ერთადერთი გამოსავალი დაბრუნებაშია.”, – ამბობს ალექსანდრა დრიუჩინი, და არფის ნატიფი ხმოვანებითა და ვიოლინოს ჭრიალა მელოდიით სწორედ ამ “გამოუსვლელობას” ქმნის, ხოლო გამოსავალი, მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ მასშია.

Eartheater-ის ახალი ალბომი, სახელად – “Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin”, უჩვეულო ორკესტრული ხმებით მოიცემა, რომელიც რომელიმე ანაქრონისტული მაცნესავით გვაუწყებს ფენიქსის სიკვდილსა და ახლიდან დაბადებას.

ფენიქსი, როგორც უკვდავების სიმბოლო, საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიბადა, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა ჰეროდოტემ იქ გაგონილი ზღაპრის საბერძნეთში მოყოლა გადაწყვიტა. თქმულების მიხედვით, ეგვიპტეში უზარმაზარი და უჩვეულო ფრინველი მზის ტაძარზე გადაიფრენდა ხოლმე. ფრინველთან ყოველი გადაკვეთა ახალი ეპოქის დასაწყისთან ასოცირდებოდა. დროთა განმავლობაში, გრძელი სიცოცხლის სიმბოლიკამ მარადისობაში დაისადგურა. ჩვეული მნიშვნელობით, ფენიქსი საკუთარი სიცოცხლის სრულ წრეს მისივე შექმნილ ბუდეში ასრულებს, იწვის და კვდება. მისი ფერფლისგან კი, პატარა ფენიქსი ნელ-ნელა, ახლიდან შლის ფრთებს და ე.წ “მამის” გზას აგრძელებს, მის სხეულში, მზისკენ. პირველი სიცოცხლის დასრულებისთანავე, ფენიქსი თანადროულად არსებობს და არ არსებობს, მიილტვის სიკვდილისკენ, და – უკვდავია. დაუსრულებელი წრე კი, ისევ ანტიკური ეგვიპტის იკონოგრაფიას, კერძოდ, ურობოროსს უკავშირდება, სიცოცხლის, სიკვდილისა და ახლიდან დაბადების ციკლს, ქვეწარმავალს, რომელიც მუდმივად საკუთარ კუდს ჭამს.

აქედან გამომდინარე, სიმბოლურთან ერთად, შეგრძნებისმიერი სივრცეებით დატვირთული ალექსანდრას ახალი ალბომი, ფენიქსი, ჩემი აზრით, სინესთეზიითაა სავსე. მუსიკის ჰარმონიულობა არა მხოლოდ დამახასიათებელი მანათობელი ხმებით, არამედ – საკმაოდ ცხადი, ხელშესახები ფერებით აღიქმება. ხელოვნურად შექმნილი ფსიქოდელიური გამოცდილება კი მრავალი საუკუნის უკან, მითოლოგიაში გვაბრუნებს, სადაც ორფეუსი ისევ იმდენად საუცხოოდ უკრავს არფაზე ტყეში, რომ მუხის ხეები ფესვებიანად მიჰყვებიან მას ზღვასთან, იქ, სადაც იგი სიმღერას ასრულებს. პირველივე ნამუშევარში ამბობს ალექსანდრა, რომ გამოსაღწევად საჭიროა დაბრუნება, ცეცხლი, რომელიც ფენიქსის დაწვას თან ახლავს, მის კანზე ნაცრად ინამება, და ფენიქსი იბადება. გულწრფელობა ფრინველის სიკვდილსა და ახლიდან დაბადებას გლუვი, სრიალა ხმებით სდევს თან, თუმცა თითოეულ ტრეკში საინტერესო ის ჩქარ-ჩქარი, ტეხვადი მელოდიებია, რომელიც ავანგარდული ელექტრონული ჟღერადობებით უფრო მძაფრდება. წარსულში გადასროლილს, ალექსანდრა უმღერის, ანდაც, უგალობს, რომ იგი ამ ცხოვრებაზე დამოკიდებულია, შეპყრობილია ქვიშის მარცვლებითა და მარილით, ხარბად შეჰყურებს შაქრის ნატეხებს და ფიქრობს, რომ სიყვარულს ნაგავში იპოვის, ისეთს, რაც გაძლებს. “მე ისევ ქალაქში ვარ,  ძველ ქალაქში”, აგრძელებს ალექსანდრა და სწორედ აქ იწყება იმ აპოკალიპტურ სამყაროში არსებობა, რის ნიადაგსაც არტისტი პირველივე ტრეკიდან ამზადებდა. “მე ისევ ვაშენებ მთებს მიწისქვეშ, მე ისევ ვფქვავ ძვლებს პურის გამოსაცხობად”, ყვება ალექსანდრა და თავზე იდგამს გვირგვინს, სიყვარულითა და ლავათი სავსეს. Eartheater პოსტ-აპოკალიპტური მიწის ქალღმერთი ხდება და საკუთარ ვულკანს, ქანებსა და ბრილიანტებს უმღერის.

გეოლოგიური მეტაფორებით გაჟღენთილი ვოკალი, რომელიც, ამასობაში, რბილ, გამჭვირვალე სიმებსა და ორკესტრულ მოულოდნელობებში იხლართება, სამყაროს შლის და ახლიდან აგებს, რაც ისევ იმ დაუსრულებელ წრეში – ფენიქსისეულ მარადისობაში ბრუნდება.

მოდერნიზმთან შედარებით, პოსტ-მოდერნისტულ სამყაროში მნიშვნელობები და მიმართება დროსა და სივრცესთან შეცვლილია. მუსიკის ექსპერიმენტულობაც სრულიად სხვა მახასიათებლებით ვლინდება, ვიდრე ეს მეოცე საუკუნეს ახასიათებდა. პროცესში, სადაც სინამდვილე და ხელოვნება კონსტრუირდებიან, მუსიკალური დრამატურგია პოლირიტმული ტრანსფორმაციებით იგება. კლასიკური ინსტრუმენტებისა და ელექტრონული, აპოკალიპტური ხმების შერწყმა კი, რაც Eartheater-ს ახასიათებს, სწორედ ისეთ დრამატურგიას ქმნის, რაც პირდაპირ მიემართება პოსტ-მოდერნისტულ სივრცეს. როგორც ალექსანდრა ამბობს, აკუსტიკური ხმა წარსულის გამოძახილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისთვის, ეს უკანასკნელი პოსტ-აპოკალიპტურ მომავალთან ასოცირდება. აქედან გამომდინარე, მისი ალბომი, “ფენიქსი”, მუდმივ მდინარებაშია წარსულსა და მომავალს შორის, ესწრაფვის უკვდავებას და გულმოდგინედ აგრძელებს მითოსს.

7 thoughts on “ამბავი უკვდავებასა და სიყვარულის გვირგვინზე – Eartheater-ის Phoenix

  1. Pretty nice post. I just stumbled upon your blog and wished to say that I have truly enjoyed browsing your blog posts.
    After all I will be subscribing to your rss feed and I hope you write again very soon!

    My web-site … Situs Judi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *