ამერიკელ მუსიკოსს ალექსანდრა დრიუჩინს Eartheater-ის ფსევდონიმით ვიცნობთ. მან, PAN ლეიბლთან თანამშრომლობით, 2020 წლის ოქტომბერში საკუთარი ათწლიანი კარიერისთვის გარდამტეხი ალბომი Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin“ გვაჩუქა. ის ინსპირაციას გეოლოგიური გამოსახულებებისგან იღებს, რათა საკუთარი ცხოვრებისა და ურთიერთობების ტრაექტორია მუსიკით არეკლოს.

წარმოსახვითი პერსონაჟი მუდმივი განახლების ბერძნული სიმბოლო – ფენიქსი, ანუ მითოლოგიური ფრინველია. ქალური ენერგიით აღსავსე და ეროტიკული მოქმედი გმირი პოსტჰეროიკულ სამყაროში საკუთარ სისუსტეებზე, სიკვდილსა და სიყვარულზე გვიყვება. პირადი სათქმელით, ყველასათვის ცნობილი მითი ალექსანდრა დრიუჩინმა დღევანდელობაში მართებულად და განსხვავებული კუთხით დაგვანახა.

„Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin“ არფის ეფემერული და ვიოლინოს ქაოტური ჟღერადობების შერწყმაა, რაც, ავტორის მრავალფეროვან ვოკალურ შესაძლებლობებთან ერთად, არაამქვეყნიურ მოგზაურობაში გვიწვევს. ალექსანდრას შემოქმედებაში გიტარას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეკავა, ახალი პროექტით კი, მან სიმებიან საკრავს ახალი სიცოცხლე შთაბერა.

მსმენელი პირველივე კომპოზიციით – Airborne Ashes, აღიქვამს ალბომში გამოყენებული ტექსტების ელეგანტურობასა და სიცხადეს. მოქმედი გმირი, ეთერული ხმით, თავიდანვე საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე –  სიკვდილსა და აღდგომაზე, იწყებს საუბარს – „I’ve seen the phoenix rise; Out of my ashes”. მომდევნო – Metallic Taste of Patience, ინსტრუმენტალური ტრეკია, რომელიც თითქოს, დროსა და სივრცეში გვამოგზაურებს, და დიდი ამბის დასაწყისისთვის გვამზადებს.

Below The Clavicle-ის ტექსტში ნახსენები მომენტები – სხეულზე ლავიწის ქვეშ შეშუპების გაჩენა და საწოლზე დაღვრილი სისხლის წვეთები, ფენიქსს ფიზიკურ სიკვდილთან ნელ-ნელა აახლოებს. აქ პერსონაჟი, რომელიც მწუხარების ფაზების საწყის ეტაპზე – უარყოფაზე, იმყოფება, გულწრფელად მიგვანიშნებს საკუთარ ემოციურ ფონზე, როცა სერიოზულ პრობლემაზე ფიქრს თავს, სექსუალური ურთიერთობის გზით, არიდებს.  

Burning Feather-ში აღრეულია მითოლოგიური ჩიტის ხმები, რომელთა მოკლე ჩართვებით, ტრანსფორმაციის მტკივნეული და რთული ეტაპები თითქოს თვალწინ გვიდგება. How To Fight ალბომის გამორჩეული კომპოციზიაა, რომელიც მის გამოსვლამდე ცალკეულად საკუთარი მუსიკალური კლიპით გავრცელდა.

Volcano შეყვარებულის მოთქმას ჰგავს. კინემატოგრაფიულ კომპოზიციაში ვხედავთ, ვულკანის წინ მდგომ ფენიქსს, რომელსაც მუდმივად განახლებულ გარემოში რაღაც შეუცვლელის პოვნის სურვილი ამოძრავებს. მომდევნო ტრეკში – Fantasy Collision, პერსონაჟს მფარველი ანგელოზი უხმობს, თუმცა სასიყვარულო ობიექტთან დაბრუნებამდე მისთვის წყაროდ, მარადისობის სიმბოლოდ, იქცევა.

Mercurial Nerve, Metallic Taste of Patience-ის მსგავსად, სამყაროებს შორის გვამოგზაურებს. კომპოზიციის დასასრული გზის ბოლოს შუქის გამოჩენას გვაგონებს. Goodbye Diamond მძიმე არტილერიის ხმით იწყება. აქ ჩიტების ხმებთან ერთად მხოლოდ ერთი გამოთხოვების ფრაზა – „Goodbye diamond, goodbye“, გვესმის.

Bringing Me Back-ით ახლადდაბადებული გმირი საკუთარ მოგონებებს იხსენებს და შეყვარებულთან დაკავშირებას ცდილობს. Diamond In The Bedrock-ით, ქალაქის ნაპირას არსებულ კონკრეტულ ადგილთან – Jackie Robinson Parkway-სთან, ვჩნდებით. სიმღერაში ჩართული ტექსტით, ნათლად იკვეთება წარმოსახვითი პერსონაჟის პიროვნული თვისებები და ამ სამყაროსთან დაკავშირებული მისი დარდები.

კულმინაციური კომპოზიცია Faith Consuming Hope ზარის ხმით იწყება. ტრეკი ასრულებს ამბავს, სადაც აქამდე აღნიშნულ დაუმუშავებელ ბრილიანტს სახე ეძლევა და საბოლოოდ, ყელსაბამად გარდაიქმნება.   

ბუნებრივია, მუსიკაში გაჟღერებული პოეტური ტექსტები ინტიმური გრძნობების განზოგადების საშუალებას ყველანაირი მსმენელისთვის იძლევა და გადმოცემული განწყობები მხოლოდ მითოლოგიურ ამბავს არ უკავშირდება. მთავარი პერსონაჟის სიმღერით, ალბომი დღევანდელ სამყაროში მუდმივ ბრძოლაზე, სიამაყის აღდგენასა და ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე გვესაუბრება. ალბომში ჩანს, რომ მთავარი პერსონაჟი გარდასახვას დამოუკიდებლად განიცდის, ვინაიდან გარდაუვალი მომენტის – საკუთარი სიკვდილის, განვლა სხვას მის მაგივრად, ცხადია, არ შეუძლია.

სულ ბოლოს, „Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin“ ალბომის მოსმენასთან ერთად, გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ PAN ლეიბლთან მომუშავე კიდევ ერთი არტისტის ანნე იმჰოფის ნამუშევარი – „Faust“, რომლითაც რიგით 57-ე ვენეციის ბიენალეზე გერმანიის პავილიონი წარსდგა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *