„ემიგრაცია“ მტკივნეულად ჟღერს – რაღაცის დატოვებას ნიშნავს (ხშირად იძულებით). თუმცა, მეორე მხრივ, გინდა თუ არ გინდა, ახალი თავგადასავალია, რომელშიც შენი წარსულით იჭრები. თავიდან არ იბადები, არც ამნეზია გემართება, პირიქით ისტორია გაქვს დაწერილი და შენი აზრებით, ხმებით, ენით, ჩვევით, ტრადიციებით ეხლები სხვა სამყაროს. ეს კულტურული ფენომენია, სადაც მიმსვლელი ხშირ შემთხვევაში უფრო სუსტის პოზიციაზეა, ვიდრე დამხვედრი და მის „მარიფათზეა“ დამოკიდებული რამდენად შეძლებს მოერგოს იქაურობას ისე, რომ „თავი არ დაკარგოს“.

1910-იანი წლებიდან 1970 წლამდე 6 მილიონი აფრო-ამერიკელი გაჭირვებისა და შევიწროების გამო შეერთებული შტატების სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადაადგილდა და დიდ ქალაქებში დასახლდა. ეს ამბავი ისტორიაში დიდი მიგრაციის სახელითაა ცნობილი. ჩიკაგო ერთ-ერთი იყო ჩრდილოეთის ქალაქებს შორის, სადაც ემიგრანტი აფროამერიკელების მუსიკა აჟღერდა და განვითარების თავისი გზა იპოვა. ქანთრი ბლუზმა დროთა განმავლობაში ურბანული ხასიათი გაითავისა და ცალკე მუსიკალურ მიმდინარეობად, ჩიკაგო ბლუზად ჩამოყალიბდა.

ჩიკაგო ბლუზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინკუპატორი 30-40-იან წლებში მაქსველის ქუჩა, ქალაქის ყველაზე დიდი ღია მარკეტი იყო, სადაც აფროამერიკელებს თავიანთი მუსიკალური პერფორმანსებით ფულის შოვნა შეეძლოთ. ისინი მღეროდნენ და უკრავდნენ ქუჩაში, წვეულებებზე…შემდეგ კი, ბლუზ ტალღის აზვირთებამ და ელექტოაკუსტიკური ხმების გაჩენამ უკვე კლუბებიც გააჩინა ქალაქში. ტალღა კიდევ უფრო ადიდდა და ისეთი ჩამწერის სტუდიების დაინტერესებამ, როგორებიც იყვნენ Paramount Records, RCA Victor და Columbia Records, ჩიკაგო ბლუზი კომერციულად მომგებიან მუსიკად აქცია. სტილი გავრცელდა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის მასშტაბითაც და გავლენა იქონია სხვა მუსიკალურ ჟანრებზე.

Tracklist:
1. Syl Johnson – I Hate I Walked Away
2. Karen Carroll – Can’t Fight The Blues
3. DION PAYTON – All Your Affection Is Gone
4. Magic Sam / Easy Baby
5. Pinetop Perkins – Baby, what you want me to do
6. Howlin’ Wolf – Smokestack Lightnin’ 
7. Lovie lee – Nobody Knows My Troubles 
8. Scrapper Blackwell – Nobody Knows You When You’re Down and Out

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *