებმაც Trip-Hop შეამკეს –

Luke Vibert

შესაძლებელია ბევრი ლუკ ვაიბერტს მისი ერთ-ერთი სახელით Wagon Christ-ით იცნობთ, ან თქვენთვის მისი სახელი Aphex Twin-თან ასოცირდება, რაც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია – ლუკ უფრო უჩინარი მუსიკოსია ვიდრე მისი კოლეგები და სრულიად ბედნიერია ამ ფაქტით.

ჟეიმს ლევილის (UNKLE) დაარსებულ ბრიტანულ ლეიბლ Mo’Wax-ზე  1997 წელს მზის შუქი იხილა ალბომმა BIG SOUP და ჩვენს ყურებამდეც მოაღწია. დღეს გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ კომპოზიციას – 2001 Beats. აქვე გახარებთ, რომ 2020 წელშიც ლუკ საკმაოდ აქტიურად აქვეყნებს ახალ კომპოზიციებს და შეგიძლიათ ნებისმიერ მუსიკალურ პლატფორმაზე მოუსმინოთ.

Nightmares On Wax

ბრიტანული ლეიბლის WARP-ის ყველაზე დიდხნიანი წევრი Nightmares On Wax გვთაზობს განტვირთვის მასტერკლასებს მუსიკის სახით. ეს არის მუსიკა, რომელიც თქვენს გარშემო ქმნის მშვიდ ატმოსფეროს და თქვენს ტვინში ბასის და ბითების დახმარებით დაბორიალობს. პროექტის დამაარსებლის, ჯორჯ ეველინის სოულის დიდი სიყვარული მის კომპოზიციებში საკმაოდ თვალსაჩინოა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული პროექტის თითქმის ყველ კომპოზიცია ერთ დონეზე მიყვარს, დღეს შემოგთავაზებთ 1999 წლის ალბომ Carboot Soul-ის პირველივე კომპოზიციას – Les Nuits:

The Herbaliser

Jake Wherry და Ollie Teeba გვთავაზობენ მუსიკას, რომელსაც დიდი სიამოვნებით მოუსმენთ პირბადე წაკრული ცივ ამინდში სეირნობისას, ცოტახანი დაგავიწყდებათ რომ გარშემო სამყარო იწვის და ჰიპ-ჰოპითა და ჯაზით გამოტენილ სიამოვნებაში იცხოვრებთ. ჩემი დღევანდელი ბოლო შემოთავაზე არის ლეიბლ Ninja Tune-ის მორიგი მშვენება 1999 წლის ალბომი Very Mercenary – კომპოზიცია Shattered Soul.

მართალია ახლა ჩვენი სულებიც ცოტა დამსხვრეულია, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ცოტახნით მაინც მოგედებათ ეს კომპოზიციები მალამოსავით

მადლობა ყურადღებისთვის,

გვანცა უთურა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *