ალბომის მოსმენისას ვფიქრობდი, რა საინტერესო და ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო Arca-ს სამუშაო პროცესი, სადაც მას საკუთარი მკაფიო ხედვის განსახორციელებლად სწორი ხმების პოვნა და მათი ზუსტი შეკავშირება დასჭირდებოდა. 2014 წელს Mute Records-ზე გამოსულ ალბომში – „Xen“, შესული ექსპერიმენტალური კომპოზიციები თითქოს ახალგაზრდა, თუმცა უკვე საკუთარი ხმის მქონე მუსიკოსის ჟესტია, რომლითაც ტრეკების კომპლექსურ ჟღერადობებსა და ფრაგმენტულ კომპონენტებს ის სათამაშო მინის ბურთებივით გვიფანტავს და მიგვანიშნებს, რომ მათი გამოყენებით კიდევ უამრავი ახალი პროექტის გაკეთება შეიძლება.

სახელწოდება „Xen“ ალეხანდრა გერსის პოსტ-ადამიანური ვიზუალის მქონე ალტერ ეგოდან მოდის. ალბომის გარეკანზე გამოსახული ქალური ფიგურა ჯესი კანდას გრაფიკული ნამუშევარია. მისივე გაკეთებულია კომპოზიციების – Now You Know, Xen და Thievery, მუსიკალური ვიდეოები, რომლებსაც ვენესუელი მუსიკოსის საერთო შემოქმედებითი ხედვის აღქმაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ვიზუალური გამოსახულება სამივეგან ხმას ყვება. მიუხედავად იმისა, რომ კლიპებში CGI პერსონაჯები ჰიპნოტურად სტრიპტიზს გვიცეკვავენ, აქ საცეკვაო მუსიკას ვერ ვნახავთ. ყველა იმ ეტაპზე, როცა გვინდება, მუსიკას სხეული ავაყოლოთ, Arca ამ მომენტს ხისტად გვიჭრის და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. თავდაპირველად ალბომი ყველანაირი ინფორმაციის გარეშე მოვისმინე, ხოლო მისი გაფორმების ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ორი ადამიანის შემოქმედება არა ძალდატანებული, არამედ ერთმანეთის შემავსებელია.  

უმბერტო ეკოს აზრით, არსებობს ორგვარი ტექსტი: „ერთს ჩვეულებრივი მკითხველი აკმაყოფილებს, ასეთი თხზულებების ბედს ჩვეულებრივი მკითხველი განსაზღვრავს. მაგრამ მეორე ტიპის ნაწარმოებები ახალ მკითხველს მოითხოვს“. Arca სწორედ ახალ მსმენელს ქმნის და მის ბედსაც არაჩვეულებრივი მუსიკოსები Kanye West და Björk საზღვრავენ. სადებიუტო ალბომის გამოშვებამდე ალეხანდრა გერსი პროდუსერად იყო ცნობილი. მან იმუშავა FKA Twigs-ის არაერთ კომპოზიციაზე, ცნობილ ალბომზე Yeezus და იყო ალბომის Vulnicura-ს თანაპროდუსერი, მაგრამ სადებიუტო ალბომით, Arca საკუთარ დამოუკიდებელ და ძლიერ ხმას აჟღერებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *