“ნორმიდან გადახრის გარეშე პროგრესი შეუძლებელია“ – თქვა ერთხელ ფრენკ ზაპამ. ყველაფერში და მათ შორის, რა თქმა უნდა, მუსიკაში, ხან მყისიერად, ხან კი გარკვეული დროის შემდეგ, კარგად ჩანს, თუ რამდენად განსაზღვრავს განვითარების ვექტორს  გაკვალული გზიდან გადახვევები, რომლებიც შემდგომში ახალი სტანდარტების საფუძველი ხდება. კარგ მუსიკოსებადაც ასეთები ყალიბდებიან – შემცვლელები, უარმყოფელები, დამრღვევები, განმაახლებლები…

ამჯერად უკვე მსმენელის პერსპექტივიდან, მუსიკასთან ასეთივე დამოკიდებულება აქვს ჩემს რესპოდენტსაც – შემცვლელი, უარმყოფელი, დამრღვევი, განმაახლებელი. ერთია როცა შემოქმედებით პროცესში მუსიკოსი თავის უნიკალურ, ყველასგან განსხვავებულ ფორმას ეძებს, რომელიც უარყოფს არსებულს და მეორეა, როცა მსმენელი ეძებს ისეთ მუსიკას, რომელიც წარმოდგენას დაუნგრევს საყვარელ ჯგუფებზე, არტისტებსა და კომპოზიციებზე და რომელიც ჩაანაცვლებს იმას, რაც დღეს საუკეთესოდ მიაჩნია.

ამ და სხვა ბევრი თემის შესახებ მუსიკის ირგვლივ ამ გრძელ ინტერვიუში წაიკითხავთ.  

რესპოდენტი: გია ხადური, მუსიკის ჟურნალისტი

როდის დაინტერესდი პირველად მუსიკით და რა ფორმით დაიწყე აქტიური მოსმენა? რა დამოკიდებულება ჩამოგიყალიბდა მუსიკის მიმართ?

მოსმენა 12-13 წლის ასაკში დავიწყე და იდენტობა და მსოფლხედვა ფაქტობრივად მუსიკამ განმისაზღვრა ბავშვობიდანვე. ის, რასაც თინეიჯერობის  ასაკში უსმენ არასდროს არ ქრება. მეტიც, გადის დრო, ხვდები, რომ ეს არის ძალიან დიდი გულუბრყვილობა, მაგრამ მაშინ მოსმენილი მაინც რჩება შენს ნაწილად. 76 წელს, 12 წლის ვიყავი როცა ამერიკის ხმაზე პირველად მოვუსმინე Queen-ს და შოკში ჩავვარდი აღფრთოვანებისგან. იმის მერე გავიდა წლები და დღეს უკვე საერთოდ აღარ მაღელვებს ქუინი, სრულიად აღარანაირი ინტერესი აღარ მაქვს ამ მუსიკის მიმართ, მაგრამ როდესაც სადღაც მოვკრავ ყურს, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შთამბეჭდავი აღარ არის, მაინც ტანში მაჟრიალებს. თინეიჯერობის ასაკში, როცა მუსიკას მხოლოდ სიამოვნების  გამო უსმენ,  მას საშუალებას აძლევ შენზე ძლიერად იმოქმედოს და აზროვნების ვექტორი შეგიცვალოს.

რაც შეეხება სმენის ქცევას, ჩემი მელომანი მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებიც აგროვებდნენ ჩანაწერებს, მე მქონდა სულ 30 კასეტა და იმისთვის, რომ რაღაც ახალი მომესმინა, იძულებული ვიყავი წამეშალა ჩემი საყვარელი მუსიკა. ფაქტობრივად ყველაფერი, რაც ახალგაზრდობაში მაქვს მოსმენილი ამ 30 კასეტაზე მოვისმინე. ამას რამე განაზღვრული მოტივი არ ჰქონია, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა რომ ეს იყო პროცესი აღიარებულის მოცილების, მიდრეკილების, სისუსტის, სენტიმენტების გაკაფვის, რამაც სიახლეების მიღების საშუალება მომცა.

ფიქრობ, რომ ახლის მიღება აუცილებლად ძველის უარყოფას ნიშნავს?

ზუსტად, ახალს ვერ მიიღებ, თუ კარი არ დაუკეტე ძველს. დღეს მითუმეტეს, როცა ყოველდღიურად ახალი მუსიკის იმხელა ნაკადი ჩნდება, რომ ყველაფრის მოსმენა ფიზიკურად შეუძლებელია. ჩემთვის საინტერესოა მუსიკა, რომელიც წარმოდგენებს გამინგრევს იმის შესახებ, რაც 10 წლის წინ მომწონდა. რატომ უნდა მაინტერესებდეს ანალოგიური მუსიკა დღეს, რაც წლების წინ მიყვარდა? თუ გამოჩნდაბა ვიღაც, ვინც ჩემს მოსაზრებას დაანგრევს, თუნდაც 1 თვით, აი ის არის ჩემთვის საინტერესო, დანარჩენით შემიძლია უბრალოდ გავერთო. ის ძველ „საკაიფო“ მუსიკა მომწონს, მაგრამ აღარ აღმაგზნებს, ტესტოსტერონს აღარ ააქტიურებს ორგანიზმში.

რომ გადავიდეთ მუსიკის შეფასების საქმეზე და შენს ჟურნალისტურ საქმიანობაზე. საიდან დაიწყო ეს ისტორია და არის შენი მთავარი პრინციპი ამ საქმეში?

მე პრინციპში ყოველთვის არანაკლებ მაინტერესებდა ბექრაუნდი, ვიდრე თავად მუსიკა. რას უშვება ესა თუ ის მუსიკა ამ ადამიანს და მის ცნობიერებას, საით მიყავს, რა ლაბირინთებში ჩაჰყავს და როგორ იწყებს ადამიანი საკუთარ თავთან კამათს, როგორ ეჭვქვეშ აყენებს იმ პოზიციებს და მოსაზრებებს, რომლებიც მანამდე ჰქონდა – აი ამას ვეძებ ყოველთვის მუსიკაში. იმ დროს, როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, იმის საშუალება არ იყო, რომ სადმე დამეწერა ან გამეზიარებინა მოსაზრებები. ჩემმა მეგობრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ შემეძლო ეს გამეკეთებინა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, თუ ამის შანსი იქნებოდა  და პირველად 1995 წელს დავწერე კინოჟურნალი cinema-სთვის, რომელიც ერთჯერადად უშვებდა მუსიკალურ დანართს. შემდეგ დაიწყო „ოზონი“, „შოკოლადი“… 

ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება ჟურნალისტმა დაუშვას არის კონკრეტულ მუსიკაზე და დამოკიდებულებაზე ჩაციკვლა და ამოჩემება. პირიქით, გათავისუფლებაა საჭირო. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში რომ დღეს სრულიად საწინააღმდეგო აზრი დავაფიქსირო იმისგან, რაც მაგალითად 2007 წელს ოზონში დავწერე.

მაშინ სხვა პრიორიტეტები და კრიტერიუმები მქონდა, დღეს – სხვა. ეს კრიტერიუმები თავისუფლად შეგიძლია შეცვალო. დღეს აღარ არის სტატიკა, დღეს აღარ არის კრიტერიუმები. დღეს მთავარია მუსიკოსის ნამუშევარში ჩანდეს, რატომ აკეთებს ამას, რა არის მისი მოტივაცია და რა არგუმენტები აქვს, დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. დღეს შეგიძლია თქვა, რომ Queen მაგარი ნაგავი ბენდია. ან ძალიან მაგარი ბენდია და ამ ორი მხარის არგუმენტები შეიძლება ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავდეს.

შენს ტექსტებს რომ გადავავლოთ თვალი, შენი შეფასებები ყოველთვის დაკავშირებულია არა მუსიკის ღრმად პერსონალურ ასპექტებთან, არამედ მის სოციო-კულტურულ კონტექსტთან. რატომ უდგები მუსიკას ასე? რატომ არის შენთვის სოციო-კულტურული მხარე ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი ნაწილი შეფასებისას?

მარტივად გეტყვი ამას. მთელი ჩემი ღირებულებების პაკეტი მომცა მუსიკამ, რომელშიც სოციალური ვექტორი არის ყველაზე მძლავრი. პოპი, როკი არ არის ღრმა მუსიკა, მაგრამ მე მიყვარს, რატომ? იმიტომ რომ აქვს ძალიან დიდი კოზირი – ადამიანი, თუნდაც ინტუიტიურად, აზიაროს იმ ფასეულობებს, შეხედულებებს და იდეოლოგიებს, რომლის შესახებაც ადრე არ იცოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მსოფლმხედველობა, მსოფლშეგრძნება, ღირებულებები და მათი გამოხატვის ფორმები მომცა ამ მუსიკამ და მივხვდი რომ მისი მთავარი ძალა არის არა მისი შემადგენელი ნაწილები, არამედ ის ბექგრაუნდი რომელიც წაგლეკავს, რომელიც შემოდის შენს ცნობიერებაში და 180 გრადუსით ატრიალებს წარმოდგენებს.

არის მეორე მხარეც – ცნობიერების სიღრმეში წასვლა და ეჭვქვეშ დაყენება იმ ფასეულობების, რაზეც მე ვდგავარ. ესეც მუსიკამ მასწავლა, მუსიკის გარკვეულმა სახეობამ. ჩემთვის სულაც არ არი მთავარი სიამოვნების მიღება, მუსიკა მინდა იმიტომ, რომ აქსიომები თეორიად იქცეს. მე ის მუსიკა მიყვარს, რომელიც ჩემთვის შინაგან წინააღმდეგობას იწვევს. ეს მომწონს მუსიკაში და არა ის თუ როგორ ჟღერს ის.

შეიძლება დაწერო რაღაც საშინელი სოციალური ტექსტის სიმღერა ან საშინლად ღრმად ფილოსოფიური სიმღერა, ან სიმღერა ძალიან ტრაგიკულ სიყვარულზე. რა არის ჩემთვის კარგი მუსიკა – როდესაც ასეთ ტექსტს, შინაარსს, იდეას აქვს ადეკვატური მუსიკალური ხორცშესხმა. შინაარსი ყგელანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ მიზანს ხვდება მაშინ, როდესაც ადეკვატურად არის შეფუთული. პანკი მე ამიტომ მიყვარს – როდესაც ვუსმენ ვხვდები, რომ ტიპი გაბრაზებულია, ბობოქრობს, მძვინვარებს და თუნდაც არაკორექტულია, მაგრამ უნდა რომ შენი თავიდან ამოძირკვოს რაღაც კომფორმიზმი, რომელიც ყველას გვაქვს. 

ქართულ მუსიკაზეც ვისაუბროთ. როგორ ფიქრობ, რამდენად შანსიანია და განვითარების რა პერსპექტივა აქვს მუსიკას საქართველოში?

ბოლო ხანებში ძალიან შანსიანია. უკვე 4-5  წელია ძვრები არის ძალიან პოზიტიური. მუსიკოსებმა დაიწყეს საკუთარი უნიკალური იდენტობის ძიება და არა ეპიგონობა იმისა, რაც ხდება ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში… იმათ თავიანთიც თავზესაყრელად აქვთ. თუ შენ გინდა შექმნა ახალი, ქართული, თანამედროვე აქტუალური მუსიკა, გამოსავალი ჩვენს უნიკალურ იდენტობაში უნდა ეძებო და არა მიმბაძველობაში. რამ მისცა ამას ბიძგი?  ამას მიხვდნენ აქედან წასული ემიგრანტები, მურმან წულაძე, თამადა, კორძი… ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, რომ მათი კაპიტალი არის ეთნიკური აკუსტიკური იდენტობა, რომელიც შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო მარტო იმ ტერიტორიაზე, რასაც ქვია საქართველო და ვერ ჩამოყალიბდებოდა სხვაგან. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ტრენდს, თუ რაზე მუშაობენ ბელგიური გერმანული და ფრანგული ლეიბლები…  ისინი ეძებენ ახალ მუსიკას, რომლის პოვნაც ევროპაში ძნელია, ევროპა გადაღეჭილია. ეს ახალი მუსიკა ისეთ ქვეყნებშია, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე, ტუნისი, მალი…  

აქ სხვა ჟღერადობები ჩნდება იმიტომ, რომ ცნობიერებაა სხვა. განსხვავებულობა ძალიან კარგია, თუ ამას თანამედროვე დისკურსში მოაქცევს მუსიკოსი. რატომ უყვართ გია ყანჩელი მსოფლიოში? მისი სიმფონიები არ ჟღერს ისე, როგორც გერმანელი კომპოზიტორის. მან მუსიკა შექმნდა საკუთარი ცნობიერებით, რომელიც შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო მხოლოდ აქ. ქუთაისური და თბილისური მუსიკაც კი განსხვავებული იყო 90-იან წლებში, ამის მერე რაღაზეა ლაპარაკი… კაიაკატას მაგალითი ავიღოთ: მაქსიმე მაჩაიძემ ბოლო ორ ტრეკში ფაქტიურად გურული დიალექტის ჰიპ-ჰოპი შექმნა. მე ეს მომწონს განა იმიტომ, რომ მაგარი მუსიკაა, გზა არის სწორი, რომელიც ნაყოფს მოიტანს.

ამჯერად როგორც ჟურნალისტს გეკითხები, ალბათ სულ სხვა ამბავია, როცა ვალდებულება გაქვს რამე დაწერო. ეს არ ცვლის მუსიკის მიმართ დამოკიდებულებას? როცა მუსიკა საქმე ხდება თითქოს იკლებ სიამოვნებას, რასაც სხვა შემთვევაში მიიღებდი მოსმენით…

კი, იმიტომ რომ რუტინაა და ხანდახან საკმაოდ მძიმე რუტინაც. მოსმენა ჟურნალისტის პერსპექტივიდან, ისევე როგორც მუსიკის შექმნა ავტორის პერსპექტივიდან, სამუშაო პროცესია. შენ თუ მუშაობა და ძალდატანება არ გინდა, სხვანაირად ეს საქმე არ გამოდის. შრომა აუცილებელი კომპონენტია. თუ გინდა  ცნობიერების ჰორიზონტი გააფართოვო, უნდა ნახო შენთვის უცნობი ტერიტორიები და ისიამოვნო იმით, რაზე წვდომაც მანამდე არ გქონდა. ეს აუცილებელია. 

საერთოდ, ვინ არის მუსიკის ჟურნალისტი? რა როლი აქვს ჟურნალისტს მუსიკის ინდუსტრიაში? ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეიცვალა მუსიკის მოწოდების და გავრცელების ფორმები, შესაბამისად შეიცვალა ჟურნალისტის ფუნქციაც. ამიტომ ვილაპარაკოთ ამ როლის  ტრანსფორმაციაზე დეკადების ჭრილში მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.

ერთი შეხედვით, ადრე უფრო მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტის როლი, რადგან მუსიკის მოსმენა ასეთი მარტივი არ იყო –  გამოდიოდა ვინილი, უნდა გეყიდა,  გადაგეხადა ფული და შესაბამისად გჭირდებოდა ავტორიტეტი გზამკვლევი, რომელიც იქნებოდა შენი ორიენტირი. 60-იანი, 70-იანი და ნაწილობრივ 80-იანი წლების ჟურნალისტები იყვნენ  ფაქტიურად ისეთივე აზრთა მპყრობელები, როგორც მუსიკოსები.  გავლენიანი ჟურნალისტი თუ დაწერდა რომ ალბომი არ ვარგა, შეიძლება მილიონობით ადამიანს აღარ ეყიდა, ან პირიქით უკიდურესად კრიტიკული რეცინზია გამხდარიყო მილიონი ტირაჟით გაყიდვის საფუძველი.

