Moses Sumney – Grae
Moses Sumney – Grae
კარანტინის პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ Moses Sumney’ს ალბომი Grae იმედის ნაპერწკალივით გაჩნდა მაისში ჩემს ცხოვრებაში, ზაფხულისკენ მიმავალი ბუნება უფრო და უფრო გალამაზდა, განათდა და სიყვარულით აივსო. მოსეს ჯადოსნური და ნოყიერი ხმა მალამოსავით მოედო ყველა იმ დაზიანებულ ნერვს, რომელიც გაზაფხულის იზოლაციამ და კარანტინმა შეიწირა. მოსე ლეიბლ Jagjaguwar-ის ჩემი პირადი ფავორიტია და 29 წლის მუსიკოსისგან მომავალში უფრო დიდ და საინტერესო პროექტებს უნდა ველოდოთ.
Sault – Untitled (Black is..)
Sault არის მუსიკალური კოლექტივი, რომელსაც Norther Soul-ის მსგავსად შეუძლია საკმაოდ ოპტიმისტური ბგერებით შემოგთავაზოს დღევანდელი რეალობა, ამ წლის ალბომი Untitled (black is) აფრო ამერიკელების პრობლემებს ეხება და მისი შექმნის მიზეზიც რასიზმისადმი პროტესტი იყო. Sault პირველად 2019 წელს საკმაოდ საინტერესო ალბომებით მოგვევლინა და დღემდე ინარჩუნებს ანონიმურობას, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, თუ მუსიკა კარგია, განა მართლაა საჭირო ვიცოდეთ ვინ ქმნის მას?
Amnesia Scanner – Fearless
კარანტინისა და იზოლაციის მეორე ეტაპი ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეულია, მათ შორის ჩემთვისაც, ზამთარში შემავალი პერიოდი, ცივი ამინდები და სასოწარკვეთა არც ისე კარგი რეცეპტი აღმოჩნდა ჯანსაღი ნერვების შესანარჩუნებლად, ამიტომ ნორმალურია რომ ფიქრები დესტრუქციისკენ გაგვირბოდეს – ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ Amnesia Scanner-ის ამ წლის ალბომი Fearless, რომელიც თქვენს გონებას დააეჭვებს, გააბრაზებს და ორივე ზემო ხსენებულს მუსიკაში გადაატანინებს. Amnesia Scanner ფინური ელექტრონული დუო არის, რომელიც ერთის მხრივ დიდი ირონიით და სარკაზმითაა განწყობილი სამყაროს მიმართ და მეორეს მხრივ გეუბნებიან, შემოგვიერთი ამ დესტრუქციაში, ნება მიბოძე დაგანახო სიბინძურე,რომელშიც ვცხოვრობთ და იბრძოლე ჩემთან ერთად.
ავტორი: გვანცა უთურაშვილი
Beatrice Dillon – Workaround
იმას, თუ რამხელა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს ელექტრონულ მუსიკას, ყველაზე კარგად ასახავს მისი ატმოსფერულობა და დაუსრულებელი სივრცის შეგრძნება, რომელშიც გრავიტაციის კანონები არ მოქმედებს. ბრიტანელი მუსიკოსის ბეატრის დილონის სადებიუტო ალბომი Workaround ამის კარგი მაგალითია. უცნაური, უფრო მეტად დრამ ნ ბეისისთვის დამახასიათებელი ტემპი, ადგილებში ქიქისგან სრულიად დაცლილი ხმები, ინსტინქტური რიტმები და სიცარიელე საუნდებს შორის, რაც დაკვირვების და ღრმად აღქმის საშუალებას იძლევა – ეს ყველაფერი ამ ალბომში ერთიანდება, რომელიც მიუხედავად მისი კომპიუტერულობისა, ძალიან მოძრავი, ცვალებადი, ცოცხალი და ინტუიციურია. Workaround 15 კომპოზიციისგან შედგება და თითოული მათგანი იმდენად სასიამოვნოა, რამდენადაც საინტერესო.
“I’m a fan of ambitious records” – ამბობს დილანი
Khotin – Finds You Well
კანადელი მუსიკოსის Khotin-ის რელიზი Finds You Well მისი მეორე ალბომია 2014 წლის დებიუტის შემდეგ. მედიტაციური მუსიკა შინაგან სამყაროში მოგზაურობას ჰგავს, რომელშიც აღმოაჩენ და ათვალიერებ შენს საყვარელ შეგრძნებებსა და ემოციებს, ტკბები და თან გიხარია, რომ კიდევ ბევრი გაქვს სამოგზაურო. ალბომი სენტიმენტალური, თუმცა ნათელი და ღიმილიანია.
“I hope this email finds you well” – ასე იწყება ხოლმე ხშირად იმეილ მიმოწერა. ფრაზის ბოლო სამი სიტყვა კი ალბომის დასახელებაა. ამით khotin-მა შეინარჩუნა კეთილგანწყობილი და რბილი კომუნიკაცია მსმენელთან, რომლისთვისაც ეს მუსიკალური წერილი იმედია სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.
Nikakoi – Sestrichka
ალბათ არათუ წელს, არამედ არასდროს მომისმენია ისეთი ალბომი, რომელიც ბოლომდე განმაცდევინებდა ჩემი ადრეული ბავშვობის მეხსიერებაში დაკარგულ, მაგრამ ბევრისგან მონათხრობ წლებს, იმას, რაც რეალურად არასდროს მიგრძვნია. 2020 წელს CES Records-ზე გამოშვებული(თუმცა ბევრად ძველი) ნიკაკოის ალბომი sestrichka 90-იანების სიცივეში ნაპოვნ თავშესაფარს ჰგავს, რომელიც პატარა და ვიწროა, მაგრამ „მაღალჭერიანი” და სავსეა ფერებით, ამბებით, ისტორიებით, შენახული თავგადასავლებით… შიშინი, ნაზი მელოდიები, შხრიალა ბიტები და გაგუდული ინსტრუმენტები თითქოს უხმაურო აღელვებას იწვევს და უმტკივნეულოდ გვითრევს რთული ყოველდღიურობის მეორე გვერდის „წასაკითხად”, სადაც არაფერია განწყობების, ემოციების და შეგრძნებების გარდა. ეს ღიმილიან-სევდიანი ნამუშევარი ალბათ ყველაზე თბილისური ალბომია დედამიწის ალბომებს შორის.
ავტორი: ქეთი რაზმაძე
Róisín Murphy – Róisín Machine
2020 წელს ირლანდიელი ქალბატონი დისკო გოგონას სახით მოგვევლინა. თუკი მოგენატრათ 70’-იანი წლების დისკო და ჰაუს მუსიკა, როზენ მერფის ახალი ალბომი თქვენთვის ყოფილა
Wanderwelle – A State Of Decrepitude
თუ გინდათ ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ რუტინულ ცხოვრებას, დეპრესიას, სტრესს და იმოგზაუროთ საკუთარ ქვეცნობიერში…
Catherine Watine – Intrications Quantiques
ორკესტრის კლასიკური ინსტრუმენტების და თანამედროვე სინთეზატორების საინტერესო კოლაბორაცია. მოგზაურობა საკუთარ თავში…
ავტორი: ქუჯი ტაბაღუა~
Quelle Chris, Chris Keys – Innocent Country 2
ეს ალბომი ნამდვილი ხელოვნებაა: უსაზღვრო შემოქმედებითობა, ინტროსპექცია და ინდივიდუალიზმი. შესანიშნავად გამოხატავს ინდივიდის ბრძოლას პიროვნულობასთან. Innocent Country 2, ამერიკელი რეპერი, ქუელე ქრისისა და, პროდუსერი, ქრის ქისის მეორე კოლაბორაციული ალბომია, რომელიც მათი პირველი, 2015 წლის ალბომის, Innocent Country-ს გაგრძელებაა. ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი ალბომია და ეს ვფქრობ უმეტესად ქრის ქისის ფროდაქშენის დამსახურებაა. ქუელე ქრისი კი ახერხებს შესანიშნავად და ძალიან მშვიდად ისაუბროს სერიოზულ პრობლემებსა და სხვადასხვა მძიმე თემაზე.
Emily A. Sprague – Hill, Flower, Fog
ემილი სპრეგმა ალბომი, Hill, Flower, Fog, პანდემიის დასაწყისში, მარტში ჩაწერა. ეს ალბომი მთლიანად სიცოცხლისა და სამყაროს სიყვარულსა და დაფასებაზეა. ეს ალბომი ფიქრებისა და წარმოდგენებისთვისაა განკუთვნილი.
Taylor Swift – Folklore
ტეილორ სვიფტის მე-8 ალბომზე, folklore, არტისტმა The National-ის აარონ დესნერთან და ჯეკ ანტონოფთან ერთად იმუშავა. ალბომი გამოირჩევა ბრწყინვალე ფროდაქშენით, სთორითელინგითა და სტილისტიკით. სვიფტმა, ვფიქრობ, folklore-ით დაამტკიცა, თუ რამდენად ოსტატურად და პროფესიონალურად შეუძლია ტექსტზე მუშაობა. ჩემი აზრით, სვიფტის საუკეთესო ალბომია ჯერჯერობით. მუსიკოსის სხვა ალბომებისგან განსხვავდება სინემატიკურობითა და პოპის ნაკლებობით. რა თქმა უნდა, ტეილორს პოპიდან ძალიან არ გადაუხვევია, რამდენიმე ტრეკში ძალიან იგრძნობა ამ ჟანრის გავლენა, თუმცა მთლიანად folk და ინდია, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან უამრავი ადამიანი მუშაობდა ამ ალბომზე, თუმცა, ვფიქრობ, სხვა ალბომებისგან განსხვავებით ეტობა ინდივიდუალიზმი.
ავტორი: ლიზი მახარაძე
SAULT – Untitled (Rise) (Forever Living Originals)
ჩვენ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით ბევრი რამ საიდუმლოებით მოცული ბრიტანული კოლექტივის SAULT – ის შესახებ, მაგრამ მათმა ნაყოფიერმა სერიამ ორი უსახელო ალბომი მოგვცა, რომლებიც მწუხარებასა და სიმტკიცეში გადავიდა BLM– ის საპროტესტო აქციების ტალღაზე. Untitled (rise), ისევე, როგორც მისი წინამორბედი (Black Is), აერთიანებს შავი ისტორიისა და ხელოვნების უზარმაზარ სპექტრს, იყენებს ჯაზს, ფანკს და აფრობითს, ზუსტი ორკესტრირებით. SAULT – (Rise) ხდება კოლექტიური ხმის ნამუშევარი, თუნდაც მისი სხვადასხვა კუთხით და ტემბრით. თავბრუდამხვევად შემოქმედებითი, მწუხარე, მაგრამ იმედისმომცემი, ძალზე მიმზიდველი და უნაკლოდ დამუშავებული, ეს ალბომი თანაბარი ნაწილებია, რომელიც 2020 წლის ტრავმებისთვის იძაბება და იწმინდება.
Stay Inside – Viewing (No Sleep)
“მე გავიგე, რომ რამდენიმე ენაზე ლაპარაკობდი”, – მღერის კრის ჯონი სიმღერაში “Monuments”, რომელიც Stay Inside– ის სადებიუტო ალბომში შედის. ეს ბრუკლინის ოთხ წევრიანი ბენდია, რომელშიც სამი ვოკალისტია. იმ მომენტიდან, როდესაც ალბომი იხსნება სიმღერა ” Revisionist “, გვხვდება მეტაფორები, ხალხმრავალი ჩურჩულით და პრაქტიკული სიზუსტით. “Monuments” მრავალეპიზოდური ეპიკა და გახეხილი ყვირილი სიმღერაში “Silt”.
ალბომში ყველაფერი იდეალურად დაბალანსებულია.
Yves Tumor – Heaven To A Tortured Mind (Warp)
ბევრს არ შეუძლია ნახტომი გააკეთოს ექსპერიმენტული ელექტრონული პროდიუსერიდან გაბრწყინებულ როკ-ვარსკვლავამდე. Yves Tumor არ არის ბევრი ადამიანი ან იქნებ Yves Tumor ბევრი ადამიანია, პრინცი, დევიდ ბოუი და Oneohtrix Point. “მე შემიძლია ვიყო ყველაფერი”, – მღერის ის სიმღერაში “Kerosene” და ამას “Heaven To A Tortured Mind “ ამტკიცებს. ეს არის პოპ მუსიკა, რომელსაც არ ეშინია იყოს უცნაური და უცნაური მუსიკა, რომელსაც არ ეშინია იყოს პოპი.
ავტორი: ლუკა ჭანუყვაძე
Joel Ross – Who Are You? (Blue Note)
24 წლის ჩიკაგოელი ვიბრაფონისტი და კომპოზიტორი ჯოელ როსი ნელ-ნელა იკავებს საპატიო ადგილს თანამედროვე ჯაზ-მუსიკოსებს შორის თავისი იმპროვიზაციული და ამასთან, სპირიტუალური მუსიკით. სადებიუტო ალბომის KingMaker-ის შემდეგ, 2020 წელს როსმა მეორე სტუდიური ალბომი Who Are You? გამოაქვეყნა Blue Note Records-ზე. ალბომში არტისტს კამპანიონობას მისი ბენდი Good Vibes უწევს. როგორც როსი ამბობს, „Who Are You?“ გამორკვევაა იმისა, თუ ვინ არის და სად არის არტისტი როგორც პიროვნულად, ისე მუსიკალურად. შესაბამისად, 15 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი მოგვითხრობს ისტორიას ავტორის ხასიათზე, ხედვასა და რისკების გაღებაზე. 1-7 კომპოზიციები მეტწილად პერსონაჟების გაცნობასა და იმპროვიზაციას ეთმობა, 8-15 კი უფრო „მანერული“, წინასწარ გაწერილი კომპოზიციებია.
Jose James – No Beginning No End 2 (Blue Note)
ამერიკელი მუსიკოსი Jose James ერთი მხრივ ხავერდოვანი და მაცდური ხმითაა გამორჩეული, მეორე მხრივ კი – ჯაზის, სოულის, ფანკის, ჰიპ-ჰოპისა თუ R&B-ის ისეთი კრეატიული შერწყმებით, რომ არც ერთმა ჟანრმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი კომპონენტები.
2020 წლის ალბომიც No Beginning No End 2 ჯეიმსის მუსიკალური ამპლიტუდის კარგი მაგალითია. 12 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ერთდროულად მარტივი, მაგრამ კომპლექსურია, ადვილად აღსაქმელი, მაგრამ განსხვავებული.
Public Enemy – What You Gonna Do When The Grid Goes Down (Def Jam Recordings)
1985 წელს ჩამოყალიბებული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Public Enemy თავიდანვე მწვავე განცხადებებითა და უკომპრომისობით მოექცა ყურადღების ქვეშ. 2020 წელსაც „ჰიპ-ჰოპის ოქროს ხანის“ წარმომადგენელი ჯგუფი ჩვეული რადიკალური და ენერგიული ტონით ეხმაურება მსოფლიოს მძიმე სოციალურ ფონს. 17 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომის “What You Gonna Do When The Grid Goes Down” კოლაბორაციული არტისტების სიაში ვხვდებით ისეთ ტალანტებს, როგორებიც არიან George Clinton, Cypress Hill, Nas, Black Thought, Run DMC, Rapsody, Questlove, DJ Premier და სხვები.
ავტორი: მარიამ ტალიაშვილი
ARCA – &&&&&
ეს ალბომი ძალიან დიდხანს დარჩება საუკეთესო მუსიკალურ მოვლენად შემდეგ ცხოვრებებში ჩემი რეინკარნირებული ვარიანტებისთვისაც. მიუხედავად იმისა,რომ არკას პერსონა და მისი ტრანსფორმაციების ფონი ძალიან საინტერესოა, არ ვსვამ ამაზე კითხვას. არ მაინტერესებს. ალბომის მუსიკალური ქსოვილი, გამოყენებული სტრუქტურები, ირონია, ტექნიკური არაადმიანური შესაძლებლობები და თან ისე, რომ ემოციაც არსაც მიდის – 2020-ს სხვა არაფრის გამო, მაგრამ ამ ალბომისთვის ვცემ პატივს. ამ რელიზის შემდეგ ჩემთვის რაღაცხმრივ ცხადი გახდა როგორი იდენტობის და დამოკიდებულების ადამიანები შექმნიან მომავლის ინდუსტრიებს დედამიწაზე. Bingo!
Adrian Lencker – Songs
ამ ალბომში პირველისგან განსხვავებით ახალი თითქოს არაფერია, მაგრამ რატომღაც კონსიუმერიზმით, სოციალური მედიებით, Coolness-ობით, შეშლილობით და უმიზნო ტემპებით გატაცებულ ყოველდღიურობაში ეს ალბომი ძალიან უცხოდ აღიქვა ჩემმა ყურმა. “Songs” მარტივ მოცემულობებს და გულწრფელობას აღიარებს და მარტო ეს უყვარს. იმ დროს, როცა ახალი რამეების აღმოჩენის მაგივრად, უბრალოდ უკვე არსებული საკუთარი მოწყვლადი ნაწილების მოსმენა და შეყვარება მოგინდებთ, ეს ალბომი თავქვეშ ამოსადები რელიზია. Singer-songwriter ჟანრი, რომელიც ჩვენმა ურბანულ სივრცემ ბოლო დროს ცოტა გვერდზე გადაწია, ამ ალბომით მგონი სხვანაერად მიმზიდველი ხდება ან ანჯღრეულ ყოველდღიურობაში. ისიც არ იქნება სწორი, რომ მხოლოდ ამ წლის სენსიტიურობის გამო ავწიო ამ ალბომის წონა. უბრალოდ კარგი ალბომია.
Noveller – When I last saw Jesse
ისე ვერ გამოვიდოდა 2020-ისთვის რამე Dark ემბიენთი რომ არ დამეხვედრებინა და მეფიქრა, რომ “არც არაფერია საშიში”. Noveller-მა წელს 2 ალბომი გამოუშვა და ორივე გადასარევია, მაგრამ ალბომმა “When I last saw Jesse” -მა მოიტანა იმ ემოციების მუსიკალური ჩამონათვალი, რომელიც ჩემთვის ამ წლის ძირითად ნაწილს გამუდმებით დაჰყვებოდა. რამდენად შორს შეიძლება ერთი ხარისხიანად დაეფექტებული გიტარით ადამიანი წავიდეს, ან რამდენად კომპლექსური შეიძლება გახდეს მარტო ერთ დღე – ალბომი კვანძებს ხსნის. სხვა რომ არაფერი, შეგიძლია ალბომი ჩართო, გაიბლანდო, ვერ გამოერკვე ნათელია თუ ბნელია, მომავალია თუ წარსულია, მოგწონდეს თუ არ მოგწონდეს და იქვე დაცინო შენს თავს და შეწყვიტო თვილების აქეთ-იქეთ ცეცება. მგონია, რომ ყოველ მოსმენაზე ალბომი დაახლოებით იგივე ტრაექტორიას ითავაზება. შეიძლება ვამეტებ. კარგი ალბომია.
ავტორი: ნინო დავაძე
Jeff Parker – Suite For Max Brown
2020 წლის დასაწყისში, როცა მსოფლიოში ჯერ კიდევ ყველაფერი კარგად იყო, გამოიცა ვეტერანი გიტარისტის ჯეფ პარკერის ახალი ალბომი – Suite For Max Brown. გამოცემა სავსეა ტრადიციებით და ექსპერიმენტებით, რომელიც მოიცავს თაობების და თავად არტისტის მუსიკალურ გამოცდილებებს. ამასთანავე, პაკრერი ახალი ჯაზ-მუსიკის ავანგარდშია. Suite For Max Brown შექმნის იდეა მამის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა, როდესაც მუსიკოსმა გადაწყვიტა ჯერ კიდევ ცოცხალი დედისთვის მიეძღვნა ალბომი. 11 კომპოზიციის მუსიკალურ სტრუქტურაში ჟღერს სოულის შტრიხები, ჯაზ-ფუჟენი, ჰიპ ჰოპ ბითებიც, მომენტებში ჰიპნოტური ალბომი გაჟღენთილია ცოცხალი ინსტრუმენტების ჯაზ ჟღერადობებით.
Actress – Karma & Desire
2020 წლის ელექტრონული მუსიკის სტუდიური გამოცემებიდან, ერთ-ერთი გამორჩეულია Actress-ის რიგით მეშვიდე ალბომი – Karma & Desire. ბრიტანელი არტისტი დეტროიტ ტექნოს, 80-იანი წლების ნიუ-იორკის რეპის და ელექტროს დამუშავებითა და გადასხვაფერებით, ყოველ ჯერზე ახალ, მიმზიდველ, ექსპერიმენტულ ჟღერადობებს გვთავაზობს. გამოცემაში აღსანიშნავია კოლაბორატორი არტისტების ჩამონათვლის არსებობა, რაც სიახლეა ხმების დესტრუქციონერი Actress-ისთვის. 17 ტრეკისგან შემდგარი ალბომი, რომელიც Ninja Tunes-ზე გამოვიდა, მეტწილად ინტროვერტულია, მონოქრომული განწყობით და ჟღერადობით. ალბომს გასდევს გლიჩი, ფხაკუნა ტექსტურა, რომელიც მთლიან ატმოსფეროს უსინქრონდება. Karma & Desire მატერიალურ სამყაროში ცეკვასთან ერთად, გკარგავს საკუთარი არაცნობიერის ბნელ და ნათელ პოლუსებში. როგორც თავად არტისტი აღწერს, ალბომი “…არის რომანტიკული ტრაგედია სამოთხესა და მიწისქვეშეთს შორის…”
Robin Guthrie & Harold Budd – Another Flower
რობინ გათრისა და ჰაროლდ ბადის Another Flower, უკანასკნელი ყვავილი აღმოჩნდა ბადის სიცოცხლეში გამოცემული ალბომებიდან. დარლა რექორდსზე გამოქვეყნებული სტუდიური ჩანაწერი, რომელიც შვიდი წლის შემდეგ პირველად გამოქვეყნდა, 9 კომპოზიციისგან შედგება.
Another Flower-ის მოსმენა და 41 წუთის განმავლობაში უწონად სივრცესა და სრულყოფილ, მინიმალისტურ ჟღერადობებში მოგზაურობა, ქაოტური 2020 წლის საუკეთესო მუსიკალური მკურნალია.
ავტორი: სალომე ოთარაშვილი
Nation of Language- Introduction, Presence
Nation of Language სინთი-პოპ ჯგუფია, რომელიც 2016 წელს ბრუკლინში ჩამოყალიბდა. ჯგუფი 3 წევრისაგან შედგება. Ian Richard Devaney ( ვოკალი, გიტარა, პერკუსია),Aidan Noell (სინთი, ვოკალი), Michael Sue-Poi (ბასი)/
Introduction, Presence მათთვის დამოუკიდებლად გამოცეული სადებიუტო ალბომია, რომელიც მიუხედავად რეტრო ჟღერადობისა მაინც ძალიან ახალი და საინტერესოა.
Luke Abbot-Translate
Translate ინგლისელი ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი- Luke Abbot-ის მესამე, ბოლო 6 წლის მანძილზე კი-პირველი, სოლო რელიზია, რომელიც ლეიბლ Border Community-ზე გამოიცა.
ზოგიერთი კომპოზიცია ჰორორ ფილმის საუნდტრეკს მოგაგონებთ, აქა-იქ Boards of Canada ექოები და Kraftwerk ჟღერადობაც მოგესმებათ. ალბომი საკმაოდ ფსიქოდელიურია და თითქოს ავტორი ცდილობს საკუთარი ფიქრები, საინტერესო, კოსმიური ჟღერადობებით გვითარგმნოს.
საყვარელი კომპოზიცია-Living Dust
Natela Svanidze – Natela
ჩემი 2020-ის აღმოჩენაა ნათელა. ელექტრონული მუსიკის პიონერი, რომელმაც დროს გაუსწრო და 60-იან წლებში პოლონეთში მოგზაურობის შემდეგ ეპიტაფიები დაწერა.
„მე ადრე ვარ მოსული.. მე ელექტრონული მუსიკისთვის ვარ გაჩენილი, მაგრამ ჩვენთან ამ მუსიკის შექმნისთვის არანაირი ტექნიკური საშუალება არ არის“
ალბომი წელს CES Records-მა გამოსცა და ნათელას კომპოზიციების გარდა HVL, Mess_Montage და თამო ნასიძის ქავერებსაც შეიცავს.
მოუსმინე ალბომს
ავტორი: სალომე ვარდანაშვილი
William Basinski – Lamentations
“Lamentations” არტისტის თამამი და ამავდროულად ფაქიზად გადმოცემული ალბომია. თვით სიტყვა გოდებას ნიშნავს და კავშირშია ამავე სახელწოდების ბიბლიურ პოემასთან; ამონარიდი: (“როგორ მიტოვებულია ქალაქი, ოდესღაც ასე სავსე ხალხით!”)
ალბომი 12 კომპოზიციისგან შედგება და მოიცავს 1979 წლის ძველ ჩანაწერებსა და არქივებიდან შეგროვებულ ანალოგური ფირის ლუპებს. ჟღერადობით დასაწყისიდანვე იგრძნობა თუ როგორ აღებს მუსიკოსი ჩვენს წინ ახალ სამყაროს, რომელიც ნისლიანი, ბურუსით მოცული – ამავდროულად ძალიან ფაქიზი და ლამაზია.
ვფიქრობ, “Lamentations” ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მუსიკალური გამოხმაურებაა იმ ატმოსფეროსი, რაც ჩვენს ირგვლის ტრიალებს. “The Disintegration Loops”, 2002-2003 წელს გამოშვებული ალბომების სერია, ცნობილია როგორც 11 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებული ფრაგმენტების სერია, რომელიც უილიამ ბასინსკიმ აღწერა როგორც ვიზუალურად, ასევე ხმოვანებით. აქ თითქოს იმ უხილავ ძაფს ვხედავთ, თუ როგორია მუსიკოსის რეაქცია იმ მოვლენებსა და ატმოსფეროზე, რაც ჩვენს ირგვლივაა. როგორ მოაქვს ეს ემოციები მსმენელამდე, კიდევ ცალკე ხელოვნებაა.
პირველივე კომპოზიციიდან იგრძნობა ის გობალური განწყობა, რომელიც მთელს მსოფლიოს პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით მოედო. იგრძნობა როგორ პირისპირ გვაყენებს მუსიკა ამ რეალობასთან. ეს რეალობა კი შეიძლება ნისლებითა და აჩრდილებით იყოს სავსე. ფავორიტ კომპოზიციად “Tear Vial”-ს გამოვყოფდი; მელანქოლიური სიმფონია, რომელიც უბრალოდ რეალობაზე გესაუბრება და გიზიარებს თავის განცდებს. როგორც წვიმას შეგვიძლია შევხედოთ და აღვიქვათ იგი სევდიანად ან ლამაზად. ან უბრალოდ ჩვეულებრივ, ფიზიკურ მოვლენად. ალბომის ყველა კომპოზიციის კოლექტიური რეზონანსი კი უსასრულო და მარადიულია, როგორც იმედი, კაცობრიობას ასე ძალიან რომ გვჭირდება ახლა.
The Strokes – The New Abnormal
The New Abnormal ბენდის რიგით მეექვსე და შვიდი წლის განმავლობაში პირველი ალბომია. ალბომის სახით ერთგულ მსმენელებს მოულოდნელი სიხარული 2020 წლის გაზაფხულს ეწვიათ. “ქამბექი” საკმაოდ წარმატებულ და ბევრისთვის სასიხარულო სიახლე იყო, რადგან ბენდის ახალი ალბომი იზოლაციის, თვითიზოლაციისა თუ სხვა სირთულეების მიუხედავად არსებულ რეალობას მაინც ალამაზებდა. გულწრფელი ტექსტებით სავსე, მელანქოლიური ალბომი ჟღერადობით ნიუ ვეივსა და პოსტ პოსაც წააგავს და 80-იანების ნოსტალგიაც მოაქვს. ალბომმა მიიღო ნომინაცია “საუკეთესო როკ ალბომისთვის” მომავალი 63-ე “Annual Grammy Awards”-ზე, რომელიც 2021 წლის 31 იანვარს გაიმართება ლოს ანჯელესში.
ფავორიტი კომპოზიციაა “The Endless Summer”, რომელთანაც ალბათ უფრო პირადი ემოციური დამოკიდებულება მაქვს ან უსასრულო ზაფხულისადმი სიყვარული და ბალადებისადმი, რომლებიც ზაფხულის სილაღესთანაა კავშირში. მსგავსი ემოციების გაღვიძება კი ამ მუსიკას ზამთარშიც კი შეუძლია.
“The New Abnormal” თავის ჟანრში ალბათ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი აქ ის კონცეპტია, რომელსაც ალბომი ატარებს და რომელიც მსმენელმა ზუსტ დროს აღიქვა.
Autechre – SIGN
Sign – ექპერიმენტული ბრიტანული დუოს დაბრუნება უფრო კონკრეტული და მიმზიდველი 11 კომპოზიციით. განსხვავებით ძველი ალბომებისგან, ამჯერად SIGN უჩვეულოდ მოკლე, ლაკონური და მკაფიოა. იგი ჟღერს, როგორც ორი ერთნაირი არტისტის საათი, რომელიც სინქრონულად მუშაობს. ეს ორი სინქრონულად მოაზროვნე არტისტი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ნამუშევრებს წლების განმალობაში, რამაც საბოლოოდ ახალი, სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დაგვანახა დუოს შემოქმედება. 11 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი ისე ჩაესმის მსმენელის ყურებს, როგორც მუსიკა შრეული გალაქტიკიდან. ფავორიტი კომპოზიცია გახლავთ “Metaz Form8”. იგი ემოციებზე მეტად უსასრულო ხმების პალიტრაზეა ორიენტირებული, რომელზეც იდეალურადაა გადოცემული ემოციური პეიზაჟები და ნაზი რითმები.
ავტორი: სოფი სირაძე
Rïcïnn – Nereïd
ფრანგული ბენდის ვოკალური ალბომი, რომელიც 2020წლის ოქტომბერში გამოიცა,ისე ჩაჯდება თქვენს გონებაში,რომ გაგიჭირდებათ მისი მელოდიების თავიდან ამოგდება. ეს არის ალბომი,რომლის მოსმენის დროსაც, მრავალი ვოკალის ერთმანეთში არაჩვეულებრივი მონაცვლეობა დიდ ქაოტურ ჰარმონიას ქმნის,რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს.
ალბომი ბენდის ერთ-ერთი წევრის, Laure Le Prunenec-ის მიერ იქნა დაწერილი მსოფლიო ტურნეში მოგზაურობისას, სადაც ის ბენდის მეორე წევრთან Igorr-თან ერთად იმყოფებოდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ აუცილებლად მოგზაურობის დროს უნდა მოუსმინოთ. უნდა შეარჩიოთ წყნარი,მშვიდი გარემო,რათა კარგად ჩაწვდეთ ალბომის სიღრმეებს და ბოლომდე შეიგრძნოთ ის ყველაფერი, რასაც ბენდის წევრები ცდილობენ,რომ თქვენამდე მოიტანონ. მართლაც,მოგზაურობა არ არის საჭირო, კომპოზიციები თვითონ ამოგზაურებს თქვენს გონებას გალაქტიკებს შორის. გალაქტიკებიდან დედამიწაზე გადმოინაცვლებთ. ნახავთ მუმიებს,გლადიატორებს და რენესანსის ხანას. თავიდან შეიძლება ადვილი მოსასმენი გეგონოთ,თუმცა მალე ლაბირინთში ამოყოფთ თავს, და ყოველთვის,როდესაც ალბომის ახლიდან მოსმენას გადაწყვეტთ,კვლავ იქ აღმოჩნდებით,სადაც გეგონათ,რომ ლაბირინთი დამთავრდა.
NIKAKOI – Geoweddings
ნიკა მაჩაიძის ალბომი, რომელიც 2020 წელს CES Records-ზე გამოიცა და გვიყვება ისტორიას 8 სხვადასხვა ქალის ქორწინების შესახებ.
ქართველი საზოგადოების სტერეოტიპებითა და ქართული ნაციონალური მუსიკის ელემენტებით გაჯერებულ ალბომი,რომელიც აუცილებლად აგაცეკვებთ და გაგაცინებთ. ალბომი,რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენი დილის ფლეილისთში. მოკლედ რომ ვთქვათ,თუ გინდათ,რომ დილა პოზიტიური და კარგი განწყობით დაიწყოთ,აუცილებლად უნდა ჩართოთ Geoweddings. როგორც უკვე ვახსენე, შეუძლებელია მხრების გაჩერება მოსმენისას. ცეკვა კი ენდორფინია და ყოველთვის სასარგებლოა.
Sigur Rós – Odin’s Raven Magic
ისლანდიური ბენდი გვთავაზობს მე-14 საუკუნის ისლანდიურ პოემაზე დაფუძნებულ ორკესტრულ ალბომს,რომელიც იმაზე მეტად საინტერესოა,ვიდრე ჟღერს. ლაივ პერფორმანსი,აკაპელა,ორკესტრი და მუსიკალური ხელსაწყოები,რომლებიც გადაგაგდებთ მთაში,ნისლიან და თოვლიან ამინდში. ალბომი კი თქვენი ღამის იავნანა და დილის გამოსაფხიზლებელი ყავა გახდება. ამ შემთხვევაში, ეს ორი რამ ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს,გაგიკვირდებათ.
ეს არის ალბომი,რომელის თითოეული კომპოზიციის მელოდია საოცრად ჰგავს ერთმანეთს,თუმცა სინამდვილეში საკმაოდ განსხვავდება და სხვადასხვა ემოციებს აღძრავს თქვენში. გიყვებათ სხვადასხვა ისტორიას, სხვადასხვა ეპოქასა და ადამიანებზე.
ალბომი,რომლის დროსაც ერთდროულად აივსებით და დაიცლებით ემოციებისგან.
აღსანიშნავია გალობა,რომელიც ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი საინტერესო, და რომელსაც Steindór Andersen ისე ასრულებს,რომ მისი ხმის სინაზე, თოვლივითაა,რომელზეც ჯერ არავის გაუვლია და ფეხის ნაკვალევი არ დაუტოვებია.
ავტორი: თაკო თინიკაშვილი
Charles Webster – Decision Time
სადღაც ამოვიკითხე „Absurd times call for absurd amounts of love”. 2020 წელი ზუსტად ასეთი აბსურდული გამოდგა. ადამიანები იძულებულები გავხდით შეგვეწყვიტა მექანიკური ფუსფუსი, დავფიქრებულიყავით და ჰო, გაგვეცნობიერებინა, რომ განსაკუთრებით გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, სიყვარული, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით, აბსურდული ოდენობით გვჭირდება.
ლეგენდარული ბრიტანელი დიჯეი/არტისტი/პროდუსერი ჩარლზ ვებსტერი თითქოს შეგნებულად არიდებდა თავს 20 წლის განმავლობაში ჩვენთვის სიახლეების გაზიარებას, ზუსტად იმიტომ რომ თავის სოლო ალბომში „Decision time“ ჩვენი ყურადღება მიეპყრო ყველაზე მნიშვნელოვანისთვის. „We belong together”, “Love lives”, “Wait and See”, “Secrets held” და არსებითად, ალბომში შემავალი ყველა კომპოზიცია ამაზე მიუთითებს. ალბომის თბილი და ძალდაუტანებლად დეტალიზებული chill-out და trip-hop ჟღერადობა მსმენელს შეჩერების საშუალებას აძლევს, იმისთვის, რომ ტვინში არსებული მილიონობით ნეირონის ურთიერთქმედების შედეგად „ვაიძულოთ“ თავები ჩვენთვის გადავწყვიტოთ, რა არის მნიშვნელოვანი.
აღსანიშნავია, რომ ალბომზე, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა, არაერთმა საინტერესო მუსიკოსმა იმუშავა, მათ შორის, სამხრეთ აფრიკელმა ვოკალისტებმა, იმის გათვალისწინებით, რომ ვებსტერის ძირითადი რეზიდენცია, ამჟამად, კეიპ ტაუნშია. კომპოზიციაში „This is real” ასევე ისმის ბრიტანელი მომღერლის შარა ნელსონის მომაჯადოებელი ხმა, რომელიც ჩვენთვის შესაძლოა ცნობილია Massive Attack – ის 1991 წლის ალბომიდან Blue Lines. აქვე, ორ კომპოზიციაში გაიგებთ ამერიკელი მომღერლისა და პოეტის ინგრიდ ჩავეზის ხმას, რომელიც ხშირად თანამშრომლობდა ლეგენდარულ პრინს როჯერ ნელსონთან (aka Prince). ამ ორიდან ერთ-ერთი კომპოზიციის კო-პროდუსერი ბრიტანელი ელექტრონული მუსიკოსი Burial-ია, რომელსაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ვებსტერისვე ადრინდელმა ალბომმა „All systems are gone“ მასზე უდიდესი გავლენა იქონია.
Peak District-ში (ინგლისის მთიანი რეგიონი) გაზრდილი ჩარლზ ვებსტერი მშობლების აუდიოთეკაში ნაპოვნი Kraftwerk-ის ჩანაწერით ეზიარა ელექტრონულ მუსიკას და უკვე 1990-იან წლებში ბრიტანეთის საცეკვაო მუსიკის სათავეებთან აღმოჩნდა. ვებსტერმა სახელი deep house-ით გაითქვა. ჩარლი ვებსტერს ოცდაათამდე ფსევდონიმით 500-მდე რემიქსი აქვს გამოშვებული. 1999 წლის ალბომმა All Systems Gone, რომელიც Presence-ის სახელის ქვეშ გამოვიდა, საბოლოოდ გაავლო ხაზი ავტორის მარგინალურ პოზიციასა და კლუბური მუსიკის კომერციულ ხასიათს შორის.
Magic Oneothrix Point Never – Oneothrix Point Never (OPN)
ბრუკლინელმა ონავარმა (დიახ, ასეთია ჩემ წარმოსახვაში:)), დენიელ ლოპატინმა, თავისი ერთგული მეგობრის, მამის ნაქონი [Roland] Juno 60-ის და სხვა სინთეთიკური ინსტრუმენტების დახმარებით, 2020-ში ისევ დაგვაბრუნა თავის ჯადოსნურ სამყაროში. თუმცა ლოპატინისთვის დამახასიათებელი ტრადიციული თემატიკის მიღმა (მეხსიერება/დავიწყება, ნოსტალგია), ალბომი გაჟღენთილია მელანქოლიის მძლავრი და ყოვლისმომცველი განცდით. ბუნებრივიცაა, ალბომი, მიუხედავად არტისტული კოლაბორაციისა, ძირითადად მარტოობაში ჩაიწერა, რაც პანდემიით შექმნილი იზოლაციის შედეგია. ოქტომბერში გამოცემის GQ ინტერვიუში დენიელი თავადვე აღნიშნავს: “There’s so much of me on this—even the collaborations are appropriate [to when I started out],”. “Everyone’s locked down, and they want to be creative online. Doing a self-titled record felt really appropriate for that reason.”
შემთხვევითი არაა, რომ ლოპატინი თავის ალბომში ცდილობს იპოვოს პასუხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე: რა ხდის რადიოს ასეთ მიმზიდველს? რატომ ვუბრუნდებით მას მუდმივად, იმ პირობებში, როდესაც დღეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი რამის მოსმენაა შესაძლებელი. დენიელის შემოქმედების მთავარი ინსპირაცია, რაც მას მუსიკალური ახირებულობისა და ყოფიერებისადმი დამოკიდებულებების არტიკულაციაში ეხმარებოდა, ყოველთვის იყო რადიო, მაგრამ წლევანდელმა წელმა, ამ მედიუმს სხვა აქტუალობა შესძინა. მიუხედავად ნამუშევარში წარმოდგენილი თვითრეფლექსიის დიდი დოზისა, არ არის დაკარგული რადიოს იდეა – საზიარო გახადოს სმენის შესაძლებლობა და გააჩინოს ერთად ყოფნის (togetherness) განცდა. დენიელი თავისი შემოქმედების ხელშესახები ასპექტებისა და სიურპრიზების სინთეზის გზით და შემდგომ ამის ჩვენთვის გაზიარებით, თითქოს, იღებს კიდეც ამ ეფექტს.
„Lost but never alone” და „I don’t love me anymore”, ჩემი აზრით, ალბომის მთავარი ორი ჰიტია და რომ არა ლოპატინის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ექსკლუზიური ჟღერადობა, რაც ძირითადად თითქოს 80-იანი წლების SiFi ფილმების საუნდტრეკებისა და ტრადიციული ბაროკოს სტილის სიმფონიური ქორალების სინთეზით ხასიათდება, ორივე მათგანი თავისუფლად მოხვდებოდა პოპმუსიკის 2020 წლის ჩარტების მთავარ ათეულში. მაგრამ დენიელის მიზანი არასდროს ყოფილა გამხდარიყო მეინსტრიმ მუსიკოსი, ის უფრო ვირტუოზი ბავშვია, ინტელექტუალი, რომლისთვისაც მუსიკალური ექსპერიმენტი – თამაშია და ის ამ თამაშისთვის ყველაფერს დათმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომის ძირითად ნაწილი დამოუკიდებლადაა გაკეთებული, რამდენიმე კომპოზიციაზე თანამშრომლობა შედგა ქეროლაინ პოლაჩეკთან, Arca და აბელ ტესფეისთან (aka Weeknd). დენიელის თქმით, ამ უკანსაკნელთან სხვა პროექტზე ლოს-ანჯელესში დაწყებული ხანგრძლივი საუბრების შედეგია ის, რომ ტესფეი ამ ალბომში თანააღმასრულებელ პროდუსერადაა მოხსენებული.
38 წლის მუსიკოსის კარიერა ანდერგრაუნდ ნოიზ სცენაზე 2000-იან წლებში დაიწყო, როდესაც მსმენელის წინაშე ნიუ ეიჯისთვის დამახასიათებელი აბსტრაქციებით წარდგა, სახელი კი 2009 წლის ალბომით Rifts გაითქვა. OPN ასოცირდება ავანგარდული მუსიკის ისეთ მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან Soundgarden, Nine Inch Nails. აქვე, აღსანიშნავია, რომ ლოპატინი მონაწილეობდა გასული დეკადის ყურადსაღები ფილმების საუნდტრეკების შექმნაში და ხშირად თანამშრომლობს პოპმუსიკის წამყვან არტისტებთან. 2013 წლიდან დენიელი რეგულარულად გამოიცემა ბრიტანულ ლეიბლზე Warp Records.
Gus Levy –MAGIA, MAGIA
როგორი შეიძლება იყოს ალბომი, რომელსაც ეს სათაური აქვს „MAGIA, MAGIA”. ამას არც ბევრი ფიქრი და არც პორტუგალიური ენის ცოდნა არ სჭირდება. უფრო მძაფრი ეფექტისთვის, გირჩევდით მისი მოსმენა დაიწყოთ ალბომის მე-8 კომპოზიციით „NOSSO AMOR”. 1:10 წუთია ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ბგერების სითბოში იძირება ჩვენი ცნობიერება და ორგანიზმი იწყებს ენდორფინების გამოყოფას.
ალბომის 11-ივე კომპოზიცია, ჟანრობრივად, საკმაოდ მრავალფეროვანია. აუცილებლად გაიგებთ სამბა როკს, რომანტიკულ გრუვსა და ფსიქოდელიური პოპის ჟღერდობას. თუმცა, მთლიანობაში, იმდენად ჰაეროვანი და ლამაზი ალბომია, რომ მისი ჟანრობრივი დაფასოვება, დანაშაულიც კი იქნება.
პორტუგალიური ენის მცოდნე ჩემ ერთ მეგობარს ვთხოვე მოკლე შინაარსი გადმოეცა ტექსტებისა, რომელიც არ მესმის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველა მათგანი გამბედაობას, სასწაულს, სიყვარულს და ერთობას ეხება და აღმოჩნდა რომ არ ვცდებოდი…თუმცა, ტექსტებს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ჩართეთ ალბომი და ისიამოვნეთ.
გუს ლევი ბრაზილიელი (რიო დე ჟანეირო) კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მუსიკალური პროდუსერია. 10 წელზე მეტია ჯგუფის „Os Dentes” წევრია და პერიოდულად როგორც გიტარისტი, თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ანტონიო ნევეს, ფილიპ მარონეს და ჟოაუ ვერნექი.
ავტორი: თინათინ მიქიაშვილი
Jacob Collier – Djesse. vol 3
Jacob Collier – Djesse Vol.3 – ეს არის მესამე ნაწილი ოთხ ნაწილიანი პროექტისა , რომელიც 2018 წელს იუთუბის პირდაპირი ჩართვის დროს დააანონსა ინგლისელმა მუსიკოსმა ჯეიკობ კოლიერმა.
ჯეიკობის თქმით, მისი სურვილი იყო ამ ოთხ ნაწილში რაღაც მხრივ აღეწერა და გამოეხატა მთელი ის მუსიკა, რასაც უსმენდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, დაერღვია საზღვრები კლასიკური მუსიკის, როკის, ფოლკის, ჯაზის, გოსპელის თუ ელექტრონულ მუსიკას შორის.
პირველი ნაწილი ორკესტრის და გუნდის ენერგიით არის სავსე. Djesse Vol.1 – ში შემავალი სიმღერის “All Night Long” – ის არანჟირებისთვის ჯეიკობმა გრემი დაიმსახურა.
მეორე ნაწილი უფრო ფოლკის, ჯაზის და აფრიკული მუსიკალური ტრადიციებით არის გაზავებული, შემდეგი გრემი საუკეთესო არანჟირებისთვის, ამ ალმბომში შემავალმა “Moon River”- მა მიაღებინა.
მესამე ნაწილი, საოცრად ეკლექტური და მოძრავია, ელექტრონული ხმებით, სადაც ჯეიკობის ხმა ანათებს და არის გამაერთიანებელი მთელი ამ მუსიკის. ფავორიტი სიმღერა : “He wont hold you” , “Count the people” (აქ ის მომწონს, პირველად რომ რეპავს და როგორც გამოსდის 😊), “all I need “ , “Time alone with you”
Joe Hisaishi – Dream Songs: The Essential Joe Hisaishi
იაპონელი კომპოზიტორი , რომელსაც მუსიკალურად გაფორმებული აქვს ასზე მეტი ფილმი. თანამშრომლობდა ჰაიაო მიაძაკისთან და ანიმეს მუსიკაში მისი წვლილი უდიდესია. წელს გამოცემულ ალბომში შედის 28 კომპოზიცია, რომელიც დაწერა სხვადასხვა დროს.
Thundercat – It is what it is
ვირტუოზი ბასისტის სტივენ ლი ბრუნერის ეს ალბომი ნაზავია თანამედროვე ჯაზის , რიტმული ბლუზის და ჰიპ-ჰოპ-ის და ეძღვნება მის ახლო მეგობარს, რეპერ მექ მილერს.
პროდიუსერი : Flying Lotus.
ავტორი: Lady of the dancing water
Common Saints – Idol Eyes
Common Saints ბრიტანელი მულტი-ნსტრუმენტალისტის, პროდიუსერის და მომღერლის პროექტია, რომელმაც სადებიუტო EP ოქტომბერში გამოუშვა. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია, თავისი თბილი ბასს ტონებით, მელოდიური გიტარის რიფებით, დაუღალავი რიტმული სექციებითა და სულიერებით გამსჭვალული ვოკალური პარტიებით. მუსიკალურად მისი ფუძე 60/70/80-იანი წლების მუსიკიდან იღებს და ალბომის იდეას ერთიანობაში ხედავს.
Anushka Chkheidze – Halfie
ანუშკა ჩხეიძე თბილისის მუსიკალური სცენისთვის უცნობი ნამდვილად არ არის, მისმა მდიდარმა მუსიკალურმა პალიტრამ, სტილებს შორის საზღვრების გაქრობამ და ემოციურმა ბიძგებმა საბოლოოდ გზა სადებიუტო ალბომში “Halfie”-ში ნახეს. ეს მუსიკაა ადამიანზე, რომელსაც ადამიანები ძალიან უყვარს და ამის გამოხატვა მუსიკით ყველაზე კარგად შეუძლია.
ავტორი: ნასტია სართანია
Mac Miller – Circles
ალბომი Circles, ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტის რიგით მეექვსე და საბოლოო ალბომია, რომელიც REMember Music და Warner Records-მა 2020 წლის 17 იანვარს დაარელიზა. შეგახსენებთ : ამერიკელი რეპერი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა 2018 წლის 7 სექტემბერს.
HVL – Aura Fossil
გიგი ჯიქიამ, სასცენო სახელით HVL რიგით მეოთხე ალბომი Aura Fossil დაარელიზა, ალბომი 17 ტრეკს მოიცავს, რომელიც ემბიენთ და ეისიდ ელემენტებითაა გაჟღერებული.
The Microphones – Microphones In 2020
ამერიკული ალტერნატიული როკის მივიწყებული, თუმცა მაინც არ დასავიწყებელი პროექტი The Microphones ახალი ალბომით დაუბრუნდა სცენას, ეს კი პროექტის მთავარი როლის შემსრულებლის და იდეის ავტორის, ფილ ელვერუმის უეცარ დაბრუნებასთან არის დაკავშირებული, რომელმაც 17 წლის შემდეგ პროექტი ზარდახშიდან ამოიღო და გააცოცხლა. 44 წუთიან ალბომს თან ვიზუალური ვიდეო ფონიც მოაყოლა, რომელიც 800 მდე ფოტოსგან შედგება და თემატურად გასდევს ალბომის ლირიულ მხარეს.
ავტორი: ლუკა ჯალაღონია
Kelly Lee Owens – Inner Song
2020 წელი საცეკვაო ელექტრონული მუსიკისთვის ძალიან რთული პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ეს მუსიკა ფაქტიურად თავისი ტაძრის, კლუბის გარეშე დარჩა. კლუბის და ფესტივალების გარეთ კი მოგეხსენებათ მუსიკის მოსმენის ეთიკა და მუსიკალური სტანდარტები სხვაგვარია, რაც საცეკვაო მუსიკის წარმომადგენლისთვის ხშირად გადაულახავ ბარიერად იქცევა. Kelly Lee Owens-ის ალბომი კი ერთგვარი მცდელობაა შეიქმნას ისეთი მუსიკალური ენა, რომელიც ერთნაირი წარმატებით ‘იმუშავებს’ როგორც კლუბში, ასევე მელომანის ყურსასმენებში.
Inner Song ერთის მხრივ უაღრესად ინტროვერტული ჩანაწერია, სადაც ავტორი თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდს მიმოიხილავს, მეორეს მხრივ კი ნამდვილი მულტიჟანრული ექსპერიმენტი ბრწყინვალე არანჟირებით. ქელი ლი ოუენსის უნარი არაერთგვაროვან მუსიკალურ ქსოვილში ერთნაირი წარმატებით გაახვიოს როგორც ეიფორიული საცეკვაო მუსიკა, ასევე ემოციური ბალადები, Inner Song-ს წლის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჩანაწერად აქცევს.
Ichiko Aoba – Adan no Kaze (アダンの風)
ფაქტია, რომ 2020 წლის მთავარი პერსონაჟი Covid-19 გახდა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ მუსიკალურ ინდუსტრიაზე, არამედ თავას მუსიკოსების შემოქმედებით აქცენტებზე. ეს ფაქტორი Charlie XCX-მა პირდაპირ შთაგონებად გამოიყენა და კიდევ ერთხელ გვაცნობა, რომ მომავლის პოპ მუსიკის შექმნა ჯერ კიდევ არ გადაუფიქრებია. თვითიზოლაციით შეწუხებული ადამიანებისთვის Fiona Apple-მა თავისი დისკოგრაფიისთვის არაფრით გამორჩეული ალბომი გამოსცა, Taylor Swift-მა კი გაიხსენა, რომ ნორმალური სიმღერების წერა შეუძლია.
ამ ყველაფრის ფონზე თუ გაინტერესებთ ისეთი ჩანაწერის მოსმენა, რომელიც დაცლილია უაზრო პოლიტიკური კონიუქტურისგან, კოვიდ ისტერიისგან და ჩვენგან მოსმენის მეტს არაფერს ითხოვს, იჩიკო აობას ალბომი ნამდვილად სწორი არჩევანია. 50 წუთიანი ჩანაწერის მოსმენა სტუდია გიბლის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას ჰგავს, რომელშიც იჩიკო აობას სიზმრიდან გამოპარული პერსონაჟები სეირნობენ და დაუჯერებელ ამბებს ჩურჩულით ჰყვებიან. ამ ალბომს აქვს ყველაფერი, რაც Covid-19-ით აფორიაქებული სულის დამშვიდებას სჭირდება.
Eartheater – Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin
ბოლო წლებში ხშირად შეხვდებით ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც აპოკალიფს წინასწარმეტყველებენ და თან თითქოს ზუსტად იციან რა მუსიკას მოუსმენენ სამყაროს ფერფლზე მოცეკვავე ადამიანები. ასეთი სამყაროს ღამის კლუბებში ალბათ Amnesia Scanner დაუკრავს, ფესტივალებზე Death Grips, ქუჩაში ლითონის მაღალ ფეხებზე მდგარ Arca-ს შეხვდებით, მაგრამ თუ გიფიქრიათ რა დაგხვდებათ იმ ბარებში, სადაც ადრე გიტარით შეიარაღებული არაფრით გამორჩეული ადამიანები მღეროდნენ მოსაწყენ ქავერებს?
მიწისქვეშა ბარის რამდენიმე საფეხურს როცა ჩაცდებით, ბნელი ოთახის ბოლოს, მკრთალი შუქის ქვეშ ჩამომჯდარი Eartheater დაგხვდებათ, რომელიც მოგიყვებათ თუ როგორ გადაურჩა ციფრულ აპოკალიფსს მისი გიტარა. და შეგახსენებთ, რომ ყოველი ახალი დაბადების წინ ფენიქსმა საკუთარი თავი უნდა დაიწვას.
ავტორი: რეზი ხუნწელია
Wagon Christ – Recepticon
თანამედროვე ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მესაჭე ლიუკ ვაიბერტი, თითქმის 10 წლიანი შესვენების შემდეგ, ახალი ალბომით ანახლებს საკუთარ Wagon Christ-ის პროექტს, სადაც ისევ ინარჩუნებს იუმორ ნარევ მიმართებას მუსიკასთან – ეს რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური სტილების ჭიდილის ეპიცენტრია, ერთი მხრივ მექანიკური მუსიკა, მეორე მხრივ კი სულიერებით სავსე ორკესტრული ნამუშევრები – შუაში კი სემპლებით გაჯერებული მუსიკალური ისტორია. ალბომი ისევ მიყვება ამ პროექტით აქამდე გამოშვებულ მუსიკალურ ხაზს – დაქუცმაცებული და თითქმის აუდიო კოლაჟში გადასული ჰიპ-ჰოპის, ელექტრონული მუსიკისა თუ ფანკის ხმოვანი ელემენტები, რომლებიც ერთდროულად სოლიდურ გრუვს ქმნიან – ამას ემატება 60-იანი წლების სატელევიზიო არქივებიდან ამოღებული ხმოვანი ჩანართები და ეგ არის – წლის ერთ-ერთი საინტერესო ალბომი
GES – Anthology of American Pop Music
თითქმის 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იან იელინეკმა ახალი, წარმოსახვითი პროექტი GES ჩამოაყალიბა, რომელიც როგორც „Gesellschaft Zur Emanzipation Des Samples“ (სემპლების ემანსიპაციის საზოგადოება) იშიფრება. მისი წევრების ვინაობა გასაიდუმლოებელია – ერთადერთი ცნობილია მათი მიზანი – გამოიკვლიონ მუსიკალური სემპლინგის პრაქტიკის შესაძლებლობები და მის ფარგლებში მოახდინონ მისი „დეკრიმინალიზაცია“. ამისთვის იანი რიგით მეორე ალბომში დასავლური პოპ მუსიკიდან იღებს 7 კომპოზიციას და მათი მანიპულაციის და ფრაგმენტაციის მეშვეობით, ცდილობს გააქროს ორიგინალის ამოცნობის პერსპექტივა, ანუ მიღებულმა ბგერითმა ნაკადმა გაწყვიტოს კავშირი მის პირველად წყაროსთან – გვრჩება მხოლოდ ექო და გამოძახილი გარკვეული მისტიური ხმებისა, რომელიც დაგვაფიქრებს თუ რამდენად სწორია სემპლინგის პრაქტიკის კრიმინალიზება, როცა ამ თუ საპირისპირო შემთხვევაშიც სტრატეგიის მიზანი ერთია: სარგებლის მიღება.
Dan Kye – Small Moments
ლონდონი მუსიკით ცოცხლობს! ამას კი ისეთი ლეიბლიც ამტკიცებს როგორიც პეკჰემის უბნიდან წამოსული „Rhythm Section“-ია. სწორედ აქ მოხდა Dan Kye-ს მუსიკალური ფსევდონიმით ცნობილი ჯორდან რაკეის გაბრწყინება 2020 წელს. მის სადებიუტო ალბომში „Small Moments“ მუსიკოსი ერთ სრულ ექსპერიმენტს გვთავაზობს საცეკვაო მუსიკასთან – ეს ყველაფერი კი შუა პანდემიის პირობებში, როდესაც საცეკვაო მოედნები ყველგან დაკეტილია. ალბომის მთავარი იდეა მის ენერგიულ მუხტზე დგას. მოსმენისას თქვენ მძიმე ბიტების, ფანკ ბას პარტიების, ღრმა და ემოციური ვოკალური პარტიების გავლით შეძლებთ უფრო ახლოს მიუახლოვდეთ ლონდონის არსებულ ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის სცენას, რაც ალბომში სრულიად განუმეორებელი სოუსის სახით გვევლინება.
ავტორი: ჯაბა შავიშვილი