რამდენიმე თვის წინ  ერთი ქართული ალბომი გამოვიდა პროგრესული როკის ჟღერადობით და ჭრელი გარეკანით. როკის სმენის განსაკუთრებული გამოცდილება საჭირო არ არის იმის შესამჩნევად, თუ როგორ განსაზღვრავს ალბომს გრავიტაციული ძალა როკის ოქროს ხანისკენ, წინა საუკუნისკენ, რომელიც ამ ჟანრში ნამდვილად ყველაზე წინაა.

Delusion – ასე ჰქვია მულტიინსტრუმენტალისტი ლაშა უგულავას სადებიუტო ალბომს, რომელიც მისი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში დაწერილი კომპოზიციების კრებულია. ნამუშევარი ავტორის მუსიკალურ განვითარებას ასახავს, რომელშიც დინამიკა იგრძნობა, მაგრამ საერთო ხელწერა უცვლელი, ლაიტმოტივი კი ყველაზე ძლიერია. თუმცა, მაინც მგონია, რომ ამ ამბავში სხვა რამეა მთავარი – ალბომზე მუსიკის შექმნიდან დაწყებული, მასტერინგით დამთავრებული მხოლოდ ერთმა ადამიანმა იმუშავა, რაც უკვე ადასტურებს იმას, რომ ავტორს დიდ მუსიკალურ თამაშში არაერთი როლი აქვს მორგებული.

გაგაცნობთ თითოულს და თან ვეცდები მუსიკალურ ბიოგრაფიასაც თანმიმდევრულად მივყვე:

ფორტეპიანო

„ჩემი პირველი ნამდვილი კავშირი მუსიკასთან ალბათ მაშინ შედგა, როდესაც ფორტეპიანოზე შემიყვანეს. მანამდე ვუსმენდი რაღაცებს როგორც მოყვარული, მაგრამ უშუალოდ ინსტრუმენტთან შეხებამ სხვა გრძნობები გამიჩინა. ამ დროს მივხვდი, რომ ძალიან დიდი სამყაროს ნაწილი ვიყავი და უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა მუსიკის არსი ჩემს ცხოვრებაში. ვისწავლე რამოდენიმე წელი. გახლეჩილი ვიყავი ორად: არ მომწონდა ის გზა და მეთოდები, რომლითაც ფორტეპიანოს პოსტსაბჭოთა დროში ასწავლიდნენ, მაგრამ ამას მაინც გადაწონიდა ხოლმე მუსიკასთან მჭიდრო კავშირის ხიბლი. თანაც, ბებიაჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელია და ისიც მეხმარებოდა. ასე რომ, მაინც სიყვარულით და მონდომებით ვსწავლობდი.“

გიტარა

„ფორტეპიანოს შემდეგ უკვე ჩემი გზით წასვლა მომინდა. იმ პერიოდში ბიძაჩემის უცხოეთიდან ჩამოტანილი კასეტების მოსმენა დავიწყე, როკ მუსიკას გავეცანი და გიტარით მოვიხიბლე. დედაჩემის ძველი  გიტარა ავიღე, ცოტა რესტავრაცია გავუკეთე და დავიწყე  ჩხაკუნი. ვცდილობდი, რომ სწორი ნოტები ამეღო ჩემი საყვარელი მუსიკოსების კომპოზიციების ფონზე, თითქოს მათთან ერთად ვუკრავდი. შემდეგ გადავწყვიტე ელექტროგიტარის სწავლა და სოლო გიტარაზე გამიჩნდა პრეტენზია. დავიწყე მასწავლებელთან, რომან გოშაძესთან სიარული, რომელმაც იმასთან ერთად, რომ შემაყვარა ელექტროგიტარა, მასწავლა ამ ყველაფრის ჩაწერაც, ანუ საუნდ ინჟინერია გამაცნო. დამთავრებული მაქვს ნიჭიერთა ათწლედიც ჯაზ გიტარის განხრით.“

ხმის ინჟინერია

“სოლო გიტარას ვსწავლობდი, ვცდილობდი იმპროვიზირებას და ამ ყველაფერს ვიწერდი…ჩემი დაკრული ნელ-ნელა ემსგავსებოდა საყვარელი მუსიკოსების შესრულებას, თუმცა როცა ჩანაწერების ხარისხს ვადარებდი ერთმანეთს, ჩემი ჩანაწერები ხარისხით ძალიან ჩამოუვარდებოდა სხვებს. დავიწყე ონლაინში ინფორმაციის მოძიება ჩაწერის ტექნიკების შესახებ: რა მიკროფონი რასთან გამოიყენება, ოთახის აკუსტიკა როგორი უნდა იყოს და ა.შ. მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე ხმის ინჟინერიის განხრით. პარალელურად რამდენიმე ბენდი გამოვიცვალე ელექტრო-გიტარისტის როლში. კონსერვატორიაში გავიღრმავე საუნდ ინჟინერიის ცოდნა, შევისწავლე ისეთ მიმართულებები, როგორებიცაა ელექტროაკუსტიკური კომპოზიცია, მუსიკის პროგრამირება… ამ ინფორმაციამ ერთი ათად გამიფართოვა მუსიკის შეცნობის არეალი. შემდეგ მაგისტრატურაზეც ჩავაბარე და ახლა თავად ვარ ხმის ინჟინერიის ლექტორი კონსერვატორიაში.”

მელომანი

“ბავშვობიდან ვიქექები მუსიკაში. ბევრ ჟანრში და სტილში ვიტრიალე, მაგრამ ჩემი სული მაინც როკისკენ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ფართოდ შევხედო ჟანრებს და ყველა მათგანში არის რაღაც, რაც მომწონს, მაინც როკისკენ ვიხრები. ვფიქრობ, რომ ჩემი ტოპ სამეული იქნებოდა Pink Floyd, Genesis და Van der Graaf Generator. მხოლოდ იმიტომ რომ ისინი, ყველაზე ძლიერ შეგრძნებებს და სიამოვნებას მანიჭებენ, და არა იმიტომ თუ რაზე ლაპარაკობენ, როგორი ტიპები არიან და როგორი დრაივი აქვთ. ქართველ არტისტებშიც ბევრი მიყვარს: ძველი და ახალი თაობის ანდერგრაუნდ როკი: მეხის ქანდაკება, კაკო ვარშალომიძე, რობი კუხიანიძე, On The Road, ჩემი საყვარელი სოფტ ეჯექტი რომლის ხმის ინჟინერიც დღეს მე ვარ…”

საკუთარი მუსიკა

“მგონია, რომ იმას ვწერ რისი მოსმენაც მინდა – ამ მექანიზმით მოქმედებს ჩემი ტვინი მუსიკის შექმნისას. ბავშვობიდან მელომანი ვიყავი და მიჩნდებოდა ინტერესი წარმოსახვითი მელოდიების მიმართ, რომლებიც მანამდე არ მქონდა მოსმენილი. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისი მოსმენა მინდოდა, ტვინში იმდენად ფორმირდებოდა, რომ მერე შემეძლო ეს ყველაფერი რეალობაში გადამეტანა. ამან მიბიძგა თავად დამეწყო საკუთარ მუსიკაზე მუშაობა. გიტარაზე დაკვრა ვიცოდი, ბასგიტარაზეც, კლავიშზეც, მერე სიმღერაც მივამატე და ვეცადე ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა… რაც შეეხება იმას, თუ რა მჭირდება მუსიკის კეთებისთვის, ეს არის სრული სიმშვიდე. ზოგი მუსიკოსი სტრესის დროს ხდება შემოქმედებითად აქტიური, ჩემს შემთხვევაში კი პირიქით, პოსტ სტრესული პერიოდია ნაყოფიერი. ემოციების გადახარშვის შემდეგ მოდის ხოლმე სათქმელი, დალაგებული აზრი. ისედაც განწყობაც და გარემოც ასეთივე, „დალაგებული“ მჭირდება, მაგალითად, არეულ ოთახში ვერ ვმუშაობ. როდესაც არასტუდიურ პირობებში ვარ, მობილურის ჩამწერით ვიწერ დაკრულს. უამრავი ასეთი დრაფტ ჩანაწერი მაქვს ტელეფონში და ყველაფერი ჩურჩულით და გამორთული ელექტრო-გიტარით იმიტომ, რომ ღამე მუშაობა ჩემთვის ყველაზე კომფორტულია, სიმარტოვე კი აუცილებელია. დაახლოებით 12-13 წლიდან ვწერ და როდესაც თავისუფალი ვარ ხოლმე ყველა დანარჩენი ვალდებულებებისგან, ამ დროს საკუთარ კომპოზიციებს ვუთმობ. ალბათ ეს მომენტებია ჩემთის ყველაზე საყვარელი ცხოვრებაში.”

ალბომი

“რაც შეეხება ალბომს, პირველ რიგში მიზანი იყო, რომ 13-14 წლის ასაკში დაწყებული კომპოზიციები დამესრულებინა. ეს ალბომი თითქოს ასახავს წლების განმავლობაში ჩემს განვითარებას. პრიმიტიული მხარეც აქვს და პროგრესულიც, რასაც განაპირობებს ის, რომ მოიცავს ბევრი წლის განმავლობაში დაწერილ სიმღერებს. რა თქმა უნდა, ალბომს არ აქვს ერთიანი იდეური კონცეფცია – 13 წლის ადამიანის აზრები სხვანაირია, 20-ის სხვანაირი, შესაბამისად აქ ისტორია უფრო ისმინება, ვიდრე იდეები. ფოტო ალბომს რა ფუნქციაც აქვს, ფაქტობრივად ეს ფუნქცია აქვს delusion-საც. ვფიქრობ, მუსიკოსმა რაღაც პერიოდში ერთხელ მაინც უნდა გამოსცეს ალბომი – თოთქოს ეს პერიოდის შეჯამება და არტისტის მორალის საკითხია. სამომავლოდ ვგეგმავ, რომ სინგლებიც გავაკეთო. სიმართლე რომ ვთქვა, პირველი ალბომის მიზანი არ ყოფილა ჰიტური და პოპულარული პროდუქტის მიღება. ეს  უფრო მოკრძალებული ფორმით მოყოლილი ჩემი ისტორია იყო. სამომავლო შემოქმედებით კი შევეცდები ბევრი ადამიანის გულამდე და ყურამდე მივაღწიო.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *