ასაკი: 24
Bandcamp: რატი ბარამაძე
იყო დრო, თანაც ძალიან ახლო წარსულში, როცა საქართველოში არ არსებობდა ელექტრონული მუსიკის სწავლის/სწავლების არანაირი სივრცე. ალტერნატივა მხოლოდ თვითგანათლება, ექსპერიმენტები და კომპიუტერულ ტექნიკებთან ცდების ჩატარება იყო. ჩვენი პირველი და მეორე თაობის მუსიკოსების და პროდუსერების დიდი უმრავლესობაც თვითნასწავლია. დღეს კი, ახალ თაობაში ბევრად იშვიათია ისეთი პროდუსერი, რომელმაც დამოუკიდებლად დაიწყო გზების ძიება სინთეზური საუნდების ქსელებში. ერთ-ერთი ასეთია RTNH, რომელმაც გარემოსთან ურთიერთობის მისი აზრით ყველაზე გულწრფელი ფორმა, მუსიკა აირჩია.
რისთვის, რატომ აკეთებ მუსიკას? რა არის მთავარი მოტივი?
ძირითადი მიზეზი არის კეთების პროცესი, რომელიც ბევრად უფრო მომწონს და საინტერესოა, ვიდრე ის, რაც შემდეგში მოყვება ამას. ჟღერადობების ძიება – ვფიქრობ ეს არის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი. თან ბევრი ლაპარაკი და აზრის ჩამოყალიბება არ გიწევს და ვერ მოიტყუები. შეიძლება ლაპარაკისას რაღაცები მოიგონო, მუსიკით ყველაფერი ჩანს. კომუნიკაციის ყველაზე გულწრფელი ფორმაა.
რატომ ელექტრონული მუსიკა და ზოგადად რას ფიქრობ მუსიკის ამ განსაკუთრებულად აქტუალურ მიმართულებაზე?
მე არ მაქვს არანაირი მუსიკალური ბექრაუნდი და ლოგიკური ჯაჭვი, თუ როგორ მივედი მაინც და მაინც ელექტრონულ მუსიკამდე. არც კლასიკური განათლება მაქვს და არც მუსიკის თეორია ვიცი. კომპიუტერული მუსიკა საერთოდ სხვა განზომილებაა და ძალიან ამოვარდნილია, განსხვავდება მუსიკის აკადემიური ჩარჩოებისგან. შეიძლება ითქვას, რომ არც ხარ მუსიკოსი. ელექტრონული მუსიკა იმიტომ, რომ დასაწყისში ერთი მხრივ მარტივი გზა იყო ჩემთვის, მეორე მხრივ კი, მომცა საშუალება მხოლოდ საკუთარი წაროდგენებით მეხელმძღვანელა სწავლისგან მიღებული ზეგავლებების გარეშე.
საკუთარ მიგნებებს ვაკეთებ, რაც ძალიან მომწონს. რა არის ელექტრონული მუსიკის სწავლა? – ტექნიკების სწავლა, რომლებიც სხვადასხვა გზებით გეხმარება იმის გაკეთებაში, რაც გინდა. შენ თუ რაღაც წარმოდგენები გაქვს, თუ როგორ გესმის მუსიკა, კომპიუტერს არანაირი თეორიული შეზღუდვები არ გაქვს.
გაიხსენე, როდის და როგორ გაგიჩნდა ინტერესი პროდუსინგის მიმართ? და რას ფიქრობ, რამ განაპირობა ეს იტერესი?
ყველაფერი დაიწყო უინტერესობით. უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე დავრწმუნდი, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა რასაც ვსწავლობდი, გარშემოც არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. პერსონალური ისტორიის ისეთი პერიოდი იყო, როცა აზრზე არ ვიყავი რა მინდოდა, რა მომწონდა, რას ვაპირებდი… და შემთხევით რაღაც მარტივ ონლაინ პროგრამას გადავაწყდი, რომელშიც სემფლებს ვადებდი ერთმანეთს. დავიწყე ამით „თამაში“, უბრალოდ ვერთობოდი, მსიამოვნებდა და დიდ დროსაც ვუთმობდი. მერე მომინდა, რომ ცოტა მეტად გავრკვეულიყავი ამ ტექნიკებში, თან ირგვლივ არავინ მყავდა ვინც დამეხმარებოდა ან დამაკვალიანებდა და ჩავიწერე fl სტუდიო, მაგრამ საერთოდ ვერაფერი ვერ გავუგე, მერე მეგობრისგან გავიგე ableton-ის არსებობის შესახებ.
თავიდან კომპლექსი მქონდა და ვფიქრობდი, რომ „მუსიკა უნდა აკეთოს მუსიკოსმა“ და რადგან არანაირი ბექგრაუნდი არ მქონდა, მიმაჩნდა, რომ არაფერს არ ნიშნავდა ჩემი მცდელობები.
წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა მემუშავა ამ პროგრამაში – ყველაფერი უცხო იყო. არასწორად ვიყენებდი ინსტრუმენტებს, არც მუსიკის აქტიური მსმენელი არ ვიყავი, რომ წინასწარი პრეფერენციები მქონოდა, ყველაფერს ყურით ვაკეთებდი და მივყვებოდი ინტუიციას. ასე გაკეთებული პირველი ტრეკი რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ ფრანგულ ლეიბლზე დარელიზდა. ახლა, როცა ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე მაშინ, ამ ტრეკს ვუყურებ როგორც ბუნებრივ და ნატურალურ ნამუშევარს. დროთა განმავლობაში ჩემზე რაღაცებმა მოახდინა ზეგავლენა, ის ნამუშევარი კი ამ გავლენებისგან დაცლილია. თავიდან არ მომწონდა, მაგრამ ეხლა სხვა ყურით რომ ვუსმენ, საინტერესოდ მეჩვენება.
რა არის შენი მთავარი სათქმელი ან გრავიტაციული იდეა, რომლის გარშემოც ერთიანდება შენი ტრეკები?
კონკრეტული მესიჯი არ მაქვს. მუსიკას ვუყურებ ისე, თითქოს ჩემი თავია. თვითგამოხატვის ეს გზა ავირჩიე. ჩემი ნამუშევრებით არაფერს არ ვამბობ, უბრალოდ ჩემს შინაგან მდგომარეობას აღვწერ და არ ვეძებ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.
თუ შენი მუსიკა შენ ხარ, მაშინ როგორია თქვენი ხასიათი?
ბოლო პერიოდში რასაც ვაკეთებ და რის შესახებაც მგონია, რომ „აი, მივაგენი, ეგა“, პირდაპირ თუ გადმოვთარგმნით ადამიანის ცხოვრების დამახასიათებელ სიტყვად, რუტინული შეიძლება დაერქვას. და მუსიკა თითქოს ამ რუტინაში გამოსავალს ეძებს. ვცდილობ ხოლმე, რომ ერთი ძალიან მოკლე ლუპის შიგნით იმდენად ბევრი რამე ხდებოდეს, რომ მისი განმეორებით მოსმენა საინტერესო გახდეს. რთულია მუსიკას მიაწერო კონკრეტული განწყობა, რამდენი ადამიანიც მოუსმენს ყველას თავისი ემოცია ექნება. მაგალითად ვინმესთვის სევდიანმა კომპოზიციამ, მე შეიძლება დამამშვიდოს.
ერთია, როცა „ერთობი“ მუსიკით და მეორე, როცა ამას შენს ძირითად საქმიანობად ირჩევ, რომლითაც უნდა იცხოვრო. როგორ უყურებ მუკისის მონეტიზაციის ნაწილს?
ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი გზაა, შენი გულწრფელი და ავთენტური მუსიკა დახვეწო. თუ მთავარი შემოქმედებითი განვითარება არაა, მაშინ ყველანაირად ცდები საწყის მიზანს. რა თქმა უნდა, რაღაცეების გაკეთება საჭიროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიმძიმის ცენტრი მარკეტინგულ გათვლებზე არ უნდა იყოს.
როცა მუსიკა კარგია, ბევრად მარტივია ისიც, რომ ამას გარკვეული შემოსავალი მოყვეს. პრინციპში ეხლა, ადვილია „გაყიდვადი“ მუსიკის კეთება, მაგრამ არ მგონია საინტერესო. ეტყობა ხოლმე ასეთ მუსიკას რისთვისაც არის გაკეთებული. არ ვამბობ რომ ეს ცუდია, არსებობს ისეთი ტრეკები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული მარკეტინგული დანიშნულებით იქმნება, მაგრამ ეს მიმართულება მე არ მაინტერესებს.
გავლენები? აქვს შენს ნამუშევრებს ვინმეს ზეგავლენა?
როგორი მუსიკაც გაქვს, დიდწილად დამოკიდებულია მეთოდზე და ტექნიკაზე, რომელიც ინდივიდუალურ ჟღერადობას გიყალიბებს. ჩემზე მეტ-ნაკლებად გავლენა მოახდინა ჩემმა მეგობარმა, ბექა ჯაყელმა, რომელმაც ბევრი ტექნიკური დეტალი ამიხსნა და მასწავლა. რაც შეეხება მოსმენილისგან მიღებულ ზეგავლენას, ასეთი არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში ესე ცხადად არ დატყობია ტრეკებს. მაგრამ ზოგადად, შვედური ელექტრონული მუსიკა მომწონს ძალიან.
დაახლოებით რამდენ დროს უთმობ მუსიკას ყოველდღიურად და ამ დრიოსთვის რაზე ხარ კონცენტრირებული?
მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა 3-4 დღე სახლიდან არ გამოვდივარ და კონცენტრირებულად ვმუშაობ. მაგრამ ზოგადად ფაქტიურად სულ მაგ პროცესში ვარ, იმიტომ რომ უშუალოდ ტრეკზე ძალიან ცოტა ხანს ვმუშაობ, უფრო მეტ დროს ვუთმობ საუნდების მიღებას, ვიდრე ნამუშევრის არქიტექტურას. შეიძლება 1 თვის განმავლობაში მქონდეს პროექტი გახსნილი და ბოლო დღემდე სულ საუნდების ძებნაში ვიყო, ბოლოს კი უკვე კრეატიულობის საკითხია როგორ გადალაგდება ხმები. ჩემს წარმოსახვაში ეს 2 სხვადასხვა ნაწილია ტრეკის კეთების პროცესში. ბოლო პერიოდში რიტმული ნამუშევრებს ვაკეთებ და ამაში ძალიან მეხმარება ემბიენთის გამოცდილება. რადგან იქ აქცენტი უფრო ჟღერადობებზეა, ამ შემთხვევაში საშუალება მაქვს უცნაური და საინტერესო ჟღერადოდბები, რიტმებზე გადმოვაწყო.
რადგან ვახსენეთ ასეთი ფრაზა, რომელიც დასაწყისში გაფერხებდა კიდეც „მუსიკა უნდა აკეთოს მუსიკოსმა“, ახლა რას ფიქრობ ამ დამოკიდებულებაზე?
ჩემი აზრით ყველას შეუძლია შეეხოს ამ პროცესს, რაღაც კონკრეტული ხმამაღალი მიზნების გარეშე, იმიტომ რომ, ინდივიდუალურად ყველა ადამიანს აქვს თავისი აღქმა. ყველას თავისი მუსიკა აქვს. არ არის საჭირო „უფლებების მოპოვება“, რომ რაღაც ცადო. სულ რომ არაფერი, განტვირთვისთვის არის ძალიან კარგი საშუალება. შეიძლება შეგაფერხოს შიშმა, გავლენებმა, ირგვლივმყოფების შეფასებებმა, მაგრამ ეს აუცილებლად დაეტყობა ნამუშევრებს. არც ის არის საჭირო რომ ბავშვობიდან მუსიკას სწავლობდე, მაგრამ არც წარმატება უნდა იყოს თვითმიზანი.
საინტერესო ინტერვიუა! წარმატებები, კარგი იქნებოდა მისი სასცენო სახელის RTNH-ის განმარტებაც რომ მოგვესმინა.