ის წარმოდგენები თუ რა მუსიკაა კარგი, რა მუსიკაა ცუდი, დიდწილად ჟურნალისტებმა შექმნეს. მუსიკის ისტორია, ეს არის ჟურნალისტების მიერ ინტერპრეტირებული მუსიკალური ინდუსტრია და ეს საქმეც ისევე როგორც კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, არის საკმაოდ პარაზიტული პროფესია. თუ გინდა, რომ იყო კარგი ავტორი, რაღაც მომენტში ეკეკლუცები მკითხველს და  თუ აზრის საინტერესოდ გადმოცემის უნარები გაქვს, შენ აქცევ მკითხველს ზეგავლენის ქვეშ. 

ინტერნეტის ეპოქაში მუსიკის ჟურნალისტის როლი თითქოს ასეთი გადამწყვეტი აღარ არის, რადგან შუამავლის, არა მარტო შემფასებლის, არამედ თავად ლეიბლის აუცილებლობაც არ არსებობს – მუსიკოსს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ გავიდეს აუდიტორიაზე. თუმცა, სამაგიეროდ, გაჩნდა მეორე პრობლემა – ყოველდღიურად იქმნება იმდენი პროდუქტი, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მოსმენა და ამხელა მუსიკალური მასალის გადახარშვა. ამიტომ მსმენელს უწევს თვალი ადევნოს პლატფორმებს, რომლებსაც ენდობა, რომლის ესთეტიკა მისთვის მისაღებია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ მომენტებზე იმ მუსიკოსებზე თუნცაც იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აინტერესებს. 

თანამედროვე ჟურნალისტები შეიძლება ისეთი ცნობილები აღარ არიან, დიდ ფულს ვეღარ აკეთებენ, რადგან მუსიკას მათ გარეშეც იპოვი და მოუსმენ, მაგრამ მუსიკის ზღვა არჩევანში შენ მაინც იძულებული ხარ ვინმეს ენდო. მუსიკალური ჟურნალისტიკის დღევანდელი ფუნქცია აღარ არის გემოვნების ჩამოყალიბება, დღევანდელი ფუნქციაა გაცხრილვა, ამორჩევა.

რა არის მთავარი გამოწვევა დღეს მუსიკის შეფასებისას და როგორ ხედავ პირადად შენს როლს ამ პროცესში?

დღეს ის კიარ არის მნიშვნელოვანი ვინ როგორ საუნდს ეძებს, აქტუალურია თუ არა…რაც გინდა გააკეთე, ოღონდ  დაასაბუთე, დაამტკიცე, რატომ უნდა გააკეთო ასე და არა სხვანაირად. აი ეს გამოწვევა დგას მუსიკოსის წინაშეც და ჟურნალისტის წინაშეც. რატომ არ მოგწონს რედიოჰედი და რა არგუმენტებით ასაბუთებ, რომ არ მოგწონს?

მე რომ ბევრი რაღაც არ მომწონს ამ დროში ეს ჩემი ნაწერებიდანაც ირკვევა, მაგრამ მომწონს ერთი რაღაც – ამ დრომ საშუალება მომცა, რომ ფეხებზე დავიკიდო ავტორიტეტები. აღარ არიან ავტორიტეტები, მორჩა – აღარ არიან ავტორიტეტი მუსიკოსები და აღარ არიან ავტორიტეტი ავტორები. მე არ ვარ ავტორიტეტი ავტორი, მე ერთ-ერთი ვარ. მე ვფიქრობ, ჩემი ფუნქცია ის არის, რომ მკითხველს გავუხსნა კარი რომელიც ადრე არ გაუღია, ან საერთოდაც არ იცოდა სად იყო ის კარი. ეს არის მთავარი. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *